რატომ დასდევდა ანი კეკუას ასი კაცი ბამბებით და რისი ჩაშლის უფლება არ მისცეს მას
ეს თვალებაციმციმებული, ენერგიული, მხიარული, მუდმივად მოღიმარი ადამიანი ბიზნესლედად ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ანი კეკუამ არჩევანი უკვე გააკეთა და როგორც თავად ამბობს, ამ საქმესაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს. მომავალი საქმოსანი შვედეთიდან დროებით ჩამოვიდა და დასვენების პერიოდი აქტიური თბილისური დღეებისთვის გამოიყენა.
ანი კეკუა: ხუთი თვეა, თბილისში არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთხელ, ერთი კვირით „რუსთავი 2-მა“ „ბრავოსთვის” ჩამომიყვანა. თან, ის პერიოდი ერთკვირიან დასვენებას დაემთხვა და ამიტომ წამოსვლაზე პრობლემა არ მქონია. ზუსტად, სემესტრის ნახევარი იყო გასული – სანამ ახალ საგნებს ავიღებდი. „კავკასიის ბიზნესსკოლაში“ ჩემს ფაკულტეტს ბიზნესადმინისტრირება ერქვა, შვედეთში კი საერთაშორისო მენეჯმენტი ჰქვია. ამ ჩამოსვლაზე უკვე ზამთრის არდედეგები მაქვს, უკან ცამეტ იანვარს ვბრუნდები. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ჩემმა მშობლებმა მითხრეს „ბრავოსთვის” უნდა ჩამოხვიდეო. გამიხარდა ჯერ მარტო იმიტომ, რომ იქ ეს აურზაური, სიმღერა, გიჟური გრაფიკი, გადარბენები მაკლია. კვირის შვიდ დღეში იმდენი ჩაწერა, რეპეტიცია, გადაღება, „პრიმერკები”, ინტერვიუებია, რომ შეიძლება, თავბრუ დაგეხვას. მაგრამ, თან, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.
– აშკარად სცენისთვის ხარ დაბადებული და რატომ მოინდომე პლუს ეს ბიზნესი?
– გამომდის ეს საქმეც და მინდა, რომ ერთმანეთს რამენაირად შევუწყო. კი მეუბნებიან, ან ერთი უნდა აკეთო ან მეორეო, მაგრამ მგონია, რომ ერთმანეთს გადასარევად გამოადგება. აქაურობას უფრო ეტყობოდა ახალი წელი რომ მოდიოდა და აქ ბევრად უფრო იგრძნობა საახალწლო განწყობა. ბათუმში ვიყავი, ბაბუას იუბილე ჰქონდა და ყველა, მთელი სანათესაო ისე თბილად შემხვდა, მაგრად გავერთე. ვგიჟდები საქართველოზე.
– იქ როგორ ცხოვრობ?
– იქ უფრო სხვა ტიპის ღონისძიებებია – პრეზენტაციები, სემინარები, საქმიანი დღეები. თბილისშიც სულ საქმეში ვარ, უბრალოდ, იქ საქმე ფურცლებთან, ლეპტოპებთან არის დაკავშირებული, აქ – სიმღერასთან.
– გართობისთვის ვერ იცლი?
– კი, როგორ არა. გართობა თუ გიყვარს, ყველგან მოიცლი ამისთვის ადამიანი. ზუსტად ეს მომწონს შვედეთში. იქ გართობისთვის განსაზღვრული დრო არსებობს. გადანაწილებულია დრო სწავლისთვის და გართობისთვის. აქ რომ ვსწავლობდი, სულ ვმეცადინეობდი, არანაირ გართობაზე ლაპარაკი არ იყო. მაგრამ, აქ გართობას თუ ახერხებ, ბევრად მაგარია. სულ შინაურები, იუმორი, რომელიც ყველას ესმის, სიმღერა. სუფრა იქნება თუ რამე წვეულება, თუ მთხოვენ, ყველგან ვმღერი. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და სხვანაირად არ შემიძლია. გულიდან როცა ამოდის, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს დაგეგმილი იყო თუ არა ეს ყველაფერი.
– ახალი წელი სად გაატარე?
– „მეიდანში” ვიმღერეთ მე, სალომე ბაკურაძემ და რამდენიმე ადამიანმა. ოჯახის წევრებიც იქ მოვიდნენ, რადგან იქიდან გამოსვლას დიდხანს ვერ შევძლებდი. ახალ წელს სულ ვტირი, რადგან ყოველთვის კონცერტზე მიწევს წასვლა და ჩემების დატოვება. ვგიჟდები ამ დღესასწაულზე, მაგრამ არ არსებობს, არ ვიტირო. მონატრების და ჩემიანებთან ყოფნის განცდა სულ მაქვს. იქაც, რომ ვარ, ჩემი ძმა, დედაჩემი და მამაჩემი სიგიჟემდე მენატრებიან.
– იქ იციან, რომ საქართველოში ასეთი ცნობილი მომღერალი ხარ?
– ქართველები, ვინც ჩემთან ერთად არიან, იგივე პრეზენტაციების დროს, ჩემს თავს განსაკუთრებულად აცნობენ დამსწრეთ და ეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის „პოპ აიდოლის” გამარჯვებული ვარ (იცინის). მერე, სხვათა შორის, იგებენ, ყველა დეტალით ინტერესდებიან და „იუთუბიზეც” ხშირად უყურებენ ჩემს გამოსვლებს. მერე უკვე იწყება კითხვები, რომლებზეც ათასჯერ გამიცია პასუხი – რად გინდოდა სწავლა, რატომ არ გააგრძელე სიმღერა? უცხოეთში ეს სფერო სხვანაირად არის განვითარებული. იქ მომღერალს სწავლის არც დრო აქვს და არც სურვილი. თან, შემოსავლებიც საკმაოდ განსხვავდება. აქედან გამომდინარეც არის ეს კითხვა. ქართველებს მაინც გვირჩევნია, რომ მეორე პროფესიაც გვქონდეს.
– იქნებ, გაიხსენო დაუვიწყარი ახალი წელი?
– ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარია. საერთოდ, ყველაზე მეტად ახალი წელი და აღდგომა მიყვარს, მაგრამ ყველაზე სასაცილო რა არის იცი? ყოველ ახალ წელს მეტირება, ვტირი. ემოციებისგან კი არა, სულ რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება. ორჯერ, ახალ წელს კონცერტის დროს ვიტირე – ფიქრებით წავედი, წავედი და ისე მომინდა ჩემიანებთან ერთად ყოფნა, რომ თავი ვეღარ შევიკავე. ხომ ვიცი, ესეც ერთი ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ რატომღაც სულ განსაკუთრებულად ვხვდები, განსაკუთრებული განწყობით. მერე ასე, დასიებული თვალებით გავდივარ სცენაზე. მაგრამ, სახლშიც სულ ასეა, რაღაც დაუგეგმავად ისე ხდება, რომ ვტირი. მერე დედაჩემი მიწყებს დამშვიდებას, მეუბნება, რომ არ შეიძლება ცრემლიანი შეხვდე ახალ წელს და ეგრევე გონს მოვდივარ. სხვათა შორის, ადრე ცეკვაზე დავდიოდი და კონცერტის დროს მქონდა ძალიან პატარა პაუზა. ამ პაუზის დროს უნდა მომესწრო „აზიაცკების” გახდა – ბიჭის ცეკვას ვცეკვავდით და ყარაჩოხელის ფორმის გადაცმა. გამოვვარდი სცენიდან და ვერ ვიხდი „აზიაცკებს”. დამესია ასი კაცი. მხდიან ფეხიდან „აზიაცკებს” და არ ვიცი, რა მოხდა?! ნერვიულობისგან თუ სიცხისგან, უცებ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. კაპილარი გამისკდა თუ რა მოხდა არ ვიცი – „გიჟივით“ მოდიოდა სისხლი. ასი კაცი დამდევს ბამბებით, სად ნახეს, არ ვიცი, მაგრამ არ ჩერდება. წამებში სცენაზე უნდა ვიყო, ვტირი გიჟივით, ცხვირიდან სისხლი მომდის და „აზიაცკებიც” მაცვია. მკაცრი, მაგრამ ძალიან საყვარელი მასწავლებელი მყავდა. მეუბნება – კეკო, შენ ხომ იცი, ახლა უნდა გახვიდე სცენაზე და გაიღიმო – იცეკვო, კონცერტი არ ჩაშალო. ცოტა შემაჯანჯღარა. ცხვირიდან ბამბები გამოვიღე, იმავე ფორმაზე გადავიცვი სხვა კაბა, მოვიწმინდე ცრემლები და უბედნიერესი ღიმილით გავედი სცენაზე (იცინის). ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მშობელი ამაზე სულ ხალისობს. ეს აფერისტი ბავშვია, მართლა კი არ ნერვიულობს, წამში ისეთი ღიმილი აქვს სახეზე, გადაირევიო. რატომ გამახსენდა ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ რაღაც ამ ჩემს ტირილ-სიცილს უკავშირდება (იცინის).
– თოვლის ბაბუის დიდხანს გჯეროდა?
– არა, სხვათა შორის დიდხანს არა, მაგრამ ძალით ვიჯერებდი. არ ვამბობდი, რომ აღარ მჯეროდა, საჩუქარი მიხაროდა. ხან თავთან მხვდებოდა ეს საჩუქრები და ხან ნაძვის ხესთან.
– სიყვარულის მხრივ რა ხდება, ხომ არ ნახე ვინმე უცხოელი ბიჭი? თუ შვედები ცივები არიან?
– კი, მართლა ცივი ხალხია. არა, საყვარლები არიან, მაგრამ კარგად თუ არ გაიცანი, გრძელვადიანი ურთიერთობა თუ არ გქონია, ისე არ დაგიმეგობრდებიან. არ მიყვარს მათი კრიტიკა, რადგან ბევრად იმაზე კარგები არიან, ვიდრე შეიძლება იმ ამინდში ადამიანი იყოს. სულ მოღრუბლულია, სამ საათზე ღამდება და თერთმეტზე თენდება. სულ ცივა. ამის გამო დეპრესიულები არიან. სულ ვცდილობ ხოლმე გავახალისო. რაც შეეხება სიყვარულს, არიან შვედიც და სხვა ეროვნების თაყვანისმცემლებიც, მაგრამ ქართველი ბიჭი მირჩევნია.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– უპირველესად, განათლებული უნდა იყოს აუცილებლად. უნდა მიგებდეს ყველაფერში. რაში უნდა დამჭირდეს გაგება, თუ არა კონცერტებზე გამოსვლაში და ასე შემდეგ. ანუ, ჩემს საქმეში უნდა შემიწყოს ხელი. ნდობა და სიყვარული სადაცაა, ხელშეწყობაც იქნება. თბილი უნდა იყოს, ზრდილობიანი, ბუნებით კეთილი და რაც მთავარია, მამაკაცური.
– ისე ჩამოაყალიბე ეს ყველაფერი, მგონი, ვიღაც კონკრეტული აღწერე, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს. არის ასეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში?
– კი (იცინის) და ძალიან მიხარია. ისევ ახალ წელს დავუბრუნდეთ ჯობია. სასწაულების მჯერა და ყოველ ახალ წელს სასწაულს ველოდები. ბუნებით ხელოვანი ვარ და ვგრძნობ, რთულია ხელოვან ადამიანთან ყოფნა. მას სულ სჭირდება წყლის დასხმა, მეტი რომანტიზმი იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. იღბლიანი ვარ, მიმართლებს ცხოვრებაში, გამიმართლა რომ ამ ოჯახში დავიბადე, ამდენ პროექტში გავიმარჯვე, ხალხს ვუყვარვარ და პატივს მცემენ. გამიმართლა მეორე პროფესიაშიც. იცი, რა მიზანმიმართულიც ვარ – მიზნად რასაც დავისახავ, გამომდის. ჯეკპოტი არ მომიგია და რაღაც ასეთი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მჯერა, თუ ვითამაშებ, აუცილებლად მოვიგებ. შვედეთშიც არის ლატარიის მსგავსი გათამაშება, მაგრამ არც იქ ვთამაშობ. სხვათა შორის, მთელი შვედეთი თამაშობს. ესეც ერთგვარი წესია. საერთოდ, ყველაფერს წესით აკეთებენ – ასე უნდა იყოს და ასეა. ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი აქვთ. არადა, მიყვარს ცხოვრებაში, როცა რაღაც ექსპრომტად ხდება. მოულოდნელობებია ძალიან მაგარი, ამას გაცილებით დიდი ადრენალინი მოაქვს.