ინტიმური საუბრები
მამაკაცებო, ნუ ატკენთ გულს ქალს!
წერილს გწერთ საბერძნეთიდან. დიდ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გამოქვეყნებული წერილების გამო, რომ იცოდეთ, როგორ მოუთმენლად ველით ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას! ძალიან გვეხმარება სამშობლოდან მოწყვეტილ ადამიანებს თქვენი ჟურნალი. თუ ჩემს წერილსაც გამოაქვეყნებთ, მადლობელი ვიქნები.
მინდა, ჩემი ცხოვრების შესახებ მოგწეროთ. ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და, ვაი რომ, დრომ ვერ წაიღო ის დარდი და გულისტკენა, რომელიც ჩემმა ყველაზე საყვარელმა ადამიანმა მომაყენა. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ გაზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. ამ გიჟურად მოვარდნილმა სიყვარულმა ისე ამიხვია თვალი, ბევრი რამ ვერ ამოვიცანი მასში. მან ჩვენი სიყვარული არად ჩააგდო და ბედი ანგარების მიზნით სხვას დაუკავშირა. მე კი, როგორც გაცნობის დღიდან მიყვარდა, ისე მიყვარს დღემდე. ოღონდ, მიყვარს ისეთი, როგორიც იყო პირველად და არა როგორიც არის დღეს. იმიტომ, რომ იმ დღიდან, რა დღიდანაც სხვას დაუკავშირა ცხოვრება, მისი პიროვნება გაორდა. ჩემთვის იგი იმ დღიდან მოკვდა, თუმცა დღემდე სჯერა, რომ ვუყვარვარ და ისევ ერთად უნდა ვიყოთ. მარწმუნებს, რომ ცოლის მიმართ არავითარი გრძნობა არ გააჩნია. იმას კი ვერ გრძნობს, რომ ეს უფრო ამცირებს მას ჩემს თვალში. საშინელებაა, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს. დღესაც მეუბნება, რომ შეცდომა დაუშვა და მარწმუნებს, რომ უნდა ვაპატიო. ალბათ, ვერც ხვდება, რა ცოდვა ჩაიდინა და ძალიან მებრალება, რომ მთელი სიცოცხლე, სიკვდილამდე უნდა ზიდოს ეს ტვირთი თავისი მხრებით. სულ ერთად ვიყავით, ჩვენი სიყვარულის შესახებ იცოდა ყველამ. სადაც ვიყავი მე, იქ ჩნდებოდა ისიც. ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს ცალ-ცალკე ვერც კი წარმოვედგინეთ. ვერავინ იფიქრებდა ჩვენს დაცილებას. ყველა გაოცებული დარჩა მისი საქციელით, ყველამ გაამტყუნა და ამის გამო ჩამოსცილდნენ მეგობრები, მაგრამ ამით მე რა მეშველა? ვერ დავივიწყე, დღესაც მახსოვს და ამდენი წლის მერე მინდა მივმართო: რატომ მოიქეცი ასე? სიცარიელემ დაისადგურა ჩვენ შორის!
ის ყოველთვის ცდილობდა, შემხვედროდა და მარწმუნებდა, რომ მე ვუყვარდი, რომ ცოლის მიმართ არავითარი გრძნობა არ ჰქონდა და ამით ჩემს თვალში უფრო მცირდებოდა. ყოველთვის გავურბოდი მასთან შეხვედრას, იმიტომ, რომ გული მტკიოდა მის დანახვაზე. ყოველთვის მესმოდა მისი ოჯახის არეული მდგომარეობის შესახებ. ერთმანეთი გაამწარეს. გარეგნულად ერქვათ ცოლ-ქმარი, თორემ, სულ გაქცევა-გამოქცევაში იყო ის ქალი. მაგრამ, უფრო მეტად მე ვარ გამწარებული. მათ შვილები მაინც ჰყავთ. მაგ მხრივაც უბედური ვარ, დავისაჯე თავი, არავინ გავიკარე. თუ ვინმე რამეს მეტყოდა, გულში მაშინვე მას ვადარებდი და მაინც ყოველთვის მას ვანიჭებდი უპირატესობას. კიდევ ის მტკენდა გულს, რომ ყველას ეგონა, ისევ მიყვარდა. ეს გრძნობა არ ჩამქრალა, მაგრამ, იმ დღიდან, რაც მიღალატა, ის ჩემთვის მკვდარია, აღარ არსებობს. ასე გაფრინდა დრო, ასე შემეპარა ჭაღარა. არ უშუშდება ჩემს სულს მისგან მიყენებული წყენა, ვერ ვივიწყებ.
თურმე, ყველაფერი ბეზრდება ადამიანს, მათ შორის გაღმერთებაც (მე ხომ ის ღმერთივით მიყვარდა, როგორ მწამდა, როგორ მჯეროდა მისი). ახლა მეცინება ჩემს თავზე, მაგრამ მაშინ რომ დასჭირვებოდა, ისე მივცემდი სიცოცხლეს, არც კი დავფიქრდებოდი, ოღონდ ბედნიერი ყოფილიყო. ცრემლი ყოფილა მკურნალი და არა დრო. ყოველი წარმავალი ცრუ ყოფილა. ყოველთვის მჯეროდა და მეგონა, რომ დიდ გრძნობაში ღალატი არ არსებობდა, რომ სულ ასე გიჟურად გვეყვარებოდა ერთმანეთი. მთელი დღე ერთად ვიყავით, კინო იყო ეს, თეატრი თუ მეგობრებთან შეხვედრა. მიმაცილებდა სახლამდე (ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან) და კიბეზე უკვე მესმოდა მისი ტელეფონის ზარი. საათობით ვლაპარაკობდით. რაზე?! ახლა ვერ ვიხსენებ, რა გვქონდა ამდენი სალაპარაკო. ალბათ, ვგრძნობდით, რომ არ გვეწერა ერთად ყოფნა. გვინდოდა, ყველაფერი მოგვესწრო: უნდა გვყოლოდა ოთხი შვილი, სახელებიც კი შერჩეული გვქონდა. აი, ეს სიყვარული დაასამარა და მიწასთან გაასწორა. მინდა, მივმართო მას: რატომ, რატომ მოიქცა ასე? რატომ არ შედგა კიდევ ერთი მოსიყვარულე ოჯახი, რატომ დარჩა კიდევ ერთი მიტოვებული ქალი მარტო? იცოდეს ყველა მამაკაცმა, რომ სიყვარულს გაფრთხილება უნდა. ნუ ატკენთ გულს ქალს; ჯობია, თავიდანვე უთხრათ, რომ არ აპირებთ მასთან ცხოვრებას და ყველა თავის გზას მონახავს.
დარიკო, 46 წლის.
მე და ჩემი შეყვარებული ნათესავები აღმოვჩნდით
18 წლის ვარ. ორი წელია, მე და ერთ ბიჭს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ამ ორი წლის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ყველა ახლობელი და მეგობარი გაოცებული იყო, გვეუბნებოდნენ, ასეთი სიყვარული მხოლოდ წიგნში თუ წაგვიკითხავსო. უბედნიერესები ვიყავით, როცა ერთმანეთს ვხედავდით, მაგრამ, თურმე, ყველაფერი მთავრდება და ჩვენი ბედნიერებაც დასრულდა. სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ ერთმანეთის ნათესავები გამოვდივართ. მართალია, ძალიან ახლო ხაზით არა, მაგრამ მაინც ნათესავებად ვითვლებით და მოძღვარმა გვითხრა, თქვენი ერთად ყოფნა და დაქორწინება არ შეიძლებაო. ამ სიტყვებმა ძალიან შემაშინა, მაგრამ მე უმისოდ გაძლება არ შემიძლია და ჩვენ მაინც ერთად ვართ. ღმერთისაც მეშინია, მაგრამ მარტოდ, უიმისოდ დარჩენის შიში უფრო მაქვს, ამიტომ ჩემს შეყვარებულს ხატზე დავაფიცე, რომ არ მიმატოვებდა, მაგრამ 27 აგვისტოს ყველაფერი დაიმსხვრა – მან მაინც მიმატოვა. ვერ გავიგე, რატომ მომექცა ასე, ხომ დაიფიცა ხატზე?!
ჩემზე ბევრად უფროსი მეგობარი ქალბატონი მყავს და მხოლოდ მას გავანდე ჩემი გასაჭირი. მან მითხრა, შენი შეყვარებული სწორად მოიქცა. ჯობდა, ახლა დაშორებულიყავით ერთმანეთს, თუნდაც ეს ტკივილი დიდხანს გაგყვეთ, ვიდრე ცოდვაში გეცხოვრათ. ეტყობა, წესიერი ბიჭი ყოფილა, რომ მოძღვარს დაუჯერა. მთელი ცხოვრება წინ გაქვს. მოვა დრო და გაიცნობ კარგ ბიჭს, შეგიყვარდებათ ერთმანეთი და ბედნიერი ოჯახი გექნებათ, მთავარია, ახლა გაუძლოთო.
დავიჯერო, მართლა ასე იქნება?!
ნინო, 18 წლის.
შეყვარებულმა სექსი მომთხოვა
არ ვიცოდი, მომეწერა თუ არა, დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც მოგწეროთ, რადგან, ლამისაა, გული გამისკდეს დარდითა და მწუხარებით.
შემიყვარდა ერთი ბიჭი, სახელად კახა. ყოველდღე ვხვდებოდით და უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ერთ დღესაც სექსი მომთხოვა. ისე მიყვარდა, ალბათ, ამაზეც ვერ ვეტყოდი უარს, პრინციპში, „ალბათ“ კი არა, დავეთანხმე კიდეც, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ორი დღით ადრე, უცებ ვიგრძენი, რომ დიდი სიყვარული დიდმა სიძულვილმა შეცვალა და იმ საბედისწერო პაემანზე აღარ წავედი. ახლა მისი დანახვაც აღარ მინდა. ახლა მიკვირს კიდეც, ეს აუტანელი და გარყვნილი ბიჭი როგორ მიყვარდა. ყველაზე მეტად კი ის მაშინებს, ჩემებმა არ გაიგონ. ეს ამბავი სახლში რომ მოვყვე, ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს. ამაზე რომ ვფიქრობ, გული ქუსლებში მეპარება.
ეკა, 22 წლის.
მული ჩემი ოჯახის
დანგრევას ცდილობს
ამ წერილის მოწერა ჩემმა უკიდურესად მძიმე ოჯახურმა მდგომარეობამ მაიძულა.
ვარ ბედნიერი დედა, რადგან მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მაგრამ, როგორც ქალი, ძალიან უბედური ვარ. ვიცი, ბევრი ქალბატონი იქნება ჩემნაირ მდგომარეობაში, მაგრამ მე ჩემი გაჭირვების შესახებ მინდა გიამბოთ.
ვცხოვრობ ცალკე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად, მაგრამ მული მიწამლავს ცხოვრებას, აგერ უკვე 20 წელია. თვითონ ღმერთმა არ აღირსა საყვარელი მამაკაცი, შვილი, ოჯახი და, საკუთარი მდგომარეობით გაბოროტებულს, ჩემი შურს. სიცოცხლეს მიმწარებს, ისეთ დღეში მაგდებს. უნდა, რომ ოჯახი დამინგრიოს, თითქოს ამით რამე მოემატება. ამბობს, რომ მისი ძმის შესაფერისი არ ვარ და ამას ჩემს ქმარსაც მუდმივად ჩასძახის. არადა, როცა მამამისს, დედამისს ან თვითონ ექიმი სჭირდებოდათ, ყოველთვის მხარში ვედექი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. ბინაც მთლიანად დავუტოვე, ისე, რომ წილიც კი არ მომითხოვია (ცხოვრობს გლდანში, ოროთახიან ბინაში), არადა, ჩემს ქმარს ხომ ეკუთვნოდა! მყავს კანონიერი შვილი. ის კი მაინც არ ისვენებს და ცდილობს, თავისი ძმა (ანუ ჩემი ქმარი) ჩემ წინააღმდეგ აამხედროს და უსიამოვნებები შემიქმნას ოჯახში. დედა მოუკვდა და მისი გული მაინც არ დათბა. ასეთმა ქალმა, ჩემი აზრით, ეკლესიაში უნდა იაროს და ცოდვები მოინანიოს, ეგებ ცოტა დამშვიდდეს. ისე გამამწარა თავისი საქციელით, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ასეთ დაძაბულ ცხოვრებას, არადა, უცხო თვალისთვის ბედნიერი ოჯახი მაქვს. თავისი დის გადამკიდე, ჩემს ქმარს ისეთ დღეში აქვს ნერვები, ვეღარ ვცნობ, მაგრამ, დას რომ ვერაფერს ეუბნება, ჩემზე და ბავშვზე იყრის ჯავრს. მე კიდევ ჯანდაბას, გული იმაზე მისკდება, რომ ჩემი შვილი მოზარდია და მეშინია, ფსიქიკა არ დაუზიანდეს ან ხელიდან არ წამივიდეს.
ვიცი, მე გამონაკლისი არ ვარ, ჩემს მდგომარეობაში ბევრი ქალი იქნება. არ ვიცი, სხვა როგორ აგვარებს ამ პრობლემას, მე კი უძლური აღმოვჩნდი. ოჯახის დანგრევა არ მინდა – მულის სისულელეების გამო ბავშვს ტკივილი როგორ მივაყენო, არადა, საშველსაც ვერ ვხედავ.
გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ, იქნებ იმ ქალბატონმაც წაიკითხოს და გონზე მოვიდეს.
მ. კ.
მეშინია, არაფერი წამომცდეს
სკოლის პერიოდში ერთი გოგო მიყვარდა, ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდა. ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი სიყვარულის შესახებ მთელი სკოლა ლაპარაკობდა. თეას კლასის დამრიგებელი „სიძეს” მეძახდა. რა თქმა უნდა, მშობლებმაც გაიგეს. ჩემებს არაფერი უთქვამთ, რადგან თეა მოსწონდათ. დედაჩემმა მარტო ის მთხოვა, ჯერ სტუდენტები გახდით და მერე რაც გინდათ, ის ჰქენითო. სტუდენტობამდე კი ორი გრძელი წელი გვედო წინ. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავით და ათწლიანი სკოლა იყო.
ერთ დღეს თეას მამამ დამიბარა, შემხვდა და მითხრა, თქვენი სიყვარულის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, კაცურად გთხოვ, თუ მართლა გიყვარს, სანამ უმაღლესს არ დაამთავრებთ, მანამ ნურაფერს იფიქრებთ. მანამდე კი ერთმანეთსაც უკეთ გაიცნობთ და თქვენს გრძნობასაც უკეთ გამოსცდითო. ძალიანაც არ მესიამოვნა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, რადგან თვითონაც პირობა მომცა, რომ ჩვენს შეხვედრებს ხელს არ შეუშლიდა.
მეათე კლასში რომ გადავედით, მშობლებმა თეა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. შევჭამე დედაჩემი და მეც იმ სკოლაში, იმავე კლასში გადავედი. მერე კი ისე მოხდა, რომ თეა მოსკოვში გაუშვეს ბებიამისთან, სკოლაც იქ დაამთავრა და უმაღლესშიც იქ ჩააბარა. მოსკოვში ვეღარ გავყევი. რამდენიმე ხანს ტელეფონით ველაპარაკებოდით ერთმანეთს და წერილებს ვწერდით (მაშინ მობილურები არ იყო). მერე კი ზარებიც შემცირდა და მიწერ-მოწერაც. მართალი ყოფილა, რომ უთქვამთ, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო. მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გავერთე გოგოებში. თეა მახსოვდა, მაგრამ, რადგან უკვე პრაქტიკულად, მიუწვდომელი იყო ჩემთვის მისი სიყვარული ჩემს გულში ნელ-ნელა გაიცრიცა. ხუთი წელი ისე გავიდა, მე და თეას ერთმანეთი არ გვინახავს. მერე ისიც გავიგე, მოსკოვში სასწავლებლად ჩასულ ქართველ ასპირანტს გაჰყვა ცოლადო. ცოტა კი განვიცადე, მაგრამ, ასე თუ ისე, მალე გამიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მეც შევირთე ცოლი და ორი შვილიც გვეყოლა. სიმამრმა კარგ სამსახურში მომაწყო და ვცხოვრობდი ბედნიერად.
გავიდა წლები. ჩემი შვილები წამოიზარდნენ, სკოლა დაამთავრეს, ინსტიტუტში ჩააბარეს. ერთ დღეს კი უფროსი გოგონა მეუბნება, დღეს ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნო, ძალიან სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, სხვათა შორის, შენი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილიაო. რომ გავიგე, ვისზეც მეუბნებოდა, გამიხარდა, რადგან თვითონაც არაჩვეულებრივი კაცი იყო და ვიცოდი, რომ კარგი შვილები ჰყავდა.
სასიძოს გაცნობა შედგა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, გიგამ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. როგორც გაირკვა, ჩემს გოგონას მისი მშობლები უკვე იცნობდნენ. რადგან ორივე მხარე თანახმა ვიყავით, გადავწყვიტეთ, რესტორანში მოგვეწყო პატარა ვახშამი, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. მე და გურამი (გიგას მამა) კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ, მაინც გვინდოდა, ოჯახებით დავახლოვებოდით. რესტორანში ორივე ოჯახი სრული შემადგენლობით მივედით, სხვა არავინ დაგვიპატიჟია. მე და ჩემი ცოლი რომ მივედით, უკვე ყველა შეკრებილი იყო, ჩვენ მხოლოდ ათი წუთით დაგვაგვიანდა. წინასწარ მახარებდა იმის შეგრძნება, რომ მალე ბაბუა გავხდებოდი და არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ, მაგიდას რომ მივუახლოვდი, მთელ ტანში დენმა დამიარა: მაგიდასთან თეა იჯდა. ჩემს დანახვაზე მასაც ღიმილი შეეყინა სახეზე, მაგრამ თავს მოერია და ოფიციალურად „გამეცნო”.
ვახშამმა ნორმალურად ჩაიარა. საღამოს კი თეას მესიჯი მივიღე. ხვალ აუცილებლად უნდა შემხვდეო. არ ვიცოდი, რა უნდოდა, მაგრამ მაინც წავედი. ჩემი მეოცნებე შეყვარებულის ნაცვლად პრაქტიკული, მტკიცე ქალი დამხვდა. ერთმანეთისთვის პასუხი არ მოგვითხოვია, უფრო სწორად, არც კი გაგვიხსენებია ჩვენი წარსული. თეამ მხოლოდ ის მითხრა, ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩვენი სიყვარული ჩვენს შვილებში გაგრძელებულიყო. ამიტომ ჩვენი წარსული ურთიერთობა საიდუმლოდ შევინახოთ და ნურც ბავშვებს შევუშლით ხელს და ნურც ჩვენს მეუღლეებს გავაღიზიანებთო. მე დავთანხმდი, თუმცა, ეჭვი გამოვთქვი, რომ, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდნენ რამეს, მაგრამ, თეამ მითხრა, „დაიკიდეო”.
მართალია, ახალგაზრდობაში ჩვენ შორის კოცნის გარდა არაფერი ყოფილა, მაგრამ, ახლაც კი, როცა უკვე ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ, ჩემს მძახლებთან მისვლას მაქსიმალურად ვერიდები და სამსახურიც კი გამოვიცვალე იმის გამო, რომ ყოველდღე გურამთან ურთიერთობა მიჭირდა. ასე მეგონა, მის წინაშე რაღაცაში დამნაშავე ვიყავი. ისე მიჭირს ეს კუკუდამალობანა, მეშინია, ერთ დღესაც რამე არ წამოვაყრანტალო.
რამაზი, 45 წლის.
ჩემი ქმარი ორსახოვანი იანუსია
ვიცი, რომ ბევრი მკითხველი (განსაკუთრებით – მამაკაცები), გამკიცხავს – რა წესია ქმრის შესახებ და, საერთოდ, ოჯახის ამბებზე საქვეყნოდ ლაპარაკიო, მაგრამ, ისეთი გამწარებული და გულგაწყალებული ვარ, გადავწყვიტე, მოგწეროთ ჩემი სატკივარის შესახებ. იქნებ, მიხვდნენ კაცები, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ.
ჩემი ქმარი ნამდვილი ორსახოვანი იანუსია: თავის სამეგობროში და სამსახურში ისეთი სახელი აქვს, მასზე უკეთესი თუ ვინმე დადის ამქვეყნად, არავის ჰგონია: მოქეიფე, მომლხენი, მეგობრებისთვის (და მათი ოჯახების წევრებისთვისაც) თავგადადებული, ხელგაშლილი... ერთი სიტყვით, სამეგობროს სული და გული, მაგრამ ასეთი მხოლოდ გარეთ არის. ჩემი მხრიდან მის სასარგებლოდ მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ზოგადად, წესიერი ადამიანია და ეგრეთ წოდებული „მტარვალი“ და ეჭვიანი ქმარი არ არის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ელემენტარული ოჯახური თანაცხოვრებისთვის ეს საკმარისი არ არის. სხვებთან ხელგაშლილსა და ხალისიანს, სახლში შემოსვლისთანავე ეცვლება სახე, გამომეტყველება, ხასიათი და სულ იღრინება, ყველათი (ანუ თავისი ოჯახის წევრებით) უკმაყოფილოა, სულ შარზეა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამას, ასე თუ ისე, კიდევ გაუძლებდა კაცი (ისე, როგორია ამის გაძლება?), რომ არა მისი სიძუნწე. ბევრი ვიფიქრე, როგორი ფორმულირება მიმეცა მისი ამ საშინელი თვისებისთვის და მოვიფიქრე: ეს არის უკიდეგანოდ ძუნწი ადამიანი, ოღონდ, გამორჩეულად ცოლ-შვილის, განსაკუთრებით კი – ჩემ მიმართ. ჯერ ერთი, მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ხელფასიდან კაპიკი არ დახარჯოს ოჯახისთვის. თუ მაინც მოუწია ორიოდე ლარის დახარჯვა, მთელი კვირა მოსთქვამს და იყვედრება. ღმერთმა შეარგოს, მაგრამ დღეში ხუთჯერ სადილობს, მოტანა კი არ უყვარს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, დილიდან დაღამებამდე სულ კუდში დამდევს, მითვალთვალებს, გაზი და შუქი ხომ არ ავანთე და მერე საყვედურებით მავსებს. ამას წინათ ლამის მეჩხუბა იმის გამო, რომ სადილის კეთებისას გაზის ალი აწეული მქონდა და სამზარეულოში შუქი – ანთებული. შემოვიდა, შუქი ჩამიქრო, გაზს დაუწია, ერთი კარგად შემომიყვირა – ეკონომიას არ აკეთებო – და კარი გაიჯახუნა. მერე ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. სამზარეულოდან რომ გავედი, სინათლე ყველა ოთახში და აბაზანაშიც ანთებული დამხვდა. რომ ვუთხრა, შენ რატომ ტოვებ-მეთქი, შეიძლება, აივნიდან გადამაგდოს.
ამას წინათ ავად ვიყავი და რაღაც წამლები ამომიტანა – დაახლოებით 10 ლარამდე დაეხარჯა. მთელი კვირა მაყვედრა, სანამ ის 10 ლარი არ დავუბრუნე. არც კი გაწითლებულა, ისე გამომართვა. ერთხელ კი ორი დღით 5 ლარი მასესხა და მთელი იმ ორი დღის განმავლობაში მახსენებდა, არ დაგავიწყდესო. მოკლედ, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.
თქვენს რუბრიკაში რომელიღაც წინა ნომერში იყო დაბეჭდილი ვიღაცის წერილი, ძუნწების გამოსწორება არ შეიძლებაო. ის წერილი რომ წავიკითხე, მაშინ გადავწყვიტე ამ წერილის მოწერა.
ვინც წაიკითხავს, ალბათ, მეტყვის, თავს რატომ აკვლევინებ, ადექი და გაშორდიო. თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ არც ისე ადვილი ყოფილა ამ ნაბიჯის გადადგმა. თან, ეტყობა, ესაა ჩემი ჯვარი და ბოლომდე უნდა ვზიდო.
ირინა, 41 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.