კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმპტომები აღინიშნება მოწამვლისას და რომელ საკვებს ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად



მოწამვლა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმზე შხამების ზემოქმედებით. შხამები ორგანიზმზე ახდენენ ადგილობრივ და ზოგად მოქმედებას. მოქმედების ხასიათი დამოკიდებულია შხამის სახეობასა და ორგანიზმში მისი მოხვედრის გზებზე, ამავე ფაქტორებზეა დამოკიდებული მოწამლული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე. კვებით მოწამვლას იწვევს გაფუჭებული, ანუ მიკრობებითა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებით გამდიდრებული საკვები, შხამიანი სოკოები და სხვა მცენარეები, ასევე საკვები პროდუქტები, რომლებიც გარკვეულ პირობებში მომწამლავი ხდებიან, მაგალითად, დაკვირტული ან გამწვანებული კარტოფილი. კვებითი მოწამვლა ასევე შეიძლება, გამოიწვიოს იმ პროდუქტების საკვებად გამოყენებამ, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებს შეიცავენ, როგორიცაა მძიმე ლითონთა მარილები, უხარისხო საკვები დანამატები და მრავალი სხვა ნივთიერება, რომლითაც ფართოდაა გაჯერებული თანამედროვე მსოფლიოს საკვები პროდუქცია. კვებითი მოწამვლის სიმპტომები წააგავს კვებითი ტოქსიკოინფექციის ნიშნებს. კვებითი მოწამვლა იწყება მწვავედ – საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდება გულისრევა, ზოგადი სისუსტე და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მალევე აქვს ადგილი ძლიერ ღებინებას, რომელიც ავადმყოფს დროებით სიმშვიდეს ჰგვრის. ღებინებას თან სდევს ფაღარათი, შესაძლო მოვლითი ტკივილებით მუცლის მიდამოში. არცთუ იშვიათად აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება 37,5 – 39 გრადუსამდე, თავის ტკივილი, კანკალი, საერთო სისუსტე.

პირველადი დახმარება

ნებისმიერი ტიპის მოწამვლის დროს გადაუდებელი დახმარება მიმართული უნდა იყოს შემდეგი მიზნების მისაღწევად: რაც შეიძლება, სწრაფად გამოვიდეს მომწამლავი ნივთიერება ორგანიზმიდან, გავაუვნებელყოთ ორგანიზმში დარჩენილი შხამი ანტიდოტის საშუალებით და ვებრძოლოთ სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის დარღვევას, თუ ეს აღინიშნება. კვებითი მოწამვლის დროს, თავდაპირველად აუცილებელია გავარკვიოთ, რომელი პროდუქტით მოიწამლა ადამიანი. ამის დადგენაში შეიძლება, დაგვეხმაროს დაზარალებული და მისი ახლობლები. თუ ადამიანის ორგანიზმში შხამის მოხვედრიდან გავიდა არაუმეტეს 2-4 საათისა, დახმარების მეტ-ნაკლებად ეფექტური მეთოდი იქნება კუჭის ამორეცხვა. მსგავსი ქმედება მიმართულია ინფიცირებული პროდუქტების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოძევებისაკენ და კუჭის წვენის კონცენტრაციის შემცირებით – შემდგომი მონელების დაქვეითებისკენ. კუჭის გამორეცხვისთვის სახლის პირობებში იყენებენ 1,5 ლიტრ 0,1-პროცენტიან კალიუმის პერმანგანატის ხსნარს ან საკვები სოდის 2-პროცენტიან ხსნარს. ყურადღება მიაქციეთ, რომ კალიუმის პერმანგანატის კრისტალები ბოლომდე გაიხსნას წყალში. ხსნარის მიღების შემდეგ გამოიწვიეთ ღებინება. სასურველია, კუჭის ხელმეორედ გამორეცხვაც მისი სრული გასუფთავებისათვის. ნაწლავების გასასუფთავებლად იყენებენ კუნთების მომადუნებელ საშუალებებს და ოყნას. კვებითი მოწამვლებისას შეგიძლიათ, მიიღოთ აქტივირებული ნახშირი, 4 ტაბლეტი, ყოველი 2-3 საათის შემდეგ, დღეში არაუმეტეს 12-სა. სასურველია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რაც აანაზღაურებს ორგანიზმიდან დაკარგული სითხის მოცულობას. უნდა გახსოვდეთ, რომ ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს დაავადების დაწყებიდან 10-12 საათის განმავლობაში, ამიტომ ამ პერიოდში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა გამოვიძახოთ ექიმი. მწვავე კვებითი მოწამვლების დროს, პირველი ორი დღის განმავლობაში, ავადმყოფს ურჩევენ თავი შეიკავონ საკვებისაგან, დასაშვებია თბილი ჩაის მიღება. ორი დღის შემდეგ კვების რეჟიმი თანდათანობით ფართოვდება ექიმის მითითებით.

პრევენცია

კვებითი მოწამვლების პროფილაქტიკა შესაძლებელია უსაფრთხოების კონკრეტული წესების დაცვით. ნუ მიირთმევთ მოძველებულ ან თქვენთვის უცნობ საკვებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით სოკოებთან. ტყეში ქამა სოკოს შეგროვების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ის კონკრეტული შხამიანი სოკოსგან განსხვავდება მხოლოდ ქუდის შიგნითა შეფერილობით. ქამა საკოს შემთხვევაში ის ვარდისფერია. შეგროვებული სოკოები მხოლოდ ზედმიწევნითი დამუშავების შემდეგ გამოიყენეთ საკვებად. ნუ მიირთმევთ გამწვანებულ კარტოფილს, ხოლო დაკვირტული კარგად გაწმინდეთ. ნუ შეექცევით გარგარის, ატმის, ქლიავის და სხვა ხილის კურკის შიგთავსს, რადგან ის შეიცავს ამიგდალინს, რომელიც ადამიანის კუჭში მონელებისას ტოქსიკურ ნაერთებად იშლება. თავი შეიკავეთ ხორცის კონსერვების, მოძველებული რძის ან შებოლილი პროდუქტებისგან, რათა თავიდან აიცილოთ ბოტულიზმის განვითარება. მოძველებელი კარტოფილის და თევზის სალათების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სალმონელოზი. სალმონელას ბაქტერიები გვხვდება შინაური ფრინველების ხორცში, კვერცხში, გადაუმუშავებელ რძესა და რძის პროდუქტებში. ამ ტიპის ბაქტერიები იწვევენ კუჭ-ნაწლავის ინფექციას. სალმონელოზი – კვებითი მოწამვლის გავრცელებული ფორმაა. პროდუქტების არასაკმარისმა თერმულმა დამუშავებამ და ანტისანიტარიულ პირობებში შენახვამ, შეიძლება სალმონელოზამდე მიგვიყვანოს. სალმონელის ბაქტერიები იღუპებიან არაუმცირეს 150 გრადუს ტემპერატურაზე. სალმონელოზური მოწამვლის სიმპტომებია: თავის ტკივილი, მუცლის სპაზმები, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. სალმონელოზის სიმპტომები ვლინდება 12-48 საათის განმავლობაში. სალმონელოზის მსუბუქი ფორმა სრულდება რამდენიმე კვირის შემდეგ, ხოლო უფრო რთული შემთხვევები საჭიროებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობას. სალმონელოზური კვებითი მოწამვლის დროს, განავალში სისხლიანი გამონაყოფის და სიყვითლის სიმპტომების არსებობისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მოწამვლისას გასათვალისწინებელია ნაწლავის ჩხირის ფაქტორიც. ის მრავლდება ადამიანის და ცხოველების ნაწლავებში. ბაქტერია შეიძლება ბუდობდეს ყველში, მოუხარშავ ხორცში, ნესტიან ბოსტნეულში და ასევე არაპასტერიზებულ რძეში. კვებითი მოწამვლის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ფაღარათი და მუცლის სპაზმები, ვლინდება რამდენიმე დღის განმავლობაში. იშვიათ შემთხვევაში კვებითი მოწამვლებისას ავადმყოფებს უჩნდებათ ჰემოლიზური ურემიული სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც სისხლში იშლება ერითროციტები, რაც სრულდება თირკმლების უკმარისობით.

კვებითი მოწამვლა

და ორსულობა

კვებით მოწამვლას ორსულობის პერიოდში შეიძლება თავი ავარიდოთ, თუ კარგად დავიცავთ კვების რეჟიმს. შეეცადეთ, დროებით თავი შეიკავოთ შებოლილი და დამარილებული საკვების გამოყენებისგან. ხორცის კონსერვები და პაშტეტები შესაძლოა, შეიცავდნენ ლისტერიოზის გამომწვევ ბაქტერიებს, რაც დედას იმდენად არ ავნებს, როგორც ნაყოფს. მიირთვით მხოლოდ პასტერიზებული რძე. დაუმუშავებელ რძეში ყოველთვისაა დაავადების გამომწვევი მიკრობებისა და სხვადასხვა პარაზიტი არსების სახეობები, რომელთა კონცენტრაციის სიმცირე ძირითადად ვერ ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფეხმძიმე ქალი კი შეიძლება დაავადდეს. რბილი ყველის მაგივრად მიირთვით მაგარი, „მწიფე“ ყველი.

იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ კვებით მოწამვლას, ჭამის წინ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და ხილი. ხორცი და რძის პროდუქტები მაცივარში შეინახეთ არაუმეტეს 25 გრადუსზე. ნუ გამოიყენებთ საკვებში უმ კვერცხს. წესების სრული დაცვით მოამზადეთ ხორცი და ზღვის პროდუქტები. ნუ დადებთ მომზადებულ ხორცს იმავე თეფშზე, რომელზედაც უმი ხორცი იდო. აუცილებლად გარეცხეთ საჭრელი დაფა გამოყენების შემდეგ. საკვებად გამოსაყენებლი პროდუქტები დაუყოვნებლივ შეინახეთ მაცივარში, რადგან ბაქტერიები ძალზე სწრაფად მრავლდება ოთახის ტემპერატურაზე.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3