როდის აღიარებს მამაკაცი საკუთარ სისუსტეს და რატომ ივიწყებენ ქალები კაცებისგან მიყენებულ ტკივილსvv
სიყვარული უცნაური და არაპროგნოზირებადი გრძნობაა; ის კიდევ უფრო „მძიმე ფორმას“ იღებს, როცა ილუზიებით იკვებება და რეალობას ძალიან შორდება. ხშირად ადამიანებს საკუთარ წარმოსახვაში შექმნილი სიყვარული უყვართ და მას იმ ადამიანში გადაიტანენ ხოლმე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გრძნობით შექმნილ „სტერეოტიპთან“. ასეთი შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის; მით უფრო, ხშირად ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გადაჭარბებული მგრძნობელობა ახასიათებთ. ქალი, რომელიც დიდხანს რჩება ილუზიით შექმნილი სიყვარულის ტყვეობაში, იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, რომ დაკარგოს ადამიანი, რომელსაც ის მართლა უყვარს. როცა ასეთი რაღაც ხდება, ქალს გადარჩენის ერთადერთი შანსი რჩება – ბოლომდე უერთგულოს მას საყვარელმა ადამიანმა, გამოიყვანოს ის რთული სიტუაციიდან და დაანახვოს რეალობა.
ნანა (31 წლის): არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვყვე ჩემი ამბავი, ან, საიდან უნდა დავიწყო. ახლა რომ ვუფიქრდები, სერიოზულ განსაცდელს გადავრჩი. ერთ წუთში ლამის დავკარგე ის, რაზეც ხალხი მთელი ცხოვრება ოცნებობს. ზოგჯერ ჩვენვე ვექცევით საკუთარ ცხოვრებას საშინელი დაუდევრობით და ისე ვანადგურებთ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს, უკან არ ვიხედებით. ხოლო, როცა მივხვდებით, აღმოვაჩენთ, რომ უკვე ძალიან გვიანია, აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ნამსხვრევებს ვეღარ შეაწებებ და გატეხილს ვეღარ გაამთელებ. მე არ ვამბობ, რომ მარტო ქალები ვართ გრძნობებზე დამოკიდებული არსებები და მარტო ჩვენ ჩავდივართ სისულელეებს. არც მამაკაცები აკლებენ ხელს. არ მინდა მაგალითების ჩამოთვლა, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როგორ ხდებიან მამაკაცები საკუთარი გრძნობის ტყვეები და ხშირად ისიც არ იციან, მართლა უყვართ თუ არა.
– ქალიც ხშირად არის საკუთარი გრძნობის ტყვე, თუმცა, მიმაჩნია, რომ სიყვარული ტყვეობა არ უნდა იყოს.
– გეთანხმებით, მაგრამ, უფრო ხშირად, სიყვარული სწორედ რომ ტყვეობას გულისხმობს, მით უმეტეს, ისეთი სიყვარული, სადაც გონება არ მონაწილეობს. მე გამოცდილი მაქვს ასეთი სიყვარული და ვიცი, ეს რას ნიშნავს. ძალიან დიდხანს ვიყავი გრძნობის ტყვეობაში. თანაც, სულ ტყუილად დავკარგე იმდენი წელი ფუჭად. არადა, შემეძლო, ბოლომდე დავმტკბარიყავი ჩემი ბედნიერებით. მე ვიცი, რომ მამაკაცებსაც ემართებათ იგივე და ქალებზე გაცილებით ხშირად, რადგან ჩვენ უფრო პრაგმატულად ვაზროვნებთ. თუმცა, მე პრაგმატულობა ვერანაირად ვერ გამოვიჩინე.
– ვინმეს აბრალებთ ამას?
– მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. მე შევუწყე ხელი იმ პრობლემების გაჩენას, რომლებიც ახლა მაქვს. სამწუხაროდ, მარტო მე არ დავზარალდები. შეიძლება, ჩემი 5 წლის ქალიშვილი ოჯახის გარეშე დარჩეს – სრულფასოვან ოჯახს ვგულისხმობ, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. მე კი ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ქმარი მყავდა. თქვენ გგონიათ, ეს ახლა აღმოვაჩინე? მაგრამ, ჩემი უგუნურებით, ისე არ ვაფასებდი, როგორც ამას ეს არაჩვეულებრივი ადამიანი იმსახურებდა. საშინლად მტკივა ახლა ამის გაცნობიერება. ვნანობ, რომ აქამდე ბრმა ვიყავი. საქმე ისაა, მაპატიებენ ამ ჩემს სიბრმავეს თუ არა. იქნებ, არც ვიმსახურებ პატიებას, მაგრამ, როცა უკვე ყველაფერი გაირკვა, როცა საბოლოოდ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი, არ მინდა, მარტო დავრჩე, იმ სიყვარულის გარეშე დავრჩე, რომელიც სულ ჩემთან იყო, მე კი სადღაც დასაკარგავში ვეძებდი.
– ახლა აღმოაჩინეთ, რომ ქმარი გიყვართ?
– დიახ, ახლა აღმოვაჩინე. საქმე ის არის, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი ყალბი სიყვარულის ზეგავლენის ქვეშ.
– ყალბი სიყვარული არსებობს?
– როგორ არ არსებობს. ეს მაშინ ხდება, როცა საკუთარ თავს დააჯერებ, რომ გიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. სინამდვილეში, სულ სხვა მოცემულობაა.
– ანუ, არ გიყვარს და თავს იტყუებ?
– რა თქმა უნდა, რადგან ის ის არ არის, ვინც სინამდვილეში გინდა, რომ გიყვარდეს. მგონი, ცოტა რთულად ავხსენი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ფუჭი სიყვარულის დევნასა და გლოვაში, შეიძლება, მართლა დიდი სიყვარული დაკარგო. სწორედ ახლა ვდგავარ ამ საშიშროების წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს არ მოხდეს. ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, მაშინ დამთავრდეს ყველაფერი, როცა თვალები გავახილე და უკვე ზუსტად ვიცი, ვინ მჭირდება გვერდით.
– „ვინ მჭირდება“ – ეს ეგოისტური პოზიცია ხომ არ არის?
– როგორ არ არის, მაგრამ იმასაც ვჭირდები. ძალიან ვუყვარვარ. ასე რომ არ იყოს, ამდენ ხანს არ ამიტანდა. ჩემს ქმარს ვგულისხმობ. სწორედ ის არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. არავინ მინდა, ოღონდ კი სულ მასთან ვიყო. შვიდი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ახლა მაქვს ამის განცდა.
– აქამდე რატომ ვერ ხვდებოდით, რომ გიყვარდათ?
– ხომ გითხარით, იმიტომ, რომ სხვა მიყვარდა. უფრო სწორად, თავს ვირწმუნებდი, რომ მიყვარდა. მე არც შემინიშნავს, მაგრამ, ჩემმა ქმარმა მითხრა, არასდროს გითქვამს ჩემთვის, „მიყვარხარო“. ამის მერე გავაცნობიერე, რამდენს გაუძლო ამ ადამიანმა. მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი საყვედური არ უთქვამს ჩემთვის. არც უეჭვიანია. ყოველ შემთხვევაში, მე არ დამინახავს, რომ ეჭვიანობდა.
– თქვენმა მეუღლემ იცის, რომ სხვა გიყვარდათ?
– რა თქმა უნდა, იცის. საქმეც ისაა, რომ იცნობს კიდეც მას. ჩემი მეუღლე ჩემმა შეყვარებულმა გამაცნო. იმ პერიოდში მეგობრები იყვნენ. ჩავაბარე თუ არა უმაღლესში, ჩემმა შეყვარებულმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ისეთი ტიპი იყო, გოგოები ყურადღების გარეშე რომ არ ტოვებენ. ისეთი ამაყი ვიყავი, მე რომ გამომარჩია და ურთიერთობა ავაწყვეთ... მოხიბლული ვიყავი ამ ადამიანით. ყველაფერი ჰქონდა, რაც კაცში ქალს მოეწონება. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და შეეძლო, გავენებივრებინე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საჩუქრებით მავსებდა. მაგრამ მაშინ ყველაფერზე ვირეოდი, ერთი ყვავილიც რომ ეჩუქებინა, კმაყოფილი ვიყავი. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ ვუყვარდი, ჩავინერგე ეს და დავკომპლექსდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდებოდა. ჩემს ოჯახშიც იცოდნენ ეს ამბავი და დედაჩემი აღფრთოვანებული იყო მომავალი სიძით. მეც მეამაყებოდა.
– სიყვარულზე, თქვენს მომავალზე არ გელაპარაკებოდათ?
– პრინციპში, არა. მაგრამ მე არ მივიჩნევდი ამას აუცილებლად. ვიცი, რომ ეს ჩემი ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო. მაგრამ ამას მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ. გული ძალიან ცუდი მრჩეველია, მით უმეტეს, როცა ადამიანს ისეთ აღმატებით ხარისხში აიყვან, რომლის ღირსიც არ არის. ისე არ გაიგოთ, რომ იმას ვადანაშაულებ. ჩემი ბრალია, რომ დროზე არ გავახილე თვალი. მე უკვე საქორწინო სამზადისში ვიყავი, რომ უცებ გამომიცხადა, ექვსი თვით უცხოეთში მივდივარ ენის შესასწავლადო. შოკი დამემართა. მეგონა, ცა ჩამომემხო თავზე, ისე ცუდად გავხდი. მე რა უნდა ვქნა-მეთქი, ვკითხე. გაოცებულმა შემომხედა – რას ნიშნავს, რა უნდა ქნა, იქნები აქ და, თუ გინდა, დამელოდებიო. ტირილი დავიწყე. გადაირია ამაზე. ნუ იცრემლები, ვერ ვიტან, რომ ზლუქუნებ. მით უმეტეს, რომ არაფერს დაგპირებივარ. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. მამაჩემმა ძლივს გადაწყვიტა, რომ გამიშვას. არავითარ შემთხვევაში არ გადავიფიქრებ, მით უმეტეს, რომ ვერც ვხედავ დარჩენის რეალურ მიზეზსო. მე ვარ მიზეზი-მეთქი! გაეცინა. კარგი, რა, ნანიკო. ცოლებს ტოვებენ, შვილებს და მიდიან. შენ ხომ ჩემი ცოლი არ ხარ. რად გინდა სიტუაციის დრამატიზება. ექვსი თვე ექვსი წელი ხომ არ არის, მალე ჩამოვალო და... ისე გაემგზავრა, არც გამომემშვიდობა. წინა საღამოს ჩემთან, სახლში იყო მოსული და ძალიან ბედნიერი ჩანდა. შეეძლო, ეთქვა, რომ მიემგზავრებოდა. გავაცილებდი, მაგრამ, ალბათ, არ უნდოდა, აეროპორტში ჩემი დანახვა. ძალიან გამიჭირდა. სახლში ჩავიკეტე. ლექციებზეც არ დავდიოდი. დედაჩემი გავაგიჟე და ჩემს ჩუმად დაურეკა მის მეგობარს.
– ანუ, იმ მამაკაცს, რომელიც დღეს თქვენი მეუღლეა?
– დიახ. გიაც მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და დედაჩემი სულ ამბობდა მასზე, როგორი კეთილშობილი ადამიანიაო. თურმე, უკვე ვუყვარდი. მე ამას როგორ მივხვდებოდი, ვბღაოდი და ვამბობდი, ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. ის კი მამშვიდებდა – ასე ნუ ნერვიულობო. თითქმის ყოველდღე მნახულობდა. მაიძულა, სწავლა გამეგრძელებინა. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ სწავლაზე არასდროს ვირეოდი. გიას დამსახურებაა, რომ საერთოდ დავამთავრე უმაღლესი და სწავლა არ მივატოვე. გიამ გადამატანინა ექვსთვიანი კოშმარი. თუმცა, ამით არ დამთავრებულა – ის ჩამოვიდა, მაგრამ ჩემი ნახვის სურვილი აღარ გამოუჩენია. მე რომ ჩემით არ გამეგო, რომ დაბრუნდა, საერთოდ არც მნახავდა, ალბათ. კაფეში წავედით და მარტო თავისი წარმატებების შესახებ ლაპარაკობდა. აშკარად ეტყობოდა, რომ მე მის გეგმებში არ „ვიჯექი“. გული მომიკვდა. ცრემლები თავისით წამომივიდა. ისეთი სახე მიიღო, ვიღაც ძალიან რომ ამოგივა ყელში, მაგრამ, რაღაცის, თუნდაც ზრდილობის გამო იტან. მაშინ უნდა ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი. თავმოყვარეობა რომ მქონოდა, ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ მე ისევ ჩემს სიყვარულს ველოლიავებოდი და წყალწაღებული ხავსს ვებღაუჭებოდი. ამჯერადაც ისე გაემგზავრა, არ უთქვამს. გიასგან გავიგე, რომ კიდევ ორი წლით წავიდა. ფაქტობრივად, მოვკვდი. იმას ცოცხლებში ყოფნა არ ერქვა, რაც მე მჭირდა. არავის დანახვა არ მინდოდა და აღარაფერი მიხაროდა. ისევ გია გამომიჩნდა მხსნელად, ისევ ის იყო ჩემი „მაშველი რგოლი“. აუტანლად ვექცეოდი, ვჭირვეულობდი, ვეჩხუბებოდი, ვლანძღავდი – ვერ გიტან, წადი და აღარასოდეს მოხვიდე-მეთქი. მაინც მოდიოდა... ერთხელ, როგორღაც, ვუთხარი, ასეთი კარგი რომ ხარ, ჩემგან ამდენს იტან, თბილი და ერთგული ხარ, შეყვარებული რატომ არ გყავს-მეთქი. რაღაცნაირად შემომხედა და მითხრა – იფიქრე, იქნებ მიხვდეო... ჩვენი დაქორწინებაც საკმაოდ უცნაურად მოხდა: ერთ დღეს, ჯავრიან გულზე გამოვთვერი და ღამე გიასთან დავრჩი. ისიც რკინისა არ იყო და... დილით კი მითხრა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო... ჰოდა, მეც დავრჩი მასთან...
– იცოდა, რომ გიყვარდათ სხვა, მისი მეგობარი, მაგრამ მაინც თანახმა იყო, რომ ოჯახი შეგექმნათ?
– დიახ. წარმოიდგინეთ, როგორი რისკია. ძალიან ვუყვარვარ, მე სულელი კი ვის მივტიროდი, როცა გვერდით ასეთი მამაკაცი მყავდა. ყველანაირად კარგად ვიყავით ერთად, ძალიან ბედნიერები. სამწუხაროდ, ვერც ამ ბედნიერებას ვამჩნევდი. ყველაფერი გავაფუჭე ამ გაუგონარი სიბრმავით. გაუმართლებელია ჩემი ეგოიზმი.
– ეგოიზმი თუ სიყვარული?
– ეგოიზმია, როცა მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ და იმ ადამიანის გრძნობებს ვერ ხედავ, რომელიც შენთვის ცხოვრობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მე მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავსაც მოვუშხამე სიცოცხლე, ვერ გავიაზრე და ვერ შევიგრძენი ბედნიერება. იცით, როგორ მაქვს სინდისი დამძიმებული?
– ქმარს ელაპარაკებოდით ხოლმე თქვენს ძველ სიყვარულზე?
– არანაირად. ეს მკვდარი თემა იყო ჩვენთვის, დახურული და თითქოს დავიწყებული, მაგრამ, მე ხომ სულ ვფიქრობდი მასზე, ვოცნებობდი და რამდენჯერ ჩუმად მიტირია. ნამდვილი იდიოტი ვიყავი... იცით, როდის დავინახე რეალობა და მივხვდი, ვინ მიყვარდა სინამდვილეში? როცა ჩემი ქმრის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა. „ის“ ჩამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ სახლში მომადგა და მითხრა, შენთან მინდა ყოფნაო. ჩემი ქმარიც სახლში იყო. ბავშვს ეთამაშებოდა. კარი მე გავაღე და ლამის ცუდად გავხდი. თვალებს არ ვუჯერებდი. დავინახე და მივხვდი, რომ ის მამაკაცი აბსოლუტურად უცხო იყო ჩემთვის.
– დანახვა აღმოჩნდა საკმარისი?
– დიახ, აბსოლუტურად საკმარისი. მაშინვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა. გავიგე, გათხოვდიო. გავთხოვდი და შენ აქ არაფერი გესაქმება-მეთქი. გია ამჯობინე ჩემს თავსო? და, სწორედ ამ დროს გამოვიდა ჩემი ქმარიც. ცხოვრებაში პირველად მომთხოვა ჩემმა ქმარმა კატეგორიული ტონით, ოთახში შევსულიყავი. არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს. თხუთმეტი წუთი საუკუნედ მომეჩვენა. კარის ხმა რომ გავიგონე, გამოვედი. ჩემს ქმარს ცარცის ფერი ჰქონდა. შენ ის ისევ გიყვარსო, მითხრა. სხვანაირად აქ არ მოვიდოდა, ამას ვერ გაბედავდაო. პირველად იეჭვიანა და ძალიან სერიოზულად. მერე მითხრა, მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია და აღარც მინდა. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. დაფიქრდი, დარჩი მარტო და, თუ მიხვდები, რომ მე გჭირდები, დამირეკე. ვიცი, რომ არ გიყვარვარ, რომ გყვარებოდი ერთხელ მაინც მეტყოდი ამას, მაგრამ, თუ რამედ გიღირვარ, პატიოსნად მომექეცი. მე გაძლევ შენ არჩევნის თავისუფლებას. მოიქეცი ისე, როგორც გული გიკარნახებსო. მე შენთან მინდა-მეთქი, – გულწრფელად ვუთხარი. არა, გავიდეს რამდენიმე დღეო, – თქვა და წავიდა... მეორე დღესვე დავურეკე. მარტო გატარებული ღამე საშინელება იყო, ლამის გადავირიე. მივხვდი, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი ქმარი. მის გარეშე მართლა ვერ ვიცოცხლებ. მაგრამ, არ ვიცი როგორ დავაჯერო. ჯერ არ მოდის. ცოტა დრო მეც მჭირდებაო. კედლებზე დავდივარ. რომ არ დამიბრუნდეს, მოვკვდები...