რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ქრისტიანს და რისთვის აგებს განკითხვის დღეს ნათლია უფლის წინაშე პასუხს
ადამისა და ევას პირველქმნილ ცოდვას ყველა მათი შთამომავალი, ანუ მთელი კაცობრიობა ექვემდებარება. ამ ცოდვისგან გათავისუფლება, მისგან განწმენდა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ღმერთის ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით და მისი გამომსყიდველი, ჯვარზე აღსრულებული მსხვერპლშეწირვით. ასე რომ, ქრისტიანად მოქცევა – ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათლისღება, ნათლობა, უპირველესად ნიშნავს სწორედ ამ პირველქმნილი ცოდვისგან გათავისუფლებას, რომელსაც ადამიანი დედის მუცელში ჩასახვისთანავე ექვემდებარება. ნათლისღების საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ნათლისღება არის წმიდა საღმრთო საეკლესიო საიდუმლო, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. მონათვლის აუცილებლობას კი ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმოც სრულიად გარკვევითა და ცხადად გვასწავლის: „ნათლობისთვის აუცილებელია სინანული და რწმენა: „შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცმა თქვენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, მოსატევებელად ცოდვათა და მიიღეთ ნიჭი სულიწმიდისა” (საქმე მოციქულთა 2.38); „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს” (მარკოზი, 16,16).
– ჩვილებს ხომ არ აქვთ რწმენა, სინანული, ნათლისღებას ხომ მათთვის არ შეუძლია სინანულის მოტანა? რატომ არის აუცილებელი მათი მონათვლა დაბადებიდან მეორმოცე დღეს?
– ამაზე კატეხიზმო ასე პასუხობს: „მშობელთა და მიმრქმელთა რწმენით, რომელნიც, ამასთან, ვალდებული არიან, ასწავლონ მათ სარწმუნოება, როცა წამოიზრდებიან”. ძველი აღთქმის დროს წინადაცვეთის წესს ჩვილ ყრმებზე აღასრულებდნენ, ხოლო ნათლისღება ახალ აღთქმაში წინდაცვეთის ადგილს იკავებს, მაშასადამე, ჩვილ ყრმებზეც უნდა აღსრულდეს ნათლისღების საიდუმლო. ნათლისღება ესაჭიროება ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლისღების გარეშე არ შეუძლიათ, მიიღონ ამ ცოდვის მიტევება. ვინც ხელახლა არ იშვება, არ მიიღებს პირველშობილთა ცოდვის შენდობას, ის დაექვემდებარება ამ ცოდვის გამო მარადიულ სასჯელს. უფრო ვრცლად და ყველასთვის სარწმუნოდ, მართლმადიდებლური სწავლება ჩვილ ყრმათა მონათვლის შესახებ გადმოცემული აქვს მოსკოვის მიტროპოლიტს, წმიდა მაკარის: „თუკი, ნათლისღება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, როგორც ერთადერთი კარი ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაშინ ეს საიდუმლო უნდა მიეცეთ არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ ყრმებსაც აქვთ უნარი ღმერთის სასუფეველში შესვლისა, სულიწმიდით განათლებისა. ყრმებიც არ არიან მოკლებულნი პირველმშობელ ცოდვას და მისგან განწმენდა და ცათა სასუფეველში შესვლა სხვაგვარად არ ძალუძთ, თუ არა მხოლოდ ნათლისღებით – წყლითა და სულიწმიდით შობით შეუძლია ადამიანს ცათა სასუფეველში შესვლა, რადგან „შობილი იგი ხორცისგან ხორცი არს და შობილი იგი სულისგან – სული არს”. ასე რომ, სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მის ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე, ან მეორმოცე დღეს უნდა გაინათლოს, ხოლო, თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ, ჯობია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე მოხდეს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა. სამწუხაროდ, დღეს, მშობლები ბავშვის ნათლობას ფინანსური პრობლემების გამო გარკვეული წლების გასვლის შემდეგ აღასრულებენ, რაც დიდი შეცდომაა და ეს ბავშვის ცხოვრებაზე სერიოზულ კვალს ტოვებს. ახალშობილს ორმოცი დღის განმავლობაში ღმერთი დასაცავად მფარველ ანგელოზს უგზავნის და ყრმა ცოდვებითა და განსაცდელებით სავსე წუთისოფელში ზეციური მფარველის გარეშე რჩება.
– ძველად ნათელღებულ ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში არ ბანდნენ, დღეს კი განბანის საიდუმლო ნათლისღების დროს აღესრულება.
– ნათლობის დროს ადამიანს მღვდელი მირონს სცხებდა და ამიტომ ნათელღებული პიროვნება ცხრა დღის განმავლობაში მირონცხებული დადიოდა, შემდეგ მას მშობლების მიერ სპეციალურად შერჩეული ქრისტიანი ჩამობანდა, რომელიც „განმბანელად“ იწოდებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ამ ტრადიციამ სახე იცვალა და ნათლისღების დროს განბანას თვით მღვდელმსახური აღასრულებს. ეს გამოწვეულია შემდეგით: ადამიანი, რომელიც მირონცხებული იყო, წმიდად და ბეჭედდასმულად ითვლებოდა, მისთვის მოფერება, კოცნა და შეხება ყველას ეკრძალება, ეს საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, ამიტომ, ამ საიდუმლოს დაცვა და მირონის მიმართ უფრო მეტი მოწიწების გამოჩენა რომ მოხდეს, ეს წესი შეიცვალა და მღვდელი ნათელღებულს მირონს მეცხრე დღის ნაცვლად ნათლობისთანავე ჩამობანს.
– მამა გიორგი, ნათლისღების დროს მღვდელი ადამიანებისთვის გაუგებარ ბევრ წესს აღასრულებს. რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს მათ?
– მოსანათლავად გამზადებული ადამიანი გრძელ პერანგში გამოწყობილი შედის, უქამროდ, თმა გაშლილი აქვს იმის ნიშნად, რომ თავის წარსულსა და სოფლის ამაოებას განეშორება. ის დგას ფეხშიშველი და თავდახრილი, პირი კი აღმოსავლეთისკენ (უფლის სავანისკენ) აქვს მიბრუნებული. მღვდელი ამ დროს მას სახესა და მკერდზე სამგზის სულს უბერავს და თან თავზე ადებს ხელს. ეს პროცესი სულიწმიდის დაქროლვას ნიშნავს, რაც ადამიანს ბოროტი სულის განდევნაში ეხმარება. ამის შემდეგ მოძღვარი „შეფუცვის ლოცვებს” კითხულობს, მოსანათლავი კი ნათლიასთან ერთად დასავლეთისკენ ბრუნდება (დასავლეთი ბნელეთის, დემონების სამფლობელოს გამოხატავს). ამ დროს ის ქრისტეს მხედარი ხდება და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „განვეშორები ეშმაკისგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან”. ამას სამჯერ იმეორებს და ზიზღისა და უარყოფის ნიშნად დასავლეთის მხარეს განერწყვავს. ეს ცოდვისა და ცოდვის მამის – დემონისადმი სიძულვილის ნიშანია. ამის შემდეგ მოსანათლავი ნათლიასთან ერთად აღმოსავლეთისკენ ბრუნდება და სამგზის დებს პირობას, იფიცება უფლის წინაშე: „შევუდგები ქრისტეს”. როდესაც მოსანათლავი ჩვილია, მაშინ ამ სიტყვებს ნათლია წარმოთქვამს. შემდეგ ნათლული და ნათლია სარწმუნოების სიმბოლოს – „მრწამსს” კითხულობენ, ამ პროცესს მღვდლის მიერ წყლის კურთხევა მოსდევს, რათა მან იორდანის წყლის ძალა და მადლი შეიძინოს. შემდეგ ის გასანათლავ ადამიანს შუბლზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე ზეთს სცხებს, რომელიც ცოდვილი ადამიანის ქრისტესთან შერიგებას ნიშნავს. ემბაზი (რაშიც ადამიანი ინათლება) გამოქვაბულს ნიშნავს, რომელშიც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული, წყალი – მიწას, ხოლო გასანათლავის წყალში სამგზის ჩაძირვა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას ქრისტესთან ერთად. აქედან გამომდინარე, ნათლობა ნიშნავს, რომ ჩვენში მცხოვრები ცოდვილი კაცი ქრისტესთან ერთად მოკვდა და ახალი სულიერი ცხოვრებით აღვსილი პიროვნება მაცხოვართან ერთად აღდგა. ნათლისღების დროს მღვდელი მოსანათლავს მირონს სცხებს, რომელსაც მღვდელმთავარი განსაკუთრებული წესით, გამუდმებით სახარების კითხვითა და სხვადასხვა ყვავილებით ამზადებს. მისი ცხებით ადამიანი სახარების მცნებებს იძენს, რომლებიც მას ცოდვებთან ბრძოლაში ეხმარება. ნათლობის დასასრულს მღვდელი ნათელღებულს თმას ჯვარედინად ჰკვეცს. თმის მოკვეცა ნიშნავს იმას, რომ მონათლული ადამიანის ბატონი მხოლოდ ღმერთია. სასურველია, ეს მოკვეცილი თმა ნათელღებულის სანთელთან და თეთრ ზეწართან ერთად შეინახოს, რომ მას უფლის წინაშე ყოველთვის ახსოვდეს თავისი მოვალეობები.
– მამაო, როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა შვილებისთვის ნათლიები?
– ქართული ტრადიციის მიხედვით, მშობლები შვილებისთვის ნათლიად ფინანსურად შეძლებულ პიროვნებას ირჩევენ, ხშირ შემთხვევაში კი გვავიწყდება, რომ ნათლია უნდა შეირჩეს სულიერი ღირსებებისა და არა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობს. არადა, ნათლიამ ნათლულის სულიერ აღზრდაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. ნათლია სარწმუნოების დოგმატებში კარგად უნდა იყოს განსწავლული, ხშირი აღმსარებელ-მაზიარებელი უნდა იყოს, ზეპირად უნდა იცოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო – „მრწამსი” და უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანული წესებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას უფლება, იწოდოს სხვა ადამიანის ნათლიად, მიმრქმელად. ის ადამიანები, რომლებიც უფლის წინაშე ნათლიებად არიან დადგენილები, განკითხვის დღეს პასუხს აგებენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს თავიანთი მოვალეობანი. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, სასურველია, მამაკაცს – კაცი ნათლია, ხოლო დედაკაცს – ქალი. ასევე, განსაზღვრულია ნათლიის ასაკი – ის აუცილებლად 12 წლის ზემოთ უნდა იყოს.