როგორ იქორწინა თავისი „გერლფრენდის“ მეგობარზე ლადო ბურდულმა და რა დათმო მან ოჯახის გამო
ლადო ბურდულს თბილისში ყველა კარგად იცნობს. მისი სასიყვარულო თავგადასავლებიც ნაცნობია ეგრეთ წოდებულ „ტუსოვკებში“, მაგრამ, ალბათ, თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, თუ დადგებოდა დრო, როცა „გარე-გარე“ და „სიამოვნებაში“ განცდილ ცხოვრებას, ოჯახი გადასწონიდა. როგორია როკ-მუსიკოსის შეცვლილი სამყარო, ამას მისი მეორე ნახევარი, ქეთი მათეშვილი გიამბობთ.
– ლადო არაორდინარული ადამიანია – სხვა აზროვნება, ქცევები, ცხოვრების სტილი აქვს. თქვენ რომ გიყურებთ, აბსოლუტურად განსხვავდებით მისგან. მოკლედ რომ ვთქვა, შეუფერებელი წყვილი ხართ. როგორ აღმოჩნდით ერთად?
– ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით და სანამ ჩვენ შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყებოდა, ვმეგობრობდით. იმ დროს მასაც ჰყავდა მეგობარი და მეც. მე და მისი მეგობარი გოგო ავედით მასთან სახლში. ნაბახუსევი იყო და საშინლად არ მომეწონა. ვიღაცას რომ ეთქვა, შენსა და ლადოს შორის რაღაც ხდებაო, ბევრს ვიცინებდი. მერე ისე მოხდა, რომ ეს გოგო საქართველოდან წავიდა – აქ მუშაობდა და კონტრაქტი დაუმთავრდა. ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეწყდა, ჩემსა და ლადოს შორის კი, გრძელდებოდა. ლადომ ყოველთვის იცის, ქალაქში სად რა გამოფენა, საღამო ეწყობა, როგორი სიტუაციაა. მეც მოცლილი ვიყავი, ქმარ-შვილი არ მყავდა და ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა – აქ წავიდეთ, იქ წავიდეთო. ერთ დღესაც, რომ მითხრა, ჩემ მიმართ სიმპათიები ჰქონდა, ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო.
– ესე იგი, თქვენც მიგაჩნიათ, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით?
– მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ლადოსნაირ ადამიანს დავუკავშირებდი ბედს, იმიტომ, რომ, მე ვარ გაწონასწორებული ადამიანი, მაქვს სტაბილური სამსახური, – ერთი სიტყვით, სხვა ცხოვრების წესი მქონდა. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებდა და ვმეგობრობდი, მაგრამ, ჩემნაირი ქალით თუ დაინტერესდებოდა, არ მეგონა, მერე აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია სახლში იმ იმიჯისგან, რაც აქვს საზოგადოებაში.
– როცა თანაცხოვრება შემოგთავაზათ, მაშინვე დათანხმდით?
– ვუთხარი: ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის მეგობრობა და ასე გავაგრძელოთ, რომანტიკული ურთიერთობით ნუ გავაფუჭებთ ამ ურთიერთობას, ზედმეტი საჭირო არ არის-მეთქი. სამსახურიდან გერმანიაში ვიყავი წასული ორი კვირით, იქ ბევრი საქმე მქონდა და, რომ ჩამოვედი, ეს მაშინ მითხრა, პირველი შეხვედრისთანავე. მეც უკვე აღარ ვიყავი პატარა გოგო. ხომ იცით, ასაკში რომ დგამ ნაბიჯს, უფრო რთულია. მეორე მომენტიც იყო: არიან გოგონები, რომლებსაც მოსწონთ პოპულარული ადამიანები. რაღაც მომენტში მეც მომწონს, ლადო რომ პოპულარულია და სულ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ, უფრო მეტად მაღიზიანებს. ახლაც პირველად დავთანხმდი ინტერვიუზეც, რადგან არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება ჩვენ გარშემო. სხვათა შორის, ერთ-ერთი არხიდან იყვნენ მოსულები – ჩვენს ოჯახზე სიუჟეტის მომზადება უნდოდათ. ინფორმაცია ჰქონდათ, ვითომ ლადო ბურდული ცოლმა მიატოვა და მარტო ზრდის ორ ბავშვს, ანუ, თითქოს მე წავედი ოჯახიდან და ბავშვები მას დავუტოვე. რა თქმა უნდა, ყველა ქალს სიამოვნებს, როცა სერიოზულ წინადადებას სთავაზობენ, თუმცა, მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში გავწყვიტე მასთან ურთიერთობა – აღარ დავეკონტაქტები-მეთქი, მაგრამ ძალიან მოვიწყინე მის გარეშე. ლადოს ირგვლივ სულ მხიარულებაა, მისგან დადებითი მუხტი მოდის, ცუდი ბიჭი არ არის და, ლადო რომ მთლიანად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, აღარ მომეწონა.
– მოკლედ, ერთმანეთს შეეგუეთ. ახლა ყველაზე უკეთ თქვენ იცით, როგორია ლადო ბურდული რეალურ ცხოვრებაში, რადგან ერთმანეთს ყოველდღე უყურებთ, ერთად იძინებთ და იღვიძებთ.
– იცით, არ მეგონა, თუ ასეთი მაგარი მამა იქნებოდა. ძალიან ყურადღებიანია...
– ჩემი აზრით, ყველა მამა მაგარია თავისი შვილისთვის და არაფერი უცნაური ამაში არ არის. ჩემთვის ბანალურად ჟღერს, როცა საყვარელი ადამიანების ნაკლს ვერ ხედავენ და მხოლოდ დადებითად ახასიათებენ.
– გასაგებია, მაგრამ, რა ვთქვა, როცა მართლა ასეა? თუკი რამე შეიძლება, მამამ შვილებს გაუკეთოს, ყველაფერს აკეთებს – იქნება ეს ჭამა, დაბანა თუ გასეირნება... შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ, რაც მისი ცოლი ვარ, ჯერ სახლი არ გამომიგვია, ყოველთვის ლადო გვის – უყვარს ამის გაკეთება და მეც ხელს არ ვუშლი. საჭმლის კეთებაც კარგად იცის: სუნელებს და პომიდორს ერთად ჩაყრის და მაგარი რაღაც გამოდის; ჭურჭელსაც რეცხავს – აბსოლუტურად არ აქვს პრობლემა. რომ არ მეხმარებოდეს, მე ვერაფერს მოვასწრებდი, რადგან სულ სამსახურში ვარ. რაც შეეხება მის ხასიათს, ძალიან ემოციურია, მაგრამ, უკვე მივეჩვიე. ვიცი, რომ მალე გადაუვლის. ვიღაცაზე რომ არის გაბრაზებული, ვფიქრობ, არ დაკარგოს ის ადამიანი.
– ასეთი რა გაუკეთეთ ქმარს, რომ სახლიდან გამოსვლა აღარ უნდა? პირადად მე ასეთ ლადო ბურდულს არ ვიცნობ, „ტუსოვკების“ გარეშე რომ ცხოვრობდეს.
– ქართველ მამაკაცებს არ უყვართ სახლში ჯდომა და ბავშვების მოვლა, მაგრამ ლადო არანაირად არ ჯდება ამ ჩარჩოში, არც თავისი გარეგნობით, არც ჩაცმის სტილით, არც გაგებით. წეღან გითხარით, ლადოს ცოლობა ვერ წარმომედგინა-მეთქი, მით უმეტეს, მეორე ბავშვი, მაგრამ, ლადოს უნდოდა ძალიან. მისთვის მესამე ქალიშვილია. პირველი ქორწინებიდანაც არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავს – თეჯი. ჩვენი უფროსი გოგონა გიჟდება ლადოზე – ლადომ დამაძინოს, ლადომ დამბანოს... მიწებებულია მამაზე. შაბათ-კვირას, როცა ძიძა არ მოდის, მაქსიმალურად მეხმარება. როცა რთული დღეები გვაქვს. ბავშვებს ძირითადად ბოტანიკურ ბაღში ასეირნებს, ხან ერთად მივდივართ ვაკის პარკში, „ტუსოვკები“ კი აღარ სიამოვნებს. ყველა ასაკი თავისას შვრება. 20 წლის რომ იყოს, ოჯახური ცხოვრება, ალბათ, გაუჭირდებოდა. ამიტომაც, მასთან პრობლემები ამ მხრივ ნაკლებად მაქვს. უნდა, რომ სულ ბავშვების გვერდით ტრიალებდეს.
– ბავშვები, სახლი, სამსახური... ცოლქმრული ყურადღება კი ნელ-ნელა სადღაც ქრება.
– ლადო ყველა შემთხვევაში ძალიან ყურადღებიანია და ცდილობს, ყველა სიტუაციაში თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ოჯახი მაშინ შედგება, როდესაც ორივე მხარე მაქსიმალურად იხარჯება. თუ მატერიალურ მდგომარეობას გულისხმობთ, რაც შეგვიძლია, ორივე იმას ვაკეთებთ. მე სტაბილური სამსახური მაქვს – ნავთობკორპორაციაში ვმუშაობ უკვე მრავალი წელია. როცა ლადოს კონცერტი აქვს, რაღაც გარკვეული შემოსავალი უჩნდება. ახლა რომ მოვთხოვო, რატომ არ გაქვს სამსახური-მეთქი, ალბათ, არ იქნება სწორი.
– ასე იმიტომ ლაპარაკობთ, სამსახური რომ გაქვთ. სხვა შემთხვევაში ხომ არ იტყოდით, ყველაფრით კმაყოფილი ვარო?
– სამსახური რომ არ მქონდეს, მაშინ რა იქნებოდა, ამაზე არ მიფიქრია. თუმცა, შევეცდებოდი, რაღაც გამეკეთებინა. სამაგიეროდ, ბავშვების გაზრდაში მეხმარება. ეს მდგომარეობა ორივეს გვაკმაყოფილებს. იდეალური ამქვეყნად არაფერია, ჩვენ ასე ვცხოვრობთ და ისე გვსიამოვნებს.
– ლადო ყოფილ ცოლებთანაც ასეთ იდილიაში ცხოვრობდა?
– ლადოს ოფიციალურად ერთი ცოლი ჰყავდა, მეორე მე ვარ. სხვათა შორის, ის ქალი ძალიან კარგი ადამიანია, ქართველია. მეც ვიცნობ. მერე გერმანიაში გათხოვდა. საქართველოში ხომ ასეა მიღებული – თუ ინტიმური ურთიერთობა აქვთ, უკვე ცოლ-ქმარი ჰქვია. ჩემამდე, თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც ცოლს გაშორდა, ვინ ჰყავდა, რაში მაინტერესებს? უცოლო იყო და ვიღაც ეყოლებოდა...