აბრამიანის ყოჩაღი „არწივები“, დაპატიმრებული ტროცკი და მიქოიანის ხუმრობა
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქალაქ გაგრის უშიშროებაში ვმუშაობდი გამომძიებლად. იმ პერიოდში სოხუმსა და თბილისში ნაგვის ურნები ააფეთქეს და ამ ტერაქტების ჩამდენთა ძიებით ვიყავით დაკავებული, როგორც ჩვენ, ისე მილიცია.
ერთ საღამოს გაგრის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი აბრამიანი მირეკავს და მეუბნება:
– ჩემმა არწივებმა ტერორისტი დააკავეს და შეგიძლია, წაიყვანო.
– ვინ ტერორისტი, სარქის? – ვკითხე აბრამიანს.
– ლევ ტროცკი, ურნებს რომ აფეთქებს, – თავდაჯერებულად და ნიშნის მოგებით მომიგო აბრამიანმა და მივხვდი, რომ მათ მორიგი სისულელე ჩაიდინეს.
– ეგ ტროცკი არსად გაგექცეთ! მოვდივარ... – ვუთხარი სამძებროს უფროსს და მილიციაში გავქანდი.
მივედი, პირდაპირ კაბინეტში შევეჭერი აბრამიანს და ვუთხარი:
– აბა, მიჩვენეთ თქვენი ტერორისტი, უნდა წავიყვანო.
– ჯერ ეს წაიკითხე, – ამაყად მომიგო სარქისმა და ხუთი თაბახის ფურცელი წინ დამიდო, რომელზეც ლამაზად გამოყვანილი რუსული ასოებით ეწერა: „მე, ლევ ტროცკი, ვაღიარებ, რომ საბჭოთა წეს-წყობილების შერყევის მიზნით ვაფეთქებ სანაგვე ურნებს“, – წერილობით „აღიარებაში“ დაწვრილებით იყო აღწერილი, თუ როგორ აპირებდნენ ბუხარინი, კამენევი, ზინოვიევი, რიჟკოვი და მათი მომხრეები წყალსაცავების მოწამვლას, სახლებისთვის საძირკვლების გამოთხრასა და დანგრევას. ერთი სიტყვით, მთელი ეს „აღიარება“ მსგავსი სისულელეებით იყო სავსე და ძალიან ვიხალისე.
– აბა, ერთი შენი ტერორისტი ამოიყვანე საკნიდან, – ვუთხარი სარქის აბრამიანს, რომელიც ამაყად, სახეგაბადრული შემომცქეროდა.
ხუთი წუთის შემდეგ ბადრაგმა „ტერორისტი“ კაბინეტში შემოიყვანა და წავიდა. მე მაშინვე ვიცანი და ღიმილით მივმართე:
– დაბრძანდით, ანასტას ივანოვიჩ, და ბრძანეთ, რისთვის დაგაკავეს, – ვუთხარი მიქოიანს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის მეორე პირი იყო, საბჭოთა ქვეყნის მშენებლობის ავანგარდში იდგა, მთელი მსოფლიო იცნობდა და თავისმა თანამემამულე მილიციელმა კი, ტერორიზმისთვის დააკავა.
გაირკვა, რომ მიქოიანს გაგრის სკვერში დაგდებული, ცელოფნის პარკში ჩაყრილი ნაგავი აუღია და ურნაში ჩაუგდია, რაც აბრამიანის „არწივებმა“ საეჭვოდ მიიჩნიეს და „ტერორისტი“ შეიპყრეს, თუმცა „ნივთმტკიცების“ წამოღება არც კი უფიქრიათ.
– ჩვენს დროს უარესებიც ხდებოდა, – გაეცინა მიქოიანს, – მაგრამ ბერიას არწივები ნივთმტკიცებებს შემთხვევის ადგილზე არ ტოვებდნენ.
მე მოვუბოდიშე მიქოიანს, შემდეგ რესტორანში დავპატიჟე და შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც პანსიონატში მივაცილე, სადაც ის ისვენებდა.