რატომ არ ღირს საკუთარ ორგანიზმზე ექსპერიმენტების ჩატარება და როდის ხდება დიეტა სიმსივნის მიზეზი
სეზონურ კვებაზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენგანის ჯანმრთელობა. სწორი კვება ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. როგორც ექიმი დიეტოლოგი ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, არასწორად შერჩეული კვების რაციონი პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა დაავადებასთან. სასურველი წონის მისაღწევად თვითნებურად დაცული დიეტები კი, იწვევს ორგანიზმის რღვევას. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ თვითნებურ, არასწორად დაცულ დიეტას, ანუ გარკვეული საკვების აკრძალვას, მეტად საშიში და სიცოცხლისთვის არასასურველი დაავადებაც კი მოჰყვეს. ასე რომ, თუ ახალი წლის დღეებში დიდი რაოდენობით მიირთვით გემრიელი, ნოყიერი და ნიგვზიანი საკვები და ახლა თვითნებური აკრძალვებით გინდათ ფორმაში ჩადგომა, დაფიქრდით, შეცდომას ხომ არ უშვებთ.
– ქალბატონო ასმათ, ახალი წლის დღეებში ადამიანი საღამოობით დიდი რაოდენობით საკვებსა და სასმელს იღებს. ეს, რასაკვირველია, წონაზეც აისახება, რასაც თვითნებურად დანიშნული დიეტების დაცვა მოჰყვება ხოლმე. საშიშია თუ არა ეს თვითნებური აკრძალვები ჯანმრთელობისთვის?
– გეტყვით, რომ დიეტა ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ ჭარბ წონასთან ასოცირდება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. არანაკლებ სამწუხაროა ის, რომ დიეტა ასოცირდება შიმშილთან, საკვების შეზღუდვასთან, რასაც, საბოლოო ჯამში, ორგანიზმის რღვევამდე მივყავართ. დიეტოლოგია მედიცინის უძველესი დარგია და ისეთივე დამოუკიდებელი სფეროა, როგორც ალერგოლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, სტომატოლოგია და ასე შემდეგ. დიეტოლოგიას პირდაპირი შეხება აქვს სხვადასხვა დაავადებასთან და ნებისმიერი სნეულების მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს. შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი მიზეზი, არასწორი კვებაა. სწორედ კვებაშია ფერმენტები, მინერალური მარილები და ვიტამინები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს, როგორც თვითმარეგულირებელ სისტემას, აწვდის საზრდოს, რათა ამ მექანიზმმა შეუფერხებლად იმუშაოს. მომატებულ წონას ძალისმიერი მეთოდებით კი არა, მკურნალობით უნდა ვებრძოლოთ. ჯერ უნდა დავადგინოთ რითია ის გამოწვეული. ჭარბ წონას ერთ ადამიანში იწვევს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, მეორეში – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, მესამეში კი – ფერმენტების დეფიციტი და ასე შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესსა და სწორ კვებას. ნივთიერებათა ცვლის მოშლა სხვა არაფერია, თუ არა არასწორი კვებით ორგანოების ფუნქციის მწყობრიდან გამოსვლა დროთა განმავლობაში. რაც შეეხება დიეტებს, მათი თვითნებურად დაცვა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ მსგავს საცდელ დიეტებს მოერიდოთ.
– გამიგია, თითქოს ზოგიერთი დიეტა, გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნეს იწვევს. მართალია ეს თუ არა?
– მაგალითად, ისეთი დიეტა, რომელშიც გარკვეული დროის განმავლობაში შედის მხოლოდ ხორცი და ცილები, იწვევს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს და ეს გამოკვლევებმაც ცხადყო. ასეთი დიეტის დაცვის დროს ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ცილოვანი ტოქსილური მჟავების სიჭარბე, რაც იწვევს ორგანიზმში შინაგანი გარემოს გამჟავიანებას. მჟავე გარემო კი იწვევს სიმსივნურ დაავადებებს. ასე რომ, სწორი კვება ჩვენი ჯანმრთელობის გარანტია და ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ.
– გამოდის, რომ დაავადების შემთხვევაში საკვები საუკეთესო წამალია?
– რასაკვირველია, დაავადების შემთხვევაში საკვები საუკეთესო წამალია. როცა ორგანიზმს სათანადოდ არ ვუვლით, ის პროტესტს გამოთქვამს დაავადების სახით. რაც შეეხება ჭარბ წონას, ისიც რიგითი დაავადებაა, ამიტომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ, შესაბამისად უნდა ვუმკურნალოთ. ასე რომ, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა სამკურნალო კვების გარეშე უშედეგოა. თუ დაავადების მკურნალობას საფუძვლად არ უდევს სწორი კვება, მაშინ შედეგი არასრულფასოვანი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, შეძენილია ეს დაავადება თუ თანდაყოლილი პათოლოგიაა.
– კონკრეტულად რა კავშირშია თანდაყოლილ პათოლოგიებთან დიეტოლოგია?
– მაგალითად, ცერებრალური დამბლა საკმაოდ ტრავმული დაავადებაა, მაგრამ მას აქვს, ასევე, თანმდევი დაავადებები, კერძოდ: კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემის, საკვების მიღებისა და გადამუშავების, მონელების პრობლემები და, თუ ადამიანს სწორი კვება არ აქვს, მისი დაავადება ორმაგად მძიმდება. ამიტომ ვამბობ, რომ დიეტოლოგია, არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერი დაავადების მკურნალობის საფუძველია. როგორი კარგი და ძვირადღირებული პრეპარატითაც არ უნდა მიმდინარეობდეს მკურნალობა, იქნება ეს ფიტოთერაპიული, ჰომეოპათიური საშუალებები თუ ქიმიური მედიკამენტები, ზღვაში წვეთია, თუ არ ახლავს სამკურნალო კვება. შესაძლოა, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ, მერწმუნეთ, არასწორად შერჩეული კვებით გამოწვეულ დაავადებას, შეგვიძლია, ვუმკურნალოთ სწორი კვებით. კვებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა კვების რეჟიმისა და შემადგენლობის სწორი შერჩევით გამოსწორდება და მივიღებთ შესაბამის შედეგს. მთელი რიგი დაავადებები არასწორ კვებას უკავშირდება. მოერიდეთ გენმოდიფიცირებული საკვების მიღებას, მზა და სწრაფად ხსნადი ფხვნილებისგან დამზადებულ და დაკონსერვებულ კერძებს. კვებას ბავშვობის ასაკიდან უნდა მიაქციოთ ყურადღება. სწორედ ბავშვობის ასაკიდან უნდა მოამარაგოთ ორგანიზმი საჭირო მინერალებით, ფერმენტებით, მინერალური მარილებითა და ვიტამინებით, რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელები იყოთ.
– ზამთრის პერიოდში რომელ საკვებს უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ცივი პერიოდი მშვიდად და დაავადებების გარეშე განვვლოთ?
– ზამთრის პერიოდში ადამიანმა განსაკუტრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას, კერძოდ, კვებას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. უნდა მიირთვათ სეზონური ხილი და ბოსტნეული. აქვე გეტყვით, რომ სამკურნალო კვებასა და სწორ კვებას შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითად, სწორი კვება ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ზამთრის პერიოდში ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, იმატებს გაციებისა და ვირუსებით დასნებოვნების ალბათობაც. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. მიირთვით ციტრუსები, რადგან მათში ბევრია C ვიტამინი, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად; ასევე, ცივ სეზონზე ჭამეთ ბევრი კივი, ფორთოხალი, მანდარინი, გოგრა, ვაშლი და ფეიხოა. ყველას ვაფრთხილებ, რომ, ჯობია, სეზონურად მიიღოთ ცოცხალი, იმ სეზონისთვის დამახასიათებელი ხილ-ბოსტნეული და არა დაკონსერვებული პროდუქტი, რადგან ამ უკანასკნელს არანაირ კვებითი ღირებულება არ აქვს.