სავალუტო ფონდმა 403 ტონა ოქრო გაყიდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკუთარი ოქროს მარაგის 13 პროცენტი გაყიდა. 2009 წლის სექტემბრიდან, როცა გაყიდვების პროგრამის განხორციელება დაიწყო, 403,3 ტონა ოქრო გაიყიდა. თავდაპირველად, ოქროს მყიდველები მხოლოდ ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები იყვნენ, შემდეგ კი ბაზრის ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება ოქრო შეესყიდათ. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ გაყიდვებიდან. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2009 წელს ინდოეთის, შრი-ლანკისა და მავრიკიის ცენტრალურმა ბანკებმა 7,15 მილიარდი დოლარის ღირებულების 212 ტონა ოქრო შეისყიდეს. 2010 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 10 ტონა ძვირფასი ლითონი ბანგლადეშს 403 მილიონ დოლარად მიყიდა. არ დადასტურდა გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ოქროს ყიდვას ჩინეთიც აპირებდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ გარიგებები საბაზრო ფასებით განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდმა ოქროს გაყიდვისთვის ხელსაყრელი დრო შეარჩია: 10 წელიწადია უკვე ზედიზედ, ამ ძვირფას ლითონზე ფასები იზრდება. 2010 წლის განმავლობაში ოქროს ფასი 27 პროცენტით გაიზარდა, 7 დეკემბერს კი ოქროს ფასმა თავის მაქსიმუმს მიაღწია და უნციის (31,1 გრამის) ფასი 1432,5 დოლარი გახდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ოქროს გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ღარიბი ქვეყნების დახმარების პროგრამას მოხმარდება.