რა საოცარ უნარს ფლობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რატომ აქვს მას თვალები ხშირად ცრემლიანი
არქიდიაკვანი დემეტრე (დავითაშვილი) 17 წელია, რაც პატრიარქის გვერდით იმყოფება. მისგან ბევრ რამეს სწავლობს, ბევრ რამეს ეზიარება და ბედნიერია, რომ მას ასეთი საოცარი ადამიანი ზრდის. თუმცა ჩემი აზრების დაფიქსირებას, ჯობია, თავად მამა დემეტრეს მოვუსმინოთ, რომელიც მისი უწმიდესობის შესახებ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობს:
– ჩემი ოჯახი ყოველთვის მორწმუნე იყო, თუმცა არ დადიოდნენ ეკლესიაში და ქრისტიანული ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ. ჩემი უფროსი და შაბათობით დადიოდა ეკლესიაში. მაშინ უწმიდესი ახალი არჩეული იყო და ამის შესახებ სულ მესმოდა. როდესაც ჯარიდან დავბრუნდი, გადავწყვიტე, სიონში წავსულიყავი. თუმცა, არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმეგნო მისთვის. მასწავლეს, უნდა ამოვსულიყავი მეტროსადგურ „ლენინის მოედანზე“, მერე გადამეკვეთა მოედანი, ლესელიძეზე რომ ჩავიდოდი, გამეხედა მარცხნივ და დავინახავდი ტაძარს, რომელიც იყო სიონი. როდესაც სიონში შევედი, უწმიდესი ლოცვას ატარებდა. მსახურება ლამაზი იყო თავისი გალობით, ჩაცმულობით, ყველა რიტუალით. თუმცა, მაშინ ძალიან შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ როდისმე სასულიერო პირი გავხდებოდი. ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი და ალბათ, იმანაც მომხიბლა, რომ მსახურებაში დავინახე რაღაც ისეთი, რასაც თეატრშიც ვუყურებდი. მერე, დრო რომ გავიდა და უკვე ეკლესიაში დავიწყე სიარული, უწმიდესს მაშინ ვხვდებოდი, როდესაც ზეთისცხება იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუ პირადად მასთან მომიწევდა მისვლა ზეთისცხებაზე და მისი ხმის გაგონება, ღმერთმა დაგლოცოსო. მოგვიანებით, როდესაც გადავწყვიტე სემინარიაში ჩამებარებინა გამოცდები, გასაუბრებაზე შევხვდი უწმიდესს და იმდენად დავიბენი, რომ მის დასმულ უბრალო კითხვებსაც ვერ გავეცი პასუხი. სემინარიის მეორე კურსზე რომ ვიყავი, პარალელურად, წიგნის მკითხველად ვმსახურობდი დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. მახსოვს, თამარობა იყო, ეკლესიაში მოვიდა პატრიარქი. დილის მსახურებაზე ჟამის ლოცვას ვკითხულობდი და ჩემმა ხმამ მიიქცია უწმიდესის ყურადღება. წირვის ბოლოს დიდუბის ეკლესიის საკურთხეველში პირადად გამესაუბრა. მაშინ უკვე ისეთი დაბნეული აღარ ვიყავი. მითხრა, რა კარგი ხმა გაქვს და მუსიკალური განათლებაც ხომ არ გაქვსო. იმ საღამოს საპატრიარქოში დამიბარა, უწმიდესი თავად დაჯდა ინსტრუმენტთან, თითებით ნოტებს იღებდა და მე ისინი უნდა გამეხმოვანებინა. მცირე კვერექსი წამაკითხა. შემდეგ მითხრა, ლამაზი ხმა გაქვს და ცოლს თუ მოიყვან, დიაკვნად გაკურთხებ, ჩვენ კარგი სასულიერი პირები გვჭირდებაო. გავიდა დრო, მე რა თქმა უნდა, ცოლი არ მოვიყვანე, იმიტომ, რომ ბერობაზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც დამიძახა უწმიდესმა და დიაკვნად მაკურთხა, იმ დღიდან მოყოლებული უკვე 17 წელია უწმიდესთან მიწევს ყოფნა და ბედნიერებაა, რომ მასთან ერთად ვარ საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ეპარქიებში. საკათედრო ტაძარშიც წირვა-ლოცვა არ ტარდება, სადაც მე არ ვარ მისი თანამწირველი.
ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, თავიდან როდესაც მაკურთხეს, ჯერ არ ვიყავი მონაზონი, ბერად აღკვეცილი. სამღვდელოებას ვეკუთვნოდი, რა თქმა უნდა, უცოლოდ და ასეთ მსახურებას ჰქვია „ცელებატობა“, ანუ ვიყავი „ცელებატი“. საერთოდ უწმიდესს არ უყვარს „ცელებატები“, უყვარს, როდესაც სასულიერო პირი ან ცოლიანია, ან მონაზონია. ყველას უკვირდა, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვა და მაკურთხა „ცელებატად“. ერთხელ უწმიდესმა სიონის საკურთხეველში ვიღაცის საბეჭური აკურთხა, რომელიც თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელმა მოუტანა. მივედი უწმიდესთან და ხუმრობით ვკითხე იმ სასულიერო პირზე, მონაზვნობა ხომ არ გადაწყვიტა-მეთქი, არაო, ერთ-ერთი მონაზონის იყო ის საბეჭურიო. მერე ასეთი რამ მითხრა, ყველამ რაღაცას მიაღწია და მარტო შენ დარჩი ასეო. მივხვდი, არ მოსწონდა, რომ არ ვიყავი აღკვეცილი. მაშინ ვუთხარი, თქვენო უწმიდესობავ, ძალიან მინდა ბერობა, მაგრამ მეშინია და ვერ ვკადნიერდები ასეთი დიდი მსახურება ჩემს თავზე ავიღო-მეთქი. მითხრა, ნუ გეშინია, ილოცე და უსათუოდ მოგეცემაო. ზუსტად ერთ წელიწადში მივედი უწმიდესთან და ვუთხარი, მზად ვარ შევუდგე მონაზვნობის მსახურებას-მეთქი და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე დამთანხმდა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მონასტერშიო და გამიშვა დავით გარეჯის მონასტერში. 2001 წლის 4 აპრილს უდაბნოში, დავით გარეჯელის ლავრაში მოხდა ჩემი აღკვეცა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩემი მეგობრები თბილისიდან. ძალიან გამიხარდა, რომ ახალციხის ეპარქიიდან საფარის ძმობა ჩამოვიდა. საფარის მონასტერს ჩემს მეორე სახლს ვეძახი, რადგან იქ ხშირად ვარ. უწმიდესი არ დასწრებია ჩემს აღკვეცას, ძირითადად არ ესწრება ხოლმე, სხვას ავალებს და ის ასრულებს აღკვეცის წესს. მერე უწმიდესთან მიდიან ლოცვა-კურთხევის ასაღებად.
ძალიან რბილი და მოსიყვარულეა ურთიერთობაში. უყვარს ძველი ამბების მოყოლა, როგორ იქცეოდნენ ძველი სამღვდელოების წარმომადგენლები, რას ამბობდნენ. მიხარია, რომ ცოცხალ მატიანეს ვუსმენ. თავად უწმიდესი რამდენიმე პატრიარქს არის მოსწრებული, როგორც რუსეთში, სადაც სწავლობდა, ასევე საქართველოში. ადრე რამდენჯერმე ჩავიწერე მისი საუბარი, მაგრამ მაინც თავში ჩაწერას ვამჯობინებ. ჩვენი, ისტორიის კათედრის გამგე, სერგო ვარდოსანიძე მეუბნებოდა, ძალიან კარგი პროტოდიაკონი იყო ამბროსი ახობაძე, ყველას ახსოვს, რომ კარგი ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი თანამედროვეები აღარ იქნებიან და მალე აღარავის ეხსომებაო. ამიტომ, რამე უნდა დაწერო, დატოვო, რომ ხალხს ახსოვდეო.
– უცხოეთში, როდესაც ხართ, თუ უყვარს მის უწმიდესობას სასტუმროდან გამოსვლა?
– სასტუმროდან მაინცდამაინც არ უყვარს გამოსვლა. ამერიკაში რომ ვიყავით ჩვენც დაგვიშალა გარეთ გასვლა, უცხო ქვეყანაა და შემთხვევით საფრთხეს არ გადააწყდეთო. ძალიან ცუდად მოვიქეცით მე და თარჯიმანი, როდესაც უწმიდესმა დაიძინა, გავიპარეთ. ვამბობდი, ნიუ-იორკიდან ისე როგორ წავიდე, ბროდვეიზე, ან მეხუთე ავენიუზე, ან პარკ-ავენიუზე გავიარო-მეთქი, ძალიან გვეჩხუბა.
– თავად გამოუტყდით?
– არა, ჩვენ „პენტჰაუზში“ ვცხოვრობდით, „ვოლდორფ ასტორიაში“ უწმიდესთან ერთად, ძალიან დიდი აპარტამენტები იყო, მისაღები და სამი საძინებელი. ერთ საძინებელში უწმიდესი ცხოვრობდა, მეორეში – მე და მესამეში – თარჯიმანი. დელეგაციის სხვა წევრები სხვადასხვა ოთახებში იყვნენ გადანაწილებულები. რომ გაიღვიძა უწმიდესმა და ვერ გვნახა, მოგვიკითხა. რომ დავბრუნდით, ტელევიზორს უყურებდა. გვკითხა, სად იყავითო და ჩვენც ვუთხარით, ძალიან გაგვიჯავრდა. ასეთი გაჯავრებული უწმიდესი ჯერ არ მინახავს. გვისაყვედურა, აბა, ხომ არ გვცემდა, თუმცა ორივე ჯოხით ვიყავით საცემი. იმით დაგვსაჯა, რომ ოთხ-ხუთ დღეში ვიყავით წამოსასვლელები და ბარგი იმ დღესვე ჩაგვალაგებინა. არ წამოვსულვართ, მაგრამ ხომ იცით ბარგის ჩალაგება ბევრ შრომასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი გაბნეულია, ამას თავი უნდა მოუყარო, დაანაწილო და მერე ჩაალაგო. როცა უწმიდესთან ერთად მივფრინავთ, არავის გვეშინია. ვიცით, რომ რაც უნდა დამძიმებული ვიყოთ ცოდვებით, უწმიდესი დაგვამსუბუქებს. თუ რეისი ჩარტერულია და ჩვენ ბიზნესკლასში ვსხედვართ, უწმიდესი ყოველთვის დგება და ხალხს ესაუბრება, საჩუქრებს ჩუქნის, ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს და სიხარულს აფრქვევს.
– 17 წლის განმავლობაში, თუ დაგიმსახურებიათ მისი უწმიდესობისგან საყვედური, შენიშვნა?
– კი, როგორ არა. მაშინ მე არ ვიყავი პროტოდიაკონი. მთავარი დიაკონი მამა ამირანი იყო, ამირანაშვილი. როდესაც ქადაგება დაიწყო, უწმიდესმა მიიჩნია, რომ მამა ამირანს უნდა ეთქვა „მრავალჟამიერის“ მუხლები, მამა ამირანმა კი პირიქით ჩათვალა და ორივე განვიმოსეთ. ისე, რომ არ დაველოდეთ უწმიდესს. მან კი „მრავალჟამიერი“ მოინდომა, მოგვიკითხა და არც ერთი არ ვიყავით თვალსაწიერში. როცა გამოვედი, უკვე გვიანი იყო. მაშინ მე ძალიან მისაყვედურა. ამის შემდეგ, სანამ უწმიდესი არ შემოვა საკურთხეველში ქადაგების შემდეგ, არ განიმოსება, მე არ განვმოსილვარ. ის საყვედური სასწავლებლად კარგი იყო.
– რომელი კერძი უყვარს განსაკუთრებით?
– ხილი უყვარს ძალიან. რამდენიმე წლის წინათ თაბორის მთაზე შევხვდი ფერისცვალებას. კაქტუსის ნაყოფი უცხო ხილია და წამოვუღე უწმიდესს, მივართვი. ძალიან საინტერესო გემო აქვს, სხვადასხვა ხილის. უწმიდესს ვკითხე, თუ მოგეწონათ-მეთქი. ჯერ არ გამისინჯავს გემო, ჩემს მშობლებს მივართვიო. უწმიდესს თავისი მშობლების სურათები საძინებელში კედელზე უკიდია და მათ წინ ჩაუქრობლად ანთია კანდელი. განსაკუთრებულ და იმ კერძებს, რომელიც მათ უყვარდათ, მიართმევს ხოლმე. კაქტუსის ნაყოფზეც ასე თქვა, ჯერ მშობლებს მივართვი და მერე შევჭამეო. როგორც მითხრეს, ძალიან მოეწონა.
– ვიცი, პატრიარქს ძალიან უყვარს ხატვა, მუსიკა. უყვარს, როდესაც მუშაობისას ვინმე ესწრება?
– ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს, როგორც ნახატი, ასევე საგალობლებიც. მისი საგალობლები ხშირად ისმის სამებაში. როდესაც უცხოელებმა უწმიდესის „კირილეისონი“ მოისმინეს, თქვეს, გვეგონა ზღაპარში ვიყავით, ისეთი საოცარი ჰარმონია მოვისმინეთო. საერთოდ ამბობენ, როდესაც ადამიანი რაღაცას გადმოცემს, ეს წერილობითი იქნება თუ მუსიკალური, საკუთარ შინაგან მდგომარეობას, სამყაროს გადმოსცემს და უწმიდესი კი შინაგანად ყოველთვის სამოთხეშია. შესაბამისად, მისი მუსიკა, ნახატი, ქადაგება, მხოლოდ და მხოლოდ სამოთხის გარდამოცემა იქნება. ხატვის დროს მარტო უყვარს ყოფნა, მაგრამ, როდესაც მუსიკა იწერება, უწმიდესი მელოდიას ასრულებს ფორტეპიანოზე, ჩვენი დიდი გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილი კი სანოტო ჩანაწერებს ასრულებს.
– განმარტოება უყვარს?
– კი, საპატრიარქოს ეზოში ჩამოვა ხოლმე და მარტო ჯდება ბაღში. როდესაც უცხოეთში ვართ, ვცდილობთ ხშირად დავტოვოთ ოთახში მარტო. საერთოდ, ბერებს ძალიან უყვართ მარტოობა. გარეთ იმდენი ქაოსია, რომ განმარტოება კარგი წამალია. უწმიდესი განსაკუთრებით ზამთრის ბაღით ამაყობს და არ არსებობს სტუმარი მიუვიდეს და საუბრის ბოლოს არ უთხრას, თქვენ არ გინახავთ არა ჩვენი ბაღიო და შემდეგ გაიყვანს და აჩვენებს. ეზოში უნიკალური მცენარეები აქვს, თითოეულის სახელი ზეპირად იცის, უვლის, უფრთხილდება. ერთხელ მასთან სტუმრად ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი იყო, ჰკითხა, იცი, ეს რა ყვავილიაო. ბატონმა მამუკამ არ იცოდა, მაშინ უწმიდესმა უთხრა, რანაირი ვიცე-მერი ხარ, ეს არ უნდა იცოდეო. ძალიან კარგი იუმორი აქვს. ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო. გავჯავრდი და საყვედური ვუთხარი, ასე ნუ ამბობთ, თქვენ, რომ რამე მოგივიდეთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, შეიძლება, ერთმანეთი დავჭამოთ, ამიტომ თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ-მეთქი. უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, კაცო, მე თქვენ ცხვრებადა გზრდით, თქვენ კიდევ იზრდებით მგლებადა. პირობა მივეცი, რომ ცხვრებად გავიზრდებით, მგლები არ ვიქნებით და არ დავჭამთ ერთმანეთს.
– სამებაში ძალიან ბევრი სტიქაროსანია, განსაკუთრებით კი – ბავშვი.
– ძალიან უყვარს ბავშვები და მათაც უყვართ პატრიარქი. სამებაში მართლაც ბევრი სტიქაროსანია და მათმა სიმრავლემ, დისკომფორტი შეგვიქმნა. ღვთისმსახურების დროს საკურთხეველში ძალიან ბევრნი დგანან. უწმიდესს ვთხოვე, თუ მომცემთ ლოცვა-კურთხევას, განვმოსავ მათ და დავტოვებ მხოლოდ 30 კაცს, რომ სიხალვათე იყოს საკურთხეველში-მეთქი. ამიკრძალა, იყვნენ, აქ კარგ ჩვევებს იძენენ, გარეთ რომ გავლენ, რა იცი, რას იზამენ და რას მიეჩვევიანო. უწმიდესის სიტყვა ისეთი რამ არის, რომ ორჯერ არ დავუჯერე და მერე ვიწვნიე, ძალიან ვინანე.
– მათ თუ აძლევს უწმიდესი შენიშვნებს?
– არ იცის უწმიდესმა შენიშვნების მიცემა, ერთადერთი, ვისაც შეიძლება შენიშვნა მისცეს, მე ვარ. იმიტომ, რომ სულ მის თვალსაწიერში ვიმყოფები, აქეთ-იქით დავდივარ, მე ყველაზე მეტს ვჩხუბობ, რაღაცას სულ ვაკეთებ. ამას წინათ სტიქაროსნებმა გამაბრაზეს, შუა წირვის დროს სეფისკვერს ჭამდნენ, ვეჩხუბე. ჩემი ხმადაბალი ლაპარაკიც კარგად ისმის და ხმამაღალი, მით უმეტეს – გამოვიდა სამკვეთლოდან საკურთხეველში. უწმიდესმა დამიძახა და დამტუქსა, ასე ხმამაღლა აღარ იყვიროო, რა თქმა უნდა, ძალიან შემრცხვა. ამ ასაკის ვარ და დღემდე მზრდის, მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მზრდის. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც უწმიდესისგან ვერ ვისწავლე, ეს არის უსაზღვრო მოთმინება. მე არ ვიცი მსგავსი მოთმინების უნარი სხვასაც თუ გააჩნია. ასევე ლოცვა, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ხშირად ვფიქრობ, რა ძალა აქვს, რომ ამ ასაკშიც შეუძლია ამდენჯერ დადგეს ღვთისმსახურებაზე და სიყვარული, რომელიც მას შეუძლია, უყვარს ყველა. ბოლო დროს ცოტა გულჩვილი გახდა, ხშირად ტირის ხოლმე, მაგრამ ერში იმდენი განსაცდელია, ისეთი გარემოა, განსაკუთრებით კი შარშანდელმა მოვლენებმა, ძალიან ცუდად იმოქმედა მასზე. ძალიან ვნერვიულობთ, უწმიდესს ხშირად აქვს თვალები ცრემლიანი. არავის არასდროს არ უნდა დაავიწყდეს, რომ უწმიდესის თითოეული ქადაგება მოწოდებაა იმისკენ, თუ როგორი უნდა, რომ იხილოს თავისი ერი და ამას არ აკეთებენ. ხშირად უწმიდესისგან იმას ითხოვენ, რაც თავად უნდათ, მიდიან ლოცვა-კურთხევის ასაღებად და როდესაც უწმიდესი არას ეუბნება, იმდენს აკეთებენ, რომ ჰოს ათქმევინებენ. უწმიდესს ყველა უყვარს და უარს ვერ ეუბნება, მაგრამ ეს არ არის უკვე ღვთის ნება და ის, რაც უწმიდესს უნდოდა. ბოლო დროს მავანნი განიკითხავენ, რატომ არ დგას ახლოს მთავრობის, ან პირიქით ოპოზიციის მხარესო. ის ყველას ავიწყდება, რომ პატრიარქი არის ეკლესიის მეთაური და არ შეიძლება, ეკლესია ვინმესი იყოს. ეკლესია ეკლესიის უნდა იყოს და უნდა მოძღვრავდეს ორივე მხარეს.
– როგორც ვიცი, უწმიდესს საჩუქრების გაკეთებაც ძალიან უყვარს.
– კი, საჩუქარი ეს არის უწმიდესის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე. დღესასწაულზე არ არსებობს, რომ ყველა სტიქაროსანს ათი ლარი არ აჩუქოს. ყველას უხარია, განსაკუთრებით ბავშვებს, თანაც უწმიდესი ეუბნება ხოლმე, ეს ნაყინის ფულია, ან კანფეტი იყიდეთო.
– თქვენ არ გჩუქნით?
– ორმაგს მჩუქნის, არქიდიაკონს ორმაგი ეკუთვნისო. როდესაც 40 წელი შემისრულდა ამბიონიდან მომილოცა. იმ დროისთვის ჯავახეთში ამოქმედდა მინანქრის საამქრო. პირველი მინანქრის ხატი – ილია თეზბიტელის, რომელიც უწმიდესს აჩუქეს და ეს უძვირფასესი ხატი კატალოგშიც არის შესული, მე მაჩუქა. ჩემი საკუთრებაა და ძალიან მიყვარს.
– ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობს, როგორია ამ დროს?
– კი და ეს ძალიან გვაღელვებს. როგორც ყოველთვის, ამ დროსაც ძალიან მოსიყვარულე, თბილია. გეფერება, გესიყვარულება, ასაკში უფრო მეტად თბილი გახდა.
– და ბოლოს, რა ისწავლეთ მასთან 17-წლიანი ურთიერთობისას?
– რაც ვიზრდები, მით უფრო ვუახლოვდები უწმიდესს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მასთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მხოლოდ ის სამი რამ ვერ ვისწავლე, ლოცვა, მოთმინება და სიყვარული. თუმცა, ვცდილობ ამაშიც დავემსგავსო. ხშირად, რაზეც მიფიქრია, უთქვამს უწმიდესს, არ მიკითხავს. როდესაც ქადაგების შემდეგ საკურთხეველში შემოდის, ვეხმარები ტრაპეზთან ჯვარ-პანაღიას მოხსნაში, უცებ რაღაცას მეუბნება და აღმოჩნდება, რომ ამაზე ვფიქრობდი. ხშირად ემთხვევა ერთმანეთს ჩვენი ნაფიქრალი. ან რაღაც საკითხზე მაქვს ჩემი აზრი, მაინტერესებს მართალი ვარ თუ არა და მერე აღმოჩნდება, რომ უწმიდესიც სწორედ ასე ფიქრობს იმ საკითხზე. ბასილი დიდზე ამბობდნენ, რომ ის არის დიდი სატვირთო გემი, რომელიც დატვირთული გადაადგილდებაო. უწმიდესი კი არის ძალიან დიდი აისბერგი, ჩვენ მხოლოდ იმ ნაწილს ვხედავთ, რომელიც წყლის ზედაპირზეა, დიდ ნაწილს კი ვერ ვხედავთ. თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ტელევიზიით გადაიცემა უწმიდესის ქადაგება, მარტო კი არ მოუსმინონ, უნდა ჩაიბეჭდონ გონებაში, გულში და გადაყლაპონ მის მიერ მოწოდებული თითოეული სიტყვა.
ნათია უტიაშვილი