სიბრძნე მინიატურებში
მოციქულის მიმდევარი
ერთი ხუმარა კაცი თავს მოციქულად ასაღებდა. დაიჭირეს და სულთანს მიჰგვარეს. სულთანმა ყადის თანდასწრებით დაკითხა და თქვა:
– ამ ადამიანმა მკრეხელობა ჩაიდინა. რა ელის დამნაშავეს? კანონი რას ითვალისწინებს?
ყადმა უპასუხა:
– თუ თავის ნათქვამს არ უარყოფს და თავისას არ დაიშლის, სიკვდილით დასჯა ელის.
– გესმის? – მიმართა სულთანმა ბრალდებულს, – როგორ ბედავ და თავს მოციქულს უწოდებ? თუ მართლა მოციქული ხარ, სასწაული გვიჩვენე!
– კარგი, – უპასუხა კაცმა, რომელიც თავის თავს მოციქულს უწოდებდა, – მაშინ უბრძანე და ალესილი ხმალი მოატანინე.
– ხმალი რად გინდა? – გაოცდა სულთანი.
– ყადს თავს მოვაჭრი და შემდეგ ისევ აღვადგენ მკვდრეთით.
– ო, პატივცემულო! – მიმართა შეძრწუნებულმა ყადმა თვითმარქვიას, – მე პირველმა გაღიარე და ვირწმუნე შენი მოციქულობა! დღეიდან შენს მიმდევრად მიგულე!
ტანჯვა
ერთი კაცი გარდაცვალების შემდეგ უფლის სამსჯავროზე წარდგა. დიდხანს უცქერდა შემოქმედი უხმოდ და დუმდა. კაცმა ვერ მოითმინა და ჰკითხა:
– ღმერთო, როგორია ჩემი ხვედრი? მდუმარედ რატომ მიყურებ, ნუთუ ცათა სასუფეველი არ დავიმსახურე? მე ხომ ვიტანჯე! – ღირსეულად განაცხადა განსასჯელმა.
– როდიდან ითვლება ტანჯვა დამსახურებად? – გაუკვირდა უფალს.
– მე ვატარებდი ძველ, დაფლეთილ სამოსს. ვჭამდი ქატოსა და ბარდას. წყლის გარდა, არაფერს ვსვამდი. თავს უფლებას არ ვაძლევდი, ქალებზე მეფიქრა, დავაუძლურე სხეული მარხვითა და ლოცვით, – ჯიუტად განაგრძობდა თავდაჯერებული კაცი.
– კარგი, მესმის, რომ იტანჯებოდი, – თქვა ღმერთმა, – მაგრამ რისთვის იტანჯავდი თავს?
– შენს სადიდებლად, – დაუფიქრებლად უპასუხა კაცმა.
– კარგი დიდება კი მქონია, – ნაღვლიანი ღიმილი გაუკრთა უფალს, – ესე იგი, რა გამოდის, მე ხალხს შიმშილით ვხოცავ, ვაიძულებ ათასი საშინელება ჩაიცვან და არასოდეს გაიგონ ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა?
სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ. უფალი კვლავინდებურად უსიტყვოდ აკვირდებოდა კაცს.
– და მაინც როგორია ჩემი ხვედრი? – კვლავ შეახსენა განაჩენის მომლოდინემ.
– ამბობ, ვიტანჯებოდიო, – ჩუმად წარმოთქვა უზენაესმა, – როგორ აგიხსნა, რომ გაგაგებინო... აი, მაგალითად, ხურო, რომელიც შენამდე წარდგა ჩემს წინაშე, მთელი ცხოვრება აშენებდა სახლებს ხალხისთვის – დარსა თუ ავდარში. სიცხესა თუ სიცივეში, შიმშილობდა, საშინლად იღლებოდა, ხშირად იჟეჟავდა ჩაქუჩით თითებს. და ამგვარად იტანჯებოდა, მაგრამ მაინც აშენებდა. შემდეგ კი პატიოსნად გამომუშავებულ გასამრჯელოს იღებდა... შენ კი... შენ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ტანჯვას მოანდომე. გამოდის, ამაოდ იცემდი თითებზე ჩაქუჩს.
წამიერად გაირინდა შემოქმედი...
– სახლი სად არის, მე გეკითხები, – სად არის შენ მიერ აშენებული სახლი!!!