რატომ ვერ შეძლებს საქართველო ქართული ნაციონალური პროდუქციის ევროპის ბაზარზე დაპატენტებას და რატომ იწვევენ სომხები ქართველებს სომხეთში ყველის გასასინჯად
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა არტაკ დავთიანმა განაცხადა, რომ დადგა დრო, სომხეთმა საქართველოს წარმატებული რეფორმები გადაიღოს და თავადაც გახდეს რეფორმატორთა შორის რეფორმატორი. მანამდე კი, ევროპულ ბაზარზე (მართალია, მოკრძალებული მასშტაბებით, მაგრამ მაინც) გაჩნდა „სომხური პროდუქცია“, კერძოდ, „საფერავი“, ჩურჩხელა და ხაჭაპური. სახელდობრ, რომელი ქართული რეფორმებით მოიხიბლნენ ჩვენი კარის მეზობლები და რატომ მიაკერეს ქართულ პროდუქტებს სომხური იარლიყი, – ამ საკითხებზე დამოუკიდებელი სოციოლოგიური ცენტრის, „სოციომეტრის“, დირექტორს, აგარონ ადიბეკიანს, გავესაუბრეთ.
– რა მოეწონა ქართული რეფორმებიდან სომხეთის ხელისუფლებას?
– პრობლემა ეხება ნაცონალურ პრიორიტეტებსა და მათი მიღწევის საშუალებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა და, მეორე მხრივ, რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგება, რაც ბოლოს მოუღებს ჩვენს იზოლაციას. საქართველომ კი, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სცადა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრა, აირჩია სხვა სტრატეგია: ეკონომიკური აყვავება და ამის გზად დასახა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ლოგიკამ უკარნახა საქართველოს, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და ის, რაც მოახერხა ამ ბოლო ერთ-ნახევარი წლის განმავლობაში…
– ომის შემდეგ პერიოდს გულისხმობთ?
– დიახ, ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, განსაკუთრებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი; ბიზნესის დაწყების სიიოლე, მეტ-ნაკლებად თავისუფალი საბაჟო, შეღავათიანი პირობები აჭარაში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სომხეთში დაიწყო უკმაყოფილების ტალღა იმის გამო, რომ სომხები საქართველოში ერთობლივ საწარმოებს ხსნიან.
– რატომ არიან უკმაყოფილო?
– იმიტომ, რომ ის სომხური ფული შეიძლებოდა, დაბანდებულიყო სომხეთში. მე ვფიქრობ, ესეც აიძულებს სომხეთის სამთავრობო წრეებს, გააძლიერონ ეკონომიკური თავისუფლება და ებრძოლონ სომხური ბაზრის მონოპოლიზაციას. სომხეთი პატარა ქვეყანაა და აქ ძალიან ადვილია ბაზრის მონოპოლიზება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ჯერ ერთი, კონკურენტული გარემოს შექმნა და, მეორე, ბრძოლა კორუფციასთან. იცით, რომ საბჭოთა დროს შუა აზიის რესპუბლიკების შემდეგ ყველაზე კორუმპირებული იყო სომხეთი და საქართველო. ამდენად, რასაც საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აკეთებს, შთაბეჭდილებას ახდენს. ეს, ვფიქრობ, ჩვენც უნდა გამოგვივიდეს და ნელ-ნელა ვისწავლოთ ამის გაკეთება. ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რაშიც სომხეთმა უნდა გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება. მოგეხსენებათ, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირი უფრო მჭიდროა, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანის, რადგან აზერბაიჯანთან მხოლოდ ნავთობი და გაზი გაკავშირებთ. ჩვენთვის საქართველო იდეალური პარტნიორია. ჩვენ ერთმანეთთან ისტორიული კავშირები გვაქვს, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და, ამდენად, შეგვიძლია თანამშრომლობა. ამიტომაც უნდა აღმოვფხვრათ ჩვენ შორის განსხვავებები, რომ ქართული კაპიტალი მოვიდეს სომხეთში. საქართველოსა და ირანს შორის ტვირთების ტრანზიტი, ალბათ, სომხეთის გავლით განხორციელდება. ირანის ბაზარი ჩვენთვის – სომხეთისა და საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების თვალსაზრისითაც.
– ირანს არ აქვს თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია?
– აქვს, მაგრამ არასაკმარისი. ამას გარდა, ბაზარი ყოველთვის ითხოვს მრავალფეროვნებას. ქართული ხილი და ციტრუსი ძალიან მომხიბვლელია ირანის ბაზრისთვის. მეორე მხრივ, ჩვენი სურვილია, ევროპასთან ინტეგრაცია, წარმატება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება. ეს ფაქტორები კი ობიექტურად გვაახლოებს ჩვენ და საქართველოს. ამასთან, ჩვენც, ისევე, როგორც საქართველო, დაინტერესებული ვართ ამერიკულ ღირებულებებსა და კაპიტალში.
– მაგრამ ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები ძალიან ცოტაა, თითქმის არ არის საქართველოში. ასე რომ, არ მგონია, ამ მხრივ დახმარება შევძლოთ.
– ჩვერი ბევრი თანამემამულე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, კაპიტალს დებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც იაფი სამუშაო ძალაა. არადა სომხეთშიც ისეთივე სამუშაო ძალაა და ისინი სიამოვნებით ჩადებენ ფულს სომხეთში ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად. სომხეთსა და საქართველოს აქვთ ბაზრის პრობლემა. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ ევროპულ საქონელს, მაგრამ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია შეიძლება, მიმზიდველი იყოს არაბული ქვეყნებისთვის: ირანისთვის, ავღანეთისთვის, პაკისტანისთვის, ინდოეთისთვის. შეხედეთ ჩინეთს: ჩვენი ეკონომიკის მომავალი არის არა ევროპა, არამედ ჩინეთი. საქართველოსთვის კი ჩინეთისკენ გზა სომხეთზე გადის.
– პრაქტიკულად, როგორ აპირებს სომხეთი საქართველოს რეფორმების გადაღებას?
– ჩვენი მენტალიტეტი ახლოს დგას, თუ თქვენთან გაკეთდა, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?!
– მე არ მითქვამს, რომ ვერ შეძლებთ, გამოცდილების გაზიარება ტექნიკურად როგორ მოხდება-მეთქი, ის ვიკითხე?
– ჩვენ უნდა შევქმნათ თამაშის ახალი წესები. უნდა გაძლიერდეს სომხეთის ცენტრალური ხელისუფლება. სომხეთი პატარაა, ამიტომ აქ ფორმალური ურთიერთობები ძლიერია. შესაძლოა, შეკრიბო პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ერთ კაბინეტში გადაჭრა პრობლემა.
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ზომის ქვეყნებში ერთ კაბინეტში წყდება ხოლმე მნიშვნელოვანი პრობლემები. ესე იგი, ირანია მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ სომხეთი დაინტერესდა საქართველოს რეფორმებით? თქვენი ეს ინიციატივა იქითკენაა მიმართული, რომ ეკონომიკურმა ხაზმა: საქართველო-სომხეთი-ირანი გამართულად იმუშაოს?
– ჩვენი ძირითადი ინვესტორები, ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან – საფრანგეთი, ამერიკა, ითხოვენ, რომ უფრო თავისუფალი გავხდეთ. მეორე მხრივ, მართალია, ირანი ტოტალიტარული ქვეყანაა, მაგრამ მათთვის ხელსაყრელია თავისუფალი ეკონომიკის მქონე სომხეთთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ იკრძალება, ბოლო 5-7 წელია, ირანი ცდილობს, თავისი ფული ირანის გარეთ დააბანდოს. ისინი დებენ ფულს სომხეთში, სადაც ცხოვრობენ თურქულენოვანი ირანელები. ამ მხრივ, ირანისთვის ასათვისებლად შემდეგი ზონა საქართველოა.
– ორი ირანული და ორიც სომხური კომპანია ააშენებს სასტუმროებს ქობულეთში.
– საქართველო და სომხეთი ორი მხრიდანაა ჩაკეტილი თურქულენოვანი ქვეყნებით და შესაძლოა, ერთი საუკუნის შემდეგ მთელი ეს რეგიონი თურქულად ალაპარაკდეს, თუ სწორად არ მოვიქცევით.
– ერთი მხრივ, საქართველო-სომხეთი-ირანი და, მეორე მხრივ, ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი. ეს ორი ხაზი ხომ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?
– ნებისმიერმა ქვეყანამ იცის, რომ, როგორი მეზობელიც უნდა ჰყავდეს, მასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მეზობლებმა უნდა ივაჭრონ ერთმანეთთან. ეს ბუნებრივი კანონია.
– მაგრამ სუფთა ეკონომიკა ბუნებაში არ არსებობს, ის ხომ ყოველთვის პოლიტიკითაა გაჯერებული?
– ჩვენ ირანთან ერთად სამხედრო დანიშნულების პროდუქციას არ ვაწარმოებთ, ჩვენ რამდენიმე წელია, ვმუშაობთ ირანთან და არანაირი პრობლემა არ გვექმნება. როგორ უყურებს რუსეთი იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სააკაშვილთან?!
– და როგორ უყურებს?
– საქართველოსთან ათასწლეულები გვაკავშირებს, რუსეთთან ორასი წელი. ასეთ მეგობრობას როგორ ვუღალატებთ?! ამიტომ რუსეთს ესმის, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ საქართველოსთან იდეალური ურთიერთობები გვექნება. საქართველო სომხეთის ბუნებრივი მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენ ველით სააკაშვილის კიდევ ერთ ვიზიტს ერევანში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობას.
– მაგრამ სომხეთის პრეზიდენტი არც ერთხელ არ ყოფილა საქართველოში. რატომ?
– პრემიერ-მინისტრი იყო… ესე იგი, ერთმანეთთან სტუმრად სიარული უნდა დავიწყოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სომხეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა სააკაშვილი.
– ნამდვილად დააჯილდოვა, თუმცა არასდროს გვწვევია სტუმრად.
– რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავანახვოთ ყველას, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– თქვით, რომ საქართველომ, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სცადა ცხინვალისა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, ახალი პრიორიტეტი დასახაო. ის, რომ თქვენც ეკონომიკას მიადექით, ნიშნავს, რომ ყარაბაღზე ხელი აიღეთ?
– არა. პირადად მე, მექმნება შთაბეჭდილება, ყველა ფიქრობს, რომ ყარაბაღის პრობლემა გადაჭრილია, დარჩენილია იურიდიული გაფორმება. აზერბაიჯანი თავისი ძალებით ვერ შეძლებს ამ რეგიონის დაბრუნებას. მეორეც, თუ ყარაბაღს გადავაქცევთ ეკონომიკური ინვესტიციების ზონად...
– მაგრამ ცივილიზებული სამყაროდან ვინ ჩადებს ფულს არაღიარებულ ყარაბაღში? მგონი, გესმით, რომ საქართველო ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს საქართველოს შუამავლობით ან მასზე გავლით ყარაბაღში ინვესტიციების მოზიდვას?
– ყარაბაღი უკვე აწარმოებს სპილენძის კონცენტრატს, უნდა დაიწყონ ტიტანის წარმოება. ამას გარდა, უკვე დიდი რაოდენობით იწარმოება მსოფლიო დონის ხილის კონცენტრატი, რომელიც ექსპორტზე გადის.
– სად?
– რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ისეთი დიდი მოთხოვნილებაა, რომ ერთი წლით ადრე ფორმდება ხელშეკრულებები. ორი ჰესი უკვე აშენდა. ყარაბაღი აპირებს, გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი რესპუბლიკა. ეკონომიკური გაძლიერება ეთნოსს იმ ტერიტორიაზე დაამაგრებს. ასე რომ, ვის დარჩება ყარაბაღი, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია, ახლა მთავარია, ყარაბაღი იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი.
– რაკი სომხურ პროდუქციაზე ჩამოვარდა სიტყვა, ყარაბაღის მიერ წარმოებული პროდუქცია აღმოსავლეთ ევროპაშიც გადის, თურმე. „საფერავი“, ხაჭაპური და ჩურჩხელა როდის შემდეგ გახდა სომხური პროდუქცია?
– ღვინო „საფერავს“ სომხეთი საბჭოთა დროს უშვებდა, ის უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თქვენი „საფერავი“. საბჭოთა წყალქვეშა ატომური ფლოტი სომხურ „საფერავს“ იყენებდა, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის გამაძლიერებელ საშუალებას, თუ სასამართლო დავა დაიწყება, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი საიმისოდ, დავამტკიცოთ, რომ ეს ღვინო სომხური ბრენდია. ლაპარაკია არა ყურძნის ჯიშზე, არამედ ღვინოზე, რომელიც ნახევრად ტკბილია. რაც შეეხება ხაჭაპურს: ჩვენ მას ვუწოდებთ „ლორაბლითს“. მაგალითად, სომხურ ლავაშს რამდენიმე რუსულ ქალაქში აწარმოებენ როგორც ჩვენები, სომხები, ისე რუსი მეპურეები და არავის თავში აზრად არ მოსდის, რომ ის დააპატენტოს. ან მაწონი, რომელიც სომხურ-ქართული პროდუქტია.
– მაწონს რა ჰქვია სომხურად?
– „პასტა“, იმიტომ რომ პასტის მსგავსი სითხეა.
– აჰა. ჩურჩხელა?!
– ეს სხვა საქმეა, ჩვენ გვაქვს რაღაც ამგვარი პროდუქტი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ევროპაში ჩურჩხელებს აკეთებენ ქართველი სომხები. რომ ჩვენი სომხები ჩურჩხელას ვერ გამოუშვებდნენ, რადგან, თუ გამოუშვებდნენ, სომხურ სახელს დაარქმევდნენ.
– და რა ჰქვია ჩურჩხელას სომხურად?
– „სუჯუხ“. ეს საკითხები შეიძლება, გავარჩიოთ სტრასბურგის ნებისმიერ სასამართლოში. ღმერთმანი, გაასაჩივრეთ და გამოაცხადეთ ნაციონალურ ბრენდად.
– მე ინფორმაციას ვიღებ თქვენგან, თორემ სპეციალისტები, ალბათ, იდავებენ, ვისია „საფერავი“ და ხაჭაპური.
– ჩვენ გვაქვს ნებისმიერი პროდუქტის წარმოების უფლება, თუ მას ვაწარმოებდით ამ პროდუქტის დაპატენტებამდე. პატენტების მექანიზმში კარგად ვერკვევი. მაშინ საქართველოს მოუწევს, ყველა ქვეყანაში დააპატენტოს ეს პროდუქტები.
– აპირებენ.
– მაგრამ ეს იმდენად დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რომ ამას აზრი არ აქვს. მსოფლიოში, აბა, ვის მოუვა კიდევ თავში აზრად, აწარმოოს ხაჭაპური?! ჰავაიზე აწარმოებენ პურს სახელად „ლავაში“, რა ვქნათ? თავში აზრადაც არ მოგვივა, ვთქვათ, ლავაშს ნუ აწარმოებთო.
– ჩვენთან სომხურ ლავაშს ვუწოდებთ „სომხურ ლავაშს“; ვაწარმოებთ, მაგრამ არ ვითვისებთ. გამოაცხვეთ ხაჭაპური, მაგრამ ნუ იტყვით, რომ ეს სომხური ნაციონალური საჭმელია?! ამოავლეთ ჩურჩხელები, მაგრამ ნუ გაასაღებთ სომხური სამზარეულოს მიღწევად? თქვენ ხომ კარგად გესმით, რასაც ვამბობ, რატომ მახსნევინებთ?
– დაპატენტების მექანიზმი ძალიან ძვირი სიამოვნებაა, საქართველო ვერ „გაქაჩავს“ ამდენს, ამიტომ ეს საკითხი ეკონომიკურად უნდა გაიაზროს. საქართველოს უნდა უხაროდეს, რომ მის ბრენდს ვიღაც აწარმოებს. ღმერთმა ქნას, ისეთი საქონელბრუნვა იყოს, რომ გაიზარდოს ხაჭაპურისა და ჩურჩხელის მოხმარება, თორემ ახლა ევროპაში მხოლოდ რამდენიმე სუპერმარკეტში იყიდება რაღაც და ამაზე ლაპარაკი სასაცილოა. სხვათა შორის, სომხეთი 3-5-ჯერ მეტ ყველს მოიხმარს, ვიდრე საქართველო და 10-ჯერ მეტს, ვიდრე აზერბაიჯანი.
– რატომ? ხაჭაპურებს აცხობთ?
– არა, ყველი ჩვენს სამზარეულოში ფართოდაა წარმოდგენილი. იმდენი სახეობა გვაქვს, რომ ჩვენთან უნდა ირბინოთ. იტალიურ და ფრანგულ ყველსაც ვაწარმოებთ.
– უნდა გითხრათ, რომ არც ფრანგული სჭირდება და არც იტალიური, გენიალური ხაჭაპური გამოდის იმერული ყველით და, მით უმეტეს, სულგუნით.
– ჩვენ ასობით სახეობის ყველი გვაქვს და ათასწლეულებია, ვაწარმოებთ „ლორაბლითს“. გვაქვს, ლავაში, რომელიც თურქული სიტყვაა, მაგრამ ქაღალდივით ლავაში უკვე სომხური ბრენდია.
– მეც მაგას არ ვამბობ, ქართველებს არასდროს უთქვამთ, ქაღალდივით ლავაშზე, არ არის სომხურიო?
– თქვენი მთავრობის მხრიდან ეს უბრალოდ პროპაგანდისტული ტრიუკია, როგორც კი გაეცნობიან ევროკავშირის დაპატენტების კანონმდებლობას, მაშინვე გაცივდებიან ამ საკითხისადმი.
– როდესაც ახლოს გაეცნობიან ქართულ რეფორმებს, სომხეთის მთავრობაც ხომ არ გაცივდება ქართული რეფორმების გადაღებისადმი?
– არ მგონია. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ლავაში ყველამ ჭამოს, ახლა სომხეთი უნდა გახდეს ბრენდი. მთავარია, საქართველო გახდეს ისეთი ბრენდი, რომ პროდუქტზე, რომელსაც ეწერება – „Made in Georgia“, იყოს დიდი მოთხოვნა.