როდის ხდება მოულოდნელობები ნიკუშა ბახტაძის ცხოვრებაში და ვინ ამუშავებდა მას დღეში თვრამეტ საათს
„სეზონის“ სატელევიზიო ჩვენების შედეგად ფილმის ნახვის საშუალება მთელ საქართველოს მიეცა. გამოხმაურება ბევრნაირი იყო – კრიტიკაც და შექებაც. მეც მეორე მხარეს ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვნახეთ ფილმი, სადაც კადრი კადრს ჰგავს, არის ჩანაფიქრი, იდეა და მისი ხარისხიანი განხორციელება. ფილმის შემდეგ „გადარჩენილთან“ ინტერვიუ, ალბათ, ყველაზე ლოგიკური იყო. როგორია ნიკუშა ბახტაძის არამსახიობური ცხოვრება, ამას ქვემოთ წაიკითხავთ.
ნიკუშა ბახტაძე: დავიბადე თბილისში, დავამთავრე ქართული სასწავლებელი, იგივე 34-ე სკოლა. გადასარევი ბავშვი ვიყავი, ხუთოსნიდან ათოსანში გარდამავალ პერიოდში მომიწია სწავლა. ჩავაბარე ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში საბანკო საქმეზე და დავამთავრე. აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი მქონდა – არავის უთქვამს ეს პერსპექტიულია, კარგია, გამოგადგებაო.
– რატომ არის თქვენი თაობა „ბანკების თაობა“?
– ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს – საქართველოში მეტი არაფერი არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, უმრავლესობა ბანკში მსახურობს. სხვათა შორის, ბავშვობიდან ვსრიალებდი თხილამურებით, მაგრამ იმ პერიოდში თავი დავანებე. თუმცა თხილამურები მაინც ჩემი ცხოვრების ნაწილად დარჩა. ვიყავი საქართველოს ჩემპიონი და უცხოეთშიც ძალიან ბევრ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. პროფესიულ დონეზე მოთხილამურეობასაც იმიტომ დავანებე თავი, რომ ეს საქართველოა და ამ სპორტსაც ისევე ექცევა ყურადღება, როგორც სხვა დანარჩენს. ძვირად ღირებული სპორტია, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ყველაფერი – ეკიპირებიდან დაწყებული, ვარჯიშით დამთავრებული. ერთი სიტყვით, დავანებე თავი სპორტს და თავიდან ბოლომდე სწავლას მივხედე. მერე მოვხვდი „პროკრედიტ ბანკში.“ ბანკიდან ჩვენთან უნივერსიტეტში იყვნენ მოსულები სტუდენტების შესარჩევად და შიდა კონკურსი ჩაატარეს, სადაც ჩემმა ჯგუფმა გაიმარჯვა. რამდენიმე ადამიანი აგვიყვანეს სტაჟირებაზე, შემდეგ დაგვტოვეს და, უკვე ოთხი წელია, „პროკრედიტ ბანკში“ ვმუშაობ.
– კონკრეტულად რას აკეთებ?
– საკრედიტო ექსპერტი ვარ. ვაფასებ ბიზნესს – გადამხდელუნარიანია თუ არა, შეძლებს თუ არა კრედიტის ვადებში დაფარვას.
– ფილმში მოხვედრა, ალბათ, დიდი გაუგებრობა იყო შენთვის. ადამიანი ყოველ დილით პატიოსნად მიდიხარ სამსახურში და იქიდან 6-7 საათზე ბრუნდები.
– ფილმში სრულიად შემთხვევით მოვხვდი: ეძებდნენ გმირს. ფილმის პროდიუსერმა ერთ ჩემს მეგობარს ჰკითხა, ხომ არ იცნობ ისეთ ვინმეს, რომელიც, შეიძლება, ფილმში გადავიღოთო. მან დამირეკა და მთხოვა, იქნებ მოხვიდეთ, ფილმს ვიღებთ და გვინდა დაგელაპარაკოთო. მეც გავრისკე. ალბათ, ყველას აინტერესებს, რა ხდება კინოსამყაროში, როგორია სამუშაო პროცესი, შიგნით რა ხდება. ისე, ბავშვობაში არასდროს მიოცნებია მსახიობობაზე და არც მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე ფილმში გადამიღებდა. მივედი და დამხვდა ორი ახლობელი ადამიანი, ერთ-ერთი იყო პროდიუსერი სანდრო გაბელაია. გავისაუბრეთ და დამამტკიცეს როლზე. მითხრეს, რომ გადაღებები ბათუმში უნდა ყოფილიყო და მესამე დღესვე უკვე უნდა ჩავსულიყავი იქ. ყველაფერი მზად დამხვდა, მხოლოდ ჩემი როლის საკითხი იყო გადასაწყვეტი – რაღაც პრობლემა ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. გადამღები ჯგუფი წავიდა მეორე დღეს და მერე მეც ჩავედი.
– სამსახურში პრობლემა არ გქონდა?
– არა, გაგებით შეხვდნენ და დიდი მადლობა „პროკრედიტ ბანკს“ ამისთვის. ბათუმში გადაღებები თავიდან ძალიან მაგარი იყო. ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე, თუნდაც ის, რომ ფილმს ზედაპირულად აღარ ვუყურებ და კრიტიკით აღარ გამოვდივარ. ყოველთვის ჯობია ობიექტურად შევაფასოთ ფილმი.
– კიდევ, ალბათ, ისწავლე კადრების ცნობა – რომელია „კრანიდან“ გადაღებული, რომელი – რელსით...
– (იცინის) კი, ზუსტად. უკვე ტექნიკური კუთხითაც ვხვდები, რა ხდება. შეიძლება, ჩვენი ფილმი სრულყოფილი არ არის, მაგრამ, გადამღებმა ჯგუფმა მაქსიმალური და იმაზე მეტიც შეძლო.
– თავიდან კარგი იყოო, ახსენე. რა, მერე მოგბეზრდა?
– არა, კი არ მომბეზრდა, კინაღამ დავიხოცეთ. დღეში 12-18 საათი ვმუშაობდით და საშინლად ვიღლებოდით. იქ მივხვდი, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ჩვეულებრივი და შემოქმედებითი ცხოვრება. იქ არ არის არც დრო, არც საათი, არის მხოლოდ მუშაობა, სანამ არ დაეცემი. მოგიყვები, როგორი გრაფიკი გვქონდა: დილის 6 საათზე ვდგებოდით, ვიწყებდით გადაღებას და ღამის 10 საათამდე მიმდინარეობდა პროცესი. შიგადაშიგ, რა თქმა უნდა, ვჭამდით კიდეც, ცოტას ვისვენებდით, ლოკაციებს ვიცვლიდით, მაგრამ რეჟიმი ასეთი იყო. ერთხელ ცუდი ამინდის გამო დავისვენეთ ნახევარი დღე და ძალიან ტკბილად მახსოვს (იცინის).
– როგორც მივხვდი, ბევრი რაღაც შენს ცხოვრებაში შემთხვევითობას უკავშირდება.
– ასეა. გამართლების მომენტი, ალბათ, ბავშვობიდან მომყვება. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრებითა და ბედით. ცხოვრების ძირითადი ნაწილი მაინც გეგმაზომიერად მიდის, თუმცა, ხდება ისეთი რაღაცეებიც, რაც თითქოს ჩემთან არაფერ შუაშია, რაღაც უცნაურობებიც არის. ერთადერთი, ველოდები, რომ მილიონი დამეცეს თავში, მაგრამ, ჯერჯერობით ეს არ მოხდა.
– რომ ელოდები, იმიტომ არ ხდება.
– შეიძლება. „ლოტოს“ არ ვთამაშობ და რანაირად დამეცემა მილიონები? ისე, ზომიერად აზარტული ვარ, წაგება არ მიყვარს. აქედან გამომდინარე, ვთამაშობ იმას, მოგებაშიც დარწმუნებული რომ ვარ, ყოველ შემთხვევაში, ორმოცდაათ პროცენტზე ცოტა მეტით მაინც უნდა ვიცოდე, რომ მოვიგებ. ეს თვისება, ალბათ, სპორტიდან გამომდინარე მაქვს.
– ურთიერთობებში რამდენად აზარტული ხარ?
– ზომიერად. გააჩნია, სიტუაციას და რა კუთხით უდგები ადამიანს. ზოგჯერ შესაძლებელია, ვიღაცის „არა“ „კიმდე“ მიიყვანო. ალბათ, ეს მეც შემიძლია.
– ჰგავხარ შენს გმირს?
– რაღაც თვისებებით, ალბათ, ვგავარ. ფილმში თამაში ალბათ იმიტომაც არ გამიჭირდა, რომ ძალიან კარგად იყო ტიპაჟები შერჩეული. ზუსტად ასეთი არ ვარ, მაგრამ, მსგავსებასაც ვპოულობ. დანებება არც მე მიყვარს და ყოველთვის ყველაფერი ბოლომდე მიმყავს. მგავს იმითაც, რომ ისიც რაღაცეებს მარტო წყვეტს და აკეთებს და მეც პრობლემის გადაჭრა მარტოს მიყვარს.
– „მარტო ტიპი“ ხარ? „მარტოხელა მგელი“ თუ როგორ უწოდებენ?
– არა, „მარტო ტიპი“ არ ვარ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფაქტის წინაშე გადაწყვეტილების მიღება და რაღაცის გაკეთება მაინც თვითონ მიწევს. ჩემი მეგობრების, ოჯახის, ახლობლების გარეშე არაფერი მინდა, სულ მათ გარშემო ვტრიალებ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ესა თუ ის პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება და იქ ათი თავი ვერ გიშველის.
– შენ იპოვიდი შენს შეყვარებულს მიტოვებულ ქალაქში?
– ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად დავიწყებდი ძებნას. თუ იქიდან გაღწევას ვერ მოვახერხებდი, მას მაინც ვიპოვიდი, მით უმეტეს, როცა მეცოდინებოდა, რომ იქაა. ფილმზე მინდა კიდევ ვთქვა, რომ, იდეა იყო ძალიან კარგი და გაამართლა. შეიძლება, რაღაც ახალი ფილოსოფია არ მოგვიგონია და აღმოგვიჩენია, მაგრამ, რაღაც დეტალები გავაერთიანეთ და ადამიანები, რომლებიც ამ ფილმს ნახავენ, ძალიან ბევრ ნიუანსში საკუთარ თავს აღმოაჩენენ. რაღაც მომენტში ყველა ვხედავთ ჩვენს ბნელ მხარეებს, გვინდა თუ არა ამისთვის თვალის გასწორება. როდესაც ადამიანი სტრესული მდგომარეობის ქვეშ ხვდება, სხვადასხვანაირად იქცევა: არის კატეგორია, რომელიც ბრძოლას განაგრძობს და არიან ისეთებიც, რომლებიც ეგუებიან ან ბოროტდებიან. ჩვეულებრივი ადამიანური, ზოგჯერ მტაცებლური თვისებები იღვიძებს იმ სიტუაციაში, რომელსაც ვერ ვმართავთ.
– „ხლებცი“ და „სგუშონკა“ არ გეზიზღება?
– მეზიზღება. ძალიან ბევრი ვჭამე და იმის მერე ერთხელაც კი არ მიჭამია არც ერთი. (იცინის). სხვათა შორის, იქ მშიერს ძალიან მეგემრიელა, მაგრამ მერე იმდენის ჭამა მომიწია, რომ დანახვაზეც კი ცუდად ვიყავი.
– რა გიყვარს, რა გიტაცებს ყველაზე მეტად?
– ჩემი ცხოვრების ნაწილი ისევ თხილამურებია. ვერ გადმოვცემ იმ განცდას, რასაც დაშვების დროს ვგრძნობ. ამ სიამოვნებას მხოლოდ მოტოციკლის ადრენალინს შევადარებ. თხილამურებზე და მოტოციკლებზე ვარ შეყვარებული და მათ გარეშე ძალიან გამიჭირდება ცხოვრება. მოტოციკლეტზე არასდროს ვჯდარვარ უკან. ამბობენ, მოტოციკლი მოსიარულე კუბოაო და ხელი მაინც ხომ უნდა გეკიდოს. სხვა რომ მართავს შენ სიცოცხლეს, ძალიან ცუდი შეგრძნებაა (იცინის).
– დალევა გიყვარს?
– ღვინო, დუდუკი, ქალები?! მიყვარს დალევა, ტრადიციული ქართული სუფრა. ყველანაირი სასმელი მიყვარს, გარდა ტკბილი კოქტეილებისა. ლიქიორები და „ამარეტოებიც“ არ მომწონს. მიყვარს ღვინო, არაყი, კონიაკი და ამათ შემდეგ – ვისკი. ძალიან კარგი სიმთვრალე მაქვს და არავის უწუწუნია იმასთან დაკავშირებით, რომ გავაპათოლოგე...
– ასფალტზე არავისთვის დაგიწერია სიმთვრალეში „მიყვარხარ“?
– არა, ასეთ ბანალურ რაღაცეებს არ ვაკეთებ, მაგრამ, რაღაც გიჟობები გამიკეთებია, მიყვარს ასეთი ამბები. ოღონდ, ახლა არ მკითხო, რაო, არც მახსოვს და არც მოგიყვები. სიმთვრალე მაქვს ძალიან კარგი: ვარ თბილი, ტკბილი და საყვარელი. კეთილი ვხდები. მართლა ძალიან უნდა ეცადოს ვიღაც, რომ გამაპათოლოგებინოს.
– რა გეგმები გაქვს? კინო დამთავრდა?
– არ დამთავრებულა. დავთანხმდები, თუ რამე კარგი შემოთავაზება იქნება, თუმცა, არ მგონია, ამ სფეროში გადავინაცვლო და კარიერის გაკეთება ვცადო, ჩვენ ოთხიდან ერთი მაინც, კონკრეტულად – ჯეჯი, ძალიან მაგარი სახეა ქართულ კინოში და მისი იმედი მაქვს. მართლა უნიჭიერესი ადამიანია, დიდი მსახიობი და ოდესმე ვიამაყებ, რომ მის პირველ სერიოზულ კინოში მისი პარტნიორი ვარ.