„ლომები“ ალყაში
„ვართ, რა…“
კავკასიონი და მისი ორივე ქედი, შეიძლება ითქვას, სამხედრო წვრთნების ალყაშია: კავკასიის იქით რუსეთმა ჩაატარა „კავკაზ 2009“, აქეთ – თურქეთმა, შუაში კი – ჩვენთვის ისევ სეპარატისტულებმა, ხოლო „კავკაზ 2009“-ის პატრონისთვის – უკვე აღიარებულებმა. ამ ოთხი წვრთნიდან ჩვენთვის ყველაზე მშობლიური, ბუნებრივია, თურქეთის მიერ ჩატარებული მანევრები იყო: რა თქმა უნდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თურქეთი ნატოს წევრია და, მერე რა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთს კუნთები სათავისოდ აუთამაშა (დაახლოებით, ყარსის ხელშეკრულების პათოსით: ჩემი ჩაჩოჩება ამერიკასავით იოლი არ იქნებაო). ქართული მხარე თურქულ წვრთნებს დადებითად გამოეხმაურა, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, რადგან „ჩვენთვის სამხედრო მოკავშირის სამხედრო მანევრები ძალიან მნიშვნელოვანია“. მიუხედავად მნიშვნელობა-უმნიშვნელობისა, ჩვენს საზღვრებთან (და უკვე საზღვრებშიც) მოხშირებულ სამხედრო წვრთნებს ჩვენთვის სამსახურის გაწევაც კი შეუძლია: ჯერ ერთი, თუ კარგად დავაკვირდებით, იქნებ რამეც ვისწავლოთ და, რაც მთავარია, აქეთ-იქით სირბილში (რომ არც აქეთ და არც იქით, არაფერი გამოგვეპაროს), შეიძლება, ისე დავიხვეწოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ომი თუ ვერა, ბერძნული მარათონი მაინც მოვიგოთ.