„ფლეიბოი“ დამაარსებელს უბრუნდება
კომპანია „ფლეიბოი ენტერპრაიზი“, რომელსაც ეკუთვნის ამავე სახელწოდების ეროტიკული ჟურნალის – „ფლეიბოის“ გამოცემის უფლება, დათანხმდა, თავის დამაარსებელს, 81 წლის მილიარდერ ჰიუ ჰეპნერს დაუბრუნდეს. „ფლეიბოის“ აქციების ფასი, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში თავისუფალ ბრუნვაშია, უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა. „ფლეიბოი ენტერპრაიზის“ დირექტორთა საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კომპანიის „აიკონ ექვიზიშენ ჰოლდინგის“ შემადგენლობაში გადასვლას, რომელიც ჰიუ ჰეპნერის კუთვნილებაა. ეს გარიგება ჰეპნერს 207 მილიონი დოლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ „ფლეიბოის“ გამოსყიდვის წინადადებით ჰეპნერის კომპანიამ ჯერ კიდევ 2010 წლის ივლისში მიმართა „ფლეიბოი ენტერპრაიზს“. მაშინ ჰეპნერმა თითოეულ აქციაში 5,5 დოლარი შესთავაზა, რაც მის საბაზრო ღირებულებას 40 პროცენტით აღემატება. ჰეპნერი იძულებული გახდა, აქციები უფრო მაღალ ფასად ეყიდა. ის ხმის უფლების მქონე აქციების 69 პროცენტის მფლობელია. საბოლოოდ ჰეპნერმა 6,15 დოლარი გადაიხადა თითო აქციაში, რაც 128 პროცენტით მეტია, ვიდრე მისი საბაზრო ფასი. თავად ჰეპნერი დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს შეუძლია, ჟურნალის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს. უკვე დიდი ხანია, „ფლეიბოის“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. „ახლა „ფლეიბოი“ თავის ფესვებს დაუბრუნდება და კერძო კომპანია გახდება. ჩვენ „ფლეიბოის“ თავის უნიკალურ პოზიციებს დავუბრუნებთ და ახალ შესაძლებლობებსაც გამოვაჩენთ“, – დარწმუნებულია ჟურნალის დამფუძნებელი.