კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიძულებდა ქართველი კაპიტანი თავზეხელაღებულ ბოროტმოქმედებს საიუველირო მაღაზიების ძარცვას

– სხვენში დამწვარი მამაკაცის ცხედარია, ამოდით და ქვევით ჩაიტანეთ. მარტო მე ვერ გავუმკლავდები მას, რადგან ის ცეცხლწაკიდებული ბოძების ქვევითაა მოქცეული, – ჩამოსძახა შლანგმომარჯვებულმა მეხანძრემ თავის კოლეგებს, რომლებიც საბურთალოზე „ხრუშჩოვკის“ შენობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.

მეხანძრეებმა ხუთსართულიანი სახლის სხვენს კიბე მიადგეს და თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ეზოში თითქმის დანახშირებული მამაკაცის ცხედარი ჩამოიტანეს. მას ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი, როდესაც მილიცია და სასამართლო ექსპერტიზის ბრიგადა მოვიდნენ.

– ასე ხომ არ წავიღებთ, კვამლი გააქრეთ, – თქვა ექსპერტმა და მეხანძრეს ბრეზენტის მოზრდილი ნაჭერი გამოართვა. შემდეგ აბოლებულ გვამს დაადო და როდესაც კვამლი საბოლოოდ გაიფანტა, მხოლოდ ამის მერე მოათავსებინა სანიტრებს მანქანაში.

მილიციის მაიორი კოტე მიქაძე ერთხანს მეხანძრეების მუშაობას აკვირდებოდა, შემდეგ ეზოში გამოფენილი დამწვარი კორპუსის მობინადრეებს გაესაუბრა. ის ყველას ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა და აინტერესებდა, იცნობდნენ თუ არა სხვენში დამწვარ მამაკაცს.

– არა, უფროსო, ეგ საწყალი ვიღაც უცხოა, – უპასუხა მაიორს ერთ-ერთმა მობინადრემ, რომელიც ღამის ზოლებიან პიჟამაში იყო გამოწყობილი და უფილტრო პაპიროსს ღრმა ნაფაზებით „ექაჩებოდა“.

უცნობი მამაკაცის გვამი

„ხრუშჩოვკის“ სხვენში ნაპოვნი გვამის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მილიციამ მხოლოდ მოკვლევა დაიწყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნები ჯერ არ იყო ცნობილი და ძნელი იყო იმის თქმა, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი თუ მკვლელობას. მოკვლევას მაიორი კოტე მიქაძე აწარმოებდა და როდესაც მას ამ საქმის ირგვლივ ეკითხებოდნენ, ის მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა და დუმდა.

– ამხანაგო მაიორო, დარწმუნებული ვარ, რომ უბედური შემთხვევაა და მეტი არაფერი, – ამბობდა მიქაძის ახალგაზრდა თანაშემწე, კოტე ზარიძე და საუბრისას ხელებს სწრაფად ამოძრავებდა, – გაძარცვული არაა და არც ძალადობის რაიმე ნიშანი აქვს სხეულზე. ეტყობა, ის უბედური სხვენზე აძვრა და სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა. მერე კი ხანძარი გაჩნდა და დაიწვა.

– ერთი-ორი შენნაირი გენიოსი და საბჭოთა კავშირში გაუხსნელი საქმეები აღარ იარსებებს, – მიუგო თავის ემოციურ კოლეგას მიქაძემ, – ჯერ ერთი, რომ ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს და არ ვიცით, იყო თუ არა ძალადობა. მაგრამ ასეც რომ იყოს, კიდევ მრავალი გარემოება არსებობს და ხელაღებით მკვლელობის გამორიცხვა ბავშვობაა და დილეტანტობა. მერე რა, რომ ის გაძარცვული არაა. მხოლოდ ძარცვის მიზნით კლავენ ადამიანებს? ან კი, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ისე როგორ უნდა შეეშალოს გზა, რომ ჯერ სახლის სხვენზე აღმოჩნდეს, შემდეგ კი ასე ტრაგიკულად დაასრულოს სიცოცხლე.

– იქნებ მაწანწალა იყო და ღამეს სხვენში ათევდა? – სიტყვა გააწყვეტინა თავის უფროს კოლეგას ზარიძემ.

– მაწანწალა, რომელსაც ყელზე თითქმის ნახევარკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი ეკიდა და ნიანგის ტყავისგან დამზადებულ საფულეში 800 მანეთი ედო, არა? – ირონიულად ჰკითხა თავის უმცროს კოლეგას მიქაძემ, – არ გამოვრიცხავ, რომ მას მართლაც არ ჰქონდა ღამის გასათევი, მაგრამ არა მაწანწალობის გამო.

– მაშ, რის გამო?

– კოტე მიქაძემ ზარიძის კითხვას თავი აარიდა და საუბრის მიმართულება შეცვალა, – ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციხიდან გაუჩინარებული ბოროტმოქმედების სია მჭირდება მთელი საბჭოთა მასშტაბით და ეს საქმე შენ უნდა შეასრულო. მოსკოვში გაგზავნე დეპეშა სამმართველოს უფროსის სახელზე და სრული ანგარიში მოითხოვე. იცოდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და შეიძლება, დიდი სამსახური გაგვიწიოს მომავალში. ამასთან, მსხვილი ძარცვების სტატისტიკაც მჭირდება ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

– არის, ამხანაგო მაიორო! – თქვა კოტე ზარიძემ და ისე, რომ მეტი კითხვა არ დაუსვამს მიქაძისთვის და არც საკუთარი აზრი გამოუთქვამს, ბრძანების შესასრულებლად გაემართა.

ამასობაში ერთი კვირა გავიდა და მოსკოვიდან მიღებულ ცნობებს ექსპერტიზის დასკვნებიც დაერთო. როგორც გაირკვა, სხვენზე ნაპოვნი მამაკაცი 35-40 წლის იყო. მის ორგანიზმში ძლიერმოქმედი დასაძინებელი საშუალება აღმოჩნდა, ხოლო ორი მალა გაბზარული ჰქონდა. მას მძიმე, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში. გარდა ამისა, მას ბუასილის დაავადების მძიმე ფორმა აღმოაჩნდა.

კოტე მიქაძემ გულდასმით შეისწავლა მოსკოვიდან მიღებული სტატისტიკა და თავის უმცროს კოლეგას უთხრა:

– მე იური ბერეჟნოის გაქცევისა და ხარკოვის საიუველირო მაღაზიის ძარცვის ამბავი მაინტერესებს. ინტუიცია მკარნახობს, რომ სხვენში ნაპოვნ ცხედარს, ციხიდან გაქცევასა და საიუველირო ძარცვას შორის კავშირი არსებობს.

– რატომ ფიქრობთ ასე? – დაინტერესდა ზარიძე.

– ინტუიცია მკარნახობს, შვილო, და იმიტომ, – გაეცინა მაიორს, – 20 წლის განმავლობაში რომ აქ იმუშავებ, შენც აღარ გაგიკვირდება ასეთი კავშირი და უკვე თავად გააკვირვებ სხვას.

– მაინც, რატომ ფიქრობთ ასე? – არ ცხრებოდა ზარიძე.

– ხუთი წლის წინ, მე თითქმის ანალოგიურ საქმეს ვიძიებდი მოსკოვში. დანაშაულის მოტივი და თითქმის ყველა წვრილმანი დავადგინეთ, მაგრამ მთავარი დამნაშავე ხელიდან გაგვისხლტა. მაშინაც მხოლოდ გვამი შეგვრჩა ხელში. მართალია, ის გვამი დამწვარი არ იყო, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, ეს და ის მკვლელობა ერთი და იგივე ადამიანის ჩადენილია. ერთი სიტყვით, შენ ჯერ პერმში უნდა გაფრინდე, საიდანაც ბერეჟნოი გაიქცა და შეკრიბო მის შესახებ ყველა ცნობა. შემდეგ კი ხარკოვში გადაფრინდი და საიუველირო მაღაზიის ძარცვის დეტალები გაარკვიე. ერთკვირიანი მივლინება უკვე გაფორმებულია და აბა, შენ იცი! – უთხრა მიქაძემ ზარიძეს.

კოტე ზარიძე იმავე საღამოს გაფრინდა პერმში.

თავხედური ძარცვა

მივლინებიდან დაბრუნებული ზარიძე პირდაპირ მაიორთან გამოცხადდა და უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, თქვენ მიერ გამოთქმული წინასწარი ვარაუდები მთლიანად გამართლდა. ალბათ, სულ მალე მკვლელობასაც გავხსნით.

– მკვლელობის გახსნამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია. აღარ იტყვი, რა ჩამოიტანე? – გაეღიმა მიქაძეს.

– ჯერ ხარკოვით დავიწყებ.

– მე მგონი, პერმით აჯობებს.

– დიახ. პერმით. მაშ, ასე, პერმიდან იური ბერეჟნოი ისე გაპარულა, რომ მისი გაუჩინარება მხოლოდ მეორე დღეს გაუგია ციხის ადმინისტრაციას. როგორც ვარაუდობენ, ის ზონიდან გამოსულ მატარებელს გამოჰყვა, მაგრამ არ იციან, როგორ აღმოჩნდა იქ. როგორც კოლონიის უფროსმა, ანოხინმა მითხრა, ზონიდან გამომავალ მატარებელზე მოხვედრა თითქმის შეუძლებელი ყოფილა და მას თურმე, გაძლიერებულად იცავენ. ბერეჟნოი პირველი პატიმარია, რომელიც მსგავსი მეთოდით გაიქცა. თუმცა, ვიმეორებ, ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ ის მართლაც მატარებლით გაიქცა.

– ამ საქმეში უეჭველად შინაურია ჩარეული, – თქვა მიქაძემ.

– ანოხინიც ასე ფიქრობს და მან უკვე დაავალა თემურ ჩიტაძეს ფარული გამოძიების ჩატარება.

– ვის, ვის დაავალა?

– თემურ ჩიტაძეს. ის კოლონიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსია. მე მასთან საუბარი მინდოდა, მაგრამ სამი დღით პირად საქმეებზე იყო წასული და ვერ შევხვდი. ხარკოველმა კოლეგებმა კი დაადგინეს, რომ საიუველირო მაღაზია ორმა ადამიანმა გაძარცვა და ერთ-ერთი მათგანი, სწორედ, იური ბერეჟნოია. მაღაზიაში მისი თითის ანაბეჭდები დარჩა და ნიღბების მიუხედვად, ბერეჟნოი გაიშიფრა: ძარცვა დღისით, მზისით მოხდა ხარკოვის ცენტრში. ბერეჟნოი და მისი მეწყვილე ავტომატებით შეიჭრნენ მაღაზიაში, თვალის დახამხამებაში „გაასუფთავეს“ ორი უზარმაზარი დახლი და ერთი სეიფი. ხარკოვიდან მათ 580 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს და გაუჩინარდნენ. ეს ბერეჟნოი, თურმე, სულ ასე მუშაობს და მის ანგარიშზე 6 ასეთი თავხედური ძარცვაა.

– ესეც ხარკოვში შეიტყვე?

– არა, პერმში გავიგე. ჩიტაძის არყოფნისას, ანოხინმა წამიკითხა ბერეჟნოის საქმე, რომელიც განსაკუთრებულ განყოფილებაში ინახება. ანოხინი მეხვეწებოდა, დარჩი, ჩიტაძეს დაელოდე და ის უფრო დაწვრილებით მოგიყვება ბერეჟნოიზეო, მაგრამ დრო აღარ მქონდა.

– მაშ, ჩიტაძე, არა? ძალიან კარგი, – გაეღიმა მაიორს, – შენ ახლა ბერეჟნოის სურათი ექსპერტთან წაიღე და ჩემი სახელით სთხოვე, რომ სხვენში ნაპოვნი გვამი და ბერეჟნოი ერთმანეთს შეადაროს.

როგორც კი ზარიძე გავიდა, მიქაძემ მოსკოვში დარეკა და ოციოდე წამის შემდეგ დინჯად საუბრობდა:

– სერიოგა, მე ვარ, კოტე მიქაძე. სასწრაფოდ მჭირდება თემურ ჩიტაძის დოსიე და სხვა დამატებითი ინფორმაციები მასზე. მე მგონი, ხუთი წლის წინანდელი საქმის მთავარ მოქმედ პირს მივაგენი. ხომ გახსოვს, ტვერსკოიზე თავგაჩეხილი რევსკი რომ ვიპოვეთ. ერთი სიტყვით, ჩუმად და ენერგიულად იმოქმედე და ძალიან მალე შენგან პასუხს ველოდები.

მაიორმა კოტე მიქაძემ ყურმილი დადო, შემდეგ სავარძელში ჩაჯდა და ფიქრს მიეცა. ერთხანს ასე იჯდა, ბოლოს სეიფთან მივიდა, იქიდან სემიონ რევსკის მკვლელობის საქმის ასლი გამოიღო და კითხვას შეუდგა.

რუხი კარდინალი

სერგეი პავლოვსკი, რომელსაც კოტე მიქაძე ტელეფონით ელაპარაკა, მოსკოვში „მურის“ დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო და მრავალ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. კოტე და პავლოვსკი ერთად მუშაობდნენ მოსკოვში. შემდეგ კოტე თბილისში დაბრუნდა, პავლოვსკი კი დააწინაურეს.

პავლოვსკიმ კოტეს აცნობა, რომ ჩიტაძეს დადებითად ახასიათებდნენ, როგორც სამსახურში, ასევე ახლობლებიც. თუმცა პავლოვსკის ხელქვეითებმა ჩიტაძის ერთ მინუსს მაინც მიაკვლიეს და დაადგინეს, რომ მისი ნახევარძმა (ისინი დედით იყვნენ ერთნი), 28 წლის ჯემალ კანკავა ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

– თავისი ძმის შესახებ მას არსად არაფერი აქვს ნახსენები და ჩვენი შიდა განაწესით, ეს საკმაოდ სერიოზული დარღვევაა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კაპიტან ჩიტაძეს რამეში ბრალი დავდოთ, – უთხრა კოტეს ორი დღით ჩამოფრენილმა პავლოვსკიმ.

– ეს კი ასეა, ჩემო სერიოგა, მაგრამ თუ გახსოვს, რევსკიც სვერდლოვსკის კოლონიიდან იყო გაქცეული. ისიც საკმაოდ უცნაურად გაუჩინარდა ზონიდან. თუ გახსოვს, მაშინაც ყველას ეგონა, რომ ის სანაგვე მანქანით გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, ეს არ დადასტურდა. მაგრამ ვერც რევსკის გაქცევას ავხადეთ ფარდა. მთავარი კი ისაა, რომ რევსკის გაქცევისას, სვერდლოვსკის კოლონიის საგანგებო განყოფილების უფროსის მოადგილე თემურ ჩიტაძე იყო. გარდა ამისა, რევსკიმაც საიუველირო მაღაზია გაძარცვა და ძარცვის შემდეგ ისიც მოკლეს. მე ვფიქრობ, ეს უბრალო დამთხვევა არაა და აქ საკმაოდ კარგად მოფიქრებული გეგმაა ამოქმედებული.

– შენ ფიქრობ, რომ ყველაფერ ამის უკან ჩიტაძე დგას?

– ჩიტაძე ტვინია, მისი ძმა კი შემსრულებელი და ამაში მყარად დარწმუნებული ვარ. მეტსაც გეტყვი, ჩიტაძემ შეიძლება, ძმაც არ დაინდოს და, თუ დროზე არ ჩავერთე, შესაძლოა, ისიც ხელიდან გაგვისხლტეს, – თქვა კოტე მიქაძემ.

იმავე საღამოს მაიორი მიქაძე და სერგეი პავლოვსკი ჯერ მოსკოვში გადაფრინდნენ, ხოლო შემდეგ, „მურის“ ოპერჯგუფთან ერთად, პერმისკენ აიღეს გეზი. მათ თემურ ჩიტაძეზე თვალთვალი დააწესეს და სამი დღის შემდეგ ვლადივოსტოკის პორტში მაშინ დააკავეს, როდესაც სხვისი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა იაპონურ გემზე ასვლას და გაქცევას. ჩიტაძეს ჩხრეკა ჩაუტარეს. მისი ორძირიანი ჩემოდნიდან 671 ათასი მანეთის ძვირფასეულობა ამოიღეს, რომელიც მოსკოვსა და ხარკოვში იყო მოპარული.

– ჯემალ კანკავას რა ბედი ეწია? – ჰკითხა დაკავებულ ჩიტაძეს მიქაძემ.

– ჩემი ძმა მტკვარში ჩავაგდე მეტეხის ხიდთან, სწორედ მაშინ, როდესაც პერმში თქვენი გამომძიებელი იყო ჩამოსული და ბერეჟნოის გაქცევის დეტალებს სწავლობდა. ჯემალს მე ბერეჟნოის უხმაუროდ გაქრობა დავავალე. მან კი ხანძარი გააჩაღა და მილიცია დამაყენა კვალზე. ის სულელი რომ არა, მე ახლა უცხოეთში ვიქნებოდი გაქცეული, – სინანულით თქვა ჩიტაძემ.

თემურ ჩიტაძემ გამომძიებელს უამბო, რომ მან თავისი ძმა ბავშვობიდანვე ცუდ გზაზე დააყენა და ქურდობასა და ყაჩაღობას მიაჩვია. როგორც გაირკვა, თურმე რევსკი და ბერეჟნოი მან თავის მანქანით გაიყვანა ზონიდან და ნაგვის მანქანითა და მატარებლით გაქცევის ილუზია შექმნა.

– სანამ გაქცეულ პატიმრებს გამალებით ეძებდნენ, ისინი ჩემს სახლში მყავდა დამალული. ვნებები რომ ცხრებოდა, მათ საქმეზე ვაგზავნიდი, დიდ „კუშს“ ავაღებინებდი და საამისოდ შეგნებულად ვარჩევდი თავზეხელაღებულ პატიმრებს. ამაში მათი საქმეები მეხმარებოდა, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყო, – თქვა ჩიტაძემ.

ჩიტაძემ ყველა დანაშაული აღიარა, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ჩიტაძემ გაქცევა სცადა და ის მოსკოვის, ბუტირკის ციხის ბადრაგმა იმ დროს ჩაცხრილა, როდესაც მავთულხლართზე ცდილობდა გადაძვრომას...


скачать dle 11.3