კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ყოფილ საცოლეს ბოდიშს ვუხდი

ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ცოდვა უნდა გავიხსენო და მოვინანიო. მართალია, სახელებს ვცვლი, მაგრამ, თუ ამ წერილს ჩემი ყოფილი შეყვარებული წაიკითხავს (და იმედია, ასეც იქნება), მიხვდება, რომ ეს მე ვარ, მისი ყოფილი საქმრო, რომელიც ისე არაკაცურად მოიქცა, რომ, პრაქტიკულად, მასაც და საკუთარ თავსაც ცხოვრება აურია.

მე და ლალიმ ერთმანეთი რომ გავიცანით, უკვე „ვეთამაშებოდი” ნარკოტიკებს. ლალიმ ეს იცოდა, მაგრამ მაინც შემიყვარა. გადაწყვიტა, გამოვესწორებინე და რას აღარ აკეთებდა ამისთვის, თან მყვებოდა, სულ კუდში დამდევდა, თან ისე, რომ არ დავემცირებინე. ჩემ გამო თავის მშობლებთანაც კი მოუვიდა კონფლიქტი. იმდენი ქნა, ნელ-ნელა მართლაც შევეშვი სისულელეების კეთებას, მაგრამ ერთხელ, სწორედ ლალისთან პაემნის წინ, ერთმა ჩემმა უბნელმა დამირეკა და მითხრა, მაგარი წამალი „გავჩითე“ ძალიან იაფად, მაგრამ ფული მაკლდება და თუ იშოვი, შენც გიწილადებო. მე უარი ვუთხარი – მაგ საქმეს უკვე შევეშვი, ცოლს ვირთავ და ეგეთი რაღაცეები აღარ მაინტერესებს-მეთქი. იმან ჯერ დამცინა, მერე კი მაინც გადამეკიდა, შენ თუ არ გინდა წამალი, მაშინ, ჩემთვის იშოვე ერთი ორასი ლარი და მერე დაგიბრუნებო. მე მაინც უარი ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე. ლალის რომ შევხვდი, კაფეში შევედით. კარგა ხანს ვისხედით და ჩვენს მომავალზე ვსაუბრობდით. უხაროდა, რომ მისმა სიყვარულმა წამალი გადამაგდებინა. მეც მთელი საათი მადლობას ვუხდიდი, ასე რომ მენდობოდა ყველაფერში. დედაჩემიც კი მაინც სულ ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან, იყო დრო, როცა ნარკოტიკის გამო სახლიდან ჩუმად გამქონდა ნივთები და ვყიდდი. ამის გამო დედაჩემს ყველაფერი (რაც გადამირჩა) ჩაკეტილ-ჩარაზული ჰქონდა. ლალი კი პირიქით, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ყველაფერში მენდობოდა და მასთან სახლში როცა მივდიოდი, შეგნებულად მარტოს მტოვებდა ხოლმე ოთახში. თავის ჩანთას იქვე დებდა, ოქროს სამკაულებიც პატარა ზარდახშაში ჰქონდა ჩაწყობილი და სარკეზე იდო (რამდენჯერმე დამათვალიერებინა კიდეც). ამ საქციელით კი ხაზს უსვამდა, რომ ბოლომდე მენდობოდა.

კაფეში რომ ვისხედით, ლალი რაღაცას ეძებდა თავის ჩანთაში და, რომ ვერ იპოვა, მთელი შიგთავსი მაგიდაზე ამოალაგა. მერე ისევ უკან ჩააწყო ყველაფერი და რაღაც ნივთი ჯიბეში ჩაიდო. მითხრა, ერთი წუთით ტუალეტში გავალო. ჩანთა კი მაგიდაზე დატოვა. არ ვიცი, იმ წუთას რა ეშმაკმა დამრია ხელი, შეიძლება, ეს იმიტომ დამემართა, რომ, როცა ნივთებს ალაგებდა ჩანთიდან, ფულის კუპიურებს მოვკარი თვალი. ერთი სიტყვით, ცდუნებას ვერ გავუძელი, ორი ცალი ასლარიანი ამოვაცურე და ჯიბეში ჩავიდე. ლალი რომ დაბრუნდა, კიდევ ცოტა ხანს ვისხედით, მერე ფეხით გავისეირნეთ და ბოლოს სახლში მივაცილე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისე მქენჯნიდა სინდისი, რამდენჯერმე დავაპირე, მეღიარებინა, რაც ჩავიდინე, მაგრამ, ვაჟკაცობა არ მეყო. გვიან ღამით კი, იმ ჩემს უბნელ ბიჭთან ფულით მივედი და, რა თქმა უნდა, იქაც ვერ გავუძელი ცდუნებას. ისე გავითიშე, სამი დღე უგონოდ ვეგდე. რომ გამოვფხიზლდი, ლალის დავურეკე, მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა, სახლის ტელეფონზე კი მეუბნებოდნენ, გასულია და არ ვიცით, როდის იქნებაო. ერთი სიტყვით, აშკარად არ უნდოდა ჩემი ნახვა. რა თქმა უნდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომაც იქცეოდა ასე. ძალიან გვიან გავიგე, რომ ის ფული, რომელიც მე მოვპარე, სხვისთვის უნდა მიეტანა – ერთმა ახლობელმა გაატანა მეორესთან. ჩემი საქციელის გამო კი, საუკეთესო შემთხვევაში, თავის მართლება მოუწევდა. ერთი სიტყვით, ლალი სამუდამოდ დავკარგე. მართალია, მასაც დიდი ტკივილი მივაყენე, მაგრამ საკუთარი ცხოვრება საბოლოოდ დავინგრიე. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ლალი ტელეფონით დამელაპარაკა და მითხრა, არ გიცნობ და აღარც მინდა, რომ გიცნობდეო, მეორე დღიდან ისე ჩავეშვი, მამაჩემმა ჩემი თავი ციხეში ჩაასმევინა – იქნებ, იქ მაინც ეშველოს რამეო. დედამ კი ეს ყველაფერი ვერ გადაიტანა და ინფარქტით გარდაიცვალა.

ახლა უკვე რამდენიმე წელია, წამალს აღარ ვიკეთებ, მაგრამ, სამაგიეროდ, გავლოთდი. თან, რა თქმა უნდა, არსად არ ვმუშაობ – ჩემისთანას ვინ მიიღებს სამსახურში. მამაჩემის პენსია კი ბინის ქირადაც არ გვყოფნის. ვარ ასე გაუბედურებული. ლალის კი ვუხდი ბოდიშს, მაგრამ ეს ბოდიში და მონანიება ვიღას რაში სჭირდება.

ზურა, 42 წლის.



ჩემი ბიოლოგიური მამა ქორწილში გამომეცხადა

27 წლის ისე გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის კაცი, ვის გვარსაც ვატარებდი და ვინც ამქვეყნად თითქმის დედაზე მეტადაც კი მიყვარდა, მამაჩემი იყო. ოთხ დედმამიშვილში უფროსი მე ვარ და მამა ყველგან ხაზგასმით ამბობდა, ჩემი პირველი სიხარული და სიამაყე ეს არისო. ოთხივე შვილზე გიჟდებოდა, მაგრამ მე განსაკუთრებით მანებივრებდა. ჩემი შეყვარებული რომ გავიცანი, უფრო სწორად, როცა მივხვდი, რომ მიყვარდა და უიმისოდ ვერ გავძლებდი, მამას გავენდე და პირველს მას გავაცანი. მამაჩემს მოეწონა თავისი სასიძო და გახარებულმა ყველა ერთად წაგვიყვანა რესტორანში. მერე ორივეს ოჯახში შედგა გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება და ქორწილის დღეც დაინიშნა. ჩემი მამამთილი ქალაქში ცნობილი კაცი იყო და, შესაბამისად, ქორწილიც გრანდიოზული გვქონდა. მამაჩემმაც ტოლი არ დაუდო, თავი გამოიდო და, ორივემ ისეთი დღესასწაული მოგვიწყო, ერთი თვის განმავლობაში თბილისში მეტი სალაპარაკო არ ჰქონდათ. მაგრამ, მთელ ამ ბედნიერ ისტორიას ახლდა ერთი დრამატული მომენტი: შუა ქორწილში რესტორანში ვიღაც გაუპარსავი, „ბრადიაგა” ტიპი შემოვიდა და ერთი აყალმაყალი ატეხა – რას ჰქვია, ჩემი შვილის ქორწილში არ დამპატიჟეთო. აქეთ ჩემი მამამთილი გაიქაჩა – ვინ შემოუშვა ეგ მაწანწალა, გაათრიეთ, თორემ მოვკლავო. იქით მამაჩემი იწევდა საცემად. მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი და იმ ორომტრიალში შემთხვევით მოვკარი თვალი დედაჩემის სახეს. ასი წელი რომ ვიცოცხლო, არ დამავიწყდება მისი გაოცებული და შეშინებული თვალები. რაღაც მომენტში, ის ტიპი ხელიდან გაუსხლტა კაცებს, დედაჩემთან მიიჭრა და მთელი ხმით უღრიალა, შენ წამართვი შვილი, შენი ბრალია ყველაფერიო და ალბათ, კიდევ უარესის თქმას აპირებდა, რომ მამაჩემი მივარდა და ისე დაარტყა მუშტი სახეში, უგონოდ დასცა ძირს. ის რომ გაათრიეს, ახლა დედა გახდა ცუდად – გული წაუვიდა და მთელი საათი ასულიერებდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მხიარულება და ქეიფი აღდგა, მხოლოდ ჩემს მშობლებს ეტყობოდათ სახეზე, რომ რაღაცას ძალიან ნერვიულობდნენ. მაგრამ, სიტუაცია არ ჩამივარდა ხელში, რომ მეკითხა, რა ხდებოდა.

მეორე დილას მე და ჩემი ქმარი საქორწინო მოგზაურობაში წავედით ესპანეთში. აეროპორტში ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა და ჩუმად კონვერტი ჩამიდო ჯიბეში – მთხოვეს, თქვენთვის გადმომეცაო – და გაქრა. წერილი თვითმფრინავშივე წავიკითხე და ისეთი შოკი მივიღე, კინაღამ გადმოვხტი იქიდან. ბარათი იმ კაცის დაწერილი იყო, ქორწილში რომ შემოგვივარდა. მწერდა, მე მამაშენი ვარ, ის კაცი კი ვისაც შენ მამას ეძახი, შენი მამინაცვალია. დედაშენმა შენი თავი წამართვა, გვარიც შეგიცვალა და შენი ნახვაც ამიკრძალა. ახლა კი გადავწყვიტე, სამართალი აღვადგინო და ყველას თავისი ადგილი მივუჩინოო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ჩემს ქმარს წერილი წავაკითხე. დამამშვიდა, ვიღაც გიჟია, ყურადღებას ნუ მიაქცევო და მთელი ორი კვირის განმავლობაში, რაც ესპანეთში ვიყავით, ცდილობდა, გავემხიარულებინე და მართლაც დამავიწყდა ის ბარათი. მაგრამ, თბილისში რომ დავბრუნდით, დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი და წერილიც ვაჩვენე. დედამ მამას დაუძახა და სთხოვა, შენ აუხსენი ყველაფერიო. მამამაც ყველაფერი მიამბო. თურმე, ის კაცი დედას პირველი ქმარი და ჩემი ბიოლოგიური მამა ყოფილა, მაგრამ სამი თვის რომ ვიყავი, მაშინ მიგვატოვა. ბინა კი, რომელშიც ვცხოვრობდით, მისი ბიძის ყოფილა. ბიძამ და ბიძაშვილმა, ცხადია, არანაირი წილი არ მოგვცეს და ქუჩაში გამოგვყარეს. დედა თავის მშობლებთან დაბრუნდა. ისე გავხდი ორი წლის, არც მამას და არც არავის მისი მხრიდან, ტელეფონითაც კი არ უკითხავს ჩემი ამბავი. ის კი არა, ბებიაჩემს დედასთვის დაურეკავს და უთქვამს, შენი ნაბიჭვრიანად უნდა აორთქლდე ჩემი შვილის ცხოვრებიდან (არადა, ხელი მოწერილი ჰქონდათ), იმედი არ გქონდეს, კაპიკის საღირალს მოგცემთ ჩემი ქონებიდანო. დედას უთქვამს, თქვენი არაფერი მინდა და თქვენც დაივიწყეთ ჩვენი არსებობაო. 2 წლის რომ გავხდი, დედა იმ კაცზე გათხოვდა, ვინც დღემდე მამად მიმაჩნია. მას მაშინვე გადავუყვანივარ თავის გვარზე და, ხომ გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ სამი საკუთარი შვილი გაუჩნდა, მე გამორჩეულად ვუყვარდი და მანებივრებდა. მოგვიანებით, ისიც გავარკვიეთ, რატომ მომაკითხა ქორწილში ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ, რომელსაც 27 წელი არ გავხსენებივარ: თურმე მთელი ქონება, რაც კი რამ გააჩნდა, საყვარელს გამოუცინცლავს და მერე ქუჩაში გაუგდია. ესეც, ჯერ გალოთებულა, მერე განარკომანებულა და ბომჟობა დაუწყია. მერე შემთხვევით ვიღაცისგან გაუგია, რომ ცნობილი ოჯახის შვილზე ვთხოვდებოდი და გადაწყვიტა, ჯერ დებოში მოეწყო, მერე კი – შანტაჟი და ამით ფული გამოეძალა. მაგრამ, არ გამოუვიდა და გამდიდრების ნაცვლად, ციხეში ამოყო თავი. უნდა გამოგიტყდეთ, სულაც არ მეცოდება, რაც დაიმსახურა, ის მიიღო.

ია, 27 წლის.



დედამთილი შვილის აყვანის უფლებას არ გვაძლევს

ვცხოვრობ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში. ოთხი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ გვყავს. მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ უშვილობის გამო ძალიან დამეძაბა ურთიერთობა დედამთილთან. უშვილობას ის მე მაბრალებდა. თუკი ვინმე ეტყოდა, რა კარგი გოგოა შენი რძალიო, პასუხობდა, მაგის სიკარგეს რა თავში ვიხლი, ბერწი გამოდგაო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ სიტყვების ყოველდღე გაგონება, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნოა. ერთხელ, ისე გამამწარა, რომ გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავი, გამოკვლევა ჩამეტარებინა და მკურნალობის კურსიც გამევლო. ასეც მოვიქეცი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩავედი დედაქალაში და მივედი ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, სადაც აბსოლუტურად ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არც უშვილო ვარ და არც არანაირი პრობლემა ამ მხრივ (და არც სხვა მხრივ) არ მაქვს. მერე ექიმმა მითხრა, აუცილებლად უნდა ჩამოიყვანო შენი ქმარი და ისიც უნდა გამოვიკვლიოთ. გამორიცხული არ არის, მას ჰქონდეს რაღაც პატარა პრობლემა, რომელსაც ადვილად ეშველებაო. სახლში რომ დავბრუნდი და ეს ამბავი ვთქვი, ჩემმა ქმარმა ეგრევე უარი მითხრა – არსადაც არ წავალო, დედამთილმა კი შავი დღე მაყარა – შენი უვარგისობა ჩემს შვილს გინდა, გადააბრალოო და ლამის გამოიწია ჩემზე.

ერთი თვის ხვეწნა-მუდარა დამჭირდა იმისთვის, რომ ქმარი ექიმთან წასვლაზე დამეთანხმებინა და, ბოლოს, როგორც იქნა წავედით. როგორც გაირკვა, უშვილობა მისი ბრალი აღმოჩნდა – ბავშვობაში ძალიან მძიმე ფორმის ყბაყურა გადაუტანია და ამის ბრალი ყოფილა უნაყოფობა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ მკურნალობას აზრი არ ჰქონდა, ანუ, ჩემს ქმარი შვილი არასდროს ეყოლებოდა. ამ პასუხით გულდამძიმებულები დავბრუნდით სახლში. ჩემმა ქმარმა ისე განიცადა ეს ამბავი, ლამის ლოგინად ჩავარდა. მერე გადამეკიდა, ჩემისთანა ქმარი რაში გჭირდება, ჩემს ხელში დედობის ბედნიერებას ვერ იგრძნობ, გავეყაროთ და ვისაც გინდა იმას გაჰყევიო. მე ვეუბნებოდი, ბავშვი ვიშვილოთ, მე შენ მიყვარხარ და შენთან მინდა ცხოვრება-მეთქი. ბოლოს ამაზეც დავითანხმე, მაგრამ დედამთილი ისევ წინააღმდეგ წავიდა – ვიღაცის ნაბიჭვარი ჩემი შვილის სახელს და გვარს რატომ უნდა ატარებდესო. მოკლედ, ვართ ამ დღეში და არ ვიცი, რომელი მხარე გაიმარჯვებს. მაგრამ, თუ ჩემი ქმარი ისეთი სუსტი აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში დედას დაუჯერა, მაშინ, მართლა ღირსია, მივატოვო და ჩემს ბედს ვეწიო.

ანი, 30 წლის.



დედაჩემი გათხოვებას აპირებს

დედა და მამა თანაკლასელები იყვნენ. ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და სკოლის ბანკეტიდან გაიპარნენ. 5 წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ გაეყარნენ. რამდენიმე თვეში მამამ მეორე ცოლი შეირთო, მალე იმასაც გაეყარა და მესამედ დაქორწინდა. დედა ათი წელი არ გათხოვილა. ძალიან ლამაზი იყო და მთხოვნელიც და თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ არავის იკარებდა, რაღაცნაირად ჩაიკეტა საკუთარ თავში. პატარა კი ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, როგორ იტანჯებოდა დედა მარტოობით. ერთხელ, შემთხვევით მოვისმინე დედაჩემისა და ბებიაჩემის საუბარი. ბებია ლამის კატეგორიულად სთხოვდა, გათხოვდი, ახალგაზრდა ქალს პატრონი უნდა ჰყავდეს, უქმრო ქალზე კი ენა ყველას მიუწვდება და მტერი და მოშურნე შენს სახელს ლაფში ამოსვრისო. დედამ კი უთხრა, მე ისევ ისე მიყვარს ჩემი ქმარი და, ჩემთვის სხვა კაცი არ არსებობსო. ახლა ვხვდები, რომ მთელი ეს ათი წელიწადი მამაჩემს ელოდა, მაგრამ იმას დედაჩემი აღარ ახსოვდა. ლამის ყოველ მეორე წელს ახალ ცოლს ირთავდა და გრიალებდა თავის გემოზე.

15 წლის რომ გავხდი, დედამ სახლში ვიღაც კაცი მოიყვანა და მე და ბებიას გაგვაცნო – ჩემი მეგობარიაო. სიმპათიური კაცი იყო, სასიამოვნოდ მოსაუბრე, საკმაოდ მაღალი დონის, მაგრამ მე მაინც მტრულად შევხვდი, რადგან დედას არასდროს ჰყოლია მამაკაცი მეგობრები და ამიტომ ძალიან მეხამუშა ეს ამბავი. თანაც, მაშინვე შევამჩნიე, როგორი ანთებული თვალებით შესციცინებდა დედაჩემს და მივხვდი, მათ შორის ჩვეულებრივი მეგობრობა არ უნდა ყოფილიყო. ის კაცი რომ წავიდა, ბებია აშკარად კმაყოფილი დარჩა და უთხრა კიდეც დედას, ღირსეული კაციაო. მე კი ვერ მოვითმინე და მივახალე, არ მომეწონა-მეთქი. მერე არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვკითხე დედაჩემს, შენი საქმროა თუ საყვარელი-მეთქი. დედამ ტირილი დაიწყო, ბებია საშინლად მეჩხუბა – უზრდელი და ეგოისტი ხარ, დედაშენის ბედნიერება არ გინდაო. არც უზრდელი ვარ და არც ეგოისტი, დედა მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ნამდვილად ვერ გადავიტან იმას, რომ დედაჩემი ვიღაც კაცთან დადიოდეს. გარდა ამისა, ამ კაცის გამო ვინმეს სახეზე ირონიული ღიმილის მსგავსიც კი რომ დავინახო, ან ორაზროვანი გადაჩურჩულება გავიგონო, ვიღაცა შემომაკვდება.

ახლა მალე 16 წლის ვხდები. დედაჩემი და ის კაცი ისევ ხვდებიან ერთმანეთს. დედამ ყველაფერი ამიხსნა. მითხრა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ და ოჯახის შექმნა უნდათ. ბებია ცალკე მელაპარაკა. მესმის, რომ ყველას აქვს პირადი ბედნიერების უფლება, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ, შესაძლოა, დედაჩემი ვიღაცის, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო კაცის ცოლი გახდეს.

ლუკა, 16 წლის.



დედამთილი მაღალი წრის ქალის მანერებს მასწავლის

გავთხოვდი ბიჭზე, რომელიც მიყვარდა. ქმართან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, დედამთილი მყავს ნამეტანი გადაპრანჭული – „სვეტსკი” ქალი, რომელმაც თავიდანვე დაიწუნა ჩემი ოჯახის დონე და წინააღმდეგიც იყო ჩვენი დაქორწინების. მაგრამ, რადგან მისმა შვილმა თავისი გაიტანა და მაინც მომიყვანა ცოლად, გადაწყვიტა, თავიდან აღმზარდოს და მაღალი წრის მანერები მასწავლოს. უსიამოვნებებს ვერიდები, არ მინდა, რაღაც სისულელეების გამო ჩხუბი მოგვივიდეს. ამიტომ, ყველაფერში ვემორჩილები, თორემ, როგორმე, დანა-ჩანგლის ხმარებაც ვიცი და სხვა რამეებიც. არც ტყეში ვარ გაზრდილი და არც სხვაზე ნაკლები მშობლები მყავს. ერთი ისაა, რომ მდიდრები და რაღაც განსაკუთრებული თანამდებობების პირები არ არიან, თორემ, განათლებითა და ინტელექტით ჩემი დედამთილი დედაჩემს კოჭამდეც ვერ მისწვდება. მაინც ჩემი ქმრის დედაა და, შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, მაგას ჰგონია, ძვირფას ტანსაცმელს თუ ჩაიცვამს, ბრილიანტებს აისხამს, ჭყეტელა მაკიაჟს გაიკეთებს და საჭესთან დაჯდება, მისი ტოლი და სწორი დედამიწაზე არავინ დადის. არადა, ჩემი აზრით, სწორედ ისაა გოიმობა და დაბალი დონე, როცა სხვა ინტერესი და მისწრაფება არ აქვს ადამიანს.

რადგან თავიდან დავემორჩილე, იფიქრა, საქმე მომეცაო და ხან სიარულს მასწავლის, ხან ჟესტიკულაციას, ხან ლაპარაკის მანერას. ეს რაღაცეები კი აქვს დაზეპირებული, მაგრამ, საკმარისია, რაიმე თემაზე ჩამოვარდეს ლაპარაკი, ვთქვათ, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე ან, თუნდაც, პოლიტიკაზე, იმის ჭკუაც არ ჰყოფნის, გაჩუმდეს, პრეტენზიული ტონით და გამომეტყველებით ისეთ სისულელეს დააბრეხვებს, გარშემო მყოფთ ჩუმად ეღიმებათ. ერთადერთი, რაც მართლა გადასარევად იცის, ტანსაცმლის, სამკაულისა და მანქანების ფასებია, და კიდევ – რა არის მოდაში, ვინ ვის გაჰყვა ცოლად, ვინ გაშორდა და ვინ ვისი საყვარელია.

ისე დამღალა ამ უსაქმური ქალის ძალით „სვეტსკობამ”, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ, არადა, ჩხუბი ნამდვილად არ მინდა.

ნანა, 19 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3