ანრი ჯოხაძემ ძველით ახალი წელი ჩვეული ენერგიულობით მოგვილოცა
13 იანვრის ღამეს მომღერალმა ანრი ჯოხაძემ მეგობრები და თაყვანისმცემლები რესტორან „მონოპოლში” შეკრიბა და ძველით ახალი წლის ღამეს ყველამ ერთად იმხიარულა. საღამო ანრის მეგობრებს, მსახიობებს მაკა შალიკაშვილსა და გიორგი გასვიანს მიჰყავდათ. თინა მაღალაშვილის თეთრ კაბაში გამოწყობილი მაკა განსაკუთრებულად ლამაზი იყო. 12 საათის დადგომამდე ანრიმ თავისი რეპერტუარიდან შედარებით უფრო მშვიდი სიმღერები გააჟღერა, 12 საათის შემდეგ კი მან თავისი ენერგიულობით ძალიან იოლად აიყოლია დარბაზი და მას შემდეგ სკამზე აღარავინ დამჯდარა. ანრისთან ერთად ამ დღეს მისი მეგობრებიც მღეროდნენ. მათ შორის იყო ბაქოელი მომღერალი საბინა, რომელმაც არაჩვეულებრივად იმღერა ანრისთან ერთად დუეტში ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ იცის და შემდეგ ერთი სოლოც შეასრულა. თავისი რეპერტუარის გარდა, ანრიმ რამდენიმე მსოფლიო ჰიტიც იმღერა. ანრის მეგობრებიდან სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ნინი შერმადინი, მარკო მეტრეველი, ეკა კვალიაშვილი და სხვები.
სიმღერებს შორის სხვადასხვა საინტერესო პრიზის გათამაშებაც იყო და სტუმრები „მონოპოლიდან” საახალწლო საჩუქრებით წავიდნენ.
ყველა ბედნიერი იყო, რომ ძველით ახალ წელს სწორედ თავის საყვარელ მომღერალთან ერთად შეხვდნენ.