კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აცხობდა მარინა სალუქვაძე ეზოში ტალახის „ტორტს“ და რა ასწავლეს მას ყოფილმა დედამთილებმა

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ტელეწამყვანი მარინა სალუქვაძეა, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო და საყვარელ თემაზე სასაუბროდ ადვილად დამთანხმდა, რამაც ძალიან გამახარა. აღმოჩნდა, რომ მესამე კლასში ყოფნისას „ჩიტის რძე“ გამოუცხვია და სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან უყვარს.

– ქალბატონო მარინა, როგორ ფიქრობთ, საქმიანი, წარმატებული ქალისთვის აუცილებელია, კარგი დიასახლისიც იყოს? ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს?

– რა ვიცი, აბა, გააჩნია... მე საკმაოდ ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი. დედამ და ბებიამ ისე აღმზარდეს, ისე მიმაჩვიეს, რომ ქალმა სახლის საქმეც კარგად უნდა იცოდეს. სადილის კეთებაც ვიცი, ნამცხვრებისა და ტორტების ცხობაც, სახლის დალაგებაც და რეცხვაც მშვენივრად მეხერხება. შეიძლება, დღე და ღამე ეს არ ვაკეთო და, თუ დამხმარეა საჭირო, დავიხმარო, მაგრამ, ძალიან მიყვარს სადილების კეთება და დიასახლისობა. რაც უფრო მეტი გეცოდინება, მით უფრო მდიდარი ხარ. რასაკვირველია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მიმაჩნია, რომ ქალმა ყველაფერი უნდა იცოდეს.

– საახალწლოდ როგორ ემზადებით ხოლმე? მარტო დიასახლისობთ?

– არა, საახალწლოდ, ტრადიციულად: ყველანი დედასთან ვიკრიბებით – მე, ჩემი და, მთელი ჩვენი ოჯახი. საახალწლო სუფრის სამზადისს მე, დედა და ჩემი და ვინაწილებთ. სიმართლე გითხრათ, ძირითადად დედა არის ხოლმე დატვირთული. მივდივართ დედასთან ჩვენ-ჩვენი ნამზადით, ახალ წელს იქ ვხვდებით და მერე უკან მოგვაქვს ხოლმე (იცინის).

– რომელი საახალწლო კერძი გიყვართ ან რომელი გამოგდით ყველაზე უკეთ?

– რა ვიცი, საერთოდ, მიყვარს საახალწლო სუფრა. სიმართლე რომ გითხრა, საცივზე არ ვგიჟდები, მაგრამ თვითონ დღესასწაული მიყვარს, უხვი სუფრა მომწონს. მიყვარს აღდგომა, მარიამობა, დღესასწაულები. ჩემი პრეროგატივა საახალწლო ნამცხვრებისა და ტორტების ცხობაა, მიყვარს ნიგვზის ტორტი და ამ დღესასწაულისთვის ვამზადებ ხოლმე. მე თვითონ გურმანი ვარ. ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, ოღონდ, ტოლმასა და გუფთას ვერ ვიტანდი, ახლაც ასე ვარ, სუნსაც კი ვერ ვიტან.

– სამზარეულოში ტრიალი ხშირად გიწევთ?

– გააჩნია დღეს და საჭიროებას. თუ სტუმრები მყავს, კარგად ვემზადები და კერძებსაც ვამზადებ, თუ მარტო ვარ, ჩემთვის თავს დიდად არ ვიწუხებ ხოლმე. სტუმრები ძალიან მიყვარს და ხშირადაც მყავს. კიდევ ვამბობ: მიყვარს დიასახლისი მეუღლისთვის, შვილებისთვის, სტუმრებისთვის რომ ფუსფუსებს სამზარეულოში.

– პირველად რა მოამზადეთ და როდის?

– ტალახის „ტორტი“ – ეზოში, სათამაშო სათლით. (იცინის). მესამე კლასში გამოვაცხვე ნამცხვარი „ჩიტის რძე“.

– როგორ ფიქრობთ, მზარეულობა და დიასახლისობა კარგად გამოგდით?

– არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კარგი ხელი მაქვს, ყველაზე უკეთ სააღდგომო კულიჩი გამომდის, კარგად ვაკეთებ „ცეზარსაც“ – ჩემი რეცეპტი მაქვს. ეს გენეტიკაზეცაა დამოკიდებული, ცოტა ნიჭზეც. დედასაც და ბებიასაც კარგი ხელი ჰქონდათ. დედასგან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა, სურვილი გამიჩნდა, ეს ცოდნა უფრო გამეღრმავებინა და დამეხვეწა. ჩემმა ყოფილმა დედამთილებმაც ბევრი რამ მასწავლეს...

– მინდოდა, მეკითხა და დამასწარით, მაინც, რა ისწავლეთ ყოფილი დედამთილებისგან?

– მაგალითად, ჩემი პირველი დედამთილისგან ვისწავლე მეგრული ღომის, ელარჯის, სვანური ჭვიშტარის გაკეთება. თვითონ ძალიან გემრიელად ამზადებდა. ჭვიშტარს, ტორტივით, ღუმელში ვათავსებ და ვაცხობ (იცინის). მეორე დედამთილიც არაჩვეულებრივი კულინარი იყო. მისგან ვისწავლე პომიდვრიანი ბაჟე და ბროწეულის ბაჟე. გაგისინჯავთ ოდესმე?

– სიმართლე გითხრათ, არა. რომელი კუთხის კერძია?

– დასავლური, იმერული.

– როგორც ვიცი, გურული ხართ. გურული სამზარეულო თუ გიყვართ? როგორი მზარეულები არიან გურული ქალები?

– ძალიან მიყვარს გურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ღარიბი კუთხეა. გურულებს კეთილი გული და არაჩვეულებრივი იუმორი აქვთ და ხშირად ხუმრობენ ხოლმე – თხილისა და კეჟერა მხლის გარდა არაფერი მოდისო. სიღარიბის მიუხედავად, ძალიან გულუხვი მასპინძლები არიან – რაც აქვთ, ყველაფერს გამოგიტანენ. ნებისმიერ კუთხეს აქვს თავისი ხიბლი და ყველა კუთხე ძალიან მიყვარს. ისე, გემრიელი კერძების მომზადების ნიჭი მაინცდამაინც კუთხეზე არ არის დამოკიდებული, ყველა მხარის ქალები თავისებურად კარგად ამზადებენ. პრინციპში, მე უკვე მესამე თაობის თბილისელი ვარ და ყველა კუთხიდან ცოტ-ცოტა მაქვს აღებული. სამწუხაროდ, გურიაში ხშირად ვერ ჩავდივარ. იქ სახლიც კი აღარ გვაქვს, მხოლოდ გავლით თუ მოვხვდები ხოლმე. ჩემი რეპრესირებული ბებია და ბაბუაც კი თბილისში ცხოვრობდნენ, იქ მხოლოდ ნათესავები გვყავს.

– კალანდაზე თუ ყოფილხართ გურიაში?

– არა, მაგრამ, ყველაფერი წინ არის.

– საახალწლოდ რამე გურულს თუ ამზადებთ ხოლმე? აი, ცნობილ გურულ ღვეზელს, მაგალითად?

– გამიგია, რომ ამ ღვეზელს გურიაში „მუცლის ლოცვას“ უწოდებენ (იცინის). მე არა, დედაჩემი აცხობს გადასარევად – ეს მისი პრეროგატივაა და რატომ შევეცილო?

– საოჯახო საქმეებიდან რომელს ვერ იტანთ?

– დაუთოებას ვერ ვიტან საშინლად, დანარჩენებს ასე თუ ისე ვეგუები, ძალიან მიყვარს სუფრის მორთვა-გაწყობა.

– ბაზარში თუ დადიხართ, ფასებზე ხომ არ წუწუნებთ ხოლმე და თუ იცით, როგორ უნდა აარჩიოთ კარგი პროდუქტი?

– ადრე უფრო დავდიოდი. თუმცა, ახლაც დავდივარ, ძირითადად, საბურთალოს ბაზარში, „დეზერტირებშიც“ ვყოფილვარ, ნავთლუღში კი, სიმართლე გითხრათ – არა. ფასზე არ ვევაჭრები, არ ვარ ეგეთი ტიპი. მთავარია, პროდუქტი გარეგნულად მომეწონოს. არჩევა, რა თქმა უნდა, ვიცი, უკვე მაქვს გამოცდილება. პროდუქტს ძირითადად ქართულს ვყიდულობ. მომიტევონ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებმა, მაგრამ, მათ მოყვანილს ისეთი გემო არ აქვს.

– პრეტენზიული მყიდველი ხართ?

– გურული კი ვარ, მაგრამ, არ ვარ პრეტენზიული და მეწვრილმანე, ჩხუბი და ასეთი რამ არ მახასიათებს. ერთადერთხელ შევესწარი სუპერმარკეტში, რომ ბიჭმა ძირს დაგდებული ნამცხვარი უკან დადო და საშინლად აღვშფოთდი.

– უცხოური კერძების მომზადება გიცდიათ?

– ერთხელ ვცადე ჩინური კერძის მომზადება ქართული პროდუქტით და იმდენი არაქისი ვუყავი, კინაღამ კბილები ჩავიმტვრიე. სუშის და ინდური კერძების მომზადება არ მიცდია.

– ხაჭაპურს კარგად აცხობთ? ხინკლის მოხვევა თუ იცით?

– ყველანაირი ხაჭაპური ვიცი. ხინკლის მოხვევა ერთი ჩემი მეგობრის დედამ უნდა მასწავლოს, შემპირდა. მთიული ქალია.

– სარეცხს ხელით რეცხავთ? ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ?

– ვრეცხავ ხელით. სარეცხი მანქანა დედასთანაა და როცა ბევრი მიგროვდება, იქ მიმაქვს ხოლმე. ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ მაქვს – ფართი არ მიწყობს ხელს. ცივ წყალშიც ხშირად გამირეცხავს.

– ეგრეთ წოდებულ „გენერალურ უბორკას“ მარტო აკეთებთ?

– არა, რატომ, დამხმარე ხომ მყავს? ისე, ცოცხთანაც „ვმეგობრობ“, მტვერსასრუტთანაც და ტილოებთანაც.

– რით რეცხავთ? მათეთრებელს ხმარობთ?

– ახლა „პერვოლს“. ისე, სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. ამოჩემებული ბრენდი არ მაქვს, შევდივარ სუპერმარკეტში და დანიშნულების მიხედვით ვყიდულობ საწმენდსაც, სარეცხსაც, საპრიალებელსაც. მათეთრებელს „ვენიშს“ ვხმარობ, ადრე „ასს“ ვხმარობდი.

– ქსოვა, ქარგვა და კერვა იცით?

– კერვა მიყვარს, ქსოვას კი ვერ ვიტან, ნერვებს მიშლის და ბოლომდე ვერ მიმყავს. კერვით კარგად ვკერავ, ჩემს შვილს საახალწლო კარნავალისთვის კოსტიუმი შევუკერე. ქარგვაც ვიცი.


скачать dle 11.3