როგორ შეცვალა ნაპოლეონმა ალექსანდრე მიქაბერიძის ცხოვრება და რატომ არის მისი წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიოში
ქართველ ისტორიკოსს, ალექსანდრე მიქაბერიძეს 1996-1997 წლებში ყოველდღიურ გასაჭირზე ფიქრი უწევდა... დღეს მისი წიგნები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია მთელ მსოფლიოში. ქართველი ნაპოლეონოლოგი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. კითხულობს ლექციებს ევროპის ისტორიასა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე, არის საერთაშორისო კონსორციუმის (რევოლუციური ეპოქა –1750-1850, მოიცავს 20-მდე უნივერსიტეტს და ყოველ წელს მართავს სამეცნიერო კონფერენციებს) დირექტორთა საბჭოს წევრი და სამეცნიერო გამოცემის მთავარი რედაქტორი. ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
მის წიგნებს, „ბოროდინოს“ და „ბერეზიანას“, ამერიკის უნივერსიტეტებში ნაპოლეონის ომებისა და ნაპოლეონის ეპოქის კურსების სწავლებისას იყენებენ. მისი რამდენიმე სტატია შეტანილია სახელმძღვანელო კრებულებში.
– როდის და რატომ გაემგზავრეთ საქართველოდან?
– საქართველოდან 2000 წელს, სრულიად მოულოდნელად, გავემგზავრე. ბავშვობიდან ისტორიით ვარ გატაცებული. განსაკუთრებით კი რევოლუციური ეპოქა, ნაპოლეონი მაინტერესებდა. საქართველოს პირობებში, რა მასალის შოვნაც შემეძლო, იმას ვყიდულობდი. 1996 წელს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა მომეცა და რევოლუციურ ეპოქაზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დავუკავშირდი. მათ შორის, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტს, ბენ ვიედერს ახლად გამოცემული ჰქონდა წიგნი, წმიდა ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის გადასახლებასა და გარდაცვალებაზე. მათ წერილი მივწერე, რომ ერთი პატარა ქვეყნიდან გწერთ. აქ ბატონი ვიედერის წიგნის შოვნა ჭირს და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მოულოდნელად, ვიედერი, თავად გამომეხმაურა და ერთი ყუთი წიგნები გამომიგზავნა. მათ შორის, თავისი წიგნიც. წიგნი წავიკითხე. მოკლე სტატია დავწერე და ერთ-ერთ უცხოენოვან ისტორიულ გამოცემაში გავაგზავნე. ჩემდა გასაკვირად, მათ სტატია გამოაქვეყნეს. ეს სტატია ვიედერმა წაიკითხა და მოკლე დროში მივიღე მისგან წერილი, რომლითაც, ნაპოლეონის მიერ სირია-პალესტინის ლაშქრობის 200 წლის აღსანიშნავად, ისრაელში მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე მეპატიჟებოდა. კარგად გვახსოვს, 1997-1998 წლებში რა ეკონომიკური პირობებიც იყო საქართველოში – ისრაელში წასვლა კი არა, ყოველდღიურ გასაჭირზე ფიქრში ვიყავი. იმ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან დაბალი ხელფასი იყო და იმასაც რამდენიმე თვის დაგვიანებით გვაძლევდნენ. იძულებული გავხდი, საზოგადოებისთვის მიმეწერა, რომ, მთელი რიგი მიზეზების გამო, წასვლას ვერ შევძლებდი. მათ ყველა ხარჯის დაფარვა შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი 1999 წლის ივნისში ისრაელში, სადაც თელ-ავივისა და იერუსალიმის უნივერსიტეტებში მოკლე მოხსენებით გამოვედი. ბევრი საერთაშორისო მკვლევარი გავიცანი. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტის წევრებიც, რომლებსაც მოვეწონე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე თვეში, მივიღე მოწვევა წავსულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კვლევითი სამუშაო დამეწყო ინსტიტუტში. მგზავრობის, სწავლებისა და მუშაობის ყველა ხარჯს ინსტიტუტი ფარავდა. ბუნებრივია, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი და 2000 წლის 15 აგვისტოს (ნაპოლეონის დაბადების დღეს) სამშობლოს გამოვემშვიდობე და უცხო მიწა-წყლისკენ ავიღე გეზი.
– საფეხურები, რაც წასვლამდე გქონდათ განვლილი... გვითხრეს, რომ წარმატებულ კარიერამდე ჯოჯოხეთური შრომა მოგიხდათ...
– ყაზახეთში დავიბადე. ჩემი მშობლები საბჭოთა პერიოდში იქ მოღვაწეობდნენ. საქართველოში 1990 წელს გადმოვედი. დავასრულე თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1999 წელს. გავიარე ადამიანის უფლებათა კურსები პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში. ამავე დროს, დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადამიანთა უფლებებისა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის განხრით. ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ, დავიცავი სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გავიარე კურსები ამერიკის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. სამეცნიერო მუშაობას ვაწარმოებდი ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტში და მეორე მსოფლიო ომის კვლევის ცენტრში. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში პროფესორის თანამდებობაზე ვმუშაობდი მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის უმაღლეს საზღვაო სამხედრო კოლეჯსა და ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. როდესაც მეკითხებიან, რატომ ავირჩიე საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ ამერიკა, ხუმრობით ვპასუხობ, რომ ამერიკამ თავად ამომირჩია, – ამერიკაში ხომ ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტმა მიმიწვია. ინსტიტუტი უკვე რამდენიმე ათეული წელია, არსებობს და ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ითვლება, რომელსაც რევოლუციურ ეპოქასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ბიბლიოთეკა აქვს და ფინანსურადაც მყარად არის უზრუნველყოფილი. აქ წამოსვლამ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. კმაყოფილი ვარ როგორც პროფესიული კარიერით, ასევე პირადი ცხოვრებით. ჩემი ქართველი მეუღლე ამერიკაში გავიცანი. თითქმის 10 წელია, ერთად ვართ და ვზრდით პატარა ლუკა-გიორგის.
– თქვენს წიგნებზე გვითხარით... ინტერნეტში პირდაპირ არის მითითებული, რომ მხოლოდ ერთ-ერთი თქვენი გამოცემა ნაპოლეონზე 324 დოლარი ღირს...
– თავდაპირველად, სამართლებრივ საკითხებზე ვმუშაობდი და გამოვეცი წიგნი „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისებურებების დაცვა ევროპის საბჭოს ფარგლებში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“. თბილისი, 2000. 2007 წელს გამოვეცი თითქმის 750-გვერდიანი წიგნი. „საქართველოს ისტორიული ლექსიკონი“, რომელშიც საქართველოს მთელი ისტორიაა მიმოხილული. 2010 წელს გამომცემლობამ ეს წიგნი მეორე რედაქციით გამოსცა, 2006 წელს ამერიკისა და ბრიტანეთის წამყვან გამომცემლობებს დავუკავშირდი და კონტრაქტი მათ გამიფორმეს. წიგნი ძალიან ძვირია და ამიტომ გადავწყვიტე, მისი ინფორმაციის რაღაც ნაწილის ელექტრონული ვერსიის გაკეთება. წიგნი, ბუნებრივია, ზოგადი ხასიათისაა და მიზნად, მკითხველისთვის ადვილად გასაგები ენით, საქართველოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის წარმოჩენას ისახავს.
სპეციალობით მე სამხედრო ისტორიკოსი ვარ და ამდენად, ნაშრომთა დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხებზე მაქვს დაწერილი... ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტში 800-ზე მეტი ისტორიკოსი, ანთროპოლოგი, სოციოლოგი და სხვა დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 21 ტომში (8 400 მეტი გვერდი) აღწერილია კაცობრიობის მთელი ისტორია. მთავარი რედაქტორობა ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა ალფრედ ანდრეამ იკისრა. ენციკლოპედია ცხრა ეპოქად არის დაყოფილი და თითოეულს ცალკე რედაქტორი ჰყავს. მე მეექვსე ეპოქის რედაქტორი ვარ – ეს ეპოქა სამი ტომისგან შედგება, რომლებშიც 1450-1770 წლების მსოფლიო ისტორიაა განხილული. გამოცემული მაქვს ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის ტრილოგია. დავიმსახურე ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრიზი, წლის საუკეთესო წიგნისთვის. ჩემი მეცნიერული საქმიანობის ცალკე მიმართულებაა დასავლეთის ისტორიკოსებისთვის ხელმიუწვდომელი მასალების თარგმნა და გამოცემა. დღეისთვის თარგმნილი და გამოცემული მაქვს ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ალექსანდრე მიხაილოვსკი-დანილევსკის ნაშრომთა სამტომეული და ამჟამად ვმუშაობ ნაპოლეონის ომებში მოღვაწე რუსი ოფიცრების მემუარების ანთოლოგიაზე. მომდევნო ორი წლის განმავლობაში გამოვა კიდევ სამი ტომი, რომლებიც რამდენიმე ათეულ მემუარს და დღიურს მოიცავს.
– როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება ამერიკაში?
– ყოველდღიური ცხოვრება ძალიან ერთფეროვანია. დილიდან საღამომდე დროს მუშაობაში ვატარებ. ყოველ სემესტრში ვკითხულობ 4 კურსს. რაც იმას ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარს ლექციებსა და სტუდენტებთან ურთიერთობაში ვატარებ. შუადღეს ჩემს კვლევით საქმიანობას შევუდგები ხოლმე. წესად მაქვს ყოველდღე რამდენიმე ასეული სიტყვა მაინც დავწერო ჩემს რომელიმე სამეცნიერო პროექტზე. საღამოს ოჯახთან ერთად ვარ. ცოლ-შვილი რომ დაიძინებს, მე ისევ წერას ვიწყებ და ასე გადის თითქმის ყოველი დღე.
– ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან არ გაქვთ ურთიერთობა?
– ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ინტერნეტის მეშვეობით.
– როდის შეძლებთ საქართველოში ჩამოსვლას?
– საქართველოში უკვე 10 წელია, არ ვყოფილვარ. თავიდან მეგონა, რომ ამერიკაში მხოლოდ 2-3 წლით მოვდიოდი, მაგრამ საქმეს საქმე გამოება და გავიდა ამდენი წელი. დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ. მთელი ჩემი ოჯახი თბილისშია. მეც გულით მანდ ვარ და საქართველოში მომხდარ ახალ ამბებს ყოველდღიურად ვეცნობი. ალბათ, რამდენიმე წელიწადში საქართველოსკენ ავიღებ გეზს. მით უმეტეს, ახლა შვილი მყავს და მისი საქართველოში გაზრდა მსურს.
– რას გვეტყვით თქვენს პროფესიულ სამომავლო გეგმებზე?
– სამომავლო გეგმებში მხოლოდ ბევრი წერა მოჩანს. ამჟამად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ, მათ შორის, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ბიოგრაფიაზე, უკვე დასრულებულია და რედაქციის სტადიაზეა და საქართველოს სამხედრო ისტორიაზე. ამავე დროს, მინდა, ნაპოლეონთან დაკავშირებით ქართულ ენაზე გამოვცე რამდენიმე ნაშრომი და ერთი წიგნი უკვე თითქმის მზად მაქვს. ეს – სამომავლოდ, დღეისთვის კი უკვე ცხრა წიგნის ავტორი ვარ.