რატომ არ ჰყავს მემკვიდრე ომანის სულთან კაბუს ბენ საიდს და რატომ არის აკრძალული საუბარი მის სექსუალურ ორიენტაციაზე
იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქი მსოფლიოში, რომელიც ერთპიროვნულად მართავს არაბულ სახელმწიფოს – ომანს. მისი უდიდებულესობა სულთანი კაბუს ბენ საიდი, ამავდროულად, ომანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ითავსებს და გარდა ამისა, არის ფელდმარშალი, ომანის საზღვაო ძალების ადმირალი, საჰაერო ძალების მარშალი, ომანის პოლიციის უფროსი და დიდი ბრიტანეთის საპატიო გენერალი. ახლა სწორედ სულთნის ცხოვრების საინტერესო ფაქტებს შევეხებით.
* მისი უდიდებულესობა ომანის სულთანი კაბუს ბენ საიდ ალბუსაიდი 1940 წელს, ქალაქ სალალში დაიბადა, დოფურის პროვინცია, ომანის სასულთნოში. იგი სულთან საიდ ბენ თეიმურის ერთადერთი ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე გახლდათ. პირველადი განათლება საიდმა მშობლიურ სალალში მიიღო, ხოლო შემდგომ სწავლა დიდ ბრიტანეთში განაგრძო, თავდაპირველად, მან პრესტიჟული „ბერის” კოლეჯი დაამთავრა, ხოლო შემდგომ „სანდჰერსტის” სამხედრო აკადემიაში გაიარა სწავლება. სწავლის დასრულების შემდეგ, კაბუს ბენ საიდი გერმანიის ტერიტორიაზე დისლოცირებული ბრიტანული არმიის ფეხოსანთა ბატალიონში მსახურობდა. ერთწლიანი სამხედრო მომზადების გავლის შემდეგ, კაბუსი 1964 წელს სამშობლოში დაბრუნდა.
* იმ პერიოდში ომანის სახელმწიფო იზოლაციაში იმყოფებოდა დანარჩენი მსოფლიოსგან, სულთანი საიდ მესამე ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის მოდერნიზაციას. სულთანი განდეგილივით ცხოვრობდა თავის სასახლეში, ხოლო ომანში უამრავი აკრძალვა მოქმედებდა – არ შეიძლებოდა სათვალის ტარება, პოეზიის კითხვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ევროპული ტანსაცმლის ყიდვა, რადიო-მიმღებების შეძენა მხოლოდ სულთნის პირადი ნებართვით იყო შესაძლებელი, ხოლო დაბინდების შემდეგ ყველა მოქალაქე ვალდებული იყო ქუჩაში ანთებული ნავთის ლამპრით გასულიყო, რათა შემხვედრს მისი სახე გაერჩია. ომანში მხოლოდ სამი სკოლა ფუნქციონირებდა და გზების 10 კილომეტრი იყო მოასფალტებული. ჩასვლისთანავე კაბუსი მამის მმართველობას დაუპირისპირდა, რის გამოც იგი რამდენიმე წლით შინაპატიმრობაში გაამწესეს. 60-იან წლებში ომანში აქტიურად ამოქმედდა ომანის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც, ბრიტანული დაზვერვის დახმარებით, სათავეში ჩაუდგა პრინცი კაბუსი და 1970 წლის უსისხლო რევოლუციის შედეგად, 30 წლის კაბუს ბენ საიდი ომანის ახალი სულთანი გახდა.
* მმართველობის პირველ წელს სულთანმა ომანში მოქმედი ყველა შეზღუდვა მოხსნა, ხოლო მამის პოლიტიკურ ოპონენტებს ამნისტია გამოუცხადა. მისი ხელმძღვანელობით, ომანში გაიხსნა 16 დაწყებითი სკოლა, რომელიც გათვლილი იყო 10 ათას მოსწავლეზე, მათ შორის გოგონებზეც, რომელთაც მანამდე სწავლა ეკრძალებოდათ. აშენდა პირველი უნივერსიტეტი, რომელიც სულთანის სახელს ატარებს. ასევე, ომანის თითქმის მთელს ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის გზა. აღსანიშნავია სულთნის მიერ შემუშავებული ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2000 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურობის მხრივ პირველ ადგილზე გაიყვანა მსოფლიოში.
* ომანის სულთნის ყველაზე საინტერესო რეფორმად ეგრეთ წოდებული. „საბჭოური” „ხუთწლედების” შემოღება ითვლება. პირველი „ხუთწლედი” 1976 წელს სულთნის უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. მეორე და მესამე ხუთწლედების მოქმედების პერიოდში ომანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი. მას შემდეგ ომანის ცხოვრება მნიშვნელოვნად განვითარდა. 2000 წელს, ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ომანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა და ქვეყანაში პირველი სოლიდური ინვესტიციების ჩადინება დაიწყო.
* სულთან კაბუს ბენ საიდის ავტორიტეტი ომანის ტერიტორიაზე ხელშეუხებელია. იგი ღმერთთან არის გატოლებული და ქვეყნის ტერიტორიაზე მისი კულტის დამკვიდრება ხდება. ომანის აბსოლუტურად ყველა სასტუმროში, ოფისსა და საცხოვრებელ სახლში სულთნის პორტრეტი ან ფოტოსურათი ყველაზე გამოსაჩენ ადგილს ამშვენებს. ომანელების თქმით, მათმა სულთანმა საქმით და არა სიტყვით, დაიმსახურა ხალხის სიყვარული. აღნიშვნის ღირსია ასევე, სულთნის პირადობის მოწმობა, რომელსაც ვადა 2099 წელს გასდის და თუკი კაბუს ბენ საიდი 159 წლამდე იცოცხლებს, ომანში მას უკვდავად შერაცხავენ.
* 1996 წელს ომანის სულთანმა, პირველმა არაბ მონარქებს შორის, მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება, რელიგიური მრწამსისა და ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა და სქესისა.
* ომანში მხოლოდ ორი რეგულარული დღესასწაული არსებობს. პირველი იანვარი (ახალი წელი) და ნაციონალური დღესასწაული 18 ნოემბერი (სულთნის დაბადების დღე). ამ დღის აღსანიშნავად სულთანი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და ყველა მსურველს ეძლევა უფლება, გაესაუბროს სულთანს.
* სულთანი კაბუსი ერთ-ერთია იმ არაბ მმართველებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა კემპ-დეივიდის 1978 წლის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება მართვის შეზღუდული უფლების გადაცემას პალესტინისთვის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. ომანი აქტიურად უჭერს მხარს ამერიკის პოლიტიკას არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაში. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, ამერიკას უფლება აქვს განალაგოს სამხედრო ძალები ომანის ტერიტორიაზე, რაც გააკეთა კიდეც 1991 წლის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის პერიოდში. სულთან კაბუს ბენ საიდის პირადი ინიციატივით, პირველად არაბულ სამყაროში, 1995 წელს ომანის დედაქალაქ მასკატში ისრაელის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა.
* ომანის სულთანმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა 500 ათასი დოლარი ირანში დაკავებული ტურისტის, სარა შურდის გათავისუფლებისთვის. სარა შურდი 2009 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს თეირანში და მხოლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში, ირანის მთავრობა მზად იყო გაეთავისუფლებინა ამერიკელი. ამერიკის მთავრობამ ოფიციალური უარი განაცხადა ფულის გადახდაზე და ამ დრომდე უცნობი რჩებოდა, თუ ვინ გადაიხადა 500 ათასი დოლარი სარას სანაცვლოდ. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უარს აცხადებდნენ იმ პირის დასახელებაზე, რომელმაც გადაიხადა კომპენსაცია და მხოლოდ ახლახან გახდა, ცნობილი, რომ ეს ინკოგნიტო პირი ომანის სულთანი – კაბუს ბენ საიდი იყო.
* კაბუს ბენ საიდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქია მსოფლიოში. არაოფიციალური მონაცემებით, ნავთობით მდიდარი ქვეყნის მონარქი 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს ფლობს. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია ომანის ტერიტორიაზე მდებარე რვა სასახლე, რომელთა შორის გამოირჩევა: მასკატში მდებარე „ალ ალამ პალასი”, სალალას „სიჰნ სალალა” და „ქასრ მამურა” ყველაზე საიდუმლო ობიექტი ომანში. ასევე, სულთნის საკუთრებაშია 5 ძვირფასი იახტა, მათ შორის მსოფლიოში სილამაზით მესამე – 155 მეტრი სიგრძის „ალ საიდი”, რომელიც სულთანის დაკვეთით გერმანულმა ფირმა „ლურსენმა” ააგო. იახტის ბორტზე 65 სტუმრისთვის განკუთვნილი ფეშენებელური კაიუტებია.
* 1976 წელს, 36 წლის ასაკში სულთანი თავისი ბიძაშვილის შვილზე, 25 წლის საიდა ნავალ ბენ ტარიკ ალ-საიდზე დაქორწინდა, რომლესაც ქორწილის შემდეგ პრინცესა კამილა ეწოდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა და მას შემდეგ კაბუს ბენ საიდი აღარ დაქორწინებულა. ის კი არა, მის გარემოცვაში არც ერთი ქალი არ შეუმჩნევიათ. კაბუსი უშვილოა, ხოლო დასავლურ მედიაში აქტიურად საუბრობენ სულთნის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, რაც არაოფიციალურად, პრინცესა კამილასთან დაშორების მიზეზად მიიჩნევა. თუმცა, ეს თემა ომანში ტაბუდადებულია, რადგან ყველა ომანელს თავისი სულთანი ჭეშმარიტ მუსლიმანად და არაბული ტრადიციების დამცველად მიაჩნია. საინტერესოა, რომ კონსტიტუციის თანახმად, სულთანს, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავს, ნებისმიერი პირის დასახელება შეუძლია თავის მემკვიდრედ. როგორც ცნობილია, მას უკვე შერჩეული ჰყავს ორი პიროვნება, რომელთა სახელები ორ კონვერტშია მოთავსებული და სახელმწიფო საიდუმლოებაა სულთნის სიკვდილამდე. მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი, კონვერტი გაიხსნება და ქვეყნის თავდაცვის კომიტეტი აირჩევს ორიდან ერთ-ერთს ომანის სულთნად.