პიკასოს ნახატები და მიკი მაუსის ყურები – „მოსკინოს“ დაულაგებელი კოლექცია
ის, ვინც ჩვენი რუბრიკის მუდმივი მკითხველია, ემახსოვრება, რომ სამი ათეული წლის წინ, ერთმა უცნაურმა იტალიელმა შექმნა მოდის სახლი, რომელმაც თავისი ორიგინალობით, ინოვაციებით, ფერადოვნებითა და, ხშირ შემთხვევაში ექსცენტრიკულობით, მსოფლიო მოდას ერთგვარი კულტურული შოკი მოჰგვარა. ლეიბლის შემქმნელის, იტალიელი ფრანკო მოსკინოს ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მოდის სახლს სათავეში მისი ასისტენტი როსელა ჟარდინი ჩაუდგა, რომელიც დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს „მოსკინოს“. ბრენდი უკვე რამდენიმე ლეიბლს აერთიანებს. ესენია: „მოსკინო“ (ქალისა და მამაკაცის ხაზი), „მოსკინო ჩიპ ენდ შიკ“ (ქალის მეორე ხაზი, რომელიც უფრო მოგვიანებით, 1988 წელს შეიქმნა), „ლავ მოსკინო“ (ქალისა და მამაკაცის შერეული ლეიბლი). გარდა ამისა, მოდის სახლი აწარმოებს სუნამოებს, პარფიუმერიას, აქსესუარებსა და ძვირფასეულობას.
როსელა ჟარდინის ახალი საშემოდგომო კოლექცია მოდის კრიტიკოსებმა შემდეგნაირად მოინიშნეს: „სიურეალიზმი და გოფრეები იუმორის თანხლებით.“ სიურეალიზმის განცდა მოდის კრიტიკოსებში, ალბათ, კოსტიუმებში გამოყენებულმა ქამრებმა გამოიწვია, რომლებსაც ჰქონდა შესაკრავი ბალთები, თუმცა შეუკვრელადაც მშვენივრად ამაგრებდნენ და აფიქსირებდნენ სამოსს წელთან; ასევე, მარგალიტებმა, რომელიც მოდელების ყელს ამშვენებდა მუდმივად ტოვებდა იმის განცდას, რომ ჩამოიყრებოდა, მაგრამ არ ჩამოიყარა და თავის ადგილას დარჩა, და, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელებმა, რომლებიც ნახევრად სანდალი იყო და ნახევრად – დახურული ფეხსაცმელი, იმის მიხედვით, რომელი მხრიდან შეხედავდი. რაც შეეხება გოფრეებს, ის იყო ყველგან: სახელოებზე, ქვედა კაბებზე, გრძელ და მოკლე კაბებზე, პიჯაკებზე და სხვა. ზოგიერთი კაბა ისეთი ქსოვილით იყო შეკერილი, პიკასოს ნახატს მოგაგონებდათ, სადაც ყველაფერი გეომეტრიული ფიგურებითაა აწყობილი. თუმცა ამ საერთო „სიურეალიზმსა და გოფრეებში“ იყო ჟოლოსფერი და ვარდისფერი, რაც ერთგვარი დანამატის სახით დაჰყვებოდა კოლექციას. ზოგიერთ კოსტიუმში ის დიდი დოზით იყო გამოხატული, ზოგან კი მხოლოდ ჩანთისა და ბაფთის სახით.
ერთი სიტყვით, მივედით იუმორთან. იყო მომენტები, როდესაც წვეულების, კოქტეილის მშვენიერ, დახვეწილ კაბას უცნაური თავსაბურავები აზრსა და ხასიათს უკარგავდა. ქუდები, რომლებიც მოდელებს ეფარათ, მიკი მაუსის ყურებს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე საკოქტეილო თავსაბურავს. იუმორი განსაკუთრებით მძაფრდებოდა, როდესაც ქუდი ჟოლოსფერი იყო. თუმცა, ფრანკო მოსკინო ზუსტად ის ადამიანი იყო, ვისაც ძალიან მოსწონდა მულტფილმის გმირები და ამ თემას მის კოლექციებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მაგრამ, ცუდი იყო ის, რაც მოდის კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს: კოლექციამ ორივე მიმართულება დაკარგა – იუმორისტულ-ექსცენტრიკულიც და სერიოზულიც, რადგან არც ერთი იყო საკმარისი და არც მეორე. „ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არა ჩვენება, არამედ რამდენიმე ძველი ჩვენება გადმოიღეს და თან მისი რეპეტიცია იყო“, – წერს ერთ-ერთი გავლენიანი მოდის კრიტიკოსი.
რაც შეეხება ჩანთებსა და აქსესუარებს, როსელა ჟარდინის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან მიმართულებას არ გადაუხვია და მათაც მოარგო გოფრეები და ნაკეცები. მოგოფრილი კლაჩი და მიკი მაუსის ყურები – შეუძლებელია, ამაზე არ გაგეცინოს.
ანა სარალიძე