კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომხიბვლელი ვენდეტა

რეიჩელ რასელი

დენი დეინი მთელს ჰოლივუდში ცნობილი იყო ცხოვრების სკანდალური სტილით. სასიყვარულო თავგადასავლები, ჩხუბები ბარში, კაზინოში, რესტორნებშიც კი... მაგრამ ფილმებში მაინც იღებდნენ და ფანტასტიკურ ჰონორარებსაც უხდიდნენ. პროდიუსერებმა იცოდნენ, რომ ფილმი დენი დეინის მონაწილეობით კარგად გაიყიდებოდა...

საღამოს რვა საათი იქნებოდა, როცა დეინმა შავი სათვალე გაიკეთა, მანქანა ორი კვარტლის მოშორებით, მოსახვევში გააჩერა და დანიშნულ ადგილამდე ფეხით მივიდა. სახლი დიდი არ იყო, მაგრამ მისი პატრონის დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებდა. განსაკუთრებით ლამაზი და მონუმენტური იყო ხელით ნაკეთი, მუხის ხის ძველებური კარი... დენი კარგად ერკვეოდა ანტიკვარიატში, კარი რამდენიმე ასწლეულს მაინც ითვლიდა. ჩაქუჩი აიღო და კარზე დააკაკუნა...

ეს ქალი ფრენკ პლატკინთან ნახა, წვეულებაზე. იქ თავის მეექვსე, ახლად მოყვანილ ცოლთან ერთად მივიდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ერთ-ერთი სტუმრის მომხიბვლელობა მთელი სისრულით აღექვა. ფრენკის ღიმილით გამოსძალა მასზე ინფორმაცია და იმავე საღამოს მარკიზა მენდოსას გაცნობაც მოახერხა. ქალი ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი, ორი თვის წინ გარდაცვლილი ექიმი მენდოსის ცოლი აღმოჩნდა. დენის არ გასჭირვებია, ქვრივი მარკიზასთვის თავი მოეწონებინა. ეს მისი პროფესია იყო. ქალმა სახლში მიიპატიჟა და აი, ახლა აქ იყო. ბედნიერებისგან მთვრალი შეჰყურებდა ყორნისფერ თვალებში და წინასწარ ტკბებოდა იმ სიამოვნებით, რომლის მიღების იმედიც მისგან ჰქონდა.

– მარკიზა, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არ დამეყენებინა.

– კარგი იქნებოდა, საკუთარ რეპუტაციაზეც გეზრუნათ. თქვენ ახლად მოყვანილი ცოლი გყავთ.

– ვშიშობ, ჩემს რეპუტაციას უკვე აღარაფერი ეშველება, – გაიცინა დენიმ.

მარკიზამ ღიმილითვე უპასუხა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. მომაჯადოებელი.

– ყავას მიირთმევთ თუ უფრო მაგარი შემოგთავაზოთ რამე?

– ჯერჯერობით ყავაც საკმარისი იქნება. მერე ვნახოთ, – ჩაიცინა დენიმ.

მარკიზამ არ შეიმჩნია მისი ორაზროვანი გამოხედვა.

– იცით, – თქვა კეკლუცად, – მე ვგრძნობ, რომ ცუდად ვიქცევი. ჩემი მეუღლე დიდი ხანი არ არის, რაც დაიღუპა. თქვენც ცოლი გყავთ, მაგრამ რა ვქნა, ცდუნებას ვერ გავუძელი. ყოველთვის თქვენი თაყვანისმცემელი ვიყავი. აი, გიყურებთ და არც კი მჯერა, რომ აქ ხართ, ჩემს გვერდით, ხელის გაწვდენაზე.

დეინი გაიბადრა. წვეულებაზე მარკიზა გაცილებით გოროზი და შეუვალი ჩანდა. არც კი ეგონა, რომ პირველივე პაემანზე ასე წავიდოდა საქმე. მარკიზამ ძვირფასი ფაიფურის თხელ ფინჯნებში ყავა დაასხა.

– რა უთხარით თქვენს მეუღლეს?

– რომ პოკერს ვთამაშობ მეგობრებთან. მობილური კი გამოვრთე. აი, ასეთი წინდახედული ვარ.

– არ ვიცი, ახლა რას ფიქრობთ ჩემზე, მაგრამ სტუმრად რომ არ მომეწვიეთ, მერე ძალიან ვინანებდი. თქვენ ისეთი კეთილი და მამაცი ხართ. როცა თქვენს ფილმებს ვუყურებდი, თავს ვკარგავდი. მეორე, თქვენნაირი მამაცი, ნამდვილად არ მეგულება...

– უნდა გამოვტყდე, მარკიზა, რომ იმ ტრიუკებს მე არ ვაკეთებ... არის ასეთი ადამიანი ბილ უოლმენი, ის მცვლიდა რთულ ეპიზოდებში. ბილი ახლა ციხეშია. შვიდი თვის წინათ პატარა, მექსიკელი გოგონა გაიტანა მანქანით. გული მწყდება. ბილი ჰოლივუდში საუკეთესო კასკადიორია. ჩემი მარჯვენა ხელი იყო, არა მხოლოდ ტრიუკებში, ბევრ სხვა საქმეშიც გამომდგომია.

– მგონი აჯობებს, ვისკი შემოგთავაზოთ.

მარკიზა ბართან მივიდა. ჭიქაში ყინული ჩაყარა, ვისკი დაასხა და დენის მიუტანა. მაგრამ უცებ ჭიქა ხელიდან გაუვარდა და სითხე ხალიჩაზე დაიქცა.

– უკაცრავად. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ბოთლში მეტი ვისკი აღარ არის... მართლა ძალიან ვწუხვარ...

– რას ამბობთ, არ მინდა ვისკი... მარკიზა...

– ელენა დამიძახეთ...

– ელენა, მე ყავაც მეყოფა, – დენი ფრთხილად მიეფერა ქალს ხელზე.

– არა, ასე არ შეიძლება, სარდაფში წამომყევით. ჩემი მეუღლე იშვიათი ღვინოების მოყვარული იყო. დარწმუნებული ვარ, რამე შესაფერისს აუცილებლად ვიპოვით.

დენი ისე იყო ბედნიერებისგან რეტდასხმული, რომ საერთოდ არ უფიქრია, ბევრი ფიქრი ისედაც არ უყვარდა, ქალს გაწვდილ ხელში ხელი ჩაავლო და სარდაფში გაჰყვა.

– აი, ეს გამოგვადგება. 1750 წლის ხერესი. ეს ღვინო ყველაზე ძველია.

– 1750 წლის? ოო, ეს ღვინო აუცილებლად უნდა გავსინჯო, – აღფრთოვანებით წამოიძახა დენიმ.

– მოდით, აქვე დავლიოთ, – ქალმა თაროდან ბროლის ფუჟერი გადმოიღო, ხელსახოცით მტვერი მოაშორა და კაცს გაუწოდა. დენიმ ბოთლი გახსნა და ჭიქა მუქი ქარვისფერი სითხით შეავსო. რამდენიმე ყლუპის შემდეგ ხელ-ფეხი დაუმძიმდა. თვალებზე თითქოს ბინდი გადაეფარა და იქვე მდგარ ხის სკამზე დაეცა...

გონზე ისევ ქალის ხმამ მოიყვანა, ის სადღაც მარჯვნიდან ისმოდა. დენი მიხვდა, რომ არც ხელის და არც ფეხის განძრევა არ შეეძლო.

– მისტერ დენი, გესმით ჩემი? ყურადღებით მომისმინეთ. აუცილებლად უნდა გაიგოთ, რა ხდება თქვენს თავს და რატომ. შეიძლება, მიხვდით, რომ ღვინოში რაღაც იყო: გრძელი ნემსი და საცობში საჭირო წამლის შეშხაპუნება მარტივზე მარტივი პროცედურაა. მე პროფესიონალი ექთანი ვარ. მარკიზა მერე გავხდი, როცა გავთხოვდი. თქვენ ახლა საავადმყოფოს საწოლზე წევხართ, უფრო სწორად, დაკრული ხართ მასზე, როგორც ჰერბარიუმში – ხოჭო. პირიც აგიკარით, რომ ვერ ილაპარაკოთ. თვალებიც აგიხვიეთ, მხოლოდ მოსმენა შეგიძლიათ... გაინტერესებთ, რატომ გექცევით ასე, ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებთ? მანამდე კი მინდა, გაგაფრთხილოთ. ტყუილად ნუ შეეცდებით, თავი დაიხსნათ. ზონრები, რომლითაც საწოლზე მიგაბით, უმტკიცესი ტყავისაა. საკმაოდ სქელია და გამძლე. ამიტომ ძალები შემოინახეთ. დაგჭირდებათ. ახლა კი მთავარზეც გადავიდეთ. თქვენ წეღან, საუბარში პატარა მექსიკელი გოგონა ახსენეთ, რომელსაც თითქოსდა თქვენი კასკადიორი დაეჯახა. აქ თქვენ ორი უზუსტობა დაუშვით. ჯერ ერთი, ის პატარა გოგონა ესპანელი იყო. ჩემი ექვსი წლის ქალიშვილი, ანა. მანქანის საჭესთან კი თავად იჯექით და არა მისტერ უოლმენი. თქვენ ყველა მოატყუეთ, პრესაც და პოლიციაც, მაგრამ დედის გულის მოტყუება ვერ შეძელით. მე დავიქირავე კერძო დეტექტივი, რომელმაც თქვენზე სრული ინფორმაცია მომაწოდა. ნაძირალა ბრძანდებით, ბატონო ვარსკვლავო! მისტელ უოლმენს ფულს აძლევდით. ისიც თქვენს სისაძაგლეს ხელს აფარებდა, თქვენი განტევების ვაცი იყო, მაგრამ ამჯერად ისიც ვერ გიშველით. თავიდან თვითმხილველები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი სახელგანთქმულმა დენი დეინმა გაიტანა, მაგრამ მერე თქვენმა „აჩრდილმა“ საკუთარ თავზე აიღო დანაშაული. მოწმეებმაც ჩვენება შეცვალეს. მე ეს ამბავი ფეხებზე მკიდია. მთავარია, რომ ახლა აქ ხართ და მე ყველაფერს გავაკეთებ, დანაშაული რომ გაზღვევინოთ. გითხრათ, რა მოგელით? უნდა განგაცდევინოთ ის, რასაც ჩემი საბრალო ანა განიცდის. თქვენ მე ყველაზე საყვარელი არსება წამართვით. ის ჩემი პირველი და უკანასკნელი ბავშვია. შვილი არასოდეს მეყოლება. ანას თავის ქალის უმძიმესი ტრავმა აქვს. ალბათ, სატანამ შეუნარჩუნა სიცოცხლე, წევს გაუნძრევლად. არც ესმის და ვერც ხედავს, ვერც ლაპარაკობს. საცოდავი ექვსი წლის ბავშვი, რომელიც ტიტინით აქაურობას აცოცხლებდა. მისი მდგომარეობა ძალიან ცოტათი განსხვავდება სიკვდილისგან. თქვენც მის ბედს გაიზიარებთ, მისტერ დენი. ხომ უკვე გითხარით, რომ კარგი მედდა ვარ. მოგივლით ისე, როგორც ჩემს ანას უვლიან კლინიკაში. ზღაპრებსაც წაგიკითხავთ, როგორც მას ვუკითხავ, როცა მოსანახულებლად მივდივარ და ზუსტად იმ დღეს მოკვდებით, როცა ჩემი ქალიშვილი დატოვებს ამ ცოდვილ დედამიწას. ექიმმა მითხრა, რომ იმის თქმა, რამდენ ხანს იცოცხლებს კიდევ ანა, შეუძლებელია. ილოცეთ, რომ ეს დღე მალე დადგეს. ისეთ სიცოცხლეს, როგორიც თქვენ გექნებათ, მტერსაც არ ვუსურვებ. მეც მოუთმენლად დაველოდები იმ საღამოს, როცა მოვალ და გეტყვით, რომ ზღაპარი აღარ იქნება... გიყვართ ზღაპრები, მისტერ დეინ?.. არა უშავს, შეეჩვევით...

დენი დეინი შიშის ძრწოლამ მოიცვა, მთელი მისი არსება ყვიროდა და უფალს ევედრებოდა, სასწაული მოეხდინა... იმ დღეს საჭესთან ხომ ნამდვილად უოლმენი იჯდა...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3