მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ლოცვის დროს ჩემდაუნებურად ცრემლები მომდის. რატომ მემართება ასეთი რამ?
პასუხი: თუ მლოცველ ადამიანს ცრემლი სდის, ეს შეიძლება იყოს განწმენდის ნიშანი და იმაზე მიუთითებდეს, რომ სულს სინანული, აღსარება და ზიარება სწყურია.
კითხვა: რატომ დაუშვა ღმერთმა ანგელოზის გაამპარტავნება და, კერძოდ, რა საქციელით გამოხატა ეს ცოდვა ანგელოზმა?
პასუხი: ღმერთმა ანგელოზებს, ისევე როგორც ადამიანებს, მისცა თავისუფალი ნება, რაც თავისთავად გულისხმობს ცოდვის შესაძლებლობასაც. თავისუფალი ნების გარეშე ანგელოზები და ადამიანები მხოლოდ საგნები იქნებოდნენ და არა პიროვნებანი. რაც შეეხება ცოდვილ ანგელოზს, ის იმით დაეცა, რომ საკუთარი სილამაზით მოიხიბლა და სიამაყის გამო საკუთარი თავი ღმერთს დაუპირისპირა. ის თავისი სიყვარულით იყო ღმერთთან შეერთებული, შემდეგ კი საკუთარი თავის სიყვარულით განეშორა მას.
კითხვა: ძალიან განვიცდი, რომ ხანდახან უკეთური აზრები მიჩნდება უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ. ეს ჩემდაუნებურად ხდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ აზრებს. ნუ განიცდით და ნუ გგონიათ, რომ ამ აზრების გაჩენაში თქვენ ხართ დამნაშავე, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ ეთანხმებით. ასეთ დროს ადამიანს ეშმაკი შთააგონებს უკეთურ აზრებს და მისი მიზანია, ადამიანი უიმედობაში და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს, რათა აფიქრებინოს, თითქოს ის იმდენად ბილწია, რომ თვით სიწმიდეების მიმართაც კი მკრეხელური აზრები უჩნდება.
კითხვა: ძალიან მაშინებს რიცხვი 666, რადგან, როგორც ცნობილია, ის სატანურია. რა უდევს საფუძვლად ამას?
პასუხი: ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ „აპოკალიფსში“ 666 ანტიქრისტესთან არის დაკავშირებული. თუმცა, ნუ გეშინიათ მისი პანიკურად, რადგან სხვა შემთხვევაში ის არ არის დემონური რიცხვი, მაგალითად, სახლში, რომლის ნომერია 666, არ ცხოვრობს დემონი ან წიგნის 666-ე ფურცელზე აუცილებლად რაიმე მაგიური არ იმალება.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ?
პასუხი: როგორც წმიდა ფილარეტ მოსკოველი გვმოძღვრავს: როდესაც გაქებენ, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები.