როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ლოლაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ლოლა. ის, ასევე, გვხვდება, როგორც ქალის საკუთარი სახელი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ლული, ლოლუ, ლულო, ლოლუა.
ლოლაძეები ქსნის ერისთავის აზნაურები იყვნენ. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიაში ისინი მეორე ადგილზე მოიხსენიებიან.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება ლოლაძე და მისი ყმები – ჟოჟე, პაატა და სიხარულა.
1638 წელს მოხსენებულია კულბათში მცხოვრები თედია ლოლაძე, რომელიც სასახლის მსახური იყო და ყმებიც ჰყავდა.
„აზნაური ლოლაძე და მათი წინაპარი არიან იმერეთიდან მოსულნი ერეკლე მეფის დროს, 1695 წელს და ტრაქტატსა შინაც არიან მოხსენიებული, რომელნიმე სახლობენ აწ იმერეთს და რომელნიმე ქართლსა“.
1783 წელს, ტრაქტატის სიით, ლოლაძეები არიან ასევე, ორბელიან-ყაფლანაშვილების აზნაურები.
საქართველოში 1 890 ლოლაძე ცხოვრობს: თბილისში – 688, საგარეჯოში – 232, ჭიათურაში – 210. არიან სხვაგანაც.
სალამაძე
გვარის ფუძეა სიტყვა სალამა. ამავე ძირისაა გვარი სალამაშვილი.
სალამაშვილები, როგორც სახაზინო გლეხები, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ ჩატარებულ აღწერაში მოხვდნენ. სუფიქსი შვილი ჩამოაცილეს და ოვი დაურთეს. ასე გაჩნდა ახალი გვარი სალამოვი. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალამოვები სალამაშვილები არიან.
სალამაძე უძველესი გვარ-სახელია. მისი ადრინდელი ფორმა სალამოსძე იყო.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გვარის ფუძეა სიტყვა სალამი. სავარაუდოდ, საკუთარი სახელი სალამა მომდინარეობს სოლომონიდან.
საქართველში 67 სალამაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, გორში – 24, ახალგორში – 2.
156 სალამაშვილი: კასპში – 102, თბილისში – 31, გორში – 9. არიან სხვაგანაც.
ადუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ადუა.
1537-1538 წლებში დმანისში მცხოვრები ადუა, თავისი მამულით წილად ხვდა თავად თოთამ ბარათაშვილს.
ადუაშვილისა და პაპუნაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისთვის მიყიდული გურგენას ნაქონი ვენახი ერთმანეთს ემიჯნებოდა.
ელიბო და იასე ადუაშვილები მოიხსენიებიან პაპუა თურქისტანაშვილის მიერ იასე ადუაშვილის სახელზე გაცემული თავდახსნილობის წიგნში.
გოლთეთელმა პავლე ადუაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა ვაჟი დავითი. მიმრქმელი იყო სვიმონ ქათამაძე.
საქართველოში 1 868 ადუაშვილი ცხოვრობს: გორში – 682, თბილისში – 571, დმანისში – 193. არიან სხვაგანაც.
ამირაშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ამირა, რომელიც მუსლიმანურ ქვეყნებში მმართველის აღმნიშვნელია.
სოფელ თაკვში მცხოვრები ამირაშვილი სვიმონ მეფემ გოსტაბაშ ბარათაშვილს უწყალობა.
მახარა ამირაშვილი დასახლებულია 1636 წელს შედგენილ წყალობის წიგნში მოწმედ.
მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ტანგარეთში მოიხსენიება ვინმე ამირაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები ამირზალაშვილი, ამირახორი, ამირბეგაშვილი, ამირეჯიბი, ამირაზაშვილი, ამირაღასშვილი, ამირეზაშვილი, ამირეჯიბიშვილი, ამირიძე, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი.
საქართველოში 148 ამირაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 60, თბილისში – 44, გურჯაანში – 28. არიან სხვაგანაც.
სანდუხაძე
გვარის ფუძეა სიტყვა სანდუხა.
მიუხედავად დიდი ძიებისა, ჯერ არ არის გარკვეული, რას უნდა ნიშნავდეს ამ გვარის ძირი. სავარაუდოდ, საქმე უნდა გვქონდეს სიტყვა სანდოსთან, საიდანაც წარმოიშვა საკუთარი სახელი სანდუა, მისგან კი მოფერებით-კნინობითი ფორმა სანდუხა.
ასევეა წარმოქმნილი გვარები: სანდაძე, სანდოძე, სანდოშვილი, სანდომისაშვილი.
საქართველოში 243 სანდუხაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 150, ტყიბულში – 35, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.
ბურნაძე
გვარი ბურ ძირიდან არის წარმოქმნილი. ასევე, ამ ფუძიდან წარმოშობილია გვარები: ბურახიშვილი, ბურდიაშვილი, ბურდული, ბურთიაშვილი, ბურძგიაშვილი, ბურძენიძე, ბურჭულაძე, ბურჯანაძე, ბურჯული.
1667 წელს პაპუნა ფავლენიშვილმა ბურნაძისეული მამული დეკანოზ დავითს გაუცვალა და მიჰყიდა ვენახი, ყარაულის ბაგა და 47 ადლი მიწა.
1673 წელს ბურნაძე ოთიამ სხვა პირებთან ერთად პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყოლოდა.
საქართველოში 715 ბურნაძე ცხოვრობს: თბილისში – 221, მარნეულში – 155, გორში – 112. არიან სხვაგანაც.
არსენიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არსენი. ამ სახელიდანაა წარმოქმნილი გვარები – არსენიშვილი, არსენაძე, არსენაიძე, არსენაშვილი.
სოფელ ბართაში მცხოვრებმა არსენიძემ, რომელიც გელათის დეკანოზი იყო, ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ხელისძეული ნასყიდი მამული.
საქართველოში 1 074 არსენიძე ცხოვრობს: ქუთაისში – 402, ტყიბულში – 368, თბილისში – 123. არიან სხვაგანაც.
282 არსენიშვილი: თბილისში – 113, ლაგოდეხში – 35, თელავში – 25. არიან სხვაგანაც.
აზარიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზარიახ, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად უფლის შეწევნას ნიშნავს.
სოფელ ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა ივანე აზარიაშვილი.
ღოუბანში მცხოვრებმა ივანე აზარიაშვილმა 1826 წელს შვილი მოუნათლა თანასოფლელ სოლომონ სულხანიშვილს.
ღოუბანში მცხოვრებ ლაზარე აზარიაშვილს 1829 წელს შეეძინა შვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა გიორგი აზარიაშვილმა, სახელად დაარქვა ანა.
საქართველოში 390 აზარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, თეთრი წყაროში – 77, საგარეჯოში – 68. ცხოვრობენ სხვაგანაც.
მელელაშვილი
გვარი შედგება ორი კომპონენტისგან, კერძოდ, მელელა და შვილი.
სიტყვა მელელას განმარტება ქართულ ლექსიკონში არ იძებნება.
გვარში მე შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც ართრონი.
ართრონი ბევრი გვარის წარმოებისასაა გამოყენებული. ის ყველაზე ხშირად იმ გვარების წარმოებისას გვხვდება, რომლებიც ხელობა-მესაქმეობისგან არის ნაწარმოები.
საქართველოში 111 მელელაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 63, თბილისში – 43, რუსთავში – 5.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით