კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მილიონად შეიძინა კუნძული სანკტ-პეტერბურგში რომან აბრამოვიჩმა და რამდენ ათას დოლარად გაიყიდა საკვებად უვარგისი ორი „ტრიუფელი“

2010 წელი მსოფლიოს მილიარდერებისთვის წინა წლებთან შედარებით წარმატებული გამოდგა. ბევრმა მათგანმა გაიმყარა პოზიციები „ფორბსის” რეიტინგში, ხოლო ზოგიერთმა ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემებიც კი მოაგვარა. მილიარდერები წელსაც უზარმაზარი თანხებით დაეხმარნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და, პარალელურად, დიდძალი ფული დაახარჯეს საკუთარი კოლექციების განახლებასაც. ამჯერად გთავაზობთ იმ მილიარდერების ჩამონათვალს, რომლებმაც, გასულ წელს, გარდა იმისა, რომ ყველაზე არანორმალური შოპინგ-დღეები მოიწყვეს, ყველაზე ორიგინალური პრემიების დაწესებითა და სხვა უცნაური წამოწყებებითაც მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

ყველაზე ძვირფასი შენაძენების რეიტინგის სათავეში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი მოექცა, რომელმაც გასულ წელს 400 მილიონ დოლარად სანკტ-პეტერბურგში კუნძული „ახალი ჰოლანდია“ შეიძინა. ოლიგარქი კუნძულზე განთავსებული მეთვრამეტე საუკუნის შენობების გადაკეთებას ან სრულად დანგრევას გეგმავს, მათ ადგილზე კი კულტურული ცენტრის (სამხატვრო გალერეებით, ბუტიკებით, რესტორნებითა და სასტუმროებით) გახსნას აპირებს.

„ჰეჯ-ფონდების მეფედ“ წოდებული სტივენ კოენი ფერწერული ტილოების ცნობილი კოლექციონერია. 2010 წელს მან საერთო ჯამში 145,4 მილიონი დოლარი დაახარჯა თავისი კოლექციის განახლებას. მისი შენაძენებიდან კი აღსანიშნავია ჯასპერ ჯონსის „ალამი” და ენდი უორჰოლის „კოკა-კოლა” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილო, რომელიც 2010 წელს გაიყიდა.

პაკისტანის პირველმა მილიარდერმა, მიად მუჰამედ მანშამ, გასულ წელს ექსკლუზიური ლონდონური სასტუმრო და კლუბი „სენტ ჯეიმსი” შეიძინა. სასტუმროს ერთი ოთახი მილიარდერს 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა, საერთო ჯამში კი თანხამ 95 მილიონი დოლარი შეადგინა.

უძრავ ქონებაში დააბანდეს ფული მექსიკელმა მედიამაგნატმა კარლოს სლიმ ელუმ და ამერიკელმა ნავთობმაგნატმა კელსი უორენმა. პირველმა 44 მილიონ დოლარად ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, „მეტროპოლიტენ ოპერის” წინ განთავსებული სახლი იყიდა, ხოლო უორენმა 46,5 მილიონ დოლარად კოლორადოს შტატში მდებარე ყველაზე დიდი რანჩო შეიძინა.

ბრიტანელმა იუველირმა ლორენს გრაფმა 2010 წელსაც არ უღალატა ტრადიციას და კვლავ დახარჯა მილიონობით დოლარი ძვირფას ალმასებში. 2010 წლის ყველაზე ძვირფასი ალმასის ყიდვა მას 46 მილიონი დოლარი დაუჯდა. თითქმის 25-კარატიანი, უნიკალური ვარდისფერი ალმასი მან აუქციონზე შეისყიდა და „ვარდისფერი გრაფი” უწოდა.

ფლორიდელმა ბიზნესმენმა უეინ უისენგმა 40 მილიონ დოლარად კუნძულ სენტ-საიმონზე მდებარე, მილიარდერებისთვის განკუთვნილი გოლფ-კლუბი „ფედერიკა” შეიძინა და ამით მიიპყრო „ფორბსის” ყურადღება.

ჰონკონგელმა მილიარდერმა ჯოზეფ ლაუმ 2010 წელს თავისი სკულპტურების კოლექციას ორი ექსპონატი შეჰმატა. ესენია ჩიტების ორი ანტიკური ქანდაკება, რომელთა საერთო ღირებულება 16,7 მილიონი დოლარია. გაცილებით ნაკლები ხარჯი გასწია დუბაის შეიხმა მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმმა, რომელმაც 5,4 მილიონ დოლარად ლონდონის აუქციონზე 24 ელიტური ჯიშის ცხენი შეიძინა თავისი საჯინიბოსთვის.

ყველაზე ექსცენტრიკულ ფულის ხარჯვად კი მაკაოელი მილიარდერის, კაზინოს მეპატრონის – სტენლი ჰოს შენაძენი ითვლება – 330 ათასი დოლარი ორ ცალ „ტრიუფელის“ სოკოში. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორივე სოკო უვარგისია საჭმელად, ხოლო, რატომ დახარჯა ამხელა თანხა მათ შეძენაზე ჰომ, ჯერაც უცნობია.

„გუგლის” დამაარსებლებსა და მილიარდერებს – ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს დაფუძნებული აქვთ „მთვარის პრემია“, რომლის საპრიზო ფონდი 30 მილიონ დოლარს შეადგენს. ბრინი და პეიჯი მზად არიან, გადაუხადონ ეს თანხა მას, ვინც შექმნის რობოტს, რომელიც თვითნებურად მიაღწევს მთვარემდე და გაივლის მის ზედაპირზე 400 მეტრს მაინც.

გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქველმოქმედმა, ბილ გეითსმა, 5 მილიონი დოლარი გაიღო, ხოლო მეორე მილიარდერი, „ფეიფალის” დამაარსებელი ელონ მასკი კოსმოსური კატაპულტის შექმნის იდეით არის შეპყრობილი. კატაპულტი „სფეის იქს როკეტის” ქარხანაში დამზადდება და მისი ფასი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იქნება. კატაპულტის შექმნის შემდეგ კი, ყველა მსურველს საშუალება ექნება, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დატოვოს დედამიწის ორბიტა და აღმოჩნდეს, მაგალითად, პლუტონზე ან მარსზე.

200 ათასი დოლარი დაუჯდა დევიდ როტშილდს პლასტიკური ბოთლებისგან საზღვაო ხომალდის დამზადება. 12 ათასი პლასტმასის ბოთლისგან დამზადებული გემით როტშილდი აპირებს, სამთვიანი მოგზაურობა მოიწყოს და სან-ფრანცისკოდან სიდნეიში გაემგზავროს.

როტშილდზე გაცილებით ძვირი დაუჯდათ ჰონკონგელ მილიარდერებს, ძმებ კვოკებს თანამედროვე „ნოეს კიდობნის” აგება. 200-მილიონიან კიდობანში განთავსებულია მუზეუმი, რესტორანი და სასტუმროს ნომრები. კიდობნის რამდენიმე ვარიანტი თურქეთში, ჰოლანდიასა და კანადაშია წარმოდგენილი. შინაური ცხოველების კლონირების ბიზნესით დაინტერესდა ამერიკელი მილიარდერი ჯონ სპელინგი და ამ წამოწყებაში გასულ წელს მან 15-მილიონდოლარიანი ინვესტიცია განახორციელა.

ტეხასელი ნავთობ-მაგნატი ედვარდ ბასი ცდილობდა, დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ ადამიანს შეუძლია კომფორტულად ცხოვრება დახურულ სივრცეში. ამისთვის მან 200 მილიონ დოლარად ღირებული პროექტი განახორციელა და ეგრეთ წოდებული „ბიოსათბური” შექმნა, სადაც ადამიანის ცხოვრებისთვის იდეალური პირობები იყო შექმნილი. მაგრამ წლის ბოლოს პროექტმა კრახი განიცადა და ამჟამად მისი ფასი 50 მილიონ დოლარს არ აღემატება.

გასულ წელს ცნობილი გახდა ყველაზე ცნობილი მილიარდერების გვარის შთამომავლის – დევიდ როკფელერის ყველაზე უცნაური ჰობის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ მილიარდერი ხოჭოების კოლექციონირებით არის დაკავებული და ყოველწლიურად ასიათასობით დოლარს ხარჯავს თავის გატაცებაზე. ხოჭოების ერთ-ერთ სახეობას მილიარდერის „პატივსაცემად“ – დიპლოტაქსის როკფელერუს ეწოდება კიდეც.


скачать dle 11.3