როგორ გადაასწრო საქართველოში პენსიონერთა რაოდენობამ დასაქმებულთა რაოდენობას და რატომ მიირთმევენ ქართველები ამერიკელებსა და ბერძნებზე ერთ-ნახევარჯერ ნაკლებ საკვებს
ერთხელ ისეც მოხდა, რომ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ჩვენი მთავრობის წევრებმა ვერ გაიხსენეს, რა თანხას შეადგენდა ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, რის გამოც პრეზიდენტის შენიშვნაც მიიღეს. ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, გამოასწორეს თუ არა ჩვენმა მაღალჩინოსნებმა ეს ხარვეზი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ „საქსტატი“ თავის საიტზე მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, სასურსათო მინიმუმის შესახებაც, დავინტერესდით, რით იკვებებიან ჩვენი თანამემამულეები, რა კრიტერიუმებით დგინდება ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი და რამდენად უკეთესი ან უარესი მდგომარეობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან და იმ დასავლურ სამყაროსთან მიმართებაშიც, რომლისკენაც ასე მივისწრაფით. თემაზე ეკონომიკის ექსპერტი ოისებ არჩვაძე გვესაუბრება.
– რა კრიტერიუმებით ხდება სასურსათო მინიმუმის დაანგარიშება?
– ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისად დღე-ღამეში, ჩვენთან, დაახლოებით, 2 250 კილოკალორიაა ჩათვლილი იმ მინიმალურ რაოდენობად, რაც აუცილებელია ადამიანისთვის თავისი ფუნქციების შესასრულებლად.
– ეს მაჩვენებელი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისთვის თუ საერთოა ყველა ადამიანისთვის?
– განსხვავდება, ბუნებრივია.
– მადის თუ კლიმატის მიხედვით?
– რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი კალორიები სჭირდება, სამხრეთში მცხოვრებს – უფრო ნაკლები.
– მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთში უფრო კომფორტულად ცხოვრობდნენ? ჩვენთან ზომიერი კლიმატია, მაგრამ, ზამთარში გათბობა თუ არ გექნა, რა ჩრდილოეთში გიცხოვრია სითბოში და რა ჩვენთან, სამხრეთში?
– მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო მოხმარების კალორიების პრობლემაა. იქ ერთი სული მოსახლე, საშუალოდ, დღე-ღამეში 3 800 კალორიას იღებს.
– ეს ნორმაა?
– არა, ფაქტობრივი მოხმარება და ამერიკაში სერიოზულად დგას ჭარბი წონის პრობლემა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. ევროპული ქვეყნებიდან მაღალი ფაქტობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა საბერძნეთი: იქაც ცხარე და კალორიულ საკვებს მიირთმევენ.
– ჩვენთან როგორია ფაქტობრივი მაჩვენებელი?
– 2 800 კილოკალორია და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სარტყლისთვის ნორმალური მაჩვენებელია. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაბალი ხარისხის საკვებს მოიხმარს. ჩვენთან პრობლემაა არა იმდენად კალორიები, რამდენადაც დაბალანსებული კვება. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანმა კალორიების ეს რაოდენობა მიიღოს ერთ ჯერზე შაქრიანი წყლის დალევით, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრულფასოვანი კვება და მას ნახშირწყლების გარდა, სხვა საკვები ელემენტებით გაჯერებული საკვები სჭირდება. ადრე ჩვენთან ეს მაჩვენებელი 2 500 კილოკალორია იყო, მაგრამ ბოლო დროს შემცირდა – 2 250 კილოკალორია გახდა და შესაბამისობაში მოვედით ჩვენს მეზობლებთან. კალორიების შემცირება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მოხდა მისი ღირებულებითი შემცირებაც. ანუ ყუათიან პროდუქტებს ნაკლებ ფასეული პროდუქტები ჩაენაცვლა. ესე იგი, გაიზარდა პურის, კარტოფილისა და შაქრის წილი.
– ფაქტობრივად გაიზარდა თუ?
– იმ კალათში, სადაც დგინდება საარსებო მინიმუმი. ამიტომ, ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა, რომ უფრო ოპტიმალური იყოს მინიმალური სასურსათო კალათა. ეს უკავშირდება საარსებო მინიმუმის ღირებულებების განსაზღვრასაც. საქართველოში ვიყენებთ სიღარიბის დათვლის ეგრეთ წოდებულ ნორმატიულ-სტატისტიკურ მეთოდს, თუმცა მსოფლიოში არსებობს სიღარიბის განსაზღვრის სამი მეთოდი: პირველია თვითშეფასების მეთოდი. მაგალითად, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს განსაკუთრებულ კრიზისულ მდგომარეობაში მრავალი მილიონერი და მილიარდერი ჩაცვივდა და იყო შემთხვევა, როდესაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ერთ-ერთმა მილიარდერმა, რადგან მისმა გონებამ ვერ გაუძლო მილიარდების დაკარგვას.
– აი, რა მავნებლობა მოაქვს მილიარდებს!
– იმის თქმა მინდა, რომ ერთი მხრივ, სიღარიბის განსაზღვრა უკავშირდება თვითშეფასებას და, მეორე მხრივ, წოდებრივ მდგომარეობას. მაგალითად, ჟურნალისტი, ექიმი და მასწავლებელი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საშუალო კლასს მიეკუთვნებიან. ამიტომაც მათი ქცევის რეჟიმი გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. დასავლეთში არის ასეთი სტანდარტები: უნდა ფლობდნენ გარკვეულ ფართს, აგარაკს, ისვენებდნენ უცხოეთში და დეპოზიტზე ერიცხებოდეთ საარსებო მინიმუმთან შედარებით არანაკლებ 18 თვის თანხა. და, როგორც გითხარით, არის მესამე მეთოდი: ნორმატიულ-სტატისტიკური, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ამ მეთოდით მოსახლეობა გაყოფილია ათ თანაბარ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შედიან ყველაზე ღარიბები და ასე შემდეგ. ის 2 250 კილოკალორია რომ მიიღოთ დღე-ღამეში, 40-მდე დასახელების კვების პროდუქტის მიხედვით დგება სასურსათო კალათა. იგულისხმება, რომ მიღებული თანხა არის 70 პროცენტი, რადგან გარდა საკვებისა, ადამიანს სხვა ხარჯიც აქვს. თუ სურსათის ხარჯი პირობითად შეადგენს 100 ლარს, მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იქნება 148 ლარი. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ 70 პროცენტი მაღალი მაჩვენებელია და ის უნდა შემცირდეს 50 პროცენტამდე, რადგან ბოლო წლებში გაიზარდა ხარჯებისა და შემოსავლების რაოდენობა და შემცირდა სურსათზე გაღებული თანხების ოდენობა. ამიტომაც საარსებო მინიმუმი არის არა 148, არამედ 200 ლარი. ჩემი ინიციატივით ჩვენი მოსახლეობა დავყავი 20 ფენად და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბ ფენაში სურსათის ხარჯი საერთო ხარჯის 62 პროცენტს შეადგენდა, ყველაზე მდიდარში – 16 პროცენტს. მაშინ, როდესაც იმ 16 პროცენტს ოთხჯერ მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე იმ 62 პროცენტს.
– თუ არის მონაცემები, რა კატეგორია ხვდება ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბ პირობით ჯგუფებში?
– სტატისტიკის სამსახური ამ მონაცემებს აღარ აქვეყნებს, მაგრამ ეს ინფორმაცია არსებობს. სულ საქართველოში მილიონ ასი ათასი შინა მეურნეობაა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეიცვალა სიღარიბის დადგენის კრიტერიუმები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი შინა მეურნეობების პუბლიკაციაც შეწყდა. როგორც გითხარით, საარსებო მინიმუმის შემცირება გამოიწვია მასში პურისა და კარტოფილის წილის გაზრდამ და აღმოჩნდა, რომ დღეს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 150 ლარია.
– კარგი იქნება, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მათ, ვინც ამას აწესებს, ერთი წლის განმავლობაში მივცეთ 150 ლარი ყოველთვიურად და დავაკვირდეთ, როგორ გაძლებს?
– მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხსულიან ოჯახზე წლიური საარსებო მინიმუმი, დაახლოებით, 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. ჩვენთან ეს მაჩვენებელი ოთხსულიან ოჯახზე თვეში 250 ლარია, მაშინ, როდესაც საქართველოს ფასები ამერიკის ფასების 51 პროცენტია. მეტიც, დღეს ბევრი პროდუქტის ღირებულება ამერიკის დონეზეც კი მაღალია. მაგალითად, საწვავი, სატელეფონო მომსახურება, ქათამი, კვერცხი, „ბიგმაკიც“ კი „მაკდონალდსის“ სისტემაში. ესე იგი, ოფიციალურად გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი ამერიკის დონის 7 პროცენტს შეადგენს, ფასები კი – 51 პროცენტს. ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ ამერიკაში ისეთი პროდუქტებიც შედის მინიმალური მოხმარების კალათაში, რომლებიც ჩვენთან არ მოიხმარება.
– რას მიუთითებენ ასეთ პროდუქტებად?
– საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ბინის ქირას და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ, რადგან ღია საბაზრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს, ვართ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, შესაძლოა, მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი. ვხუმრობ ხოლმე, რომ ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე ორი მესამედით გადავედით: წარმოვიდგინოთ ტრიადა – საქონელი, ფასები და ხელფასები. მხოლოდ ხელფასების მხრივ გვაქვს დიდი ჩამორჩენა, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ ხარისხობრივ გაუმჯობესებას, მაგრამ ვერ მივაღწიეთ რაოდენობრივ გაუმჯობესებას. 2003 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი იყო 128 ლარი, 2009 წლის მდგომარეობით კი – 582 ლარი.
– საშუალო ხელფასი როგორ ითვლება?
– იანგარიშება კერძო და სახელმწფიო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი. 128-ლარიდან 582-ლარამდე მნიშვნელოვანი ზრდაა თვით ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, მაგრამ მთლიანობაში რომ ავიღოთ ხელფასის ფონდის თანაფარდობა ისეთ მაჩვენებელთან, როგორიც მთლიანი შიდა პროდუქტის, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და მხოლოდ 23 პროცენტია. შედარებისთვის, ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდეა, ბალტიის ქვეყნებში კი – 37-38 პროცენტი, დანიაში – 54 პროცენტი! ჩვენთან რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი იყოს, იმავე ხელფასით ოთხასი ათასით მეტი ადამიანის დასაქმების საშუალება გვექნებოდა.
– ევროპასთან და ამერიკასთან კარგა ხანს ვერ მივალთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით როგორ გვაქვს საქმე?
– პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო არ არის ბოლო ადგილზე საშუალო ხელფასებითა და შემოსავლებით. ხელფასების დონით მყარად გვიჭირავს შუა პოზიცია. რუსეთში საშუალო ხელფასი 580 დოლარია, ბელორუსიაში – 450 დოლარი, ჩვენთან – 330 დოლარის ეკვივალენტი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ დასაქმებულთა რაოდენობრივი პრობლემა ვერ გადავწყვიტეთ, კვარტლების მიხედვით, დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 600 000-დან 630 000-მდე, რადიკალური გარღვევა არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც ცალკეულ ქვეყნებს ვედარებით საშუალო ხელფასით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასაქმებულთა რაოდენობა ორივე ქვეყანაში. დასაქმებულთა რაოდენობა ითვლება ყოველ ათას კაცზე დასაქმებულთა რაოდენობით. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 145-ის ფარგლებშია, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 432-ია.
– იმ ათას კაცში ბავშვები და მოხუცებიც შედიან?
– რა თქმა უნდა, ითვლება მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან. ამიტომ ხელფასის ფონდები უნდა შევადაროთ მოსახლეობის რაოდენობათა გათვალისწინებითაც. ამ მხრივ კი, ჩვენ სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. რუსეთის ფედერაციასთან შედარებით ჩვენი საშუალო ხელფასი ორი მესამედის დონეზეა, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით, თითქმის სამჯერ ჩამოვრჩებით. ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ საშუალო ხელფასი გვქონდეს მაღალი, არამედ ხელფასის მიმღებთა რაოდენობაც გაიზარდოს.
– აზერბაიჯანსა და სომხეთშიც თითქოს ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა ამ მხრივ. მართლაც, ასეა?
– აზერბაიჯანი გვისწრებს საშუალო ხელფასის დონით, ჩვენს ფულზე იქ 750 ლარზე მეტია საშუალო ხელფასი, თუმცა აზერბაიჯანი სხვა წონითი კატეგორიაა და ის ქვესაშუალოდან უკვე მძიმე წონით კატეგორიაში გადავიდა და საქართველოსთან შედარებით, 4,6-ჯერ მეტ მთლიან შიდა პროდუქტს აწარმოებს. ჩვენ მას ვუსწრებდით 2006 წლამდე, მაგრამ შემდეგ ჩამოვრჩით ეკონომიკურად.
– იქ მეტია დასაქმებულთა რაოდენობა?
– პოტენციალიც, დასაქმებულთა რაოდენობაც და მოსახლეობაც. რაც შეეხება სომხეთს: ის აბსოლუტური მაჩვენებლებით გვეწევა ეკონომიკურად. ჯერჯერობით მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტამდეა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იქ მოსახლეობა ჩვენზე მცირეა და ამიტომაც მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით 10-11 პროცენტით გვისწრებს.
– ფაქტობრივი მდგომარეობით სომხეთიც გვისწრებს, აზერბაიჯანიც, რუსეთიც და ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ რაღაც-რაღაც რეიტინგებში. რატომ ვერ აისახება ეს ჩვენი რეიტინგული წარმატებები რეალობაში? ან როდის აისახება?
– უნდა გავიხსენოთ ის სასტარტო პირობები, საიდანაც დაიწყო ჩვენი სვლა საბაზრო ეკონომიკისკენ. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, საქართველოში თითქმის მთლიანად განადგურდა. ჩვენ გადავიტანეთ ოთხი შეიარაღებული კონფლიქტი, შინააშლილობა, სამოქალაქო ომი. არა მხოლოდ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 30-მდე ქვეყანას შორის, საქართველოში ყველაზე მეტად დაეცა ეკონომიკური მაჩვენებელი. თუ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში ეკონომიკის საშუალო ვარდნა 55 პროცენტი იყო, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 75 პროცენტს შეადგენდა. ანუ დაეცა 25 პროცენტზე იმ დონესთან შედარებით, რაც 1988 წელს გვქონდა. თან ჩვენთან ვარდნა 1988 წლიდან დაიწყო, წელიწად-ნახევრით ადრე, ვიდრე სხვაგან და კრიზისიც ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში. საქართველოს აქვს მრეწველობის ყველაზე დაბალი წილი მთლიან შიდა პროდუქტში – სომხეთზე ორჯერ უფრო დაბალიც კი. ჩვენ, ფაქტობრივად, დაგვრჩა მხოლოდ ენერგეტიკა და პურპროდუქტების წარმოება, არადა 106 დარგი და წარმოება გვქონდა, მაგრამ ყველაფერი მოიშალა. ასე რომ, ჩვენი სასტარტო პირობები გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე დანარჩენი ქვეყნების.
– ოდესმე აქვს პერსპექტივა ჩვენს პენსიას მიაღწიოს საარსებო მინიმუმს?
– პენსიონერებს შველის ის, რომ მათი უმეტესობა ცხოვრობს ტრადიციულ ოჯახებში, თორემ წლიური პენსია, იმ სტანდარტებითაც კი, რასაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, მხოლოდ სამი დეკადისთვისაა საკმარისი, რით უნდა იცხოვრონ მეოთხე დეკადაში?! მაგალითად, ამერიკაში საარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვარი ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენთან კი სიღარიბის ზღვარი სხვაა და საარსებო მინიმუმი – სხვა. იმისთვის, რომ მოხდეს ამ ორი ცნების დაახლოება და შინაარსობრივი თანხვედრა, ჩვენ უნდა გავზარდოთ საარსებო მინიმუმის ღირებულებითი მაჩვენებელი.
– ხშირად მომისმენია არგუმენტი, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ მეტ პენსიას ამ სახელმწიფოსგან, რადგან სხვა სახელმწიფოსთვის ქმნიდნენ, თურმე, დოვლათს. თუმცა ჩვენი სახელმწიფო აქტიურად ჰყიდის იმ ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს, პრივატიზაციას ვგულისხმობ?
– აქ უფრო პროზაული ახსნაა: იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც საპენსიო უზრუნველყოფის ეფექტური სისტემაა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანაფარდობა. ერთ პენსიონერზე უნდა მოდიოდეს სამი – სამ-ნახევარი დაქირავებით დასაქმებული. ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 0,75-ია. ანუ 850 000 პენსიონერზე, სხვადასხვა კვარტლის მიხედვით, 625 000 დასაქმებული მოდის და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენთან საპენსიო უზრუნველყოფის დონე შედარებით დაბალია.