კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯიმშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშერი.

ამ სახელის კნინობითი ფორმებია – ჯიმი, ჯიმითა, ჯიმოთე, ჯიმუა, ჯიმშარი, ჯიმშელი, ჯიმშიერი, ჯიმშია.

ეს სახელი სპარსული წარმოშობისაა და „ახალგაზრდა ლომს“ ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი ჯიმშელეიშვილი.

1721 წელს ბოცვეთში მოიხსენიება დათუნა ჯიმშიაშვილი.

საქართველოში 129 ჯიმშიაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 36, თბილისში – 19, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.

ასპანიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასპანა.

ასპანიძე ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელია.

მეთორმეტე საუკუნეში ასპანიძეები ტაოს მფლობელები იყვნენ და ფანასკერტელებად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო მეთხუთმეტე საუკუნეში გადასახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

ამავე ძირისაა გვარი ასპანაშვილი.

საქართველოში 668 ასპანიძე ცხოვრობს: ასპინძაში – 197, თბილისში – 166, ახალციხეში – 104. არიან სხვაგანაც.

ასპანაშვილი – 57.

გეტაშვილი – ცეცხლაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი გეტა.

სოფელ მუხათში გვხვდება სახინჯარი გეტაანი.

გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.

პეტრე გეტაშვილი, იგივე ცეცხლაძე, მისი მეუღლე მართა, შვილები – გიორგი და მაია, მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში 1823 წლის კამერულ აღწერაში.

საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.

ცეცხლაძე – 6 463: ქობულეთში – 1 798, ოზურგეთში – 850, ხელვაჩაურში – 456. არიან სხვაგანაც.

დათონაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათონა – ეს „დავითის“ კნინობითი ფორმაა.

1721 წლის აღწერით, ბურვილში მოიხსენიება ყაფლანიშვილების ყმა, ბერა დათონაშვილი.

1523 წელს ბარათაანთ გაყრის სიგელში მოიხსენიება აზნაური დათონაშვილი.

საქართველოში 1 254 დათონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 441, გურჯაანში – 283, ქუთაისში – 90. არიან სხვაგანაც.

ღვანიძე – ვანიძე

ვანიძე და ღვანიძე ერთი და იგივე გვარია. გადმოცემის მიხედვით, სამი ძმა ვანიძე, ბატონის მოკვლის გამო, სოფელ შემოქმედიდან გაქცეულა და ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში დასახლებულა. ეშინოდათ, რომ ძებნას დაუწყებდნენ და ამიტომ გვარის შეცვლა გადაუწყვეტიათ. სოფელ ოფჩაში, ღვინის კეთებაში დახელოვნებულებს, თავიანთი გვარისთვის წინ ღ ჩაუმატებიათ და ასე ქცეულად ვანიძეები ღვანიძეებად.

ორივე გვარის წარმომადგენლებმა იციან ვანიძე-ღვანიძეების ნათესაობის შესახებ და დღემდე არ კარგავენ ახლო ურთიერთობებს.

საქართველოში 196 ვანიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 64, თბილისში – 24, ბათუმში – 18. არიან სხვაგანაც.

ღვანიძე – 210: ზესტაფონში – 134, თბილისში – 45, ქუთაისში – 19. არიან სხვაგანაც.

ღუღუნიშვილი

გვარი წარმომდგარია სიტყვიდან ღუღუნი. ამ ნიშნითაა მიღებული როგორც მამაკაცის, ასევე ქალის საკუთარი სახელი – ღუღუნა. ეს სახელი ბევრგან მეტსახელადაც გვხვდება.

ღუღუნიშვილებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ადრე მათი გვარი ბაგრატიონი ყოფილა და მოგვიანებით, ერთ-ერთი მოღიღინე, საამური ხმის მქონე პიროვნების პატივსაცემად, მეორე, დამატებითი გვარი გასჩენიათ და გაჰგვარებიათ კიდეც. თუმცა, ამ ვერსიაზე კვლევა-ძიების შემდეგ, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოიძია. ბაგრატიონებს ჰქონდათ შტო-გვარები: გოჩა ბაგრატიონიდან – გოჩაშვილი, დავითისა და რამაზისგან – დავითაშვილი, რამაზაშვილი და ასე შემდეგ.

ღუღუნიშვილების თავდაპირველი გვარი ყოფილა ასათიანი. ცნობილია, რომ ასათიანები ცხოვრობდნენ ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და სვანეთშიც. ამ კუთხეები ვხვდებით ღუღუნიშვილებსაც.

ერთ-ერთი ვერსიით, ღუღუნაშვილ-ღუღუნიშვილების დამკვიდრებული გვარი სათავეს იღებს იმერეთში ბერი ასათიანისგან. 1619 წლის შეწირულობის წიგნში დასახელებულია ღუღუნასშვილი – ბერი ასათიანი. მას იმერთა მეფის, ბაგრატ მესამის სახასო ყმა სალდაყმაძე მოუკლავს და ამის საფუძველზე მეორე გვარი მიუღია.

საქართველოში 1 474 ღუღუნიშვილი ცხოვრობს: ჭიათურაში – 777, თბილისში – 193, საჩხერეში – 181. არიან სხვაგანაც.

თურქესტანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თურქისტანი.

1721 წლის აღწერით, მებატონე გოდერძა თურქესტანიშვილი ცხოვრობდა თრიალეთში. 1738 წელს მან გაყიდა მამული და დაბრუნდა უკან, გორში.

სეხნია, ფრანგისტან, ქაიხოსრო და ღონენა თურქესტანიშვილები, 1721 წლის აღწერით, მებატონეები იყვნენ და ცხოვრობდნენ თრიალეთში.

თურქესტანიშვილი ბარათაშვილის შტო-გვარია. ხოლო, თურქესტანიშვილის შტო-გვარია პაპოაშვილი.

საქართველოში 28 თურქესტანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, დედოფლისწყაროში – 2, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

ქსოვრელიშვილი – ქსოვრელაშვილი – ქსოვრელი

გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – ქსოვრელი (მცხეთის რაიონში არის სოფელი ქსოვრისი).

„ზურაბ ქსოვრელიშვილმა, ერტისს მცხოვრებმა, 1829 წელს იქორწინა ენაგეთის მცხოვრებ ნინო კედელაშვილზე. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ“.

საქართველოში 23 ქსოვრელიშვილი ცხოვრობს: კასპში – 17, თბილისში – 5, მცხეთაში – 1.

ქსოვრელაშვილი – 23.

ქსოვრელი – 215.

შაბაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელი შაბა.

„1781 წელს საბა საგინაშვილს ჰყავდა ყმები: შაბა, გაბრიელი, დავითა და პაპა შაბაშვილები.

შაბას კნინობითი ფორმებია: შაბანა, შაბელი, შაბია, შაბე, შაბუა, შაბურ, შაბურა.

აქედან კი, მიმდინარეობს გვარები: შაბიაშვილი, შაბურაშვილი, შაბანაძე, შაბერაშვილი, შაბურისძე.

საქართველოში 46 შაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, დუშეთში – 17, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

ფადარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფადარა.

1781 წელს კოდაში ბევრელი ლაზარე და ფადარა გადასულან. ლაზარედან წარმოშობილა გვარი ლაზარიაშვილი, ხოლო ფადარადან კი – ფადარაშვილი.

ამავე გზითაა გაჩენილი გვარები: ოსიყმაშვილი, პოჩიკაშვილი, ოპენეზაშვილი, სარქისაშვილი, აბატაშვილი, მატიაშვილი, დალაქიშვილი, რევაზიშვილი, ყვავილაშვილი და ასე შემდეგ.

საქართველოში 138 ფადარაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 103, თბილისში – 29, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.

ჩინჩალაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩინჩალა.

გიორგი ჩინჩალაძე მოიხსენიება 1737-1757 წლების საარქივო გამორთმევის წიგნში, რომელიც მისთვის მიუცია მებატონე გიორგი თურქესტანიშვილს.

საქართველოში 2 175 ჩინჩალაძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 538, თბილისში – 516, ზესტაფონში – 207. არიან სხვაგანაც.

ყულიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყულია.

ეს სახელი მოიხსენიება შიო სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში.

ირაგაში ყულიაშვილები აზნაურები იყვნენ.

საქართველოში 369 ყულიაშვილი ცხოვრობს: გორში – 118, დმანისში – 102, თბილისში – 62, კოდაში – 12. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3