რომელმა მსახიობმა დაარქვა შვილს ინტერნეტში გამოყენებული „ნიკი” და როგორ გარითმა თავისი შვილის სახელი ეპატაჟურმა დევიდ ბოუიმ
კინოს, მუსიკის, სპორტის ვარსკვლავების უმეტესობა, საკმაოდ კრეატიულად და ორიგინალურად უდგება საკუთარი შვილისთვის სახელის შერჩევას. რა თქმა უნდა, ვარსკვლავები მიიჩნევენ, რომ მათი შვილი განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიოში და მისი სახელი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს სხვა ჩვეულებრივი ბავშვის სახელისგან. ამ მიზნით, ისინი ხშირ შემთხვევაში, თვითონ იგონებენ, ან იმდენად იშვიათ სახელს არქმევენ შვილებს, წლების შემდეგ, უკვე ზრდასრულნი, დამოუკიდებელ ცხოვრებას რომ იწყებენ, ყველამ იცის, ვინ, რომელი ვარსკვლავის შვილია. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ უცხოეთის ვარსკვლავთა შვილების ყველაზე არაჩვეულებრივი, იშვიათი და უმეტეს შემთხვევაში, ძნელად დასამახსოვრებელი სახელების ჩამონათვალს.
პოპ-მომღერალმა გვენ სტეფანიმ და მისმა მეუღლემ გევინ როსდეილმა თავის ორ ვაჟიშვილს ძნელად დასამახსოვრებელი სახელები – კინგსტონ ჯეიმს მაკგრეგორი და ზუმა ნესტა როკი დაარქვეს. პირველი სახელის წარმოშობის ისტორია უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ მეორე შვილს გვენმა და გევინმა მალიბუს პლაჟის (ზუმა), ბობ მარლის (მუსიკოსის ნამდვილი გვარი ნესტა იყო) და საყვარელი მუსიკალური ჟანრის პატივსაცემად დაარქვეს.
მსახიობმა და მომღერალმა ეშლი სიმფსონმა საკუთარ შვილს ბრონქს მაუგლი დაარქვა და მიიჩნევს, რომ ეს სახელი სავსებით ნორმალურია. ბრონქსი – ეშლის საყვარელი უბანია ნიუ-იორკში, ხოლო მაუგლი მას იმიტომ უწოდეს, რომ ბავშვობაში ეშლის ჯუნგლებში გაზრდილი ბიჭის ისტორიაზე გადაღებული მულტფილმი უყვარდა.
კინომსახიობმა გვინეტ პელტროუმ ქალიშვილს ეფლ (ვაშლი) უწოდა და სრულიადაც არ ნანობს ამას. ვარსკვლავი იხსენებს, რომ ფეხმძიმობის პერიოდში მეუღლემ, კრის მარტინმა მას შვილისთვის, ეფლის დარქმევა შესთავაზა და გვინეტმაც მოიწონა ქმრის არჩევანი ეფლი მისთვის ტკბილეულთან და ბიბლიასთან ასოცირდება, ვინაიდან სწორედ ვაშლი გახდა ევას მიერ ადამის ცდუნების მთავარი ელემენტი.
ბრიტანელმა ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა თავის შვილებს სრულიად უჩვეულო სახელები უწოდა, ქალიშვილებს – პოპი ჰონი (ყაყაჩოს თაფლი), დეიზი ბუ, ფეტალ ბლოსომ რეინბოუ (გაფურჩქნილი ცისარტყელას ფურცლები) და ვაჟს – ბადი ბეარ (მეგობარი დათუნია). თუმცა, ეს სახელები იმასთან შედარებით, რაც მსახიობმა ჯეისონ ლიმ უწოდა თავის ვაჟს, არაფერია. კინომსახიობმა თავის შვილს, არც მეტი და არც ნაკლები, პილოტ-ინსპექტორი დაარქვა. ეს გადაწყვეტილება ჯეისონმა შემდეგნაირად ახსნა – იგი ჩვეულებრივი, წყნარი და ჩუმი ბავშვია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ავიადისპეტჩერი ან პილოტი.
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ტომ კრუზმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა კეტი ჰოლსმა თავიანთ ქალიშვილს, ძველი ებრაული სახელი – სური დაარქვეს, რაც ებრაულად პრინცესას, ხოლო სპარსულად წითელ ვარდს ნიშნავს. კრუზისგან სრულიად განსხვავებული სახელი შეურჩიეს თავის ქალიშვილს მილა იოვოვიჩმა და მისმა მეუღლემ, რეჟისორმა პოლ ანდერსონმა. ეს არის ევერ გაბო, ევერ – მამაკაცის ძველი შოტლანდიური სახელია და ამით მილამ პატივი მიაგო მეუღლის კელტ წინაპრებს, ხოლო გაბო, მილას მშობლების – გალინას და ბოგდანის ინიციალებისგან არის შემდგარი. საყვარელი კვირის დღის პატივსაცემად თავიანთ შვილს – „სანდი როუზ”, ანუ კვირის ვარდი უწოდეს ნიკოლ კიდმანმა და კეიტ ურბანმა. მათი თქმით, კვირა არის საუკეთესო დღე შეყვარებული წყვილებისთვის.
ჰოლივუდის „ლამაზმა ქალმა” ჯულია რობერთსმა თავის ტყუპებს ორიგინალური სახელები შეურჩია: გოგოს – ჰეზელი ანუ თხილნარი, ხოლო ბიჭს – ფინეუსი, რომელიც მისმა მეუღლემ, ოპერატორმა დენი მოდერმა მოიფიქრა. ასევე, ორიგინალური სახელებით დააჯილდოვეს თავიანთი შვილები – დემი მურმა და ბრიუს უილისმა. მათი შვილები არიან სკაუტი, რუმერი და ტალულა და თუკი პირველი ორი ბრიუსმა და დემიმ წიგნებში ამოიკითხეს, სახელი ტალულას წარმომავლობა დღემდე უცნობია. იოლი გზა არჩია მსახიობმა კორტნი კოკსმა და ინტერნეტში თავისი – „ნიკი” „კოკო” უწოდა თავის და მსახიობ დევიდ არკეტის ქალიშვილს. მსახიობმა რეიჩელ გრიფიტსმა კი, თავის ვაჟს საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტის პატივსაცემად ბანჯო პატრიკი დაარქვა.
მსახიობმა შენონ სოსამონმა, ფილმების „40 დღე 40 ღამის” ვარსკვლავმა და მისმა „ბოიფრენდმა“, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკუთარ ვაჟს სახელი ენციკლოპედიიდან შეურჩიეს და სრულიად ორიგინალური, ეპატაჟური სახელი – აუდიო საიენსი, ანუ აუდიო მეცნიერება უწოდეს. ცნობილმა მუსიკოსმა სტინგმა კი, თავისი შვილისთვის სახელის შესარჩევად ახლო მდებარე ყვავილების მაღაზიაში შეიხედა და მოკლედ და ლაკონურად – ფუქსია უწოდა. საინტერესო სახელი შეურჩია თავის ვაჟს ნიკოლას ქეიჯმა. მან 2005 წელს დაბადებულ შვილს, არც მეტი და არც ნაკლები, კომიქსების სუპერგმირის, „სუპერმენის” ნამდვილი სახელი, კალ-ელი დაარქვა. იმ პერიოდში ქეიჯი „სუპერმენის” რიმეიქის ქასთინგზე იყო და, თუმცა მის ნაცვლად სხვა მსახიობი აიყვანეს, „სუპერმენობაზე” უარის თქმა საბოლოოდ რომ არ გამოსვლოდა, შვილს შეურჩია ასეთი ორიგინალური სახელი.
ოსკაროსანი მსახიობი – ფორესტ უაიტაკერიც დიდი ოხუნჯი გამოდგა შვილებისთვის სახელების შერჩევაში. სონეტი, თრუ (სიმართლე), ოთამ (შემოდგომა) და ოუშენ (ოკეანე) – პირველი, რაც უაიტაკერის თქმით, მას მოაფიქრდა შვილების ამბავი რომ ახარეს. ორიგინალურობა გამოიჩინა ეპატაჟურმა დევიდ ბოუიმაც და საკუთარ ვაჟს ზოუი უწოდა. გვართან ერთად ვაჟის სახელი – ზოუი ბოუი. ბოუისგან განსხვავებით ბრუტალური იმიჯის მქონე რეპერმა – ფიფთი-ცენტმა თავის შვილს მარკიზი დაარქვა, ხოლო „განზენროუზესების” ლეგენდარულმა გიტარისტმა, ექსცენტრიკულმა სლეშმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, საკუთარ შვილს ქეშ, ანუ ნაღდი ფული დაარქვა.
„ლეონის” და „დრაკულას” ვარსკვლავმა – გარი ოლდმანმა შვილს, რომელიც ვადაზე ადრე, 7-თვიანი დაიბადა და ერთ კილოგრამამდე იწონიდა, თავისი საყვარელი წიგნის გმირის სახელი – გულივერი უწოდა. ოლდმანს ორიგინალურობაში არც მსახიობ ბენ აფლეკის ძმა, ასევე მსახიობი – კეისი აფლეკი ჩამორჩა და თავის შვილს ინდიანა აუგუსტი დაარქვა. შვილებისთვის დარქმეული ორიგინალური სახელებით ასევე ცნობილია, ჰოლივუდში მოღვაწე მექსიკელი რეჟისორი რობერტ როდრიგესი. როკეთი (რაკეტა), რეისერი (მრბოლელი), რებელი (მეამბოხე), რიანონი და როუგი (თაღლითი).