რფ და კამპანია
„ახ, ნეტავი ერთად იყოს რუსეთი და სომალი“
მართალია, მაინცდამაინც ვერც ჩვენ ვბრწყინავთ თავისუფლების თუ სხვა ინდექსებით და, მიუხედავად, გამამხნევებელი შეძახილებისა – ქართული დემოკრატია თვალისმომჭრელიაო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მხოლოდ მტერს თუ დაუბრმავებს გარედან თვალს, მაგრამ, 196 ქვეყანაში პოლიტიკური რისკების შეფასებისას, აღმოჩნდა, რომ რუსეთი პაკისტანის, სომალის, რესპუბლიკა კონგოსა და ერაყს გაუთანაბრდა. გამოკვლევით ქვეყნები 41 ინდექსით შემოწმდა: კონფლიქტები, ტერორიზმი, კანონის უზენაესობა და ა. შ. ხოლო, რაკი 2010 წელს რფ-მ არაერთი ტერორისტული აქტი გადაიტანა, მათ შორის, თავის გულ მოსკოვშიც, შესაბამისად, ამაღლდა რუსეთის, როგორც ტერორიზმის, კონფლიქტებისა და პოლიტიკური ძალადობის ინდექსი (სულ ზემოთ, ზემოთ, მაღლა და მაღლა!). ამას გარდა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა „ექსტრემალური რისკის“ იარლიყიც მიიკრა ბიზნეს-გარემოს მდგომარეობისა და, კორუფციის გამო და იმიტომაც, რომ არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობა (რის დასტურადაც კვლევაში ხოდორკოვსკის საქმეა მოხმობილი), კანონის უზენაესობის მაჩვენებლით რფ-ს „მაღალი რისკის“ შეფასება დაიმსახურა, რითაც მკვლევრები რფ-ში მომუშავე კომპანიებს აფრთხილებენ, რომ მათი საკუთრება, შესაძლოა, კონფისკაციას ემსხვერპლოს.
მეორე მხრივ, მართალია, არც ჩვენთან მოღვაწე ბიზნესმენებს აქვთ გზა ია-ვარდით მოფენილი და ისრაელის ელჩმა უკვე გაგვაფრთხილა, ორი ებრაელი ბიზნესმენის კორუფციის ბრალდებით დაკავება საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გააუარესებსო (სხვა მაგალითებს აღარ მოვიხმობ), მაგრამ, მაინც სასიამოვნოა, თუ ჩვენ არ ვუქნივართ დემოკრატიას, ჩვენს ჩრდილოეთით რომ უარესი ჭაობია.