რომელი მცენარეა ბარაქის მომტანი და რთულია თუ არა საშობაო მცენარეების გახარება ბინაში
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტრადიცია არსებობს: შობას და ახალ წელს განსაკუთრებული მცენარეებით ხვდებიან, რომ შემდგომ მთელი წელი ბედნიერება დაებედოთ. ბატონ ამირან ბიწაძისგან კი, ამჯერად, მოვისმენთ რჩევებს, თუ რომელი მცენარე იქნება ჩვენთვის და საქართველოსთვის ბედნიერების მომტანი და რომელი მცენარით შევხვდეთ ძველით ახალ წელს სახლებში.
– ბატონო ამირან, რომელი მცენარის გახარებას გვირჩევთ ძველით ახალი წლისთვის და რომელი იქნება ჩვენთვის ფეხბედნიერი?
– მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ასეთი ტრადიცია: თუ რომელიმე საშობაო მცენარე ბინაში გექნება და ის გახარებულია ამ პერიოდში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი წელი ბედნიერად გაივლის. გარდა ასეთი რწმენისა, საშობაო მცენარეები ყოველთვის ლამაზი ყვავილებით გამოირჩევა და მათი გახარება ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, ზეფირანტესი ულამაზესი მცენარეა ჩინეთში. მას ახარებენ და ყველა დღესასწაულზე გამოსაჩენ ადგილს მიუჩენენ, რომ უფრო შთამბეჭდავი იყოს.
– როგორც ვიცი, ეს მცენარე სწორედ ამ პერიოდში ყვავის და თუ გვაქვს ზეფირანტესი, შეგვიძალია, 14 იანვარს ის მაგიდაზე დავდოთ, რომ კარგი წელი გვქონდეს?
– ზეფირანტესი შობის დადგომისთანავე იწყებს ყვავილობას. მას უვითარდება შინდისფერი, ყვითელი ან წითელი ფერის ფოთლები. მისი გრძელი და დაკბილული ფოთლები საოცარ ეფექტს ახდენს მნახველზე. ყვავილები კი ულამაზესი აქვს და ეს მცენარე ნამდვილად სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით ბინაში. საოცრებაა ისიც, რომ ძველით ახალი წლის დასრულებისთანავე, ის მალევე წყვეტს ყვავილობას და თითქოს ძველებურ ელფერსაც კარგავს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ზეფირანტესი სწორედ ამ დღესასწაულებისთვისაა შექმნილი. მთელი წლის განმავლობაში, სხვა მცენარეების მსგავსად, ხარობს და შობის დადგომისთანავე, დეკემბრის ბოლოდან იწყება მისი საოცარი გარდაქმნა.
– რთულია მისი მოვლა და გახარება ბინაში?
– ზეფირანტესი უპრეტენზიო მცენარეა. მისი სიმაღლე არ აღემატება 30 სანტიმეტრს, ძალიან კომპაქტურია და ბინაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. არც მისი გამრავლებაა რთული. როგორც წესი, ზეფირანტესიც მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმითაც.
– როგორ პირობებში ვამყოფოთ მცენარე, რომ ახალ წელს ის გახარებული და გაყვავილებული იყოს?
– ამ მცენარეს სიცხე არ უყვარს, ამიტომ უმჯობესია, თუ ნახევრად გაფანტულ მზის სხივებზე დადგამთ. ძალიან მწველი მზე მის ფოთლებს დააზიანებს და დღესასწაულებზე ისეთივე ლამაზი აღარ იქნება, როგორიც უნდა იყოს.
– რა ტემპერატურაზე გვირჩევთ, ზეფირანტესის დადგმას?
– ზამთარში მას არ სჭირდება ძალიან მაღალი ტემპერატურა. მისთვის ნორმალურია დაახლოებით 17-20 გრადუსი, ხოლო ზაფხულში – 25-30 გრადუსი. მცენარე ძლებს ამ ტემპერატურაზე, მაგრამ აუცილებლად მოარიდეთ მწველ მზეს.
– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგოთ ზეფირანტესი და საჭიროა თუ არა მისთვის დამატებითი საკვები?
– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თითო წილი ტორფი, ქვიშა, ნაკელი და სამი წილი მიწა. წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის პირზე, სასურველია, ნიადაგში შეიტანოთ ფესვისა და ფოთლის მკვებავები.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?
– ახლა ამ მცენარეს ძალიან ხშირი მორწყვა არ სჭირდება. კვირაში ერთხელ წყლის დასხმა მისთვის ნორმალური იქნება, თუმცა ზაფხულში უფრო ინტენსიურად სჭირდება, უმჯობესია, მორწყათ სამ დღეში ერთხელ და ხშირად დანამოთ ხოლმე.
– სად დავდგათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე ზეფირანტესი და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?
– გირჩევთ, მცენარე ზამთრის პერიოდში გადარგათ, რადგან ამ დროს მისი ზრდა შეჩერებულია და ნაკლებად იგრძნობს ნიადაგის შეცვლას ზაფხულის სეზონზე.
ის კარგად ხარობს გარე კლიმატში. ზაფხულში უნდა იყოს ეზოებსა და აივნებზე. გაითვალისწინეთ, რომ ბაღის პირობებში, კარგია, თუ მიწაში ჩადებთ დაჟანგებულ ლურსმნებს ან ზემოდან ქოთანს ჟანგს მოაყრით. ეს კარგად იმოქმედებს ზეფირანტესის გახარებაზე. რაც შეეხება ზამთარს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის იანვრის დღესასწაულების მცენარეა და რასაკვირველია, ბინაში უნდა გქონდეთ.
– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებლებისგან საფრთხე?
– საერთოდ, ზეფირანტესს არ უჩნდება მავნებლები, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ აკტელიკი. ორპროცენტიანი აკტელიკი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და შეასხურეთ მცენარეს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ეს წამალი არანაირ ზიანს არ მოუტანს მცენარეს და მავნებლების გაჩენის შემთხვევაში, მათ მოშორებაში დაეხმარება.
– კიდევ რომელ მცენარესთან ერთად უნდა შევხვდეთ ძველით ახალ წელს და თუ შესაძლებელია ის ბარაქის მომტანი იყოს?
– ასეთი მცენარე ინდიგოფერაა. ეს ნახევრად ბუჩქოვანი და ნახევრად ხე-მცენარე ქოთანში მშვენივრად ხარობს და თქვენს ბინებს თავისი სილამაზით მორთავს. მისი ტანისა და ფოთლის ფორმა საოცარ ეფექტს ტოვებს და მას იყენებენ მაგიდის მოსართავადაც. ის განსაკუთრებით ლამაზი შობის დადგომიდან ხდება. მისი ფოთლები ფერთა საოცარი სიჭრელით გამოირჩევა.
– შესაძლებელია, რომ ეს მცენარე ბარაქის მომტანიც იყოს?
– ძველი ლეგენდის თანახმად, სწორედ ინდიგოფერაა ბარაქისა და დოვლათის მომტანი. ამიტომ, სხვადასხვა ქვყანაში ცდილობენ, მთელი წლის განმავლობაში კარგად მოუარონ ინდიგოფერას, რომ იანვარში გაიხაროს.
– სად გვირჩევთ, მის დადგმას დღესასწაულების დროს?
– იანვრის ბოლომდე დადგით დიდ ოთახსა და შემოსასვლელებში. რადგან მიიჩნევენ, რომ ინდიგოფერას კარგი აურა აქვს, ისეთ ადგილას უნდა დადგათ, სადაც ყველა შეხედავს და კარგი და დადებითი გარემო შეიქმნება. ინდიგოფერა დაგეხმარებათ, იყოთ სადღესასწაულო განწყობაზე და კარგი ატმოსფერო შეიქმნას თქვენს ბინებში.
– რთულია ამ მცენარის მოვლა წლის განმავლობაში და როგორი პირობები უნდა შევუქმნათ?
– არც ეს სადღესასწაულო მცენარეა პრეტენზიული მოსავლელი. ის, ძირითადად, თესლით მრავლდება, თუმცა ამონაყარითაც შესაძლებელია მისი გახარება. ინდიგოფერა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ზაფხულში 25 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება, ხოლო ზამთარში აუცილებელია 20-28 გრადუსი. ზაფხულში სასურველია, მცენარე გარეთ გადგათ და მორწყათ სამ დღეში ერთხელ. ზამთარში მცენარეს წყალი სჭირდება ხუთ დღეში ერთხელ და ისიც მხოლოდ ლამბაქზე უნდა დაასხათ. ამ დროს ზემოდან მორწყვა არ სჭირდება. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ტორფი და მიწა, თითო წილი ქვიშა და ნაკელი.
– რით შეიძლება დაავადდეს ინდიგოფერა და რა იწვევს მის კვდომას?
– ეს მცენარე გასხვლას არ ემორჩილება. ამ პროცესმა შესაძლებელია გამოიწვიოს ბაქტერიების დაგროვება და შემდეგ მცენარე დაიღუპოს. ინდიგოფერა დაავადდება ბუგროვან მცენარეებთან ახლოს ყოფნისას. ამიტომ, მოარიდეთ ასეთ მცენარეებს. მას შეიძლება შეეყაროს მწუწნავი ტილი, ამიტომ ზაფხულში მასაც შეასხურეთ აკტელიკის ხსნარი.
– რის გამო შეიძლება დაულპეს ფესვები მცენარეს?
– გადარგვის დროს, ეცადეთ, არ დაუზიანდეს ფესვები, რადგან მათი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ლპობა დაიწყოს. მცენარე გადარგეთ სამ წელიწადში ერთხელ და ყურადღება მიაქციეთ მის ფოთლებს.