მოწამვლის შემთხვევაში დროულად უშველეთ ორგანიზმს
თუ გული გერევათ, უნდა გაიხსენოთ, რა ჭამეთ, მაგალითად, ბევრი ბოსტნეული თუ ხილი, თევზს მსხალი ხომ არ დააყოლეთ, ან ინერვიულეთ, ან ძილის წინ კარგად დანაყრდით. ყველაფერი ეს შესაძლოა, კუჭის აშლილობის მიზეზი გახდეს. ფაღარათს ასევე, იწვევს გულძმარვის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალებაც. თუ ზემო აღნიშნული რომელიმე მიზეზით ფაღარათი დაგემართათ, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და მიიღეთ კუჭის შემკვრელი ბალახეულობის ნაყენი.
ერთ სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთით, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.
თუ მუცლის ტკივილი და გაზები ძალიან გაწუხებთ, შეგიძლიათ, მოამზადოთ იმავე რეცეპტით გვირილის ნაყენი და თბილი ოყნა გაიკეთოთ. ხოლო, იმავე პროპორციით და წესით მომზადებული ბარამბოს ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ.
შეურიეთ თითო წილი გვირილისა და კამის თესლს 2-2 წილი ტუხტის ფესვები, ძირტკბილა და პიტნა. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაახლოებით ორმოცი წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში.
თანაბარი რაოდენობის გვირილის, პიტნისა და კატაბალახას ფესვების ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.
მუცელში ჩხვლეტებისა და შებერილობის დროს გაიკეთეთ მასაჟი წრიული მოძრაობით და მუცელი თბილად შეიკარით.
მოწამვლის შემთხვევაში, ჯერ გამოირეცხეთ კუჭი. ამისთვის აადუღეთ 4-5 ლიტრი წყალი, გააცივეთ, დაუმატეთ სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით მომზადებული წყალხსნარები, კერძოდ, გახსენით იმდენი მანგანუმი, რომ მიიღოთ ღია ვარდისფერი სითხე, ერთი სუფრის კოვზი მარილი ან სოდა გახსენით თბილ წყალში. ეს ხსნარი გამოდევნის შხამს არა მარტო კუჭიდან, არამედ სისხლისგანაც.
ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ თითო სუფრის კოვზი გულყვითელა, გვირილა, კრაზანა და სალბი. ნაყენი ოცი წუთით გააჩერეთ, გაწურეთ და ერთი ჩაის ჭიქა ერთ ლიტრ წყალში გახსენით.
ერთ ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით აქტივირებული ნახშირის 4 ფირფიტა, 2 სუფრის კოვზი დაამატეთ გამოსარეცხად გამზადებულ თითო ჩაის ჭიქა წყალს.
მოწამლულმა ადამიანმა უნდა დალიოს იმდენი ხსნარი, რამდენსაც შეძლებს, ოღონდ არანაკლებ 4-5 ჭიქისა. თუ ამ რაოდენობის სითხე პირღებინებას არ გამოიწვევს, მაშინ ეს გამოიწვიეთ ხელოვნურად. ამ პროცედურის შემდეგ მიიღეთ თბილ წყალში გახსნილი 20 გრამი აქტივირებული ნახშირი.
თუ მხოლოდ ფაღარათი გაქვთ და მოწამვლის სხვა სიმპტომები არ აღგენიშნებათ, მაშინ საკმარისია, მხოლოდ 30 გრამი აქტივირებული ნახშირის მიღება.