როდის არ მიიღებს უფალი ადამიანის ქველმოქმედებასა და სიკეთეს
უფლის მიერ დაწესებული შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი – სინანულის საიდუმლოა. ადამიანები დადიან ეკლესიაში, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, მაგრამ ბევრ მათგანს ბოლომდე არ აქვს გააზრებული სინანულის საიდუმლო და ბოლომდე ვერ თავისუფლდებიან საკუთარი ცოდვებისგან. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა შეგვიპყროს გულწრფელმა სინანულმა, გავთავისუფლდეთ საკუთარი ცოდვებისგან, ამის შესახებ გვესაუბრება, ბერი ექვთიმე, რომელსაც ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს:
– ხშირად ადამიანებს აღსარების საიდუმლო კი არა, ეკლესია, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა არ აქვთ გაცნობიერებული. ფიქრობენ, მე კეთილი ვარ, მამაჩემიც კეთილი იყო, არავისთვის უწყენინებია, ძალიან მოწყალე იყო, მაგრამ ეკლესიაში არ დადიოდაო და ეს საჭიროდაც არ მიაჩნიათ. ამის მიზეზად ზოგი დროს იმიზეზებს: იმ დროს არ შეიძლებოდა ეკლესიაში სიარულიო, ან, ამბობენ, სახლში ვლოცულობ, დაუჯდომელს ვკითხულობ, მაგრამ ეკლესიაში არ დავდივარ, არ მცალიაო. უფალი კი სახარებაში ამბობს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა“. სინანული არის საიდუმლო აღსარებისა, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი და, თუ აღსარებით არ განიწმინდა, გასუფთავდა ადამიანი, მასში ვერ შემოვა უფალი. თუ ადამიანი უფალს კარს უკეტავს, ღმერთიც არ შეისმენს მის ნათქვამს, არ მოუსმენს, მის სიკეთეს არ შეიწირავს. უფალს ვერც მრავალსიტყვაობით, ვერც ტკბილხმიანობით, ქცევით, სიკეთით ვერ განაცვიფრებთ, უფლის განცვიფრება არ შეიძლება. ღმერთი მხოლოდ თქვენი სიყვარულით განცვიფრდება. აკი, გვეუბნება კიდეც: „გული წმიდა დაბადე, უფალო, ჩემთანა და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ და სახარებაში დასძენს: ვინც არ ჭამდეს ხორცსა ჩემსა, არა სმიდეს სისხლსა ჩემსა, ის ჩემთან ვერ მოვაო. ანუ, რა სიკეთეც უნდა გააკეთოთ, როგორი კარგადაც უნდა იცხოვროთ, თუ არ მიიღებთ ზიარებას და არ შემოუშვებთ უფალს თქვენში თავისი სისხლით და ხორცით, ვერ განიწმინდებით და ვერ გათავისუფლდებით ცოდვებისგან.
– მამაო, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში უშვებს უფალს?
– მაშინ, როდესაც ადამიანი ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, მასში შედის უფალი და ხდება ადამიანის განღმრთობა. ვინც ზიარების ლოცვებს კითხულობს და მისი შინაარსი გათავისებული აქვს, ის ამას აუცილებლად მიხვდება. როდესაც პატრიარქისთვის აღსარება უნდა ჩამებარებინა, მითხრა, მოდი ზიარების ლოცვა ლოცვად კი არ წაიკითხო, დაჯექი და, როგორც ლექსი, მოთხრობა, ისე წაიკითხე და შინაარსი გაიგე, რას სთხოვ, რას ევედრები უფალსო. პირველი შთაბეჭდილება მაშინ შემოვიდა ჩემში, როდესაც წავიკითხე: „ხორცი შენი და სისხლი პატიოსანი განმაღმრთობს მე“, ანუ ამ დროს ადამიანის განღმრთობა ხდება, ღმერთი ხდება ის და ადამიანში შემოდის მთელი არსებით, სულით ღმერთი ხარ, ცისაგან გამოსული და ამ დროს სისხლითა და ხორცით მთლიანად ხდება შენი. რა დროის განმავლობაში ხდება ეს, არავინ იცის. უფლისთვის წამი, წუთი, საათი ხომ მარადიულობაა, იმიტომ, რომ უფალი მარადიულია. ეს ჩვენთვის არის, რომ შეიძლება, განღმრთობა ერთი წამით მოხდეს, მაგრამ უფალი უკვე ჩვენშია შემოსული. მაგრამ, თუ ადამიანი ამას არ მოინდომებს, არ მოინანიებს, გულში რაღაცას დაიტოვებს, არ გაიხსნება ბოლომდე, მისი გული ჭუჭყიანი დარჩება და იქ უფლისთვის არ იქნება ადგილი. აღსარება არის სინანულის საიდუმლო, მაგრამ, ამასთანავე, არის გახსნის, სულიერი გაშიშვლების საიდუმლოც. ადამიანი, შეიძლება, ფიქრობდეს, რომ სიკეთეს აკეთებს, მაგრამ ეს არ იყოს სიკეთე, ან, პირიქით – ეგონოს, რომ ის, რასაც აკეთებს, ცუდია, მაგრამ არ იყოს ცუდი. ამის გარკვევაში კი ადამიანს გახსნითი აღსარება, სულის გაშიშვლება ეხმარება.
– როგორ უნდა გაიშიშვლოს ადამიანმა სული?
– სამწუხაროდ, დღეს გახსნითი აღსარების ფორმა დაკარგულია. სულ ვიხსენებ ძველ მოძღვრებს. ჩემი ეკლესიური ცხოვრება პატრიარქიდან დაიწყო და, ალბათ, პატრიარქით დამთავრდება. ჩემთვის ძალიან დიდი იყო და დიდი დარჩება მამა გაბრიელი, ასევე, ძალიან დიდი სიყვარული მაჩვენა მეუფე ზოსიმემ, ხოლო სულიერება მაწოვა ნეტარხსენებულმა პატრიარქმა ეფრემმა – მან დამანახვა, რა იყო სულიერება. ბავშვობიდან ძალიან ვიტანჯებოდი, ვიცოდი, რომ სადღაც მივდიოდი, სადღაც ვიყავი წასასვლელი და ამის ძალიან ბევრ მინიშნებას მაძლევდა უფალი, რომ ეს იყო ჩემი გზა. სანამ ეკლესიაში მოვიდოდი, ღვთისმშობლის საგვარეულო ხატი მქონდა. საერთოდ, უწყინარი ვიყავი და, როდესაც რაღაცას დავაშავებდი, ვინმეს ვაწყენინებდი, მივდიოდი იმ ხატთან და ველაპარაკებოდი, ვუყვებოდი იმას, რაც დავაშავე. დავჯდებოდი, ხან გულში ჩავიხუტებდი, ხან გვერდით დავიდებდი და ვესაუბრებოდი. ერთხელ, მახსოვს, რაღაც დავაშავე, მინდოდა, დამემალა, მაგრამ უარესად ვხდებოდი. დედაჩემს, თურმე, სცოდნია. საძინებელში შევედი, იძინებდა, საწოლთან დავემხე, თავი მუცელზე დავადე და ვუთხარი, მაპატიე, დედა-მეთქი. გაეცინა, ნაპატიები გაქვს, შვილო, ეს დღეები შენს სინანულს ვხედავდიო. ეს იყო ჩემი პირველი აღსარება, ყველაფერი მოვუყევი, გავთავისუფლდი და შვება ვიგრძენი. ამის მერე ეს მოთხოვნილება სულ მაქვს. ადამიანის გაწმენდა ბოლომდე უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს სასულიერო პირზეც არის დამოკიდებული – როგორ მიგიღებს. სამწუხაროდ, ჩვენ მშრალ აღსარებაზე ვართ გადასულები. ზოგჯერ ადამიანს ისეთი რაღაც აწუხებს, რომ მას ვერავის ეტყვის სირცხვილის, შიშის, სიამაყის გამო და, ამიტომ, იძაბება, იტვირთება და საბოლოოდ – მძიმდება სულიერად. სწორედ ამ დროს სჭირდება მას გახსნა, გათავისუფლება ცოდვებისგან. მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს გააცნობიერებს, უნდა თქვას აღსარება, გაიხსნას, გათავისუფლდეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირველი აღსარება – ეს არის თვით აღსარება, ანუ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გააანალიზოს, რას აკეთებს, ცუდი და კარგი უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, შენ, რა, აღსარებებს იბარებო? აღსარებას კი არ ვიბარებ, მე ჩემთან მოსულ ადამიანს ვხსნი, ვასუფთავებ და ვწმინდავ. ეს ტრადიცია საუკუნეებია, არსებობს. ხშირად მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, დიდებულები, მეფის კარის წარმომადგენლები მიდიოდნენ მეუდაბნოე ბერებთან, რჩებოდნენ ორი-სამი დღე და მათ ესაუბრებოდნენ. გახსნითი აღსარება ჰქვია, როდესაც დაჯდები და საუბრობ, შენ შენსას ეუბნები, ის – თავისას და, ისე მოულოდნელად შემოდის სითბო, რომ მორიდება უკან იხევს, ყველაფერს წარმოაჩენ, იხსნები და მერე თავისუფლდები. როდესაც მიმდინარეობს წირვა და თან აღსარებას აბარებ, უკან ვიღაც გიდგას, ზოგი ბუზღუნებს და ეს ყველაფერი ხელს გიშლის, იძაბები და ზერელედ ამბობ აღსარებას; მამაოც გეუბნება, ჩქარა მითხარი რა გაქვს სათქმელიო და ჩამოუთვლიან: ეს დამიშავებია, ეს გამიკეთებიაო. ანუ, გამოდის უსინანულო აღსარება, არადა, შვიდ საიდუმლოში წერია, რომ ერთ-ერთი სწორედ სინანულის საიდუმლოა. თუ სინანული არ გაქვს, რამდენიც გინდა, იმდენი აღსარება თქვი. მე არ ვარ მღვდელი, შენდობა რომ მივცე ადამიანს, მაგრამ როდესაც მას თვალებში ვუყურებ, უკვე თვალები მელაპარაკება და პირის მოძრაობა აღარ მაინტერესებს, უკვე ვიცი, რას ფიქრობს, რა ცოდვები აქვს, საით არის მიდრეკილი. ანუ, სასულიერო პირს შეცნობის უნარი უნდა ჰქონდეს, ადამიანის აღნაგობას უნდა იცნობდეს, გარეგნობით შეიცნობა ადამიანი. ზოგჯერ უთქვამთ ადამიანზე, რა უსახურიაო. ადამიანი უსახური არ არის, აბა, თვალებში შეხედეთ, როგორი კეთილი თვალები აქვს! ამ დროს მახსენდება პატრიარქის და მერე მამა გაბრიელის სიტყვები: თვალებში შეხედე ადამიანს, წამიერად, წუთიერად შეხედე, არ მიაშტერდეო. იმიტომ, რომ მერე ბოროტი იწყებს მოქმედებას, შეიძლება, რაღაც აზრი წამოვიდეს, დაგაბნიოს. აღსარების დროს, შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი თქვა, ყველაზე ბინძური რამეც კი, მაგრამ მას, შესაძლოა, არ ჰქონდეს სინანული და ყოველთვის მზად არის, ეს საქციელი კიდევ გაიმეოროს.
– როგორ უნდა მოვიდეს სინანული?
– უნდა განიცადო, საკუთარ თავში უნდა იპოვო დანაშაული, უნდა შეწუხდე და არ უნდა დაიწყო სხვისთვის გადაბრალება. დილით და ძილის წინ წასაკითხი ლოცვები იგივე აღსარებაა ჯერ შენ თავისუფლდები და მერე სხვებს იხსენიებ და მათ შეეწევი. დიდ სითბო მოდის ღვთისმშობლის ხატებთან საუბრისას, როდესაც დაუჩოქებ, ილოცებ, შეგრძნებებით უნდა დაინახო, როგორი სხივი მოდის სითბოსი, იმიტომ, რომ დედაა უფლისა და, როგორ შეიძლება, სამყაროს შემოქმედის დედამ შენი არ მოისმინოს, ხელი გკრას, არ შეგეწიოს?! მერე უკვე მოძღვართან მიდიხარ და აღიარებ შენს ცოდვებს, ოღონდ, გულწრფელად, სინანულით. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არანაირი სიკეთე, ქველმოქმედება არ მიდის უფალთან, თუ მას წინ არ უძღვის სინანული, რადგან, თუ არ განიწმინდები, არ გათავისუფდები ცოდვისგან, ვერ შემოვა შენში უფალი, რომ სიმშვიდე და სიხარული მოგანიჭოს. თქვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გახსენებისას, არასდროს შეეცადოთ მის შელამაზებას ან სხვისთვის გადაბრალებას, თუნდაც ის მართლაც სხვისი ბრალი იყოს. მამა გაბრიელმა იცოდა თქმა: რვა კაცმა რომ დაგაკავოს, ძალით გაგაუპატიუროს, მიდი და აღსარებაში შენად თქვი, იმიტომ, რომ ეს რაღაცის გამო მოხდა, რაღაც სასჯელი მოვიდა შენზე და შენში ეძებე ამ ყველაფრის სათავეო.
ნათია უტიაშვილი