რატომ არ გაგრძელდა დიდხანს მიშა მესხის ბედნიერება პირად ცხოვრებასა და მოედანზე
60-იან წლებში ქართული ფეხბურთი რას ნიშნავდა და ვისგან შექმნეს თავიანთი ხატი ქართველებმა, ყველამ კარგად ვიცით. მაშინ ასეთი, თავის კერპად რომ აქციეს, მიშა მესხი იყო. ქვეყნის სახელისთვის მართლა თავდადებით იბრძოდა, მაგრამ მოედანზე მისთვის თამაშის სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ნაადრევად დამსხვრეულმა კარიერამ, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მარტოსულად აქცია იგი. ცხოვრებამ მძიმე დაღი დაასვა მის ვაჟს, მიშიკოსაც. მისი კარიერაც ფეხბურთში ადრე დასრულდა და ადრევე წავიდა ამქვეყნიდანაც. ყველაზე პოპულარული მამაკაცების ცხოვრებაზე, მიშა მესხის პირველი მეუღლე და უმცროსი მიშა მესხის დედა, ქალბატონი ჯენეტა ბოლღაშვილი გიამბობთ.
– ქალბატონო ჯენეტა, თქვენ იმ კაცის მეუღლე ბრძანდებით, რომელიც ქართული ფეხბურთის მეფედ იწოდება და არა მხოლოდ საქართველოში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დღემდე უდიდესი პატივისცემით და აღტაცებით მოიხსენიებენ. გაიხსენეთ თქვენი შეხვედრისა და თანაცხოვრების ამბავი.
– საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ნამდვილად ვერ წარმომედგინა. სკოლის გამოცდებს ვაბარებდი. მიშა უკვე „დინამოში“ თამაშობდა. ჩვენი ოჯახები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ამდენად ჩემთვის ეს ადამიანი უცხო არ იყო. სახლში რომ ლაპარაკობდნენ, ძალაუნებურად მესმოდა მისი სახელი, თორემ პატარა გოგოს რაში მაინტერესებდა. ჩვენ საკუთარი სახლი გვქონდა. ერთხელ ჩემი და ეზოში კლასობანას თამაშობდა, მიშა რომ მოვიდა. რუსთაველის თეატრში ჩვენი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება და მოვედი, რომ შენ და შენი ძმა დამეპატიჟეთო. ჩემი ძმა სახლში არ იყო და მე წამიყვანა. დედაჩემი არ შეწინააღმდეგებია, რადგან ძალიან სერიოზული ყმაწვილი იყო – არც იცინოდა, არც ლაპარაკობდა, ორ სიტყვას ძლივს ამბობდა. მას შემდეგ ჩვენთან მოსვლას მოუხშირა, მაგრამ მე აბსოლუტურად არაფერს მეუბნებოდა. ნახევარზე მეტად „ზბორებზე“ იყო წასული. რომ ჩამოდიოდა, აეროპორტიდან გზად ჩვენთან შემოივლიდა, ჩანთას კი სხვას გაატანდა სახლში. უკვე მეათე კლასში ვარ. უცხო ენებზე ვაბარებ და გამოცდებისთვის ვემზადები. გაიგო, რომ ინგლისურში მეცადინეობას ვაპირებდი. მოვიდა და შემომთავაზა, ძალიან კარგ მასწავლებელთან წაგიყვანო. ჩემთან ყოფნის საბაბი არ ელეოდა. ფეხით მატარებდა – საიდან სად. თბილისში იშვიათად ვარ და ფეხით სიარული მიყვარსო. მეც მომწონდა, იმიტომ რომ ცოტა მონატრებული ვიყავი სიარულს. ასე ადვილად არ მიშვებდნენ ხოლმე სახლიდან. მერე გერმანიაში წავიდა. რომ ჩამოვიდა, ჩვენთან მოვიდა და მორიდებით მკითხა: რაღაც ჩამოგიტანე და ხომ არ გეწყინება, რომ მოგცეო. რატომ უნდა მეწყინოს-მეთქი. ულამაზესი ოქროსფერი კაბა ჩამომიტანა თავისივე ფერის ჩანთით სკოლის ბანკეტისთვის. ისე, ძალიან მახვილი თვალი ჰქონდა. მერეც, რაღაცას რომ ჩამომიტანდა, ყველაფერი ზუსტად მქონდა. ეს იყო მისი პირველი საჩუქარი. ერთხელაც, დედაჩემი და მამაჩემი მამიდასთან იყვნენ. მამიდამ ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მე და ჩემმა მშობლებმა არაფერი ვიცოდით. ამ ბიჭს რომ უყვარს ეს გოგო ვერ ამჩნევთო, – უთხრა მათ. გადარეულან. დედას უთქვამს, მისი ფეხი აღარ ვნახო ჩვენს სახლში, ფეხბურთელს შვილს ვერ გავატანო. მართლაც აღარ მოდიოდა. ჩავაბარე გამოცდები, ბანკეტიც მქონდა, ყველაფერი და მიშა არ ჩანს. ისე ვიკითხე – ნეტავ, ეს ბიჭი სად დაიკარგა, ცოლი ხომ არ მოიყვანა-მეთქი. დედაჩემმა მითხრა: სულ შენთვის სცალია მიშას. იმდენი გოგო ეხვევა თავს და მაგის დრო აქვს აქ იაროსო?! დეიდაჩემი ჩვენს მახლობლად ცხოვრობდა. მისი ქმარი ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და სულ სტადიონზე დადიოდა. ერთ დღეს, მათთან ვარ სახლში. ბიძაჩემი შემოვიდა, დაჯდა და სადილობა დაიწყო. დეიდა ოთახიდან რომ გავიდა, მეუბნება: მიშამ დამაბარა, ხვალ სამ საათზე, რუსთაველზე, ბორჯომის წყლებთან ველოდებიო. ავფორიაქდი. ვფიქრობ, რა ვქნა, მივედი მამიდაჩემთან და ვეკითხები – მიშას დავუბარებივარ ხვალ ბორჯომის წყლებთან და რა ვქნა-მეთქი. წადიო. მივედი. იქვე, ბესიკის ქუჩაზე მანქანა ეყენა. მეგობრისგან უთხოვებია, თვითონ არ ჰყავდა. ჩავჯექით მანქანაში და ვსაუბრობთ. გამომკითხა, რას შვრები, როგორ ხარ, როგორ მიდის შენი სწავლის საქმეებიო. მერე მითხრა, ვინმე რომ შეგიყვარდეს და შენს მშობლებს არ უნდოდეთ, რას იზამო? გამუდმებით ამას მეკითხებოდა. მე ვუთხარი: ქურდი და უხეირო არ შემიყვარდება და რატომ არ უნდა უნდოდეთ-მეთქი. ხვალ პარიზში მივდივარ და ისე ვერ წავიდოდი, რომ არ მენახეო. გავიდა დრო. გოგონებთან ერთად ქუჩაში ვდგავარ. გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა მიშა, მე არც დამელაპარაკა, პირდაპირ სახლში შევიდა, დედაჩემთან ჩემი ხელის სათხოვნელად. ასე, რამდენჯერმე მოვიდა და უარით გაისტუმრეს. მერე ნათესავები ჩაერივნენ. დედაჩემმა მითხრა: მასთან ერთად ასე სიარულს ჯობია, გაყვეო. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ორი ადამიანის მსხვერპლი გავხდი. არ მინდოდა გათხოვება, ჯერ არ ვიყავი ამისთვის მზად. თუმცა, არც მიშას დაკარგვა მინდოდა. მიშას ვაკეში მშენებარე ბინის ორდერი ჰქონდა. ვიდრე ჩვენს სახლში გადავიდოდით, ორი წელი დედაჩემთან ვცხოვრობდით. იქ შემეძინა მიშიკო. შემდეგ გაჩნდა მაკა. ვერ ვიტყვი, ვეჭვიანობდი-მეთქი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ვუყვარდი. თუკი შეიძლებოდა მისი მხრიდან ერთი ადამიანი ყოფილიყო იქ, სადაც თვითონ იყო, ყოველთვის თან მივყავდი. ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო.
– ასეა თუ ისე, მაინც ვფიქრობ, რომ კარგი წყვილი იყავით. ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ ყოველივეს?
– ისეთ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რომ ყოველდღე მქონდა მეცადინეობები. ის სულ შეკრებებზე იყო წასული. დასწრებულზე ვიყავი და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ორი ბავშვით სად წავსულიყავი. ბავშვებს დედაჩემს მივუყვანდი და მაშინვე ინსტიტუტში მივრბოდი. მერე წამოვიყვანდი, დილით ისევ დედაჩემთან მიმყავდა... სულ წიგნი მეჭირა ხელში, გადავიღალე. ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენს პირად ცხოვრებაში. მერე „დინამოდან“ გამოუშვეს. მაშინ ოცდაცხრა წლის იყო. შეიძლება, რომ არც ეთამაშა, ჩვენი ცხოვრება სხვანაირად გაგრძელებულიყო. მძიმე, თავისებური ხასიათი ჰქონდა. ჩემზე და ჩემი შვილების თავზე გადაიარა მისმა წარმატებამ. ყველანაირად ვუწყოდი ხელს. სხვათა შორის, 60-იანი წლების ფეხბურთელები ნამდვილი რაინდები იყვნენ – მთელი ის გუნდი, ვინც მაშინ მიშასთან ერთად თამაშობდა. ხალხის სიყვარულის გარდა, მათ არაფერი ჰქონდათ. არანაირი პირობები არ გააჩნდათ, მაგრამ მაინც ენთუზიაზმით თამაშობდნენ. თავს იკლავდნენ, ისე თამაშობდნენ. საქართველო გაგონილიც არ ჰქონდათ და ბიჭებმა შეძლეს, ქვეყნის სახელი გაეტანათ. მტკვრისპირელი მესხი და გარინჩაო – ასე მოიხსენიებდნენ უცხოეთში. მერე ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ჩვენი უსიამოვნებაც აქედან დაიწყო. ყველაფრის ატანა შეიძლებოდა, ფეხბურთიდან რომ არ გამოეშვათ. დიღომში სახლს აშენებდა. ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც მშენებლობაში ეხმარებოდნენ. პარალელურად, ფეხბურთის სკოლას, „ავაზას“ აშენებდა. ამის გამო მე და ბავშვებს ბევრი რამ მოგვაკლდა. დღეს კი, „ავაზა“ „ვისოლს“ დარჩა. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და დავცილდით. ვიგრძენი, რომ დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა. დაძაბული ცხოვრება მქონდა. რაც ადრე მიხაროდა, ის უკვე აღარ მახარებდა. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და არც ვნანობ. ბოლოს პრობლემები რომ გვქონდა, ამბობდა: დიღომში ვიცხოვრებ, ძაღლები მეყოლება და ცოლს არასოდეს შევირთავო. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტო იცხოვრებდა.
– როგორც ვიცი, „დინამოდან“ წამოსვლის შემდეგ სმას მიჰყო ხელი. ესეც იყო თქვენი უთანხმოების მიზეზი?
– სულ ქეიფი, ქეიფი. აღარ თავდებოდა. ასე დაამთავრებინეს კარიერა. ერთია, როცა სკოლის დირექტორი ხარ და მეორეა, როცა მოედანზე გამოდიხარ და ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს. აღარ მინდა ის ადამიანები დავასახელო, მაგრამ პირდაპირ შემოჩენილები ჰყავდა. იცოდნენ, რომ სახლში ამაზე უსიამოვნება გვქონდა. მერე ბოდიშებს მიხდიდა, აღარ დავლევო, მაგრამ მაინც იგივე ხდებოდა. მე კიდევ მშვიდი ოჯახური ცხოვრება მინდოდა და ეს არ გამოვიდა.
– თქვენი ვაჟიც ფეხბურთელი იყო, თუმცა ბავშვობაში ის რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მაყურებელს მისი სახე „ნერგებიდან“ ახსოვს, სადაც ის რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილს თამაშობს.
– მიშიკო სამ ფილმშია გადაღებული. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ნანა მჭედლიძეს მოეწონა და გადაიღო „დიდედები და შვილიშვილებში“ და „გელაში“. შემდეგ რეზო ჩხეიძემ მიიწვია „ნერგებში“. მერე ისე მოხდა, რომ ფეხბურთი აირჩია. სხვათა შორის, მამამისი ამბობდა, ჩემზე უკეთესი მონაცემები აქვს და მაგარი ფეხბურთელი იქნებაო. არ ვიცი, რაში იყო საქმე, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას მესხები თვალში არ მოსდიოდა. მამამისი ნაადრევად დაითხოვეს, ჩემი მიშიკოც არ დააყენეს. „სპარტაკში“ წავიდა სათამაშოდ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ჩამოიყვანეს და ისევ სათადარიგო სკამზე დასვეს (მას მეუღლე, ქალიშვილი და ვაჟი დარჩა – (მსახიობი მიშა მესხი – ავტორი).