წელს კატასტროფებით 222 მილიარდი დოლარი იზარალეს
2010 წელს, ეკონომიკური პრობლემებიდან დაწყებული, სტიქიური უბედურებებით დასრულებული, კატასტროფები 222 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. 2009 წელს კატასტროფების „ღირებულება“ 63 მილიარდი დოლარი იყო. ამის შესახებ მონაცემები შვეიცარიულმა სადაზღვევო სააგენტო „სვიზ რემ“ გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ 2010 წლის განმავლობაში სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების გამო სადაზღვევო სააგენტოებმა მსოფლიოში 36 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 34 პროცენტით მეტია, ვიდრე 2009 წლის ანალოგიური მონაცემი. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ადამიანურმა მსხვერპლმაც სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. 2010 წლის განმავლობაში კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად 260 ათასი ადამიანი დაიღუპა, 2009 წელს კი მხოლოდ 15 ათასი. ყველაზე დიდი ადამიანური მსხვერპლი 2010 წლის იანვარში კუნძულ ჰაიტიზე მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მოჰყვა, რომლის დროსაც 222 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ანომალიურმა სიცხემ 15 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ჩინეთსა და პაკისტანში მომხდარმა წყალდიდობებმა 6 225 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2010 წლის თებერვალში ჩილეში მომხდარ მიწისძვრას 800 ადამიანი ემსხვერპლა. „სვიზ რეს“ ინფორმაციით, კატასტროფებმა გამოავლინა, თუ რამხელა სხვაობაა სხვადასხვა ქვეყნის დასაზღვევო კომპანიების მუშაობაში. ჰაიტისა და აზიის ქვეყნებში მომხდარი კატასტროფები დაზღვეული არ იყო. ევროპასა და ახალ ზელანდიაში მომხდარი უბედურებები კი, მთლიანად დაზღვევამ დაფარა.