კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

უცებ საძინებლის კარი გაიღო, სასტუმრო ოთახში ჯაბა შემოვიდა და ბიძამისს უთხრა:

– აბა, აბა, ბიძაჩემო, მასეთები არ იყოს.

– ჯაბა, შენ?! – აღმოხდა ჯამბულ ონიანს და ძმისშვილი შეათვალიერა.

– კი, მე ვარ, – ჩაეცინა ჯაბას, შემდეგ ბიძამისს გადაეხვია და უთხრა, – კი მაგრამ, აქ როგორ მომაგენი?

ჯამბულმა ჯერ შორენას შეხედა და თავი გააქნია, შემდეგ ჩაეცინა და ჯაბას მიუგო:

– ეს მართლაც რა მაგარი ვინმე ყოფილა. კინაღამ გამაცურა! თუმცა, რაღა კინაღამ, გამაცურა და დამაჯერა, რომ შენი ადგილსამყოფელი მართლა არ იცოდა.

– მაინც, საიდან მიხვდით, ჯამბულ ბიძია, რომ ჯაბა ჩემთან იყო? – ჰკითხა შორენამ ჯამბულს.

– სიმართლე გითხრა, მთლად მასე არ ვფიქრობდი, უბრალოდ, მეგონა, რომ შენ მისი ადგილსამყოფელი იცოდი. ინტუიციამ მიკარნახა, ჩემო მშვენიერო, – გაეცინა ჯამბულს.

– ბიძია ჯამბული, ძველი მგელია, – თქვა ჯაბამ, – ახალგაზრდობაში მაგას საქმეები აქვს გაკეთებული?! მოსკოვში დღემდე ლეგენდები დადის.

– მართლა? – ჰკითხა შორენამ ჯამბულს.

– ამეტებს, შვილო, – ხელი ჩაიქნია ჯამბულმა, – ერთხელ რაღაც წავიხლაფორთე და მას მერე ამ ამბავს უმატებენ და უმატებენ, ბერავენ და ბერავენ, ლამის სერიალი გადაიღონ.

– ისე, იდეაა, ხომ იცი! – თქვა ჯაბამ და ბიძამისს გადახედა, – შენი ისტორიების მიხედვით სცენარი რომ დაწერო და გადაიღო, საკმაოდ შემოსავლიანი ფილმი გამოვა. ხომ არ გვეცადა?

– ჯერ შენი საქმეები მოვაგვაროთ, შე მამაძაღლო და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, – მიუგო ჯაბას ჯამბულმა, – ალბათ, შორენა გეტყოდა, რომ მთელი საქართველოს პოლიცია შენ გეძებს.

– კი, მოვიდა, სიგნალი, – გაეცინა ჯაბას და შორენას გადახედა, – შორენამ ყველაფერი დაწვრილებით მიამბო და საქმის კურსში ვარ.

– მერე, რას აპირებ?

– რას უნდა ვაპირებდე? იმას, რასაც ადრე ვაპირებდი.

– ანუ, მთელი ცხოვრება უნდა იმალო?

– რატომ მთელი ცხოვრება?

– აბა, რისი იმედი გაქვს? ხომ არ ფიქრობ, რომ შენი ამბავი ვინმეს დაავიწყდება ან გაბრაზება გადაუვლით? ბიჭო, იმ ტუპოი ბაქოელს პოლიციამ გადაუხადა 200 ათასი ევრო და ამას შეგარჩენენ? და ამხელა მაყუთს, თანაც, საკუთარი ჯიბიდან ამოღებულს, ვინ გაპატიებს?

– აბა, რა ვქნა, დავაბრუნო?

– დავაბრუნოო? – გაიმეორა ჯამბულმა და ძმისშვილი აათვალიერ-ჩაათვალიერა, – ესე იგი, მართლა შენ გაწეწე ის ბრიყვი?

– შენ რა, ბიძაჩემო, ამაში ეჭვი გეპარებოდა?

– ეჰ, ჯამბულ, ჯამბულ, ბერდები, შე შტერო და გამოჩერჩეტებულო, – უთხრა საკუთარ თავს ჯამბულ ონიანმა და ჯაბას მიმართა, – მე კი, სულელმა, დაგიჯერე და ვიფიქრე, ალბათ, მართლა შეეშალა იმ ბაქოელს ჩემი ძმისშვილი ვიღაცაში-მეთქი. შენ კი, თურმე, ამხელა მაყუთი გაქვს მოყუჩებული და ყველას გვაბოლებ...

– აბა, მთელ ქვეყანას ხომ არ განვუცხადებდი, 200 ათასი ევრო მაქვს დათრეული და იცოდეთ-მეთქი?!

– მე, მე, არ უნდა მცოდნოდა, ბიჭო? ბიძა ვარ შენი, ვიღაც ვიგინდარა ან შორებელი ხომ არა? ასე რომ გამაბითურე და მანერვიულე, გული რომ გამხეთქოდა ან ტვინში სისხლი ჩამქცეოდა, მაშინ რას იზამდი?

– კარგი, რა, ჯამბულ ბიძია, ნუ იცი შენ ყველაფრის ასე დრამატიზება. ხარივით ჯანმრთელი ხარ და რა მოგივიდოდა?

– არ მენდობი, ხომ?

– ვითომ არ იცი, გენდობი თუ არა? უბრალოდ, როცა იტყუები, ეს ტყუილი, პირველ ყოვლისა, თვითონვე უნდა დაიჯერო და მერე სხვასაც დააჯერებ. შენ რომ გიმტკიცებდი, ფული არ გამომიძალავს-მეთქი, მართლა ასე მეგონა და შენც იმიტომ დაიჯერე.

– ისე, მართლა ოსტატურად გამაბითურე. კარგი, კარგი, ჯანდაბას, აღარ მწყინს. ახლა ის მითხარი, რას აპირებ?

– ცოტა ხანს ფსკერზე დავწვები, მერე კი უცხოეთში დავაწვები.

– შაბლონური სქემაა, მაგრამ, შენს შემთხვევაში შეიძლება, არ იმუშაოს.

– რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ შენი ინტერესი პირადად პოლიციას აქვს და გულდასმით მოგძებნიან. 200 ათასი ევრო მათი ჯიბიდან ამოიღე და ამას გაპატიებენ? თანაც, 200 ათასი ევრო არაა იმხელა თანხა, რომ კონსპირაციულად იცხოვრო, თან, სერიოზული საბუთები იშოვო და უპრობლემოდ გაემგზავრო უცხოეთში. „ინტერპოლი“ წითელი ცირკულარით დაგიწყებს ძებნას და მათ ხელიდან ვერ დაუსხლტები. ეს ყველაფერი კი, სულ რაღაც, 200 ათასი ევროს გამო გაუჩალიჩე საკუთარ თავს. იცი, ეგ ფული რომც დაუბრუნო პოლიციას მაინც რომ არ გაპატიებენ? მართალია, უვადო პატიმრობას, ალბათ, არ მოგაკერებენ, მაგრამ 5-8 წელიწადს აუცილებლად აგაკრავენ.

– აბა, რა უნდა ვქნა?

– რა და, პოლიციას უნდა მოველაპარაკოთ და მათგან გარანტიები მივიღოთ.

– გარანტიები?

– მართალია, პოლიციის გარანტიები შეიძლება, წამშივე დაირღვეს მათი მხრიდან, მაგრამ, ამ გზით უნდა წავიდეთ, სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ გვაქვს.

– გარკვევით ამიხსენი ჯამბულ ბიძია, თორემ, ზუსტად ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – უთხრა ჯაბამ ბიძამისს და სიგარეტს მოუკიდა.

ჯამბულმაც გააბოლა და ჯაბას უთხრა:

– პოლიციის ხელმძღვანელობაში ისეთ კაცთან უნდა მოვძებნო „დოსტუპი“, რომელსაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

– დავუშვათ, მოძებნე ასეთი კაცი. რას ეტყვი?

– რას და, იმას, რომ, თუკი 200 ათას ევროს დააბრუნებ, კიდევ რა და რამდენი გვექნება დასამატებელი, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები სასჯელი მოგცენ და თავი დაგანებონ.

– შენი აზრით, უსასჯელოდ ვერ გადავრჩები?

– ას საქმიდან რომ უსასჯელოდ გამოხვიდე, მინიმუმ სამმაგის გადახდას მოგთხოვენ, ეს კი 600 ათასი ევროა და, გაქაჩავ? თუმცა, შეიძლება, მილიონიც არ იკმარონ.

– შეიძლება, მხოლოდ 200 ათასის დაბრუნებაზეც დაგვთანხმდნენ, როგორც ამას ძიებისას მეუბნებოდნენ და საქმის დახურვასაც შემპირდნენ, მაგრამ, მაინც დამიჭირონ, – თქვა ჯაბამ, – შეიძლება, აგრეთვე, მილიონი გადამახდევინონ და მაინც დამიჭირონ.

– შეიძლება, შვილო, ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც პოლიციასთან გაქვს საქმე, თანაც, დამნაშავე ძებნილი ხარ, პლუს ამას, მათ ფულზე გაქვს დადებული თათი. მთავარი ისაა, ასეთ დღეში არ ჩაიგდო თავი, რადგან ასეთი საქმიდან გამოძრომა ყოველთვის რთულია. აქ უკვე მაყუთზე აღარაა იმდენად ბაზარი, რამდენადაც, ასე ვთქვათ, მათი მუნდირის ღირსების საქმეა.

– ესე იგი, საშველი არ ყოფილა?

– არა, საშველი ყოველთვისაა და ამ შემთხვევაშიც მოიძებნება გამოსავალი, მაგრამ, ეს გამოსავალი რაც შეიძლება უმტკივნეულო უნდა იყოს ჩვენთვის. რაღაც-რაღაც „დოსტუპები“ უკვე გავჩითე და ხვალიდან ჩალიჩს დავიწყებ.

– რა კავშირები გაჩითე, ჯამბულ ბიძია?

– რა, შვილო და, ერთი ჩემი ძველი „პაძელნიკის“ დისშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ჰოდა, ის ჩემი „პაძელნიკი“ უნდა ვნახო, დავებაზრო და მისი მეშვეობით გავიდე მინისტრის მოადგილეზე. თუ ეს მოხერხდა და იმ ადამიანს დაველაპარაკე, დანარჩენი მერე გამოჩნდება.

– გასაგებია, – თქვა ჯაბამ.

– ჰო, მართლა, ახეული ფული სადაა? – ჰკითხა ჯამბულმა ჯაბას, – თქვი, რომ აქ მოვიტანოთ, შევინახოთ და, თუკი ღმერთი გადმოგვხედავს და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება შენი საქმე, ეგრევე დავაბრუნოთ.

– სადაა და, ჩემი მეგობრის, შაკოს სახლში. ოთხი ცალი 500-ევროიანების პრესი. კომოდის მარჯვენა ზედა უჯრის ორმაგ ფსკერშია ჩალაგებული. უჯრა მთლიანად უნდა გამოიღო, შემდეგ უკანა, ქვედა მხრიდან გახსნა და სამალავი გაჩითო. მოკლედ, საიმედოდაა შენახული. თავად შაკო ინგლისშია სასწავლებლად წასული, ბინა ცარიელია და იქ იმიტომ შევინახე. თანაც, შაკომ მითხრა, როცა გინდა, მიდი, თუ გინდა, სულაც ჩემს ბინაში იცხოვრეო. ასე რომ, ვინც იქ მივა, თავისუფლად შეძლებს იქიდან ფულის წამოღებას.

– ქურდები რომ შევიდნენ ცარიელ ბინაში და ფული იპოვონ?

– ჯერ ერთი, იქ არავინ შევა, რადგან შაკოს იცნობენ; თანაც, წასაღები არაფერია. რომც შევიდნენ, ფულს მაინც ვერ იპოვიან. მაშინ, კომოდი უნდა მოიპარონ, კომოდის მოსაპარავად კი იქ ვინ შევა?

– მაინც არ უნდა შეგენახა იქ. თქვი, სადაა ის ბინა, რომ ან მე, ან შორენა წავიდეს და ფული წამოიღოს.

– მთაწმინდაზე რომ სპუსკიანი ეზოა სასამართლოს უკანა მხარეს, იცი?

– კი.

– ჰოდა, როგორც კი ჩახვალ იმ ეზოში, პირველივე ხის სახლია და შაკოს ბინა მეორე სართულზე მდებარეობს.

– ა, ესე იგი, შენი მეგობარი გიჟი ოთოს მეზობელია?

– ჰო, შაკო მიყვებოდა, ჩემ ქვევით ერთი გიჟი კაცი ცხოვრობსო, მაგრამ ახლა ის საგიჟეთშია.

– ეჰ, საცოდავი ოთარა, ჩემი კლასელი იყო. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ მოსკოვში ჩააბარა და იქვე დარჩა. ჯერ კანდიდატი გახდა, შემდეგ – დოქტორი და ბრწყინვალე კარიერაც ააწყო, მაგრამ, მოულოდნელად გაგიჟდა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე თბილისში დაბრუნდა. ცოლი გასცილდა – შვილები წაიყვანა და ის საცოდავი სულ მარტო დარჩა. კარგი, კარგი, გვეყოფა სევდიანი ისტორიების გახსენება. ბინის გასაღები სადაა?

– სადაა და ფოსტის ყუთში, რომელიც იქვე კართანაა ჩამოკიდებული.

– კარგი, აბა, მე წავედი და მალე მოვალ, – თქვა ჯამბულმა და შორენას ბინა ფრთხილად დატოვა.

ჯამბული მთაწმინდის აღმართს აუყვა, ნაცნობ ქუჩაზე შეუხვია, სადაც ბავშვობის წლები ჰქონდა გატარებული და ოთარის ეზოსკენ გაემართა, მაგრამ, რომ მიუახლოვდა, გაქვავდა – ხის ორსართულიან სახლს, რომელშიც შაკოს ბინა მდებარეობდა და სადაც ფული იყო შენახული, ცეცხლი ეკიდა.

– ფული, 200 ათასი ევრო იწვის... – ჩაილაპარაკა ჯამბულმა და გაფითრდა.

ასწლოვანი ხის სახლის, გამომშრალი კედლები ასანთის ღერებივით იწვოდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, მეზობელი სახლის მცხოვრებლები მაინც ცდილობდნენ ცეცხლწაკიდებული სახლისთვის წყლის მისხმას, მაგრამ ვედროებმომარჯვებულები, მიახლოებას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათ ოთარი უშლიდა ხელს. საგიჟეთიდან წინა დღეს გამოწერილი „გიჟოთარა“, რომელსაც სხეულზე ბენზინი ჰქონდა გადასხმული, ხელში კი ანთებული ჩირაღდანი ეჭირა, სახლის გასწვრივ დარბოდა და თავის დაწვით იმუქრებოდა, თუ ვინმე ცეცხლის ჩაქრობას შეეცდებოდა, თან იმეორებდა:

– ქვეყნიერება განწმინდე, ღმერთო, ყოვლისმპყრობელო და ერთადერთო!

ხანძარი გიჟოთარას გაჩენილი იყო, რომელიც ექვსი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა და წინა დღეს გამოწერეს იქიდან. ფსიქიატრიულ კლინიკაში კი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი იმის გამო მოხვდა, რომ „მსოფლიოს გადარჩენის გეგმაზე“ მუშაობამ მისი ფსიქიკა საგრძნობლად შეარყია და მარტის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ ყინავდა და ალაგ-ალაგ თოვლიც კი იდო, ოთარი დედიშობილა გავიდა ქუჩაში, ხელში წყლით სავსე ვედრო ეჭირა დროგამოშვებით წყალს ისხამდა თავზე, და თან ხარხარით გაიძახოდა:

– დედამიწას მოსდებია ალი! გადაასხით ჩქარა ცივი წყალი!

ასე გაიარა მან მთაწმინდიდან სოლოლაკამდე კილომეტრზე მეტი და სამი ვედრო წყლის გადასხმა მოასწრო. წყალი რომ უთავდებოდა, ეზოებში შედიოდა, ცარიელ ვედროს წყლით ავსებდა და ისევ თავის ვოიაჟს განაგრძობდა მეოთხე ვედროს ავსებისას, როდესაც ის ონკანთან ჩამოჯდა და ხარხარებდა, ეზოში პატრული შევიდა, ოთარს პლედი შემოახვიეს, მანქანაში ჩასვეს და საგიჟეთში გააქანეს. ოთარს პოლიციელებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და უხმოდ გაჰყვა, თუმცა, როდესაც ის მისაღებში გააფორმეს და სანიტრებს გამოუძახეს, რომ განყოფილებაში აეყვანათ, ჟუჟუნა სანიტრის დანახვაზე უკიდურესად აღშფოთდა, რადგან მისმა არაინტელექტუალურმა ჰაბიტუსმა გააღიზიანა და აყვირდა:

– ეშმაკის უტვინო მსახურო და ერთუჯრედიანო ვიწროშუბლავ! არ მომეკარო! წადი, გამშორდი, წადი, გამშორდი!

ჟუჟუნა სანიტარმა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა ოთარის მოწოდება და ჯერ თავისი მამაკაცი კოლეგების დახმარებით აიყვანა ის განყოფილებაში, შემდეგ კი „პირსახოცთერაპია“ ჩაუტარა, რის შემდეგაც ოთარს არც პროტესტი გამოუთქვამს და არც ჟუჟუნა სანიტრის შინაგან თუ გარეგნულ მონაცემებზე გაუმახვილებია ყურადღება. ის საგიჟეთის თანამშრომელთა ყველა სიტყვას ემორჩილებოდა და სწორედ ამიტომ გააჩერეს ფსიქიატრიულ კლინიკაში მხოლოდ ექვსი თვე და პირადად რაჟდენ რაჟდენოვიჩის მითითებით გაწერეს სახლში.

საგიჟეთიდან გამოწერილმა ოთარმა მთელი დღე თბილისის გავარვარებულ ქუჩებში იხეტიალა, რადგან აგვისტოს ტემპერატურა ორმოც გრადუსს აღწევდა და სიცხისგან ასფალტიც კი დარბილებული იყო. გიჟოთარა შუაღამისას ჩუმად შეიპარა სახლში და სამალავიდან საკუთარი ხელნაწერები გამოიღო, რომლებშიც, მისი ღრმა რწმენით, მსოფლიოს გადარჩენის გეგმა ჰქონდა ჩამოყალიბებული. მან ეს ყველაფერი გულდასმით გადაიკითხა, შემდეგ წერას შეუდგა და დილამდე შეუსვენებლად იმუშავა. როცა გათენდა, ოთარს მოეჩვენა, რომ გამყინვარება დაიწყო, თუმცა ტემპერატურა უკვე პლუს ოცდაათი გრადუსი იყო, მაგრამ გიჟოთარას სციოდა. ამიტომ, ის უთენია გავიდა სახლიდან, თან ოცლიტრიანი ბალონი წაიღო, უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე ბოლომდე აავსებინა და სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა, ჩაიკეტა და საღამომდე წერდა, ხოლო, როდესაც კვლავ შესცივდა და მოეჩვენა, რომ თოვდა, გამყინვარება მეორე ფაზაში შედიოდა და გიგანტურ ცხოველებს გადაშენებას უქადდა, მათი გადარჩენა განიზრახა: ჯერ ანტიკვარულ სკამს მოაძრო ფეხი, მასზე პირსახოცი შემოახვია, რომელიც მავთულით შეკრა და ბენზინის ბალონში ჩაყო. შემდეგ, ბენზინი საკუთარ ბინაში მოასხა, მერე გარეთ გავიდა და შაკოს ხის კიბეებზეც მოასხა, რაც დარჩა, სხეულზე გადაისხა და ჯერ ჩირაღდანი აანთო, შემდეგ კი სახლს წაუკიდა ცეცხლი და ახარხარდა.

– ქვეყნიერება განწმინდე, ღმერთო, ყოვლისმპყრობელო და ერთადერთო! – იმეორებდა ჩირაღდნიანი ოთარი, სახლის გასწვრივ დარბოდა და ვედრომომარჯვებულ მეზობლებს ხანძრის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა კიდეც რომ მიეცა მათთვის ამის საშუალება, ორსართულიან სახლს მაინც ვერავინ გადაარჩენდა, რადგან მისი ხის კედლები, სულ რაღაც, ოც წუთში ჩაიფერფლა და სახანძრო მანქანები რომ გამოჩნდნენ, შენობიდან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი.

სახანძრო სირენების ხმაზე ოთარი შეკრთა, ფეხი აერია, წაიქცა და მიწაზე გაგორდა, ჩირაღდანი კი, ჯერ ჰაერში ავარდა, დაბზრიალდა, პირდაპირ ბენზინგადასხმულ ოთარს დაეცა სხეულზე და უმალვე აალდა. ცეცხლწაკიდებული გიჟოთარა საშინელი კივილით წამოიჭრა ფეხზე და ჯერ ხალხისკენ დააპირა გაქცევა, მაგრამ უცებ შეტრიალდა, ცეცხლწაკიდებულ სახლში შევარდა და უკანასკნელად აღმოხდა:

– ყოვლის მპყრობელო და ერთადერთო!

ამ სანახაობით შეძრწუნებული ჯამბულ ონიანი შორენას ბინაში დაბრუნდა, სიგარეტს მოუკიდა და ძალებგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში.

– რა ფერი გადევს, ჯამბულ ბიძია, მოხდა რამე? – ჰკითხა ჯამბულს ჯაბამ.

– მოგჭამა ჭირი იმ 200 ათასმა, ბიძიკო, და სულ ესაა, მეტი რა უნდა მომხდარიყო, – ირონიულად მიუგო ძმისშვილს ჯამბულმა.

ამ სიტყვების გაგონებაზე ჯაბას ცარცისფერი დაედო სახეზე და ბიძამისს ჰკითხა:

– ეგ როგორ, მოიპარეს?

– დაიწვა.

– როგორ, დაიწვა?

– როგორ და, გიჟოთარამ, იმ საცოდავმა, ცეცხლი წაუკიდა სახლს და იქაურობა გადაბუგა, თან, ეგ უბედური, თავადაც შეეწირა ამ ამბავს. ახლა არც ის ფულია, თან, მთელი პოლიცია შენ გეძებს და ვართ ასე მხიარულად, – თქვა ჯამბულმა, სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაასრისა და დაამატა, – არა, იქ მაინც რამ შეგანახვინა ამდენი ფული, შე მამაძაღლო? 200 ათასი ევრო ორი ლარი ხომ არაა, რომ იშოვო?

– რა ვქნათ? – ჩაილაპარაკა ჯაბამ, სავარძელში ჩაეშვა, თავი ხელებში ჩარგო და დადუმდა.

– პირველ ყოვლისა, ვივახშმოთ, – უთხრა შორენამ ჯამბულს, – თქვენ გელოდებოდით, ჯამბულ ბიძია.

– არა, მაინც, რამ შეგანახვინა ამდენი ფული იქ? – იმეორებდა აღშფოთებული ჯამბული ვახშმობის დროსაც და თავს აქნევდა, ჯაბა კი არაფერს პასუხობდა. ჯამბულმა ვახშამი რომ დაასრულა, სიგარეტი გააბოლა, საათს დახედა და თქვა:

– ათი სრულდება, ჩემი წასვლის დროა. იცოდე, ჭკვიანად იყავით. შენ ეს არ გეხება, შვილო, – მიუბრუნდა შორენას, – ეს ჩემს ბედოვლათ ძმისშვილს ვუთხარი. არა, იქ მაინც რამ შეანახვინა ამდენი ფული ამ მამაძაღლს!..

– ჭკვიანად ვიქნებით, ბიძია ჯამბულ, თქვენ გაუფრთხილდით თავს, – უთხრა ჯამბულს შორენამ და გაუღიმა.

– მოკლედ, წავედი, – გაიმეორა ჯამბულმა და კარისკენ გაემართა, მაგრამ ის ჯაბამ შეაჩერა:

– მოიცადე, არ წახვიდე!

– რა იყო, რაშია საქმე?

– ხვალ შორენა მოსკოვში მიფრინავს და მარტო ხომ არ დავრჩები მის სახლში? – თქვა ჯაბამ.

– რა, გეშინია? – გაეცინა ჯამბულს.

– კი არ მეშინია, უბრალოდ, არ „დავიწვათ“. მეზობლებმა რომ შეგნიშნონ, აქ დადიხარ, პოლიციას არ შეატყობინონ, თან „სოდი“ არ დაგაჯდეს კუდზე. ხომ იცი, რა შებერტყილები არიან და არ იეჭვონ, რომ ჩემთან კონტაქტობ, – უთხრა ჯაბამ ბიძამისს.

– უმჯობესი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის დაგერიგებინა ჭკუა და ასეთ შარში არ გახვეულიყავი. შენ მასწავლი კონსპირაციულ ცხოვრებას, შე მამაძაღლო? სამოცი წლის კაცი ვარ და აქედან ორმოცი წელი კონსპირაციულად ვარ ნაცხოვრები. შორენას, ალბათ, სათადარიგო გასაღები ექნება და იმედია, მათხოვებს, – თქვა ჯამბულმა.

– რა თქმა უნდა, ბიძია ჯამბულ, – თქვა შორენამ, ჯამბულს სათადარიგო გასაღები გადასცა და უთხრა, – ხვალ საღამოს მივფრინავ მოსკოვში და იმედია, მანამდე კიდევ გნახავთ.

– თუ შენს გამგზავრებამდე მოვაგვარე საქმეები, გნახავ, მაგრამ, თუ ვერ მოგისწარი, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, აბა, შენ იცი, მოსკოვში მაინც ფრთხილად იყავი და წარმატებებს გისურვებ! – უთხრა ჯამბულმა შორენას, ხელზე აკოცა და სანამ წავიდოდა, ძმისშვილს დაუბარა, – შენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ შფოთი, ზედმეტი მოძრაობა და მისთანები დამღუპველია. ამიტომ, სრული სიმშვიდე შეინარჩუნე, როგორც კი საქმეებზე სირბილს მოვრჩები, მეც მოვალ. მოკლედ, დავაწექი...

ჯამბული წავიდა. შორენამ სუფრა აალაგა და ჯაბას უთხრა:

– მაგარი ბიძა გყავს.

– ძალიან.

– თანაც, შენ ძალიან უყვარხარ.

– ვიცი.

– ალბათ, ძალიან ნერვიულობს, მაგრამ არ იმჩნევს.

– კი, ასეა. ჯამბულ ბიძია, ერთ დროს ისეთ საქმეებს ატრიალებდა, მასზე ახლაც ლეგენდები დადის მოსკოვში. არადა, რომ არა მისი კეთილი გული, ახლა, ალბათ, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ფიზიკოსი იქნებოდა.

– ფიზიკოსი?

– აბა?! – გაეცინა ჯაბას, – ჯამბულ ბიძია 16 წლის იყო, სკოლა რომ დაამთავრა და განსაკუთრებული მონაცემების გამო მოსკოვის ფიზიკის ინსტიტუტში უგამოცდოდ მიიღეს. ეს იცი, რას ნიშნავს?

– რას?

– იმას, რომ 25 წლის ასაკში, სულ მცირე, მეცნიერების დოქტორი გახდებოდა და რაიმე გრანდიოზულ პროექტში იქნებოდა ჩართული. შესაბამისად, ექნებოდა ბინა, ფული, სახელი, მოკლედ, ყველა სიკეთე, რასაც საბჭოთა მთავრობა გენიოსებს უქმნიდა, მას კი 19 წლის ასაკში ცხოვრება გაუმრუდდა.

– რატომ?

– მეგობრის გამო.

– მაინც, როგორ?

– როგორ და, ერთი მეგობარი ჰყოლია, ვინმე ჭაჭუა, რომელიც წვრილმანი ქურდი, აფერისტი, ხულიგანი და კიდევ ბევრი რამ იყო ცოტ-ცოტა. ჰოდა, ეს ჭაჭუა „პაბეგში“ ყოფილა და მოსკოვში ქუჩაში შემთხვევით შეხვედრია ბიძაჩემს, თავი შეუცოდებია მისთვის და ჯამბულმა ის თავის სახლში შეიფარა. ჯამბულს მაშინ ოროთახიანი ბინა ჰქონია მთავრობისგან მიცემული დროებით სარგებლობაში და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოთხოთახიან ბინას ჰპირდებოდნენ ქალაქის ცენტრში. იცი, ეს რას ნიშნავდა მაშინ?

– რას?

– რას და, უდიდეს დაფასებას. წარმოიდგინე, რამხელა პატივია, როცა 19 წლის ბიჭს მოსკოვის ცენტრში ოთხოთახიან ბინას გჩუქნის მთავრობა. მაშინ ასეთ საჩუქრებს პროფესორებს, აკადემიკოსებს, ცნობილ მწერლებსა და სახალხო არტისტებს უკეთებდნენ.

– ესე იგი, ბიძაშენიც იმსახურებდა.

– იმსახურებდა, როგორ არ იმსახურებდა. 19 წლის ბიჭი წარმატებით მუშაობდა ზეგამტარების პრობლემებზე ყველაზე ცნობილი მეცნიერების გვერდით და, რაც მთავარია, მას ყველა ძალიან აფასებდა. ამ დროს კი ეს ნაძირალა ჭაჭუა გამოჩნდა ასპარეზზე, – ჯაბამ პაუზა გააკეთა, გააბოლა და განაგრძო, – ჰოდა, ჯამბულმა ჭაჭუა თავის სახლში დააბინავა, აჭმევდა, ასმევდა, უვლიდა. ერთი სიტყვით, მაგრად პატრონობდა. იმან კი რით გადაუხადა?

– რით? – ჰკითხა შორენამ.

– რით და, იმ ნაძირალამ დიდი რაოდენობით ოქრო და პლატინა მოიპარა და გაიქცა.

– რაო, რა თქვი?

– ოქრო და პლატინა მოიპარა და გაიქცა, – გაუმეორა შორენას ჯაბამ, – მოკლედ, სამ მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების ტავარი იყო.

– კი მაგრამ, ამდენი ძვირფასი ლითონი საიდან ჰქონდა ბიძაშენს?

– ბიძაჩემი ხომ ზეგამტარებზე მუშაობდა, ზეგამტარებს კი, ძვირფასი ლითონებისგან ამზადებდნენ და ლაბორატორიაშივე ინახებოდა ოქროსა და პლატინის ზოდები. ჭაჭუამ ეს ჯამბულისგან იცოდა და ისიც გაიგო, რომ ბიძაჩემს ლაბორატორიის გასაღებიც ჰქონდა.

– ახლა გასაგებია, – თქვა შორენამ, – ჭაჭუამ ჯამბულს გასაღები მოჰპარა, ლაბორატორიაში შეიპარა და ზოდები გაიტაცა.

– სწორედ ასე იყო ყველაფერი, – დაადასტურა ჯაბამ, – ამ საქმის გამოძიება „კაგებემ“ დაიწყო, მაგრამ ჯამბულს ჭაჭუას სახელი ვერ წამოაცდენინეს, თუმცა, აშკარა იყო, რომ ლაბორატორია მისი გასაღებით იყო გაღებული. ერთი სიტყვით, ჯამბული ციხეში ჩასვეს, ცნობილი მეცნიერების შუამდგომლობამაც კი ვერ გაჭრა. თავის კოლეგებს იმდენად უყვარდათ ბიძაჩემი და ისე ენდობოდნენ, რომ მისი ავაზაკობა არ სჯეროდათ. სამი კვირის შემდეგ ჭაჭუაც დააკავეს და გატაცებული ლითონებიც დააბრუნებინეს, მაგრამ ჯამბული მაინც არ გაუთავისუფლებიათ პასუხისმგებლობისგან და დაუდევრობისთვის, ძებნილის შეფარებისა და ქურდობაში ხელის შეწყობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მით უმეტეს, რომ ჭაჭუა ამტკიცებდა, რომ ლაბორატორიის „ნაკოლი“ მას ჯამბულმა მისცა და გასაღებიც თავისი ნებით გადასცა. აი, ასე იყო ეს საქმე და 19 წლის გენიოსი ტყუილუბრალოდ გასროკეს. ბიძაჩემმა სროკი ატ ზვანკა და ზვანკა მოიხადა და 27 წლისა გამოვიდა ციხიდან, თუმცა, უკვე ტვინი ჰქონდა გადაბრუნებული და კრიმინალურად აზროვნებდა. ერთი სიტყვით, ბიძაჩემი იმ სისტემამ გააკრიმინალა.

– ჭაჭუა?

– რა ჭაჭუა?

– ჭაჭუას რა ბედი ეწია?

– საქათმეში მოკვდა.

– ეგ რას ნიშნავს?

– „საქათმე“ ციხეში ჰომოსექსუალების საცხოვრებელს ჰქვია. როცა ის ციხეში ჩასვეს და პატიმრებმა მისი „საგმირო საქმეები“ შეიტყვეს, გააჰომოსექსუალეს, საქათმეში შეაგდეს და ორი წლის შემდეგ სულიც ამოხდა იქ, მაგრამ ამით ჯამბულს არაფერი მომატებია, პირიქით, ერთხელ ისიც კი წამოსცდა, საცოდავი ჭაჭუაო. როგორც ვხვდები, ეცოდებოდა ის ნაძირალა. აი, ასეთი გული აქვს ბიძაჩემს.

– შემდეგ, შემდეგ რა მოხდა?

– შემდეგ მოხდა ის, რომ ბიძაჩემის გონების პატრონმა მშვიდ, უღიმღამო ცხოვრებას თავგადასავლები არჩია და თაღლითობას მიჰყო ხელი.

– თაღლითობას?

– თაღლითობას, მაგრამ, განა წვრილმანს, არამედ, მსხვილ-მსხვილ საქმეებს ჩითავდა და ისე ოსტატურად ასრულებდა, რომ სახელგანთქმულ რეჟისორს ან სცენარისტსაც კი შეშურდებოდა.

– მაინც რას და როგორ ჩალიჩობდა, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის? – ჰკითხა შორენამ ჯაბას.

– სართიჭალის აფერაზე გსმენია რამე?

– არა.

– ერთხელ, ერთ გერმანელ ბიზნესმენს ბიძაჩემმა სართიჭალის ნავთობის საბადო მიჰყიდა 10 მილიონ მარკად, ავანსად 300 ათასი მარკა აიღო და მიიმალა, თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი კომუნისტების დროს გააკეთა.

– ასეთი სულელი სად ნახა? – გაეცინა შორენას.

– სულელი ალბათ, არც იქნებოდა ის გერმანელი, მაგრამ ბიძაჩემია მაგარი, თანაც აფერისტობის „მუღამი“ აქვს დაჭერილი, უფრო სწორად, ჰქონდა დაჭერილი და იმიტომ ჩარხავდა ასეთ საქმეებს. როგორც ეტყობა, მეც მისი გენი გამომყვა, ხომ გაგიგონია, „კვიცი გვარზე ხტისო“.

– თუ მასეა და „კვიცი გვარზე ხტის“, მაშინ, ფიზიკის ნიჭიც უნდა გამოგყოლოდა.

– მერედა, ვინ გითხრა, რომ არ მაქვს? – გაეცინა ჯაბას, – ფიზიკური მაქვს დამთავრებული, თანაც, წითელ დიპლომზე.

– შენ რა, უმაღლესში სწავლობდი?

– რა, არ მეტყობა? – გაეცინა ჯაბას.

– არა, არ ვიცი... უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, – დაიბნა შორენა.

– რას, ფიზიკოსი რომ ვარ?

– არა... მოკლედ, ნუ მეკაიფები, – წამოწითლდა შორენა, – კიდევ, კიდევ მომიყევი რამე ბიძაშენის აფერებზე.

– კარგი, – გაეცინა ჯაბას, – მაშინ, იმ ცნობილ აფერას მოგიყვები, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ მოსკოვში და რომელზეც ბიძაჩემმა თქვა, აზვიადებენო.

– ყავა გინდა?

– მინდა.

– მაშინ, მე სწრაფად მოვამზადებ, მოგიტან და მომიყევი, – უთხრა შორენამ ჯაბას, სამზარეულოში გავიდა, ხუთიოდე წუთში ყავითა და ნამცხვრით დაბრუნდა და თქვა, – ესეც ყავა, ახლა კი გისმენ.

ჯაბამ გააბოლა, თან ყავა მოიმარჯვა და შორენას უთხრა:

– ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც არც შენ და არც მე დაბადებულები არ ვიყავით. მოკლედ, გაგანია „პერესტროიკაა“, ქვეყანა ირევა და ხალხი დიდი „მაყუთის“ შოვნას იწყებს.

– ეგ რას ნიშნავს?

– რა?

– „პერესტროიკა“.

– რას და, გარდაქმნას. გორბაჩოვისა და შევარდნაძის მოგონილი აფერა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაშალა. მოკლედ, გაგანია „პერესტროიკაა“. ჯამბული იალტაში ისვენებს, ბევრი ფული აქვს და მილიარდერივით გულაობს, თან საკბილოს ეძებს, რომ ფული აახიოს. ერთ მშვენიერ დღეს სასტუმრო „ინტურისტში“ ერთი იაპონელი, ვინმე კუბოიამა დაბინავებულა.

– რა საშინელი გვარია, კუბო-იამა, – დამარცვლით გაიმეორა შორენამ.

– ჰოდა, ეს კუბოიამა, თურმე, მილიარდერი ყოფილა, უძრავი ქონებით ინტერესდებოდა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების გამო ინკოგნიტოდ ჩამოსულა აქ, რომ სიტუაციას პირადად გასცნობოდა და საკუთარი ბიზნესი აქაც ეკეთებინა.

– ანუ, უძრავი ქონება შეეძინა, ხომ? – სიტყვა შეაწყვეტინა შორენამ ჯაბას.

– არა მარტო უძრავი ქონება, თუმცა, ძირითადად მისი ინტერესი მაინც ეს იყო. ბიძაჩემს ეს კუბოიამა ეგრევე დაუთრევია, გაუცნია და რესტორანში დაუპატიჟებია. ჯამბულმა, სხვათა შორის, ექვსი უცხო ენა იცის ქართულისა და რუსულის გარდა: ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური და სპარსული.

– ამდენი ენა სად ისწავლა?

– ციხეში. 8 წელი იჯდა, მეტი რა საქმე ჰქონდა და იქ გახდა პოლიგლოტი.

მოკლედ, ეს კუბოიამა ჯამბულმა რესტორანში დაპატიჟა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, გაშიფრა და მის დამუშავებას შეუდგა.

– გაშიფრა, ანუ მიხვდა, რომ მილიარდერი იყო?

– მილიარდერობაზე რა გითხრა, მაგრამ, მიხვდა, რომ უბრალო ტურისტი-ფოტოგრაფი არ იყო, როგორც ამას თავად კუბოიამა ამბობდა. მისი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი რომ გაეგო, ზღაპრული სუფრა გაუშალა, ნარჩევ-ნარჩევ ქალებში აგულავა და გაარკვია, რომ ტარო კუბოიამა მილიარდერი იყო. იმ იაპონელს ტარო ერქვა. ტაროს სამურაებში რჩეულს უწოდებენ, კუბოიამა კი, სამურაების შთამომავალი ყოფილა. მოკლედ, ტარო ჯამბულს პახმელიაზე გამოუტყდა, რომ მილიარდერი იყო, „პერესტროიკამ“ დააინტერესა და საბჭოთა კავშირში უძრავი ქონების დასათვალიერებლად ჩამოვიდა, რომ, თუკი მოეწონება და გაყიდიან, შეიძინოს. ჯამბულსაც მეტი რა უნდოდა, მიხვდა, რომ სწორედ იმას ჩაავლო, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში დაეძებდა და ნელ-ნელა დაიწყო აფერის განხორციელება, რომელიც მის ნათელ, მაგრამ კრიმინალურ გონებაში უმალვე ჩაისახა. ბიძაჩემი და კუბოიამა ხან ინგლისურად, ხან ფრანგულად საუბრობდნენ, რადგან იაპონელი მილიარდერიც საკმაოდ განათლებული ვინმე ყოფილა და ჯამბულს ტაროსთვის ინგლისურად უთქვამს:

– მისტერ კუბოიამა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეც ინკოგნიტოდ ვარ აქ ჩამოსული და, ისევე, როგორც თქვენ, ჩემი ბიზნესის განვითარებით ვარ დაინტერესებული.

– როგორ, თქვენც ბიზნესმენი ხართ, მისტერ სამუელ? – ჰკითხა კუბოიამამ ბიძაჩემს, რომელიც მას ებრაელ სამუელ გოლდსმიტად გაეცნო.

– თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მისტერ კუბოიამა, – მიუგო ბიძაჩემმა იაპონელ მილიარდერს, – მაგრამ, გთხოვთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის საიდუმლოდ დარჩეს.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – უთხრა იაპონელმა ჯამბულს, – თუ საიდუმლო არაა, რა ბიზნესს აწარმოებთ?

– ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში პატარა რესტორნების ქსელი მაქვს, აქ კი იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემი ბიზნესისთვის ნიადაგი შევარჩიო და განვავითარო. სხვათა შორის, ეს უზარმაზარი ქვეყანა თითქმის მზადაა ბიზნესის საკეთებლად და, გარწმუნებთ, როგორც ჩემი, ასევე თქვენი ბიზნესისთვის აქ ბრწყინვალე პერსპექტივებია. იცით, მისტერ ტარო, აქაურები ყველაფერს ყიდიან, თანაც, ძალიან იაფად და, თუკი კაცს ფული, გონება და სურვილი აქვს, საბჭოთა კავშირში დიდ ფულს იშოვის.

– თქვენ ისე ლაპარაკობთ, მისტერ სამუელ, რომ ეჭვი მაქვს, რაღაც წინსვლები უკვე გაქვთ, – ხუმრობით თითი დაუქნია იაპონელმა ჯამბულს, რომელიც მიხვდა, რომ სამურაების შთამომავალი მის ანკესს ეგებოდა და მიუგო:

– პირდაპირ გეტყვით, მისტერ ტარო, რომ ერთი რუსი პარტიული ფუნქციონერი დავიახლოვე, რომელიც გარკვეული გასამრჯელოს ფასად ფრიად მნიშვნელოვან ინფორმაციებს მაწვდის და სწორედ მისგან შევიტყვე ერთი რამ, რაც თქვენ უეჭველად დაგაინტერესებთ და, თუკი გამჭრიახობას გამოიჩენთ, დიდ ფულსაც მოიგებთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3