რომელი აფერა განახორციელა საბუკმეკერო მაფიამ და რა გზით ახერხებდა მარადონა დოპინგ-ტესტებისგან თავის დაძვრენას
ტყუილი, შპიონაჟი, მეკობრეობა, სიყალბე – ეს ყველაფერი დიდი ხანია პოლიტიკის, შოუ-ბიზნესის, საქმიანი ბიზნესისა და, თამამად შეიძლება ითქვას, თანამედროვე მსოფლიო სპორტის განუყოფელი ნაწილი გახდა. მართალია, სპორტში „ფეირ-ფლეის“, ანუ, სამართლიანი თამაშის წესები მოქმედებს, თუმცა, ხდება ისეც, რომ ოლიმპოს დამპყრობელი სპორტსმენების უმეტესობა სინამდვილეში ბანალური თაღლითების კატეგორიას მიეკუთვნება. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მსოფლიო სპორტში მომხდარ ყველაზე გახმაურებულ და სკანდალურ აფერებს.
საბუკმეკერო მაფია
რუსეთის ექს-ჩემპიონის, საფეხბურთო კლუბ ყაზანის „რუბინის” ავტორიტეტი, ბულგარულ საბუკმეკერო მაფიას სოფიური „ლევსკისა” და ტოტალიზატორების მეპატრონეების მოტყუებაში დაეხმარა. სქემა კი მარტივი გახლდათ. 2009 წლის 20 სექტემბერს დანიშნული იყო ზე-პრინციპული დაპირისპირება სოფიურ კლუბებს – „ლევსკისა” და „ცეესკას” შორის. თამაშამდე ოთხი დღით ადრე „ლევსკის” ხელმძღვანელობას დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი, „რუბინის” წარმომადგენლად გააცნო და „ლევსკის” ოთხ წამყვან ფეხბურთელში, ბულგარელ ჟივკო მილანოვში, მაკედონიელ დარკო ტასევსკიში, ბრაზილიელ ზე სოარეშასა და მაროკოელ იუსუფ რაბეჰში, კლუბს 4 მილიონი დოლარი შესთავაზა – ბულგარული ფეხბურთისთვის უზარმაზარი თანხა. გამზადებულ კონტრაქტებზე ხელმოსაწერად ფეხბურთელებს მოსკოვში ელოდნენ. ისინი 19 სექტემბერს უნდა ჩასულიყვნენ რუსეთის დედაქალაქში და სამედიცინო შემოწმება გაევლოთ. მოსკოვში ჩასულმა ფეხბურთელებმა კი აღმოაჩინეს, რომ მათ არც არანაირი კონტრაქტი და არც „რუბინის” არც ერთი წარმომადგენელი არ ელოდათ. ბულგარელები მიხვდნენ, რომ ისინი მოატყუეს, თუმცა, გვიანი იყო, რადგან კლუბში დაბრუნებულ ფეხბურთელებს, „ცეესკასთან” პრინციპული შეხვედრა, ანგარიშით 0:2, წაგებული დახვდათ, მოედანზე კი „ლევსკის” დუბლშემადგენლობა იყო გასული. მოგვიანებით დადგინდა, რომ აზიურ საბუკმეკერო კანტორებში „ცეესკას” მოგებაზე ანომალიური ფსონები იყო დადებული და თანხა, რომელიც გაიცა, რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენდა. „ინტერპოლი” დღემდე უშედეგოდ ეძებს „რუბინის” საიდუმლო „ემისარს”.
მარადონას ხელოვნური სასქესო ორგანო
დოპინგი თანამედროვე სპორტის ნომერ პირველი პრობლემაა. თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება დოპინგ-სკანდალის ეპიცენტრში ექცევა და სპორტსმენების უმეტესობა შიშით ელოდება დოპინგ-კომისიის დასკვნებს. თუმცა, ის, თუ როგორ ვირტუოზულად ახერხებდა თავის დაძვრენას დოპინგ-სკანდალებისგან დიადი დიეგო მარადონა, დღემდე ლეგენდად არის ცნობილი. იტალიურ „ნაპოლიში” თამაშის დროს დიეგო მარადონას პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან – იგი კოკაინის აქტიური მომხმარებელი იყო და, იმისთვის, რომ მისი ეს ჩვევა საზოგადოებისა და ანტი-სადოპინგო კომისიისთვის უცნობი ყოფილიყო, „ნაპოლის” ხელმძღვანელობამ, სპეციალურად მარადონასთვის, რეზინის ხელოვნური სასქესო ორგანო დაამზადებინა, რომელიც ივსებოდა სუფთა შარდით და მარადონას სასქესო ორგანოზე ეცმებოდა ისე, რომ დოპინგ-კონტროლზე შარდვის დროს არავის არანაირი ეჭვი არ უჩნდებოდა. თუმცა, მარადონას კარიერას დოპინგმა მაინც დიდი ზიანი მიაყენა და ამას ვერც ხელოვნურმა სასქესო ორგანომ უშველა – 1992 წელს მას დოპინგის მოხმარებისთვის 15-თვიანი დისკვალიფიკაცია აჰკიდეს, ხოლო 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, სისხლში აღმოჩენილმა ეფედრინმა, მარადონას საფეხბურთო კარიერას წერტილი დაუსვა.
თაღლითობა „ფორმულა 1-ში”
სკანდალებით არც „ფორმულა 1” ჩამორჩება სპორტის სხვა სახეობებს. მაგალითად კი ნელსონ პიკეს გახმაურებულ განცხადებას გაგაცნობთ: მრბოლელმა საჯაროდ აღიარა, რომ „რენოს” საჯინიბოს შეფებმა მას ავარიის ინსცენირება დაავალეს სინგაპურის გრან-პრიზე, რათა მისი გუნდის ლიდერი ფერნანდო ალონსო ჩემპიონი გამხდარიყო. ავარიის ინსცენირება „რენოს” შეფის – ფლავიო ბრიატორეს იდეა იყო და, რადგან პიკეს არ ჰქონდა გარანტირებული კონტრაქტი მომავალ სეზონზე, იგი იოლად დათანხმდა. ბრიატორეს იდეით პიკეს უნდა მოეხდინა ავარია ალონსოს პიტ-სტოპის შემდეგ, მე-13 ან მე 14 წრეზე; ავარიის შედეგად გზა გადაიკეტებოდა და ალონსოს რამდენიმე ძვირფასი წამი დაემატებოდა აქტივში. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ პიკეს ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზეს და მან პრესის მეშვეობით ბრიატორე და „რენოს” გუნდი „ჩაუშვა”. რის შემდეგაც, ფლავიო ბრიატორეს აეკრძალა „ფორმულა 1-ში” საქმიანობა; „რენოს” ინჟინერ პეტ საიმონდს 5 წლით დისკვალიფიკაცია, ხოლო „რენოს” საჯინიბოს – ორწლიანი პირობით დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ანტონიო მარგარიტოს გაქვავებული ნოკაუტი
თითქმის ათი წლის განმავლობაში, მექსიკელი მოკრივე ანტონიო მარგარიტო ნახევრად მსუბუქ წონაში უკონკურენტოდ ითვლებოდა. იგი ფლობდა WBO-სა და IBF-ის ვერსიებით საჩემპიონო ქამრებს და უძლეველი ჩემპიონის სახელს ატარებდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასეთი ფენომენალური შედეგის მიღწევაში მას თაღლითობამ შეუწყო ხელი.
2009 წლის იანვარში დანიშნული იყო სატიტულო შეხვედრა მარგარიტოსა და ამერიკელ შეინ მოზლის შორის. პაექრობამდე ერთი საათით ადრე, მოზლის მწვრთნელი, ნაზიმ რიჩარდსონი, მარგარიტოს გასახდელში შევიდა, რათა შეემოწმებინა, რომ მოკრივის ხელთათმანები და შებინტული ხელები კრივის წესების დაცვით ყოფილიყო. შემოწმებისას რიჩარდსონმა მარგარიტოს ბინტებზე უცხო ფხვნილი აღმოაჩინა, რომელიც ანალიზზე წაიღო და აღმოჩნდა, რომ ყოველი მატჩის წინ მარგარიტო თავის ბინტებზე თაბაშირის ფხვნილს აყრიდა, რომელიც მატჩის მსვლელობის დროს, ოფლისგან სველდებოდა და ქვავდებოდა, რაც მოკრივის ხელებს დამატებით ძალას ჰმატებდა და მისი დარტყმა ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო ხდებოდა. იმ შეხვედრაში შეინ მოზლიმ მეცხრე რაუნდში მარგარიტო ნოკაუტში ჩააგდო, ხოლო საკრივო ასოციაციებმა მექსიკელ მოკრივესა და მის მწვრთნელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სამუდამოდ აუკრძალეს საკრივო შეხვედრების გამართვა.