ყოჩაღი კალა, შეშინებული „ზამპოლიტი“ და აფეთქებული ჩუქჩა
სამხედრო აკადემია რომ დავამთავრე, სამსახურისთვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამამწესეს. პატარა, საზღვრისპირა ქალაქში ვიყავით დისლოცირებულები, სადაც მე მესაზღვრეთა ასეულს ვხელმძღვანელობდი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ზოგჯერ ისეთ სისულელეებს ჩავდიოდი, რაც საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა კანონით. მე და ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად არალეგალურად გადავდიოდით ხოლმე საზღვარზე, რათა ახლომდებარე სოფელში გერმანული ლუდი დაგველია. ასეთ დროს პოსტზე ერთ გუშაგს ვტოვებდით და, სულ რაღაც, ერთი საათით გავდიოდით გაღმა.
ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის წინ, ჩვენს ასეულში კალა ზაბალუს მეტი ვერავინ აღმოვაჩინეთ. ყველა სასროლად იყო წასული, კალა კი ყაზარმაში დაგვხვდა. კალა ზაბალუ ჩუქჩა იყო, ავტომატიდან გასროლის ჭირივით ეშინოდა და ამიტომ არ გაჰყვა სხვებს. მე კალას „კასკა“ დავახურე თავზე და ჯავშანჟილეტი ჩავიცვი. შემდეგ პოსტზე დავაყენე და ავუხსენი, რომ სასაზღვრე ზოლთან ახლო არავინ მოეშვა. მართალია, ავტომატს ხელი არ ახლო, მაგრამ უმცროსმა ლეიტენანტმა სარუხანოვმა „ლიმონკა“ მისცა და უთხრა:
– თუკი დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვია და შენს ბრძანებას არ დაემორჩილა, მაშინ ამ რკინას მოუჭირე ხელი და ეს რგოლი გამოსწიე, შემდეგ კი ისევ გაუკეთე და შეინახეო.
სარუხანოვმა ეს ყველაფერი უჩვენა კალას. შემდეგ „ლიმონკა“ მისცა და ჩვენ სასაზღვრო ბილიკს გავუყევით. ლუდი რომ დავლიეთ, უკან ტყე-ტყე დავბრუნდით და კალამდე ცოტაღა გვაკლდა მისვლას, რომ ჩვენი ნაწილის „ზამპოლიტი“ შევნიშნეთ და ბუჩქებში ჩავიმალეთ.
– სდექ! – დაუყვირა „ზამპოლიტს“ კალამ და როდესაც ის არ დაემორჩილა ბრძანებას, ჩუქჩამ „ლიმონკა“ „გააძრო“ და სარუხანოვისგან ნასწავლი მანიპულაცია ჩაატარა.
„ზამპოლიტი“ შეტრიალდა და კურდღელივით მოკურცხლა.
– ყოჩაღ, კალა! – ჩაილაპარაკა სარუხანოვმა და ბუჩქებიდან აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ხელი ვტაცე და უკან შევათრიე.
საქმე ის იყო, რომ „ზამპოლიტის“ შეშინებით გახარებულმა ჩუქჩამ რგოლმოხსნილი „ლიმონკა“, „კომუფლაჟის“ ჯიბეში ჩაიდო და ამაყად გაიჭიმა. სამიოდე წამში აფეთქების ხმა გაისმა და მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარით, თუ როგორ აფრინდა საწყალი კალა ჰაერში...
მე და ჩემი მეგობრები ბუჩქებიდან გამოვცვივდით და საწყალი კალას სხეულის ნარჩენების ძებნას შევუდექით. სამიოდე წუთის შემდეგ კვნესისა და კნავილის ხმა მოგვესმა მაღლიდან. ავიხედეთ და დავინახეთ, როგორ ეკიდა უზარმაზარ ფიჭვის ტოტზე ჩვენი ჩუქჩა და იქიდან ჩამოხსნას გვევედრებოდა.
ჩვენ ჯერ საკუთარ თვალებს არ დავუჯერეთ, თუმცა, მალევე მოვედით გონს და კალა ძირს ჩამოვიყვანეთ. მას „ლიმონკისგან“ განაკაწრიც კი არ ჰქონდა სხეულზე და მხოლოდ ხესთან შეჯახების შედეგად შეერყა ტვინი. საცოდავი კალა ზაბალუ ოცდათორმეტკილოგრამიანმა ჯავშანჟილეტმა იხსნა სიკვდილისგან და სანამ მან სამსახური არ დაასრულა, გვერდიდან არ მომიშორებია.