კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მოაწყო „საიდუმლო“ კარადები ადვოკატმა გოგა მამფორიამ



შ.პ.ს. „GLG-ის“ დირექტორი, ადვოკატი გოგა მამფორია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავლაბრის მეტროსთან, ცხრასართულიან კორპუსში ცხოვრობს, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედები იშლება. განსაკუთრებით ღამით, როდესაც სამების საკათედრო ტაძარი განათებულია და ისე ახლოდან ჩანს, კაცი იფიქრებს, მის გუმბათს ხელით მივწვდებიო. ბინის საძინებლიდან კი ლამაზად განათებული ნარიყალა, მეტეხის ეკლესია, მამადავითი და კიდევ ძალიან ბევრი ლამაზი ხედი ჩანს. შესაბამისად, ისინი, ვინც მამფორიების ოჯახს ესტუმრებიან ხოლმე, ხშირად საკუთარ სახლში წასვლა აღარ უნდათ. გოგამ და მისმა მეუღლემ ბინა 2004 წელს შეიძინეს, 2006 წელს კი გაარემონტეს. მისაღები ოთახი, სალონური ტიპისაა და ძირითადად სპილოსძვლისფერშია გადაწყვეტილი. შეკიდული ჭერი კი ოთახს სიმაღლესა და სივრცეს ჰმატებს. აქ დგას თეთრი როიალი, ასეთივე სამეული, მაგიდა, თავისი სკამებით. ვიტრაჟებიდან კი მთლიანად მოჩანს სამების საკათედრო ტაძარი. შესაბამისად, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მათ სტუმრებსაც, ყველაზე მეტად ეს ადგილი მოსწონთ. ბინაში არის ასევე სამი საძინებელი, რომლებიც სხვადასხვა ფერსა და სტილშია გადაწყვეტილი. სამზარეულოც საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია. ბინაში ასევე არის ორი სააბაზანო, რომელთაგან ერთი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

გოგა მამფორია: ბინა მთლიანად ჩემი მეუღლის დიზაინით არის მოწყობილი, გზადაგზა აპროექტებდა და ხელოსნებს რაღაცეებს აცვლევინებდა. რა თქმა უნდა, მე მას ბოლომდე ვენდობოდი, თუმცა, სანამ რამის გაკეთებას დავიწყებდით, მანამდე სახლში ყველაფერს ერთად განვიხილავდით. უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინეთ ის, რომ ბინის დიზაინში შერწყმული ყოფილიყო კლასიკური და თანამედროვე სტილი. ყველა ოთახში თანამედროვე ფერებია შერჩეული, მაგრამ, ავეჯიდან გამომდინარე, კლასიკურ სტილთან შერწყმაც ხდება.

სამივე საძინებელი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. გოგას და ეკას საძინებელი ოთახი ყავისფერშია გადაწყვეტილი, სტუმრების ოთახი კი – ღია ცისფერში და თეთრი საწოლი და თეთრი კარადა ამშვენებს, რაც ოთახს კლასიკურ სტილს სძენს. განსაკუთრებით ლამაზია ბავშვების საძინებელი, თავისი საწოლით და „საიდუმლო“ კარადებით, განათებით, ულამაზესი საბავშვო შპალერითა და სამეცადინო მაგიდებით. ოთახი და ავეჯი ძირითადად ვარდისფერ და იასამნისფერ ტონებშია გადაწყვეტილი.

– გოგა, რა გაითვალისწინეთ ავეჯის ყიდვისას?

– მაგალითად, სალონში დასადგმელი როიალის, სამეულის, მაგიდისა და სკამების შეძენისას გავითვალისწინეთ, რამდენად შეესაბამებოდა ის ოთახის ფერებს და, რა თქმა უნდა, კომფორტულიც უნდა ყოფილიყო. მაგიდა და სკამები შევუკვეთეთ, რადგან ასეთი ფერის არ იყიდებოდა. როიალი ავსტრიული და საკმაოდ ძველია, 1800 წელს არის გაკეთებული. მას მოპოვებული აქვს ოქროს მედალი, გრან-პრი და სხვა ფესტივალების ჯილდოები. დაახლოებით ერთი წლის წინ შევიძინეთ და, შეიძლება ითქვას, რომ კაპიკები დაგვიჯდა. რესტავრაცია გავუკეთეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჩემი მეუღლე ვოკალისტია და ხშირად უკრავს როიალზე.

– ყველაზე მეტად სად გიყვართ ყოფნა?

– სალონში, რადგან აქედან საოცარი ხედი იშლება. მთელი ბინის ყველა ოთახი ვიტრაჟულია და ეს უფრო მეტ კომფორტს ქმნის. სხვათა შორის, ხელოსნები ბინაში ვიტრაჟებს პირველად აკეთებდნენ და ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა და ძალიან მოსახერხებელიც გამოვიდა. მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვიყვარს სალონში და სამზარეულოში ყოფნა. როდესაც ბავშვებს ვაძინებთ, მერე ვსხდებით და მეორე დღის საკითხებს განვიხილავთ. ჩვენს სალონში ხშირად ვაწყობთ სალონური სტილის საღამოებს მეგობრებთან ერთად, ვუკრავთ როიალზე, ვსაუბრობთ და სამების ტაძარს ვუყურებთ.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3