რატომ ვერ დაეხმარება საქართველოს სახელმწიფო ომებში თავისი ნებით წასულ პირებს და რატომ ამბობენ მათ სამედიცინო მომსახურებაზე უარს სადაზღვევო კომპანიები
მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლამდეც საქართველოს მოქალაქეები ვიყავით და მას შემდეგაც ასეთებად დავრჩით, აშკარაა, რომ 2003 მაინც ერთგვარი წყალგამყოფია: მათდამი, ვინც ამ თარიღის შემდეგ ემსახურა სამშობლოს, განსხვავებული მიდგომაა (უპირატესად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იგულისხმებიან). ხოლო, რაკი ვეტერანთა აქციამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გააშიშვლა, სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, რას ამბობს დასავლური გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარებისას.
– თუ ვედრებით და ფაქტია, რომ ვედრებით, როგორი დამოკიდებულება აქვთ ცივილიზებულ სამყაროში სამხედროებისა და ომში მონაწილეებისადმი?
– ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიცია სამხედროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნეში შეიარაღებულ ძალებში სამსახური არის პროფესია და მიიჩნევა ერთ-ერთ სამსახურად. მაგალითად, როდესაც გერმანელ ოფიცერს ეკითხები, რატომ არის ჯარში, ის არ ამბობს, რომ სამშობლოსა და მაღალი იდეალების გამო. ის ამბობს, რომ უბრალოდ ეს არის კარგი სამსახური, იღებს მაღალ ანაზღაურებას და თავისი კარიერის ნებისმიერ საფეხურზე დაწინაურებას განიხილავს იმის მიხედვით, რამდენადაა ეს მისთვის ხელსაყრელი. სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა სხვადასხვანაირად ხდება, რა თქმა უნდა, უპირველესია ხელშეკრულება. როდესაც ჯარში მიდის ადამიანი, მან წინასწარ იცის, რას სთავაზობს მას შეიარაღებული ძალები, ცალკეული შეღავათებით დაწყებული და ეს არ ჰგავს საბჭოთა არმიის ოფიცრის შეღავათებს.
– მე არ ვიცი, რა შეღავათები ჰქონდა საბჭოთა ოფიცერს. ეჭვი მაქვს, არც მკითხველმა?
– მაგალითად, გერმანელი ოფიცერი, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, არ იღებს ამის გამო ბინას. მას შეუძლია, იცხოვროს უწყებრივ ბინაში, ოღონდ ჩვეულებრივ იხდის ქირას. საბჭოთა ოფიცერი კი მთლიანად სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული: სახელმწიფო უხდიდა ბინისა და კვების ფულს. ის სამოქალაქო დიპლომსაც იღებდა, მაგრამ საბჭოთა ოფიცრის ძირითადი განათლება მაინც სამხედრო იყო. თუ ის დაამთავრებდა სამხედრო სამსახურს, იღებდა პენსიას, რომელიც გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სამოქალაქო პირის პენსია. აქედან გამომდინარე, საბჭოთა პერიოდში ნებისმიერ სამხედროს უჭირდა სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირება. ამიტომ, თუ მასობრივი შემცირება ხდებოდა, ის ადამიანები ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ მაღალი პენსიით. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს: სამხედროები პენსიას იღებენ იმისდა მიხედვით, თუ როგორაა მოწყობილი ამა თუ იმ ქვეყანაში საპენსიო უზრუნველყოფა. სამხედრო ან თავად აგროვებს საპენსიო თანხას თავისი ხელფასიდან, რასაც ემატება გარანტირებული პენსია ერთიანი ტარიფით. ამდენად, შესაძლოა, განყოფილების უფროსსა და ოცეულის მეთაურს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სამოქალაქო პირია და მეორე – სამხედრო. დასავლეთში სამხედრო არის მოქალაქე უნიფორმაში და უნიფორმაში ყოფნისთვის მას აქვს დამატებით კვების, ტრანსპორტირების ფული; ამას გარდა, თუ საღამოს ან დასვენების დღეებში სწავლობს, ამისთვის დამატებით ხელფასს იღებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი. განსხვავებული სიტუაციაა სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით: სამხედროს დაზღვევა შესაძლოა, თავის თავზე აიღოს სახელმწიფომ ან მთლიანად უწყებამ უზრუნველყოს სამხედროსა და მისი ოჯახის წევრების დაზღვევა დამატებითი ფინანსური ანაზღაურების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, სამხედროს შეღავათი არის ის, რომ მის სოციალურ დაცვას თავის თავზე იღებს სახელმწიფო. ისევე, როგორც სამხედროს განათლების ხარჯებს.
– სამოქალაქო განათლებისაც?
– სამხედრო განათლების მიცემა თავისთავად იგულისხმება, მაგრამ, თუ სამხედრო პირს სამოქალაქო განათლების მიღება უნდა და ის თავად ირჩევს პროფესიას, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბევრ თავდაცვის უწყებას თავისი სამოქალაქო ინსტიტუტები აქვს. იქ ოფიცერი ფორმას იხდის და სწავლობს, როგორც სამოქალაქო პირი.
– პარალელურად, თუ სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ?
– არსებობს ასეთი სტანდარტი: თავისი კარიერის 30 პროცენტი ნებისმიერმა ოფიცერმა სასწავლო დაწესებულებებში უნდა გაატაროს და ეს 30 პროცენტი ნაწილდება სამოქალაქო და სამხედრო სწავლებებზე. იქ ისე არ არის, რომ, რადგან გაერთიანებული შტაბის უფროსი შენი ნათესავია, ნებისმიერ თანამდებობაზე დაგნიშნავენ. დასავლეთის ქვეყნებში ნებისმიერ სამხედრო თანამდებობას აქვს თავისი ცენზი.
– ღმერთმა ყველა სამხედრო დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ სოციალური დაცვის როგორი მექანიზმები ერთვება დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში?
– ადამიანი, როდესაც მიდის ჯარში, ან ჩვეულებრივ ამთავრებს სამსახურს და გადის პენსიაზე, ან ჯანმრთელობას იზიანებს, ან იღუპება. ამ ბოლო ორ შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს სოციალურ დაცვის ვალდებულებებს.
– რა ოდენობით?
– ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას შეიარაღებულ ძალებში. როდესაც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აქვთ დეფიციტი, ბუნებრივია, მაშინ სახელმწიფო მეტ შეღავათს სთავაზობს სამხედროებს, თუ მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, სახელმწიფოც ნაკლებს სთავაზობს. მაგრამ, ძირითადად, არსი შემდეგნაირია: დაღუპული სამხედროს წინაშე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას – ქვრივის მიმართ სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, თუ ოჯახის მარჩენალი იყო, იმ ოჯახის წინაშე იღებს ვალდებულებას იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც დაღუპულ სამხედროს შეჰქონდა თანხა. თუ ბავშვებიც დარჩა, სახელმწიფო თავსი თავზე იღებს სრულწლოვანებამდე მათ ყველა სოციალურ გარანტიას და ამას გარდა, ბავშვები იღებენ შეღავათსაც, ქვრივი კი სიცოცხლის ბოლომდე იგივე ოდენობით იღებს თანხას სახელმწიფოსგან, რაც მის სამხედრო მეუღლეს ჰქონდა. თუ სამხედრო პირი დაიჭრება და შრომისუუნარო აღმოჩნდება, სახელმწიფო მას ყოველმხრივ უზრუნველყოფს სიცოცხლის ბოლომდე და დამატებით თავის თავზე იღებს იმ ხარჯებს, რომლებიც საჭიროა უუნარობით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად, მაგალითად, თუ დასჭირდა მომვლელი და ასე შემდეგ. ჯანმრთელები კი სამხედრო სამსახურის ამოწურვის შემდეგ მიდიან სახლში და იღებენ საპენსიო უზრუნველყოფას.
– ჩვენთან გადიოდა ტელევიზიით სარეკლამო რგოლი, რომელიც შეეხებოდა ოფიცრის კარიერას, რომლის მეშვეობითაც სთავაზობდნენ ოფიცრობის მსურველებს დაზღვევას, კარიერულ წინსვლასა და ინგლისური ენის შესწავლას. მეორე მხრივ, ვიცით, რომ სახელმწიფო, ძირითადად, ასაფლავებს ხოლმე დაღუპულებს და დასახიჩრებულების მკურნალობის ხარჯებს იღებს თავის თავზე.
– ძირითადი პრინციპები ჩადებულია, ოღონდ ხარისხი და მოცულობაა ძალიან დაბალი. საერთოდ, ოფიცერი და ჯარისკაცი განსხვავებული ფენომენია. ჯარისკაცი იმსახურებს და წავა, ოფიცერი კი ჯარში რჩება. ასე რომ, ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩადებული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გარანტიები და ეს ხელშეკრულება არ უნდა იყოს ფარატინა ქაღალდი. როგორც წესი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ რა უღირს ერთი პროფესიონალი. სახელმწიფო არ უნდა გამოდიოდეს მყიდველის სახით, რომ იყიდოს ის, რაც იაფია. თავდაცვის უწყებამ უნდა განსაზღვროს, რამდენი უღირს ერთი პროფესიონალი ოფიცერი და ამის მიხედვით გამოიმუშაოს პოლიტიკა. მაგალითად, ერთი პროფესიონალი წელიწადში მიღირს 100 000, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნამდვილი პროფესიონალი იქნება. ამ შემთხვევაში სოციალური უზრუნველყოფაც დალაგდება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საბჭოთა ინერცია გრძელდება, როდესაც მიღებული იყო, რომ ომის მონაწილეები იღებდნენ სოციალურ შეღავათებს. არადა სახელმწიფოსგან სოციალურ უზუნველყოფას უნდა იღებდეს ის ადამიანი, რომელიც ომში დაზიანდა ან დაიღუპა. ვინც ომში უბრალოდ მონაწილეობა მიიღო და გადარჩა, მან შეიძლება, მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია.
– მაგალითად, პირადად ჩემს სადაზღვევო პაკეტში მითითებულია, რომ ჩემი სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ომში მოხალისედ წასვლის შედეგად მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯებს. ანუ არ წახვიდეთ სამშობლოს დასაცავად, თორემ ერთ ტკივილგამაყუჩებელსაც არ გაგიკეთებთო?! ეს მართებული მიდგომაა? სახელმწიფოს არ უნდა ჩემი სოციალური დაცვა, თუ ჩემი ნებით მივიღე მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, სადაზღვევო კომპანია კი არ მინაზღაურებს მკურნალობის ხარჯს?
– ჩვენ შეგვეძლო, რომ თავდაცვის უწყებას დაედო ხელშეკრულება რომელიმე კერძო ფირმასთან, რომელიც თავის თავზე აიღებდა ომში მონაწილეთა დაზღვევას დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში, თუმცა ეს ძალიან ძვირი დაჯდებოდა.
– 2008 წლის ომში მონაწილეობა მიიღეს რეზერვისტებმაც, ნაწილი დაიჭრა, ნაწილი დაიღუპა. მათი სოციალური დაცვა ვინ აიღო თავის თავზე?
– საერთოდ, ჯობია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს რაღაც სტანდარტი: დაღუპვის შემთხვევაში, გაიცეს საკომპენსაციო თანხა, დაიფაროს დაკრძალვის ხარჯები და ოჯახის წევრებს მიეცეთ ყოველთვიურად თანხა იმ ხელფასის ოდენობით, რასაც დაღუპული იღებდა. რაც შეეხება რეზერვისტებსა და მოხალისეებს: ისინი, როგორც კი გამოცხადდებიან, უკვე სამხედრო პირები არიან.
– ესე იგი, თუ ისინი გამოიძახეს, უკვე სამხედრო პირები არიან?
– როდესაც ჯარში დაიწერება ბრძანება და ადამიანი განაწილდება ამა თუ იმ სამხედრო ნაწილში, ის უკვე სამხედრო პირია.
– 2008 წელს მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იქნებოდა აღრიცხვიანობა, მაგრამ როგორ უნდა დავაზუსტოთ 1992-1993 წლების ომის მონაწილეთა ვინაობა?
– ომის მონაწილეობაზე ყოველგვარი შეღავათები უნდა გაუქმდეს, ხოლო, ვისაც ჯანმრთელობა აქვს დაზიანებული ომში მონაწილეობის გამო, უნდა, მიიღოს სოციალური გარანტია იმ მოცულობით, რაც დღეს არსებობს. ვეტერანების მოთხოვნა, რომ არავის არ ვუნდივართ, არასწორია. მართალია, არ უნდიხარ, რადგან შენ შენი სამშობლოს გამო იბრძოლე და არ მიმაჩნია მართებულად ბევრი ლაპარაკი იმაზე, რომ ომში იყავი. ეს ძველი, საბჭოთა მიდგომაა, როდესაც ომის მონაწილე, რომელსაც არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, მაინც იღებდა შეღავათებს სახელმწიფოსგან. ანუ კატეგორია – „ომის ვეტერანი“ არ უნდა არსებობდეს, თუმცა მათდამი პატივისცემა უნდა გამოიხატებოდეს ღონისძიებებში მიწვევით, ორდენებით, მედლებით, ერთჯერადი ფინანსური აქტებით. უნდა შეიცვალოს მიდგომა: არ მგონია, რომ ის, ვინც ერთი დღით გაიარა ომში, სახელმწიფოს უნდა დააწვეს კისერზე. სამხედრო თვალსაზრისით, რა ავღანეთში ყოფილხარ, რა ეყარში და რა აფხაზეთში. როგორ მოვიქცეთ, ერაყში და ავღანეთში ნამყოფ ადამიანებსაც ვეტერანების სტატუსი მივანიჭოთ?!
– მაგრამ მას, ვინც ერაყსა და ავღანეთში იყო, ალბათ, კონტრაქტით აქვს რაღაც გარანტიები?
– ეს პრობლემა არსებობს და ის სახელმწიფომ, ჩემი აზრით, შემდეგნაირად უნდა მოაგვაროს: ომის ყველა მონაწილეს უნდა მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია და ყოველგვარი სტატუსი მოეხსნათ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობა არ დაზიანებიათ.
– მაგრამ ჯერ ხომ ეს უნდა დადგინდეს?
– ამას უკვე აღარ ეშველება არაფერი.
– მაშინ მეც ვიტყვი, რომ ვეტერანი ვარ-მეთქი?
– პრობლემაც ეს არის, ვინც საჭმელი ჩამოიტანა ომში თუ ყარაულად იდგა, ომში მონაწილის სტატუსი აქვს. ამ მთავრობამ ლაპარაკი არ იცის, თორემ შეეძლო ამ პრობლემის ახსნა.
– მაგრამ კომიკური სიტუაცია იქმნება: მემორიალი გვაქვს ორ ეგზემპლარად დაღუპულთა სახელებით, რითაც ჩვენს პატივისცემას გამოვხატავთ. ესე იგი, ეს არის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლია ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას და ცოცხლად დარჩენილთა დანაშაული ისაა, რომ ცოცხლები დარჩნენ?
– ეს სხვა საკითხია. კომიკურ სიტუაციაში არ ვიქნებით, როდესაც ეს საკითხი მოწესრიგდება, როდესაც ნათლად ითქმება ყველაფერი და ეს ორივე მხარისთვის გასაგები იქნება.
– ვინც 1992-1993 წლების ომში დასახიჩრდა?
– თუ ხელი ან ფეხი დაკარგა, ჯანმრთელობა დაუზიანდა, რა თქმა უნდა, მათი კომპენსაციისა და მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს, მაგრამ, თუ ჯანმრთელია ომის შემდეგ, მისი ომში მონაწილეობა უნდა აღინიშნოს ერთჯერადი კომპენსაციით, ორდენებით, მედლებითა და ყურადღების გამომხატველი აქციებით. ეს უნდა გაკეთდეს სხვების მოტივირებისთვის და არა იმიტომ, რომ სავალდებულოა.
– რა თქმა უნდა, რომ ვინმეს კიდევ მოუნდეს ომში წასვლა, რადგან ახლა ასე გამოდის, რომ, ვინც 1992-1993 წლებში იმ ომზე ხელი მოითბო, სოციალურადაც დაცულია და ბიზნესის ნიჭიც აღმოაჩნდა უეცრად. ესე იგი, მათზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვინც ომში წავიდა?
– ამიტომაც ვამბობ, ომში მონაწილეთა წახალისება უნდა მოხდეს სხვების მოტივაციისთვის. ჯარის მორალურ მდგომარეობაზე მოქმედებს, როდესაც სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას ომში მონაწილეებს. თორემ ის, რომ გაჭირვებულად ვცხოვრობ, რა ომში მონაწილეს უთქვამს და რა – არმონაწილეს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი: მე თუ სამშობლოს გამო მივდივარ ომში, უბრალოდ ვიცი, რომ მივდივარ და ეს არავის არ უნდა დავამადლო. თუ სახელმწიფო ძალით წამიყვანს, იმ შემთხვევაშიც კი, ეს ჩემი სამშობლოა და მის წინაშე ვალდებულება უნდა მოვიხადო. ბუნებრივია, ომში ვიღაც რისკავდა, ვიღაც არ რისკავდა და, ვინც არ რისკავდა, ის უფრო მეტს ყვირის. თუ მხოლოდ იმაზე ვიდავებთ, რომ ომში მონაწილეებს უფასო მგზავრობა ეკუთვნით, ყოველთვის პროვინციული სახელმწიფო ვიქნებით და მუდმივად პროვინციული ჯარი გვეყოლება. სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს სრულმასშტაბიანი და ფორმით სპეკულირება ლამაზად არ მეჩვენება.