როგორ გამოცდებს გვიწყობს უფალი
ძველად მეუდაბნოე მამებს თავიანთი ნაკეთობები სავაჭროზე გაჰქონდათ, ყიდდნენ და საარსებო პურს ამით შოულობდნენ. ისინი წნავდნენ კალათებს, თიხისგან ამზადებდნენ ჭურჭელს და მოგებული თანხით პურსა და ბოსტნეულს ყიდულობდნენ.
ერთხელ ამბა აგათონი თავის მიერ დამზადებული თიხის ჭურჭლის გასაყიდად ქალაქში წავიდა. ზურგზე ტომარა წამოიკიდა, რომელშიც სამი ქოთანი ჩადო. უდაბნოში ისე საშინლაც ცხელოდა, რომ ქვეწარმავლებიც კი სოროებში დამალულიყვნენ. ამიტომ ბერს ძალიან გაუკვირდა, როცა გზის პირას მჯდარი კეთროვანი შენიშნა.
– საით გაგიწევია, ამბა? – ჰკითხა კეთროვანმა, თან დამახინჯებულ სახეზე ხელი აიფარა. კეთროვანს ისეთი უხეში ხმა ჰქონდა, ველური მხეცის ღმუილს მოგაგონებდათ.
– ქალაქში მივდივარ, ქოთნები მიმაქვს გასაყიდად, – უპასუხა ამბამ.
– სიკეთე მიყავ, ქალაქში მეც წამიყვანე, – შეევედრა სნეული.
კეთრი გადამდები, უკურნებელი სენია. ის ძველ დროში იყო გავრცელებული. კანონით, ამ დაავადებით სნეული ადამიანები დაბა-ქალაქებიდან განიდევნებოდნენ და უდაბურ ადგილებში ერთად სახლობდნენ. მათ უფლება არ ჰქონდათ დასახლებულ რაიონებში შესულიყვნენ და ადამიანებს გაჰკარებოდნენ. მაგრამ ამბას შეეცოდა საბრალო სნეული, იგი ზურგზე წამოიკიდა და ქალაქისკენ გაეშურა. „იქნებ, როგორ უნდა ამ უბედურს სიკვდილის წინ თავისი ახლობლებისა და მეგობრების მონახულება“, – ფიქრობდა ამბა. როცა ქალაქის კარიბჭეს მიუახლოვდნენ, კეთროვანმა ტომარა შემოიხვია, რომ ქალაქის მცველებს ეფიქრათ, თითქოს მეუდაბნოე ბერს რაღაც ტვირთი მიჰქონდა. როცა ქალაქში შევიდნენ, კეთროვანმა უთხრა:
– მეც ბაზარში წამიყვანე და იქ დამსვი, სადაც ჭურჭლის გაყიდვას აპირებ.
ამბა აგათონმა იგი ბაზარში მიიყვანა და ფრთხილად ჩამოსვა. ბერები თავის ჭურჭელს ისე ყიდდნენ, რომ არავის ევაჭრებოდნენ, – რასაც შეაძლევდა მყიდველი, თანხმდებოდნენ.
როცა ამბამ პირველი ქოთანი გაყიდა, კეთროვანმა ჰკითხა:
– რამდენად გაყიდე შენი ქოთანი?
– ერთ მონეტად, – მიუგო ბერმა.
– მაგ ფულით ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, – სთხოვა სნეულმა.
ამბამ კეთროვანს ნამცხვარი მიართვა და მალე მეორე ქოთანი უფრო სარფიანად გაყიდა.
– ამბა, რამდენად გაიყიდა შენი მეორე ქოთანი? – მაშინვე ჰკითხა ბერს ტომარას ამოფარებულმა კეთროვანმა.
– ორ მონეტად, – მიუგო ამბამ.
– მაგ ფულით კიდევ ერთი ნამცხვარი მიყიდე, თორემ შიმშილისაგან ვკვდები, – კვლავ ამოიღმუვლა კეთროვანმა. ბერმა მორჩილად აუსრულა ეს სათხოვარიც. როგორც კი კეთროვანმა ნამცხვარი აიღო, უტიფრად გადაიხარხარა:
– არ გაგიმართლა, ამბა, რომ გზაზე შემოგხვდი! ამ თანხით შენ ბევრი ორცხობილის ყიდვა შეგეძლო, ახლა კი შენს სენაკში ისევ მშიერი დარჩები.
– არა უშავს, – მშვიდად უპასუხა ბერმა, – მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვშრომობ, პურის ფული რომ ვიშოვო, მაგრამ უფალი რომ არ მასაზრდოებდეს, ვერ შევძლებდი ლუკმაპურის მოპოვებას.
ბოლოს ბერმა უკანასკნელი ქოთანიც გაყიდა და კეთროვანმა კვლავ შესთხოვა:
– კიდევ ერთი ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, შემდეგ კი ისევ უკან, უდაბნოში მიმაბრუნე და იმ ადგილას დამსვი, სადაც შემოგხვდი, ჩემი ქალაქში დარჩენა არ შეიძლება.
ამბა აგათონმა ყოველივე მორჩილად აღასრულა: კეთროვანი უდაბნოში, გზის პირას ჩამოსვა და, როგორც კი სენაკისკენ წასვლა დააპირა, ზურგს უკან ენით აღუწერელი მშვენიერი ხმა შემოესმა:
– კურთხეულ ხარ, შენ, აგათონ, უფლისაგან ორთავ სოფელში!
ამბა მიბრუნდა და იხილა, როგორ ამაღლდა ზეცად ბრწყინვალე ფრთების მქონე უფლის ანგელოზი, რომელიც მას კეთროვნის სახით მოევლინა, რათა ბერის უდიდესი მორჩილება გამოეცადა.
„საპატრიარქოს უწყებანი“