კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ქართველმა ქირურგმა აფრიკაში ყველასგან მიტოვებული ავადმყოფი და რატომ სთხოვდა მას 200 ეთიოპიელი ქალწულობის ცნობას

ბადრი სეფაშვილი საკუთარ საქმეზე შეყვარებული კაცია – ქირურგი მაშინ გახდა, როდესაც ამ პროფესიის ადამიანებს გეგმის მიხედვით ამზადებდნენ, თუმცა თავად არასდროს უგრძნია თავი ამ გეგმის ნაწილად. პროფესიული სენი და უკურნებელი „ინფექცია“ მაშინ შეეყარა, როდესაც პირველად დაუსვა დანა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ავადმყოფს. მას შემდეგ ბადრი სეფაშვილს თავისი საპატიო მისიის შესრულებაზე უარი არასდროს უთქვამს. მან შორეულ აფრიკამდეც კი ჩააღწია, სადაც, ისე გაითქვა სახელი, რომ აფრიკულ სოფლებში დოქტორი ბადრი დღემდე ყველას კარგად ახსოვს...

ბადრი სეფაშვილი: როცა სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ საბჭოთა კავშირში ქირურგებს, ისევე, როგორც სხვა პროფესიის ადამიანებს, გეგმის და რაოდენობის მიხედვით „ამზადებდნენ,” არსებობდა მეცნიერება – სოცჰიგიენა, რომელიც სწავლობდა, რამდენ კაცზე რამდენი ქირურგი ან სხვა პროფესიის ადამიანი იყო „საჭირო.” საქართველოში გეგმა არ ამართლებდა, რადგან ჩვენთან გეგმაზე ორჯერ მეტი ქირურგი იყო. ახალგამომცხვარ ქირურგებს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით „აგდებდნენ“ მთაში და იქ, ტყეში ჩაკეტილი, ვისგან რას ისწავლიდი?! დედამიწის ზურგზე ჩვენ გარდა ასეთი რამე არსად ხდებოდა. მე მთას გადავურჩი და მშობლიურ კუთხეში მოვხვდი – სოფელ გავაზის ამბულატორია-პოლიკლინიკის ქირურგი ვიყავი, თუმცა, ჯერ ერთ ხალისიან ისტორიაში გიამბობთ. განაწილება, როგორც სხვა ყველაფერი ძირითადად „ჩაწყობით“ ხდებოდა. მე ვერ მოვხვდი „ჩაწყობილთა“ სიაში, სამაგიეროდ მივედი ირაკლი მენაღარიშვილთან და ვთხოვე: ინსტიტუტში იმიტომ ჩავაბარე, ქირურგი გავმხდარიყავი. ან დამეხმარეთ, ან უნდა დავანებო მედიცინას თავი-მეთქი. ბატონმა ირაკლიმ მითხრა: წადი, შვილო, სადმე ადგილი იპოვე, რომ საბუთს ხელი მოვაწერო და იქ გაგანაწილებთო. ვიარე, ვიარე და მივაგენი ფოთის თევზსაჭერ სამმართველოს. ფოთიდან გემებით გადიოდნენ ინდოეთის ოკეანეში. სამმართველოს უფროსს ვუთხარი: კაცო, ოკეანეში ამდენი შხამიანი თევზი დაცურავს, გემზე ერთი ქირურგი არ გჭიდებათ-მეთქი? კი, კაცო, როგორ არ გვინდაო და კი მომცა ის საოცნებო ქაღალდი, რომლითაც განაწილებაში მოვხვდებოდი, მაგრამ, მერე ატყდა დიდი ამბავი. სამმართველოს უფროსის შვილი და სიძე ჩემს კურსზე სწავლობდნენ, იმ კაცმა თქვა: თუ ასე შეიძლება, მაშინ ჩემს სიძეს ვამუშავებ ჩემთანო. კატორღელის სამუშაო კი იყო, ექვსი თვე წყალში რა გაძლებს-მეთქი ვფიქრობდი, ამიტომაც, თან ვყოყმანობ გემზე წასვლას, მაგრამ ახლა ის კაცი მაძალებს – სიძეს უარი ვუთხარი; საბუთი გაგატანე და უნდა წამოხვიდეო, მოკლედ, დიდ ამბავში ვართ და ამ დროს საქმეში ჩავრთე ჩემი მეგობარი დარეჯან მესხიშვილი. დარეჯანი მივიდა იმ კაცთან, ჩაუვარდა მუხლებში და მოიგონა: ბადრი ჩემი შეყვარებულია, ეგ რომ ოკეანეში გააგდოთ, დავიღუპები და დავიქცევიო. იმ კაცმა თქვა, ჯანდაბას თქვენი თავიო და ასე გადავრჩი საბოლოოდ ოკეანეში წასვლას.

– გავაზში დიდი პრაქტიკის ასპარეზი არ გექნებოდათ? სად დაოსტატდით ასე?

– იქ რა პრაქტიკა უნდა მქონოდა? ხუთ თუმანს გადაიხდიდნენ და ინვალიდის საბუთს იღებდნენ, მეც რაღაც სულელური საბუთები უნდა შემევსო. პრაქტიკის გასავლელად დავდიოდი ყვარელში, სადაც ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ჯიმშერ ქანდაურიშვილი, „თედეევიჩს“ ვეძახდით, ის ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ქირურგებისთვის დიდი მასწავლებელი და ავტორიტეტი იყო. ქირურგიაში რომ სწორ გზაზე დავდექი და კარგი სტარტი ავიღე, ყველაფერი მისი დამსახურებაა.

– თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგიწიათ ცხოვრება და მუშაობა, განსაკუთრებული პოპულარობით კი აფრიკაში სარგებლობდით, როგორ მოხვდით იქ?

– სამი წელი ვიყავი საფრანგეთში, გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვიმუშავე, მერე კი აფრიკის ქვეყნებისკენ გამიწია გულმა. ევროპელები აფრიკელებთან ვერ მოვლენ, ძალიან ამბიციური ხალხია. საფრანგეთში კლინიკის უფროსმა მითხრა, რომ გავიგე, ქართველი იყავით, თქვენი ქვეყნის ძებნა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში დავიწყეო. ძალიან გავბრაზდი და მე ვუთხარი: გენაცვალოს ჩემი თავი, მე ლუვრიც ვიცი და ელისეიც, საქართველო რომ არ იცი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, – მივახვედრე, რომ იდიოტი იყო.

აფრიკაში ჰუმანიტარული მისიით მოვხვდი. აფრიკა ნარკოტიკივით გახდა ჩემთვის – კიდევ მინდა იქ ჩასვლა. თავის დროზე ბერნარ კუშნერმა დააარსა ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმები”, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს – ექიმები ჰუმანიტარული მისიით ჩადიან აფრიკის ქვეყნებში. პირველად იქ ჩემს უფროს კოლეგასთან, პროფესორ შოთა მირაშვილთან ერთად მოვხვდი, სოფელ ლამბარენში, ლეგენდარული ალბერტ შვეიცერის კლინიკაში. ალბერტ შვეიცერი აფრიკისთვის ლეგენდარული პიროვნებაა, ის 24 წლის ასაკში ევროპის ეკლესიების ორღანების მთავარი ინსპექტორი იყო, მერე ცხოვრების მიზნად ადამიანების დახმარება დაისახა, ჩავიდა გაბონში და საავადმყოფო ააშენა. 50 წელზე მეტხანს იცხოვრა გაბონში, იმდენად დიდი ავტორიტეტი გახდა აფრიკელებისთვის, მათ უმეტესობას უჭირს იმის დაჯერება, რომ ის ცოცხალი აღარ არის. გაბონში პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იმის გამო განაცხადეს უარი, რომ სიაში ალბერტ შვეიცერის გვარი არ ეწერა. შვეიცერის კლინიკაში მოხვედრა ყველა ექიმისთვის დიდი პატივია. პატარა და მშვენიერ სოფელში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექიმები ვცხოვრობდით. ჩემი იქ ყოფნისას, რომის პაპმა ექიმებს აჩუქა ოთხი სახლი. საავადმყოფოს შვეიცარიაში არსებული საერთაშორისო ფონდი განაგებს. აფრიკაში ადამიანებს საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება. იცით, იქ როგორი სიტუაციაა? სხვა ექიმს ვერ ნახავ, ქირურგი ხარ და – მორჩა, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო. ეთიოპიაში მილიონ-ნახევარ კაცზე ერთი ქირურგი ვიყავი. ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგრეს რაიონში ვცხოვრობდი. სოფელი ადვა, რომელიც ულამაზესი პეიზაჟით გაგაოცებთ, კონფლიქტურ ზონაში მდებარეობდა. მე რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო და გაეროს ჯარები იყო ჩაყენებული, მაგრამ ისინი მოწინააღმდეგეებისგან რას დაიცავდნენ, ხალხს ქუჩაში ნადირი ჭამს – ჩემი ექთნის ძმა შეჭამეს აფთრებმა. ერთხელ მეც გადავურჩი აფთარს – საავადმყოფოში მივდიოდი გამოძახებაზე და წინ გადამირბინა. ტელევიზიით არ ჩანს ისე საშიში, როგორც სინამდვილეშია. ღამით ორი დარაჯი მიცავდა, რომ აფთრების ლუკმა არ გავმხდარიყავი. აფრიკაში ღამით გარეთ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია – ან აფთარი შეგჭამს, ან სხვა მხეცი, იქაური ჭიანჭველაც კი საშიშია.

– იმ ბარბაროსულ პირობებში მუშაობა არ გიჭირდათ?

– გვიჭირდა, მაგრამ, თან ძალიან საინტერესო იყო. ერთი ექოსკოპია იყო მხოლოდ, მეტი არაფერი, მაჯის სისქე კეტკუტის ძაფებით ვკერავდით ჭრილობებს, საშინელება იყო ნაგვით სავსე პალატებში, თითო საწოლზე ორ-ორი, ხანდახან კი სამ-სამი სხვადასხვა სქესის, ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანები იწვნენ – ეს იყო აფრიკული გენდერული თანასწორობა (იცინის). ქალა-ტვინის ტრავმები და ნაწლავის შემოგრეხა იქ ყველაზე გავრცელებული იყო, მგონი, მსოფლიოში ამ მხრივ რეკორდსმენები არიან, რომ არაფერი ვთქვა მალარიაზე. მალარია უდიდესი პრობლემაა აფრიკისთვის შიდსისა და ათაშანგის შემდეგ. ამ დაავადების საშინელებას მაშინ მივხვდი, როცა თვითონ შემეყარა. ასეთი გამოთქმა აქვთ: „თუ ვერ იგებ, რა სჭირს ავადმყოფს, უმკურნალე მალარიას.” ერთხელ ტყიდან პატარა ბიჭი მოიყვანეს, ვერ აღვიძებდნენ. ბოლოს გამახსენდა ეს გამოთქმა, მალარიის მკურნალობა დავიწყეთ და მეორე დღეს გაახილა თვალი.

– ბევრი ექსტრაორდინარული ოპერაციის გაკეთება მოგიწევდათ აფრიკაში.

– ერთხელ ერთი პატარა ბიჭი მოიყვანეს – მამას ორი ღამე და ერთი დღე ხელში აყვანილი მოჰყავდა, რადგან იქ ტრანსპორტი არ არსებობდა. ბიჭი საშინელ მდგომარეობაში იყო – თავის ტრავმა ჰქონდა და ტვინი გარეთ იყო გადმოსული. ტვინის მაგარი გარსი ბარძაყის კუნთიდან აღებული ფასციით „დავლატკე“ და გადარჩა ის ბიჭი. კონგოში ახალი ჩასული ვიყავი, რომ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან, რომელსაც სათესლე ჯირკვლების ტუბერკულოზთან ერთად თიაქარიც ჰქონდა. მითხრა, თუ ოპერაციას არ გამიკეთებთ, თქვენ თვალწინ მოვიკლავ თავსო. უარს როგორ ვეტყოდი. მეორე დღეს ექთანმა მითხრა, თქვენი ნაოპერაციევი კაცი კვდება, წნევა აქვს 50-20-ზეო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და, ძალიან გამიკვირდა, ასე რატომ უნდა გართულებულიყო მდგომარეობა. დანიშნულებას ჩავხედე და ვნახე, რომ წნევის დამწევი ოთხი პრეპარატი ჰქონდა დანიშნული, რაზეც დიდი ამბავი ავტეხე. იქაურმა ექიმმა მითხრა, ამ კაცს ოპერაცია არც ფრანგებმა გაუკეთეს, არც ამერიკელებმა და შენ ვინ ხარ, რომ გაუკეთე, უნდა მოკვდეს ეს კაციო. ლამის გავგიჟდი ჯანდაბამდის გზა გქონიათ, მე არც ამერიკელი ვარ და არც ფრანგი, ჩემს ნაოპერაციებ კაცს რომ რამე დაემართოს, ზედ დაგაკლავთ-მეთქი, ვიყვირე და ბოლომდე გამოვიჩინე ქართული ხასიათი. ამის წყალობით გადარჩა ის კაცი. ისე, სადაც კი მივდიოდი, ყველგან თან დამქონდა ჩემი ქართული დროშა – საავადმყოფოს წინ ვკიდებდი ხოლმე. ერთხელ რუსეთის დელეგაცია მოვიდა შვეიცერის საავადმყოფოში და დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა მომიკითხა. ქართველი იყო ის კაცი, მაგრამ, რუსეთში მუშაობდა. ეზოში რომ შემოვედი და საქართველოს დროშა დავინახე ძალიან გამიხარდა; მთლად ზემოდან ვერ გადავხედე რუსებს, მაგრამ გული კი მოვიფხანეო, – მითხრა. ჩემი დამოკიდებულება საქმის მიმართ სხვებსაც გადაედოთ. იქაურ ექთნებს ვასწავლიდი იმ ოპერაციების გაკეთებას, რომლებსაც მოერეოდნენ. ასეთ ოპერაციებს შორის იყო საკეისრო კვეთა და ჰემოსტაზური აბორტი. თქვენნაირი ექიმი არ ჩამოსულა აქ, დოქტოროო – მეუბნებოდნენ. ყოველთვის ვაკეთებინებდი ოპერაციებს ექთნებს, რათა ისინი მარტივ მანიპულაციებში მაინც დაოსტატებულიყვნენ. სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ.

– აფრიკულ ჩვევებსა და ტრადიციებს როგორ შეეჩვიეთ?

– ამ მხრივ აფრიკა საოცარი სამყაროა. ეთიოპიაში ქალწულობა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთხელ საავადმყოფოსთან ორასამდე გოგონა დამხვდა – ქალწულობის ცნობის ასაღებად იყვნენ მოსულები. როგორც მითხრეს, ეს ცნობა გათხოვებისა და სამსახურის შოვნის მთავარი პირობა იყო. კონგოში ოჯახის ერთგულებას ინარჩუნებენ, თუმცა, სამი და ოთხი ცოლისა და შვილების ყოლა კარგ ბიჭობად ითვლება.

ერთ ღამეს კონგოში სოფელში ისეთი საშინელი ხმაური ატყდა, მეგონა, ომი დაიწყო, მაგრამ, თურმე, კალიების გადაფრენა ყოფილა და მთელი სოფელი კალიებზე ნადირობდა – მოხრაკული კალიები დელიკატესად ითვლება, ამის გამო დამაწიოკეს იმ ღამეს. აფრიკელები ძალიან თბილი ხალხია, ახლახან წერილი მომწერეს: ფული მოვაგროვეთ, მიწა ვიყიდეთ, სოფელში საავადმყოფო უნდა ავაშენოთ და „მზეე დოქტორ ბადრი” უნდა დავარქვათო. მათთვის „მზეე“ ჩვენებურ მახვშს ან ხევისბერს ნიშნავს. მე ეს ხალხი გულწრფელად შევიყვარე, ვაგრძნობინე, რომ მათნაირი ადამიანი ვარ და ეს დამიფასეს კიდეც. როცა კონგოდან მოვდიოდი, იქაური ჩუკუტუ – „სამაკატკა” მაჩუქეს. გაბონელმა ადგილობრივმა ექთანმა, რობერმა, საკუთარი ოჯახის დამცველი თილისმა სახლიდან გამოიტანა და მაჩუქა, თან მიწინასწარმეტყველა: შენი წასვლისას რაღაც განსაკუთრებული მოხდებაო. მართლაც, ჩემი წამოსვლის დღეს ზარების რეკვა დაიწყო – ეს ადგილობრივებისთვის საპატიო რიტუალი იყო. მთელი სოფელი შეკრებილიყო ჩემს გამოსაცილებლად; მეზობელი სოფლებიდან, სადაც მხოლოდ კეთროვანები ცხოვრობდნენ, ხალხი ხელჯოხებით იყო მოსული. დასამშვიდობებლად მოვიდა ხეიბარი კაციც, რომელმაც ცოტა ხნით ადრე უთითებო ხელებით გაკეთებული ტამტამი და პიროგა მაჩუქა, რომელზეც მის შვილს დაეწერა: „დოქტორი ბადრისთვის”. ეს ჩემთვის იყო დიდი ჯილდო, სითბო და სიყვარული, რომელიც აფრიკაში კიდევ ჩამიყვანს.




скачать dle 11.3