როგორ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მუსიკალური სააგენტოს არტისტი გოგი ჭიჭინაძე და რატომ გადაწყვიტა ყველაზე გავლენიანმა მენეჯერმა საკუთარ პროექტებში მისი დაკავება
როდესაც მისი ხელის მოძრაობას უყურებ, უსმენ საოცარ ჰანგებს, ვერ ხვდები, როგორ გარბის დრო, რომელიც მისი ხელის პირველი მოძრაობიდან იწყება... დაახლოებით ასე ვერ გრძნობ დროს, როდესაც მასთან საუბრობ. ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც საათს დახედავ. ამთავრებ საუბარს, რადგან იცი, ძალიან დაკავებულია. ემშვიდობები და დადებითი ემოციებით დატვირთული მოდიხარ. ის კი კვლავ განაგრძობს მუშაობას – ნაწარმოებებზე, მოსწავლეებთან... მას წინ კიდევ ბევრი აღიარება და წარმატება ელოდება. თუმცა, დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს ყველაზე მეტად საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებებზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს...
გოგი ჭიჭინაძე: კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრას აქვს თავისი საოპერო სტუდია, სადაც სპექტაკლები კეთდება. უკვე 10 წელია, ამ კათედრის ასოცირებული პროფესორი ვარ. ეს ერთადერთია, რაც ჩვენს ქვეყანაში მიტაცებს, რის გაკეთებაც მინდა. საქართველოში არ ვდირიჟორობ. ეს პრინციპული მოსაზრებებით არის განპირობებული. მხოლოდ სტუდენტებთან მუშაობისას არ ვზოგავ თავს. თან, ჩვენ მხოლოდ მუსიკაზე არ ვსაუბრობთ, მილიონი რამ დევს ჩვენს გაკვეთილებში. ვიმედოვნებ, ის თაობა, რომელიც დღეს მოდის, გარდა იმისა, რომ გახდება ნამდვილი პროფესიონალი, შემოქმედი, ასევე გახდება ნამდვილი მოქალაქე, რომელსაც საკუთარი პოზიცია ექნება. ამას აუცილებლად დააფიქსირებს და არ იქნება კომფორმიზმით დაავადებული, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების 99 პროცენტს სჭირს. მოსწავლეების მიმართ უკიდურესად მომთხოვნი ვარ, რადგან მინდა მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გავხსნა, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ. ეს არის საქმე, რომელიც არ შეიძლება, სანახევროდ გააკეთო. მიუხედავად ჩემი სიმკაცრისა, სტუდენტებთან პრობლემა არასდროს მქონია.
რაღაც პერიოდში, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, დეპრესიული მომენტები მქონდა და ამის შემდეგ ვარ არაპუნქტუალური, მაგრამ უფრო მეგობრებთან, ახლობლებთან. კონსერვატორიაშიც ხდება ასე, მაგრამ მერე ამას ათმაგად-ასმაგად ვანაზღაურებ. ხშირად ვერ ვარ კარგად და საერთოდ, დღის დაწყება ძალიან მიჭირს – ეს ფსიქოლოგიური მომენტია... კიდევ მილიონი რაღაცით არის განპირობებული. მაგრამ, ეს ყველაფერი ორკესტრთან ურთიერთობაზე, რეპეტიციებზე არ აისახება. სამაგიეროდ, სხვა რომ აგვიანებს ჩემთან შეხვედრაზე, არ მაღიზიანებს. რასაც ჩემგან არ ვითხოვ, სხვისგანაც არ მოვითხოვ. მეგობრები კი აპროტესტებენ, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობის ხასიათი აქვს. შეიძლება, სხვა რაღაცეებით იმდენი დავიმსახურე, რომ ჩემს დაგვიანებაზე არ აქვთ სერიოზული რეაქცია. სხვა დანარჩენ საკითხებში, რაც შეეხება პრინციპულობას, ადამიანობას, კოლეგიალობას – ამაში საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ.
– თქვენ თქვით, დღის დაწყება მიჭირსო. როგორ იწყება თქვენი დღე, ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, როგორი გრაფიკი გაქვთ, სად ხართ?
– იმაზეა დამოკიდებული სად ვარ. სულ გასტროლები, უამრავი კონცერტი მაქვს. მაღალი კლასის ორკესტრებთან მიწევს მუშაობა. იქ, როცა ხარ, სულ სხვა რაღაც ხდება. ჩვენთან გაღვიძებაც გიჭირს, ცხოვრებაც და ღიმილიც. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მიხარია. ცუდად ვარ და მეგლიჯება გული ამ ყველაფერზე, რასაც ვუყურებ. უცხოეთში ყველაფერი სხვანაირად არის, ღამის 2 საათზე რომ დავწვე, დილის 7 საათზე ისე ვდგები, მგონია, ჩიტივით ვარ. იქ სიცოცხლე გინდა, აბსოლუტურად არაფერზე ფიქრობ, გარდა საქმისა, მუსიკისა და იცი, რომ ნებისმიერი მომდევნო დღე იქნება ძალიან კარგი, ლამაზი. ეს, ალბათ, ერთგვარი ეგოისტური დამალვაა იმ რეალობისგან, რაც შენს სამშობლოშია, იქ რომ ხარ, გგონია, ამ ყველაფერს ცოტა ხნით ივიწყებ...
– ნებისმიერი პროფესია რთულია, მაგრამ ასე მგონია, დირიჟორობა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა.
– დირიჟორობა საშინლად რთულია და ეს რომ თავიდან მცოდნოდა, არ ვიცი, საერთოდ, მოვკიდებდი თუ არა ხელს. არანორმალურად რთული პროფესიაა და კოლოსალური შრომა სჭირდება. უდიდესი ფსიქიკური, ინტელექტუალური დატვირთვაა, შოკური მდგომარეობა, რომელიც რეპეტიციის დროს 4 საათის განმავლობაში გრძელდება. 4 საათის განმავლობაში სხარტად უნდა იმუშაო, 100 კაცი გიზის წინ და ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა. დღეს ბევრია კარგი მუსიკოსი, მაგრამ ერთეულებს აქვთ გადმოცემის უნარი. შეიძლება, ადამიანი შინაგანად ფანტასტიკური იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ მსმენელს დაუვიწყარი ემოცია გადასდო, უნდა გქონდეს უზარმაზარი ველი, დარწმუნების ნიჭი და უნდა შეგეძლოს, ორკესტრს გადასდო ის იდეები, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინა სამუშაო პერიოდია, ის სამუშაო, რომელსაც მე ვატარებ მანამდე, სანამ პირველ რეპეტიციაზე გავდივარ.
– თქვენ თითქმის ორი წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს მუსიკალურ სააგენტოსთან, „ინტერარტის ამსტერდამთან“ თანამშრომლობთ. მიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ერთობლივი მუშაობა.
– ჩემს მეგობარს მევიოლინე ნატო გაბუნიას, პროფესორ ნოდარ გაბუნიას შვილს, ჰქონდა იაპონიაში ჩემი ერთ-ერთი ტურნეს ჩანაწერი და ის აჩვენა ამ სააგენტოს მენეჯერს. ამ დროს საუბარი იყო იმაზე, რომ დღეს იშვიათია კარგი დირიჟორი და მთელ მსოფლიოს ამის პრობლემა აქვს. მენეჯერი დაინტერესდა და ერთ თვეში ჩამოფრინდა ჩემი კონცერტის მოსასმენად ვილნიუსში. რეპეტიციას დაესწრო, აღარ დაელოდა კონცერტს და პირდაპირ შემომთავაზა თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მას შემდეგ, რაც ამ სააგენტოს არტისტი გავხდი, თითქმის 2 წელი გავიდა. მათ ექსკლუზიურად შეუძლიათ, მართონ ჩემი საქმეები. ადრე თუ წელიწადში ერთი ან ორი გასტროლი მქონდა, ახლა, რაც მათი არტისტი გავხდი, ყოველთვე მაქვს მოწვევა სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრებიდან. ვარშავაში მქონდა შოპენის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. ასევე, ვმონაწილეობდი ბილბაოში ფესტივალებში, ტოკიოს ფესტივალში. ისეთ ფანტასტიკურ ორკესტრებთან მიწევს ურთიერთობა, როგორიც არის – ვარშავის სიმფონიური ორკესტრი, ამსტერდამის რადიო-ფილარმონიური ორკესტრი, რომელიც ჰოლანდიაში პირველია, კონცერტგებაუს ორკესტრის შემდეგ. მათთან შევასრულე ურთულესი პროგრამა – პროკოფიევის ხუთაქტიანი ოპერა „ცეცხლოვანი ანგელოზი“. ამ ორკესტრთან თანამშრომლობამ მომიტანა სხვა ორკესტრებიდან შემოთავაზებები. ესენია: გელდერის ორკესტრი, ლიმბურგის ორკესტრი ჰოლანდიაში და პიკარდიის – საფრანგეთში. ცოტა ხნის წინ ვმონაწილეობდი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალში „როკ დანტერონი“. ეს ფესტივალი 30 წელია, ტრადიციულად, ტარდება საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მარსელთან ახლოს. საკონცერტო დარბაზი განთავსებულია ღია ცის ქვეშ, ბილეთები იყიდება 3-4 თვით ადრე და მასში მონაწილეობას იღებენ საუკეთესო პიანისტები. „როკ დანტერონის“ ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, რენე მარტენმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მენეჯერია და ბევრ კონცერტს, ფესტივალს, ღონისძიებას აწყობს, ჩემი გამოსვლის შემდეგ განაცხადა: რასაც მე ვაკეთებ – ფესტივალს, პროექტს, იქ დირიჟორის საკითხი აღარ დადგება, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილიაო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ცოტა ხნის წინ დამირეკეს ამსტერდამის რადიო-ფილარმონიის ორკესტრიდან და მიმიწვიეს კონცერტზე, რომელიც იქნება 2012 წლის სექტემბრის ბოლოს. რაც მთავარია, ამ დონის ორკესტრებთან თანამშრომლობას მოაქვს სხვა ორკესტრების მხრიდან შემოთავაზებები და ასევე, ბევრი კონცერტი. ეს ორკესტრები ტოპ-კლასის ორკესტრებია და მუსიკოსისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ამ ხნის განმავლობაში მომიწია ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან მუშაობა, როგორებიც არიან – პოგორელიჩი, აბდელ რაჰმან ელ ბაჩა, ბრიჟიტ ანჟერერი, ან კეფელეკი, დევიდ ფრეი, ლიზ დე ლა სალი. რაც მთავარია, სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი მაქვს.
– არ გიყვართ თქვენს წარმატებებზე ხმამაღლა საუბარი...
– არა, ძალიან მერიდება. როდესაც სხვა ლაპარაკობს ჩემი თანდასწრებით, ესეც მეუხერხულება. საერთოდ, თბილი მოპყრობით განებივრებული ვარ. მარტოობის პრობლემაც არასდროს მქონია. არც სითბოს ნაკლებობა განმიცდია, პირიქით ზედმეტიც ყოფილა. მაგრამ, ზოგჯერ ისეთ ადგილას აღმოვჩენილვარ, რომ ვერ გამიგია, სად ჩავმძვრალიყავი სირცხვილისგან, თან როცა იცი, რომ შენ მიმართ დამოკიდებულება გულწრფელია. მე არასდროს მერიდებოდა ადამიანების მიმართ სიყვარულის, აღფრთოვანების გამოხატვა. მიყვარს, როცა ადამიანი არის ლამაზი, ნიჭიერი, ღირსეული პიროვნება – კეთილშობილება, შინაგანი სიმდიდრე სახეზე აწერია და ჩემს აღფრთოვანებას ასეთი ადამიანის მიმართ არასდროს ვმალავ. მაგრამ, როდესაც ჩემ შესახებ აღფრთოვანებით საუბრობენ, მაქებენ, ასე მგონია, კანს მაძრობენ. თუმცა, როგორც ყველას, მეც ეს გულის სიღრმეში მსიამოვნებს და ამ დროს სულიერ კმაყოფილებას განვიცდი – რაღაც დავიმსახურე. მაგრამ ვერ ვიტან, როდესაც ტალანტზე, ნიჭზე გაუთავებლად საუბრობენ, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამისთვის არაფერი გამიკეთებია. სამაგიეროდ, როდესაც ამბობენ, აუ, როგორი პროფესიონალია – ეს ძალიან მსიამოვნებს, იმიტომ რომ, ეს ჩემი შრომის შედეგია.
– თქვენ ის თვისებები ჩამოთვალეთ, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ. ქალიც, ალბათ, ამ თვისებების მატარებელი უნდა იყოს.
– გააჩნია, შეიძლება სულ არ გაინტერესებდეს ქალის ნიჭი... თუმცა, როგორ არ გაინტერესებს, იმიტომ რომ უნიჭობა სახეზე აისახება. თოჯინასავით ქალი რომ გიდგას, რომელსაც გადასარევი ნაკვთები აქვს, მაგრამ გამომეტყველება – საშინელი, უემოციო, ცარიელი, ნამდვილად არ მოგინდება მასთან ურთიერთობა. ფეხი, ტანი, სხეულის სხვა ნაწილები მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც შინაგანი რაღაც ძალა, ნიჭი მოდის – დიდი, შინაგანი მომხიბვლელობა, სიმდიდრე, ეროტიზმი, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მერე სულ სხვა თვალები აქვს მას. ჟურნალში რომ დახედავ ლამაზ ქალს, იფიქრებ, – ღმერთო ჩემო, რა სასწაულია, მაგრამ რად გინდა? შეიძლება, რამდენიმე საათით გაცხოველდე, მაგრამ წარმოიდგინე, მერე რა იქნება – საშინელება.