კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკონტროლებდა დოდო გუგეშაშვილი ნებისყოფას ბავშვობაში და ვინ უამებდა მას ჭრილობებს ბრძოლის ველზე

ვერ ვიტყვი, ვისთვის როდის დათარეშობდა „მხედრიონი“ დასავლეთ საქართველოში და რომელი მათგანი რით გამდიდრდა მაშინ, მაგრამ ფაქტი ერთია – ამ ბიჭების ზურგზე ყველაზე მძლავრმა ქარტეხილმა გადაიქროლა, ყველაზე მძლავრ ცეცხლში ფოლადივით გამოიწვრთნენ, დაიჭრნენ, დაიღუპნენ. დოდო გუგეშაშვილი ერთადერთი ქალია, რომელიც ამ ბიჭებთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე მედგრად იდგა და უკან დახევაზე ერთი წამითაც არ უფიქრია. „სნაიპერი ქალის“ რეალური ცხოვრების ნაკლებად ცნობილ პერიოდებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ქალბატონი დოდო: დედაჩემი გურული გახლდათ, მამა – რაჭველი. ერთმანეთი თბილისში, უმაღლეს პარტიულ სკოლაში გაიცნეს. როცა დაქორწინდნენ, მამა გურიაში გადავიდა საცხოვრებლად – ძალიან მოეწონა გურია. თვითონ ისეთ სოფელში ცხოვრობდა, რომელიც ხშირად იკეტებოდა და, შესაძლებელია, ამანაც განაპირობა მისი რაჭიდან გადმოსახლება. ამ უგზოობის გამო პირველი შვილი დააკლდათ. მერე მე და ჩემი ძმა გავჩნდით. გავიზარდე ბიჭების გარემოცვაში. ჩემს უბანში გოგო მხოლოდ მე ვიყავი. ბიჭები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მეც მათთან ვიყავი, მაგრამ კარში მაყენებდნენ, რომ ხელი არ შემეშალა. ყველა თამაში მომწონდა: ვირობანა, ომობანა, სახლობანა, სკოლობანა. თვალნათლივ მახსოვს, ერთ ხელში ავტომატი მეჭირა და მეორეში – თოჯინა. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი ასაკის გოგონასთვის ვირობანას თამაში უკვე უხერხული იყო. თითქმის მთელი ბავშვობა ტირში გავატარე. დიდი მონდომებით ვსწავლობდი ტირში სროლას. ასევე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული ლიტერატურულ, თეატრალურ, ცეკვის, სიმღერის, დეკლამატორის წრეშიც კი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სროლა მაინტერესებდა, მინდოდა, კარგად მცოდნოდა და ეს ოცნება ავისრულე. სხვათა შორის, საკმაოდ პუტკუნა ბავშვი ვიყავი, სანამ სკოლას დავამთავრებდი, მაგრამ, ძალიან მოძრავი. ორგანიზატორული ნიჭი მშობლებისგან გამომყვა. რასაც ვაკეთებდი, თავდაუზოგავად ვაკეთებდი. ვმონაწილეობდი სკოლის, რაიონულ, რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, წარმატებით ვთამაშობდი ჭადრაკს. რისი ნიჭი და შესაძლებლობაც მქონდა, თავი უნდა გამომევლინა. ბავშვობიდან მახასიათებს პრინციპულობა. ვერ ვეგუები ვერანაირ უსამართლობას. ბევრჯერ მოვსულვარ სახლში „გალამაზებული“ ცხვირ-პირით, როცა უნებლიეთ მომხვედრია ვიღაცის ხელი ჩხუბის დროს გამშველებლის როლში ყოფნისას სკოლის პერიოდში.

მამისგან განებივრებული ბავშვი ვიყავი. მამა არანორმალურად მიყვარდა. 42 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემთვის ეს მეხის დაცემასავით იყო. მის დაკრძალვაზე რაჭველები ჩამოვიდნენ და გულზე ერთი მუჭა რაჭული მიწა დააყარეს. მაშინ ვერ გავაცნობიერე, ეს რას ნიშნავდა. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი. კლასიკას მაკითხებდნენ და მეც მაინტერესებდა, რაც შეიძლებოდა მეტი წამეკითხა და მრავალმხრივი განათლება მიმეღო. გავიგე, რომ უკანასკნელ გზაზე სამშობლოსგან მოშორებული ქართველისთვის ყველაზე სასურველი ერთი მუჭა ქართული მიწაა. გურიაზე შეყვარებულ მამას რაჭა ტკივილამდე ენატრებოდა. უზომოდ მიყვარს ლანჩხუთი. საოცარ გარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ, რაჭაც ძალიან მიყვარს. ალბათ, მამაჩემის და, აი, იმ ერთი მუჭა მიწის გამო.

მივიღე მუსიკალური განათლება, მერე ჩავაბარე ფილოლოგიურზე. ინსტიტუტშიც ძალიან ვაქტიურობდი: ფოლკლორულ საღამოებს ვატარებდით გიზო ჭელიძესთან ერთად. სახალხო ანსამბლ „აცაურას“ წევრი ვიყავი. გასტროლებზე დავდიოდით როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ისე უცხოეთში.

– როცა იარაღით სროლას სწავლობდით, ალბათ, იმაზეც ფიქრობდით, რაში გამოიყენებდით შემდგომში თქვენს ცოდნას.

– ჩემს ოჯახში საქართველოს გარდა სხვა სიტყვა არ ისმოდა. ისეთ გარემოცვაში ვიზრდებოდი, სადაც საქართველო მუდმივი საუბრის თემა იყო. დასავლეთ საქართველოში დამაპატიმრეს, როგორც 9 აპრილის გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ადმინისტრაციული სასჯელი დამედო. როდესაც დედაჩემმა და დეიდაჩემმა, პირველებმა გურიის რეგიონში, პარტიული მანდატები დაყარეს, უფრო მეტად დავრწმუნდი ყველაფერ იმაში, რისთვისაც ღირს, ამ ქვეყანაში დაიბადო. ყველაფერი კი 1978 წელს დაიწყო: ჩემს ოჯახთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი ქართული ენის დასაცავ გამოსვლებში. ყველანი ქუჩაში გამოვედით და, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგედ „მერვე პოლკი“ გამოგვიყვანეს, ჩვენ მაინც აქტიურად მივიწევდით მთავრობის სახლისკენ. ახლო ურთიერთობა მქონდა „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და შემდგომში ამ პარტიის წევრი გავხდი. 90-იან წლებში კი გავიცანი ჯაბა იოსელიანი. მისი „სანიტარული მატარებელი“ და ბიოგრაფია რომ წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა ამ ადამიანმა. შეიძლება ითქვას, გამიცხოველდა მისადმი ინტერესი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს იყო უნიჭიერესი კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრება ას ოთხმოცი გრადუსით შემოატრიალა, იმიტომ, რომ მანამდე სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა. ძალიან მოვიხიბლე მისი ინტელიგენტობით, როცა პირადად გავიცანი. ბატონი ჯაბა ჩემმა მეგობრებმა, გია და დათო ვაშაკიძეებმა გამაცნეს.

ბავშვობაში ლიტერატურას რომ ვკითხულობდი ჩვენს სასიქადულო ქართველებზე, ჩემი თავიც ჩართული მყავდა იმ გმირების გვერდით, ვინც სამშობლოს საკუთარი სისხლის ფასად იცავდა, რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგენდი ხოლმე თავს. მშიშარა არ ვარ, მაგრამ ჩემს ნებისყოფას მაინც სერიოზულად ვაკონტროლებდი. მაგალითად, ბავშვობაში, როცა სოფელში სტუმრად მივდიოდი ნათესავებთან, ვცდილობდი, ღამით გამოვსულიყავი ეზოში. ჩაბნელებულ ჭალებში რომ მიდიხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უკან ვიღაც მოგყვება. ეს ეტაპები გადავლახე. შიში არის უსახური, წებოვანი, ამაზრზენი რამ, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, ადამიანი დაიმონოს, ნაწილებად დაშალოს და ასეთივე წებოვანი გახადოს. სიკვდილის შიში რატომ არსებობს? ვინც ძალიან ეკლესიურად ცხოვრობს, მხოლოდ მას არ ეშინია სიკვდილის. ყველა სხვა შემთხვევაში, მხოლოდ გიჟია შიშისგან თავისუფალი. მთავარია, შიშის საგანს გადააბიჯო, მერე ყველაფერი ადვილდება. როცა იარაღს მოვკიდე ხელი და ომში წავედი, ჩემს ცნობიერებაში უკვე არსებობდა ის აზრი, რომ, შეიძლებოდა, დავღუპულიყავი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – დავჭრილიყავი. სიცოცხლე ძალიან მიყვარს და მაშინაც მიყვარდა, როცა იარაღი მეჭირა ხელში, მაგრამ სამშობლოს დაცვა სჭირდებოდა. ჩემი შვილი იმ ასაკისა რომ ყოფილიყო, ხელში იარაღის დაჭერა შესძლებოდა, ისიც ჩემთან ერთად იქნებოდა. ჯაბამ თავისი ერთადერთი შვილი გვერდიდან არ მოიშორა. აფხაზეთში წინა ხაზზე ჰყავდა გაშვებული. გაგრის ბრძოლების დროს ტელევიზიით გადმოიცა – წინა ხაზზე ერთადერთი ქალი იბრძვისო. დედამ არ იცოდა, რომ ომში ვიყავი და ეს რომ გაიგო, ნერვიულობისგან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, მერე კი სრულად დაბრმავდა. მე გაგრაში ვიბრძოდი, ჩემი ძმა – ეშერაში. შეიძლება ითქვას, დედაჩემის თვალის ჩინი რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. მე და ჩემი ძმა, მართალია, დაჭრილები, მაგრამ, მაინც ხომ ჩამოვედით. ბევრ დედას არ ჩამოსვლია შვილი. ისინი ასჯერ და მილიონჯერ ღირსეულები არიან, იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის. აი, ასე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება.

– ალბათ, სიკვდილი ძალიან ახლოს იდგა თქვენთან. იმ წუთებში რაზე ფიქრობდით?

– ძალიან ბევრჯერ და ძალიან ახლოს მოვიდა სიკვდილი ჩემთან, მაგრამ ჩემთვის იმ წუთებში ერთადერთი ნუგეში და შვება ჩემი შვილი იყო. აშკარად ვგრძნობდი მის სურნელს, მის პატარა ხელებს ჩემს სხეულზე, როცა დაჭრილი ვიყავი. თითქოს მალამოსავით მედებოდა და მაშინვე მიყუჩდებოდა ტკივილი. მხოლოდ ერთი რაღაცის მეშინოდა – ჩემმა ქალურმა ბუნებამ არ მიმტყუნოს, რამე სისუსტე არ გამოვავლინო-მეთქი, მაგრამ, მე ისეთ ბიჭებს ვუყურებდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი სამხედრო შენაერთიდან იყო, რომ, არ მქონია მომენტი, გზაზე წავბორძიკებულიყავი; არ მინდოდა, მტერს მოუწესრიგებელი ვენახე, თუნდაც გარდაცვლილი. ამიტომ თავს ყოველთვის ვიწესრიგებდი – როგორც ალყაში მოქცეული, ისე დაჭრილი. ტანზე შემოხვეული მქონდა პატარა ჩანთა, რომელშიც თავის მოვლის საშუალებები მეწყო, ეს იქნებოდა მაკიაჟი თუ სამკაული. ერთხელ, გაგრის ბრძოლების დროს, სოფელ კოლხიდის ზემოთ, ტყეში ვიყავით. აგვისტო იყო. მზე წვავდა როგორც თითოეულ ჩვენგანს, ისე ხეებსა და ფოთლებს. ცოტა რომ მინელდებოდა სროლა, ხეებს შორის მოვძებნიდი ადგილს და სახეს მზეს ვუფიცხებდი. ჯაბა მეხუმრებოდა – დოდოშკა, საყვარელო, გარუჯული უფრო ლამაზი მკვდარი იქნებიო? არასდროს მავიწყდებოდა და არც ჩემი თანამებრძოლები მავიწყებდნენ, რომ ქალი ვიყავი – ყვავილი იყო, ტალახში ამოსვრილი ხილი თუ გაჭყლეტილი კანფეტი, ჩემთან მოარბენინებდნენ.

– ამ ბრძოლაში თითქმის ნახევარი ცხოვრება გავიდა, პირადი ცხოვრება კი აუწყობელი დაგრჩათ. გვიამბეთ, რატომ არ გათხოვდით, სად გაიცანით თქვენი შვილის მამა?

– ძალიან რთული გზა გამოვიარე, იმიტომ რომ, როდესაც ჩემი შვილის მამა გავიცანი, მაშინ ის მიმაგრებაში იყო. შემდეგ დააბრუნეს პატიმრობაში და შვილი ამ პერიოდში გავაჩინე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩემი გარემოცვისთვის ეს ძნელად აღსაქმელი იყო, მაგრამ ქალისთვის ყველაზე საპატიო და გაბედული ნაბიჯი, ისაა, რომ ბავშვს აჩენს იმ კაცისგან, რომელიც უყვარს. რომ დაიჭირეს, ხომ არ იყო ჩემი ბრალი, მით უმეტეს – ჩემი შვილის? ბევრი ჩემს ადგილას გადაწყვეტდა, არ გაეჩინა, სანამ ყველაფერი არ დალაგდებოდა. მე ვარ პირდაპირი ადამიანი, რომელიც არასდროს თამაშობს. არ ვცემ პატივს არც ერთ ქალს, რომელსაც ოჯახური წინააღმდეგობებისა და იმის გამო, რომ, შეიძლება, ვიღაცამ მასზე ილაპარაკოს, შეუძლია, ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს სიცოცხლე შეუწყვიტოს. როცა ციხიდან გამოვიდა, ჩვენ, ორი ზრდასრული და ცივილიზებული ადამიანი, დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ ერთად არ ვიცხოვრებდით, მაგრამ ბავშვი ჩემთან გაიზრდებოდა. თან, მიმაჩნდა, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. არც ამაში არ არის არაფერი უცნაური. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილი გაიზარდა მამამისის მიმართ დიდი პატივისცემით. მამამისი პატიმრობაში რომ იყო, თუკი რამე საუკეთესო ჩასაცმელი, სათამაშო ან ტკბილეული არსებობდა, ბავშვთან მიმქონდა და ვეუბნებოდი, მამამ გამოგიგზავნა-მეთქი. არასდროს, ერთი წუთითაც არ მინანია ჩემი არჩევანი. მტკიცე ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში, როცა ამ ადამიანს შევხვდი; მტკიცე ვიყავი, როცა ბავშვი გავაჩინე და მტკიცე ვიყავი, როცა ომში მივდიოდი. ისე წავედი პატიმრობაში, სხვა არ დამისმენია, რასაც მაშინ აქტიურად ითხოვდნენ. თუ ვინმეს არაკეთილსინდისიერად ხელს დაადებდი, ციხის გარეთ დარჩებოდი, მაგრამ მე ამას ვერ მიბედავდნენ. ციხეში ხუთი წელი გავატარე, ათი წელი მქონდა მისჯილი. უშეცდომო არავინაა და მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ საპატარძლო კაბა ვერ ჩავიცვი და ჩემი შვილის ბავშვობის გარკვეული ეტაპები მაქვს გამოტოვებული.


скачать dle 11.3