როდის ვერ ხვდება ქალი, რომ ქმრის ღალატისკენ ნაბიჯი გადადგმული აქვს
ამბობენ, რომ ქალის ღალატი მამაკაცის ღალატზე გაცილებით მძიმეა, რადგან ის ამ ურთიერთობაში თავისი გულის და ემოციის ნაწილს დებსო. მამაკაცს კი ეს არაფერში სჭირდება. ანუ, უკეთ გასაგები რომ იყოს, საკითხი ასე დგას: მამაკაცი შეიძლება, დაწვეს ქალთან ისე, რომ მის მიმართ არაფერს გრძნობდეს. ქალი კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ის ემოციური არსებაა და ყველაფერში ემოციას დებს. ფსიქოლოგები ნაწილობრივ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას, მაგრამ ღალატი ორივე შემთხვევაში გაუმართლებელია – მტკივნეულია და დიდი სტრესია, რომელიც საკმაოდ დიდხანს ტოვებს კვალს...
სიყვარული არ ემორჩილება ლოგიკას... ის არაპროგნოზირებადია და ვერც გააკონტროლებ, როცა დაუპატიჟებლად გეწვევა და თავისი ისრით გულს გაგიგმირავს. არ კითხულობს არც შენს სოციალურ სტატუსს, არც იმას, ხარ თუ არა მზად ამისთვის და იმ პრობლემებისთვის, რომელიც თან მოაქვს. სიყვარული ზოგჯერ ტვირთია, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს საღად აზროვნებაში და ცხოვრების ნორმალურ რიტმსაც გვირღვევს.
მაკუნა (28 წლის): ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები არანაირად არ ექვემდებარება ლოგიკას. ყოველთვის მეგონა, რომ ერთი, კონკრეტული გეგმის მიხედვით ვმოქმედებდი. მივიწევდი წინ და ზუსტად ვიცოდი, „ხვალ“ რისი მიღების იმედი უნდა მქონოდა ამ ცხოვრებისგან. არ ვიცი, რას დავაბრალო ეს ალოგიკურობა. ჩემს მეტისმეტად თავდაჯერებულობას თუ თვითონ ცხოვრებას, რომელიც არაპროგნოზირებადია. არადა, აქამდე ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო – არავითარი ზედმეტი ემოციები და სტრესი. მშვიდი, სტაბილური ცხოვრება მქონდა. რა თქმა უნდა, გათხოვილი ვარ.
– რა თქმა უნდა, რატომ? რას გულისხმობთ, რომ პრობლემები მხოლოდ გათხოვილ ქალებს აქვთ?
– არა. ეგ არ მიგულისხმია. მაგრამ ფაქტია, რომ გასათხოვარი ქალი გაცილებით თავისუფალია და მის ცხოვრებაში სხვა პრობლემებია აქტუალური. ყოველთვის მეგონა, რომ ცოლ-ქმარს შორის ბზარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, გაჩნდეს, თუ ისინი უკვე დიდი ხანია, ერთად ცხოვრობენ – ინტიმურ სფეროში აქვთ უთანხმოება, ან მატერიალური პრობლემები აჩხუბებთ. ალბათ, მიზეზი ესეც არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, სულ სხვა რაღაც მოხდა. თურმე, „კარგი მამაკაცი“, „კარგ ქმარს“ არ ნიშნავს. თურმე, შეიძლება, ქმარს ისე უღალატო, ვერც კი მიხვდე ამას. თურმე, შესაძლებელია, ვერ გააცნობიერო, ისე გადადგა იქით ნაბიჯი... ახლა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგას და გულახდილად გეტყვით, ძალიან მეშინია.
– თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა მესამე...
– დიახ, ასეა. რა მარტივად გამოიცანით. რომ ამბობენ, „მესამე“ არ ანგრევს ოჯახსო, ტყუილია. სწორედ ამ „მესამეს“ გამოჩენამ დამანახვა ყველა ის ხარვეზი, რომელიც მე და ჩემს ქმარს ურთიერთობაში გვქონდა. რა თქმა უნდა, გავთხოვდი სიყვარულით და რაც ყველაზე გულსატკენია ჩემს მდგომარეობაში, მჯეროდა ამ სიყვარულის. დარწმუნებული ვიყავი, რომ გვერდით მყავდა ადამიანი, რომელსაც ყველაფერში შემეძლო დავყრდნობოდი და რომლის იმედიც მქონდა. არ გამოვიდა ისე, როგორც მე მინდოდა და მეგონა. ოთხი წლის განმავლობაში ერთი საღამოც არ ვყოფილვარ ქმრის გარეშე და წარმოუდგენლად მიმაჩნდა, როგორ უნდა გამეტარებინა დრო ან გავრთობილიყავი, თუ ის გვერდით არ მეყოლებოდა. ალბათ, ასეც არ შეიძლება და ეს უკვე იყო სერიოზული შეცდომა. ჩემი ზედმეტი სიახლოვით თავი მოვაბეზრე. არა, მას ეს არ უთქვამს. თავად გავაკეთე ასეთი დასკვნა.
– მისი საქციელიდან გამომდინარე?
– დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურ სფეროში არანაირი პრობლემა არ გვქონდა. უფრო პირიქით – არაჩვეულებრივად გვაქვს საქმე ამ საკითხში. იმიტომაც ვთქვი, კარგი მამაკაცის ყოლა არ ნიშნავს კარგი ქმრის ყოლას-მეთქი. მე საკმაოდ გვიან მივხვდი ამას. ოთხი წლის შემდეგ. ისიც სხვისი „დახმარებით“. უნებლიე დახმარებით, თორემ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მიზანმიმართულად დამანახვა, რა ხდებოდა ჩემს ოჯახში. იცით, რაშია საქმე?! – ზოგჯერ ვიღაც აგიხელს თვალს და გამოგაფხიზლებს ტკბილი სიზმრიდან. „ტკბილი სიზმარი“ იყო სწორედ ჩემი ცხოვრება ქმართან, მითი, რომელიც მე თავად შევუქმენი საკუთარ თავს.
– იქნებ, ეგ „ტკბილი სიზმარი“ გერჩივნათ რეალობას?
– ფაქტია, რომ მერჩივნა. თორემ სხვისი დახმარება რატომ დამჭირდებოდა, რეალობის აღქმაში. მე დღესაც მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ კარგი ქმარი არ არის.
– რაში გამოიხატება ქმრის სიკარგე?
– მე მივხვდი, რისი კითხვაც გინდათ. რა გაინტერესებთ, ესეც გასაგებია. კარგი ქმარი არ არის ის, ვინც ცოლს მატერიალურად და ლოგინში აკმაყოფილებს. თუმცა, ეს ორი ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არ არის ცოლქმრობა მარტივი. სამწუხაროდ, ამაზე თითქმის არავინ ფიქრობს. მე უკვე სერიოზულად ვდარდობ და ვფიქრობ – რატომ ვქმნით ოჯახებს სპონტანურად, გულის კარნახით და გვგონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფერად-ფერადი, ბედნიერებით სავსე დღეები არ მოგვაკლდება. რა გულუბრყვილოები ვართ ქალები და როგორ გვჯერა ჩვენივე ტყუილის. მე მართლა არაფერი მაკლია. ვგულისხმობ მატერიალურ კეთილდღეობას და სექსს, მაგრამ ბედნიერება ისე შორს ყოფილა ჩემგან, თურმე ვერც წარმოვიდგენდი. ყველაზე აუცილებელია ადამიანური სითბო, ყურადღება. უნდა გრძნობდე, რომ მნიშვნელოვანი ხარ იმისთვის, ვინც შენთვის ერთადერთია.
– გიღალატათ ქმარმა?
– ამ კითხვაზე ერთი სიტყვით ვერ გიპასუხებთ. გააჩნია, ვისთვის რა არის ღალატი.
– მაპატიეთ, მაგრამ ღალატი, მგონი, ღალატია და ეს ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია.
– იცით, რაშია საქმე?! – მე ნამდვილად არ ჩავუთვლი ქმარს ღალატად, თუკი ის ვიღაცასთან ისე დაწვება, მე არაფერს დამაკლებს ამით. „არაფრის“ დაკლებაში ვგულისხმობ ყველაფერს. ახლა, რა არის ეს „ყველაფერი“ (იღიმება). კლასიფიკაციას ვაკეთებ: ყველაფერში შედის სითბო, ყურადღება, თანადგომა, მხარში დგომა, მეგობრობა, მზრუნველობა... ხვდებით, უკვე როგორი უნდა იყოს კარგი ქმარი? ის მამაკაცობას მარტო ლოგინში არ უნდა გიმტკიცებდეს. მთელი დღის განმავლობაში უნდა გრძნობდე მის კაცობას.
– ბოლომდე მაინც არ მესმის თქვენი...
– მივხვდი, მაგრამ ძნელი გასაგები ნამდვილად არ არის. თუმცა, არცთუ დიდი ხნის წინ, მეც ვერ გავუგებდი ქალს, ქმარზე ასეთი რაღაცეები რომ ელაპარაკა. მართლა ვერ გავუგებდი. ვიტყოდი, რა უნდა ნეტავი იმ კაცისგან, რას მოითხოვს-მეთქი. ერთი შეხედვით, მეც უაზროდ ჭირვეული ვჩანვარ, მაგრამ რომ იცოდეთ, როგორი დამთრგუნველია, საყვარელი მამაკაცის მხრიდან გულგრილობა და განურჩევლობა. ქალისთვის ხომ მთავარი სითბო და ყურადღებაა. ყველაფრის გარეშე გაძლებს ქალი, გაჭირვებასაც გაუძლებს, სირთულეებსაც, თუკი მას აგრძნობინებენ, რომ საჭიროა და შეუცვლელი. იმიტომ ტყუვდება ქალი ასე ადვილად, რომ ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმრისთვის არ ვარ ქალი, რომლითაც ის აღფრთოვანებულია.
– ხომ თქვით, რომ ინტიმურ სფეროში არ გქონდათ პრობლემები?!
– დიახ. ასეა, მაგრამ მერე არაფერი აღარ არის. ის თავისთვის რჩება, მე – ჩემთვის. იმდენი ხანია, კომპლიმენტი აღარ უთქვამს, დამავიწყდა კიდეც, როგორ მიწონებდა ახალ ტანსაცმელს ან ვარცხნილობას. სანამ შევუღლდებოდით და ერთად ყოფნის პირველ წელს ამას ხშირად და ხალისით აკეთებდა. აღფრთოვანებული, ანთებული მზერით მიყურებდა, როცა ვიცვამდი. მეუბნებოდა, აი, ეს ძალიან გიხდებაო. ამ ტანსაცმელში ეფექტური ხარო, თმა მე რომ მიყვარს და მომწონს, ისე გაიკეთეო... მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ისე, ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს სიცარიელე მაწუხებდა, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევდი, სანამ, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად, არ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ანუ, მასთან ურთიერთობამ გააკეთა ეს, თავისით და ბუნებრივად. მე არაფერი დამიგეგმავს. არაფრის მოლოდინი არ მქონია. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ასეა. ტყუილი არაფერში მჭირდება. თავიდან ეს უბრალო ნაცნობობა იყო. დროს ვკლავდი და ცოტას ვერთობოდი. მომწონდა, რომ მეუბნებოდა, ან მწერდა, ძალიან ლამაზი ხარო. არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ კარგი კომპლიმენტის მოსმენა არ მოსწონს და არ სიამოვნებს. ტყუილია. ქმარი როგორ ძალიანაც უნდა გიყვარდეს, უცხო მამაკაცის ყურადღება მაინც მოგწონს. ეს რაღაც სტიმულს გმატებს. შენი თვითშეფასების კრიტერიუმს მაღლა სწევს. ახალი ენერგიით გავსებს – დადებითი ენერგიით, რომელიც ასე ძალიან გჭირდებოდა. მით უმეტეს, თუ შენს ქმარს მარტო ლოგინში ახსენდება, რომ ქალი ხარ. თუნდაც ისე „ახსენდებოდეს“, როგორც ჩემს მეუღლეს, მაინც ვერ იქნები ბედნიერი. საშინელებაა, როცა შენზე გაცილებით ნაკლები შესახედაობის ქალზე იტყვის, რა ლამაზიაო და მერე ნიშნისმოგებით გაგიღიმებს.
– ესე იგი, ურთიერთობაში პრობლემები გქონიათ.
– არ ვიცი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გვქონდა, მაგრამ, ეტყობა, შევცდი. ის დეფიციტი, რომელი მე მქონდა ქმართან ურთიერთობაში, სრულიად მოულოდნელად შემივსო სხვამ და ისეთ რამეზე დამაფიქრა, რაზეც მანამდე არასოდეს მიფიქრია. ახლა უკვე იმაშიც მეპარება ეჭვი, ვუყვარვარ კი ჩემს ქმარს საერთოდ?! როგორ შეიძლება, კაცს უყვარდე და შენით აღფრთოვანებული არ იყოს. არ აინტერესებდეს, ვინ გირეკავს, ვინ გწერს მესიჯს, ვინ გიღიმის და გეუბნება კომპლიმენტს. აქამდე, როცა ამაზე ფიქრს ვიწყებდი, ვიხსენებდი, როგორია ის ლოგინში, საკუთარ თავს ვუწყრებოდი, რა სისულელეებზე ფიქრობ-მეთქი. მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ჩემს ქმარს შეუძლია, სხვა ქალთანაც იგივე გააკეთოს. ლოგინის გარეთ მოფერება და კოცნა, ჩახუტება არ უყვარს. მე კი, ზოგჯერ სწორედ ეს მჭირდება. თანაც, მჭირდება არანორმალურად. ეტყობა, იმიტომაც გავეხსენი სრულიად უცხო ადამიანს და ახლა, ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი დგას.
– რა ეტაპი? ფიქრობთ, დარჩეთ თუ არა ქმართან?
– არა. მე მასთან დარჩენა მინდა, რადგან მიყვარს, მაგრამ მაქვს ურთიერთობა სხვა ადამიანთან. პრინციპში, ეს უკვე არის ღალატი. არ არის აუცილებელი, ლოგინშიც ჩავუწვე სხვას, რომ ქმრის ღალატი „დამბრალდეს“. როცა რაღაცის მოთხოვნილებას სხვა კაცი გიკმაყოფილებს და არა საკუთარი ქმარი, ეს უკვე ღალატია. არ მეთანხმებით?
– ალბათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთზე ახლობელი არავინ უნდა ჰყავდეს.
– დიახ, სწორედ ეგ სიახლოვეა აუცილებელი და გადამწყვეტი. სწორედ მაგ სიახლოვის არქონამ მიბიძგა სხვა მამაკაცისკენ. მე ჯერ არ ვარ მისი საყვარელი. მაგრამ, ხვალ რა იქნება, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. შეიძლება, აქამდეც მივიდეს საქმე. გამორიცხული არაფერია. იმიტომ, რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ.
– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ მისთვის ერთადერთი ხართ და სხვა ქალი არ არსებობს? ანუ, სხვასაც არ უვსებს „დეფიციტს“?
– მაგაში რომ დარწმუნებული ვიყო, დღესვე გავცილდებოდი ქმარს და მასთან წავიდოდი. სულელი არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ შეიძლება, ეს მისთვის ხელობაა: კომპლიმენტები, მზრუნველობა, ყურადღება... ზუსტად ხვდება, როდის რა მჭირდება, მაგრამ არც ეს არის რეალობა. უბრალოდ, ამან მეორე რეალობა დამანახა.
– რომ ქმართან პრობლემები გაქვთ. არ გიცდიათ, დალაპარაკებოდით?
– ვის, ქმარს? ადრე არა. ახლა კი, გამბედაობა არ მყოფნის. არც მე ვიცი, რა ვუთხრა. აი, შენ რომ ყურადღებას არ მაქცევდი და ჩემს ქალურობას სათანადოდ არ აფასებდი, „დამფასებელი“ სხვა მოიძებნა-მეთქი?! არ გამოვა. მას რომ ჩემი მოსმენა და გაგება უნდოდეს, ან ამისი მოთხოვნილება ჰქონდეს, ასეთი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებოდი. ძალიან ბევრი რამე აქვთ კიდევ სასწავლი ქმრებს. მათი დიდი უმეტესობა, საერთოდ არ იცნობს საკუთარ ცოლს, რაც ისევ მათთვის არის ძალიან ცუდი.