რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, ავტომობილ „სუბარუ ფორესტერის” შემთხვევაში, რა განსხვავებაა მის ტურბინებს შორის – „ესტიაი” და „ესტიბი” და არის თუ არა ასევე, რაიმე განსხვავება წვას შორის?
პასუხი: ზოგადად, ტურბინებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. „სუბარუს” ცალკეული ტურბინა აბსოლუტურად სხვადასხვანაირად მუშაობს. ყველაზე დიდი განსხვავება წნევაშია. რაც უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს ძრავას, მისი ტურბინა მეტ წნევას ქმნის და მეტი სიმძლავრე აქვს. რაც შეეხება წვას, ბენზინის მოხმარებაში მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. ქალაქის პირობებში ორივე მათგანი 15-16 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო მეტი გაზის შემთხვევაში, ანუ თუ სწრაფად ვიარეთ, მაშინ წვა 20 ლიტრამდეც ავა.
კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ოპელ ვექტრა B”, უნივერსალი, 2.0-ლიტრიანი, ეკოტეკის ძრავით, სრული პაკეტით, ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, 1999 წლის გამოშვება. დღეისთვის გარბენილი აქვს 50 000 კილომეტრი. მანქანა ერთ-ერთ ფირმას იაპონიიდან ჩამოვაყვანინე. გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მოდელი, აღნიშნოთ მისი სუსტი მხარეები და მირჩიოთ, რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება ექსპლუატაციის დროს. და კიდევ ერთი, მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?
პასუხი: „ოპელ ვექტრა B“ საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის ძრავაზეა დამოკიდებული. ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს, კარგი ხარისხის ზეთის დროულად ცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის სექტორში შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და მან არასტაბილურად იმუშაოს – საწვავის წვას მოუმატოს ან პერიოდულად, ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს, არ არის აუცილებელი, ნეიტრალური სიჩქარე, პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავის ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ, ანუ გაზის პედალს არ ვაწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.