რაში ვერ აიყოლიეს გიორგი თარგამაძე ბრაზილიელმა ქალებმა და რატომ დაიდო მან პრემიერ-მინისტრის ვალი
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი, გიორგი თარგამაძე, ახალ წელს ტრადიციას არასდროს ღალატობს და დღესასწაულს ოჯახურ გარემოში ხვდება. მართალია, პატარა მეკვლეების მეგზურობის გამო ახალი წლის ღამეს ქუჩაშიც კი ატარებს, მაგრამ, ოჯახის პრეზიდენტის სტატუსი დიდი ხნის წინ მოიპოვა და არც იმპიჩმენტი აშინებს და არც ოთხი ქალის გარემოცვაში გრძნობს თავს ურიგოდ. თუმცა, ბოლო დროს ოჯახში მოკავშირის „ძებნა“ გადაწყვიტა და ახალ წელს ამ მოლოდინის ასრულების სურვილით ხვდება...
გიორგი თარგამაძე: გასული წელი საკმაოდ აქტიური იყო ჩვენთვის. როგორც ყოველთვის, მთელი რიგი პროცესების ავანგარდში ვიყავით და ჩვენი აქტივობა ძალიან ნათელი იყო საზოგადოებისთვისაც. ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია, არის არა მხოლოდ გუნდური თამაშის წესების, არამედ ძალიან საინტერესო ადამიანთა ერთობის შეთავაზებაც ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ ადრე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ერთი ადამიანის სახელთან იყო გაიგივებული და ის თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ, ახლა ჩვენი გუნდი ბევრი საინტერესო სახით არის წარმოდგენილი.
– ლიდერის როლი იოლი არ უნდა იყოს, მით უფრო – თქვენი, როცა საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი უამრავ ბრალდებას გიყენებთ.
– ამაზე ადრე ბევრი მიფიქრია, თუმცა, ბოლო პერიოდში ვცდილობ, ასეთი აზრები თავში აღარ მომივიდეს და დასაწყისშივე ჩავახშო. ვერ ვიტყვი, რომ არ ვიღებ კრიტიკას, პირიქით, სულ ვცდილობ, ვურჩიო ჩემი ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც, რომ იქონიონ მოთმინების უნარი, მეც კი გაოცებული ვარ ხანდახან იმდენად სწრაფად ეხდება ხოლმე ფარდა ასეთ ცილისწამებებსა და გამოგონილ ხმებს – ეს სამი წელი ამისთვის კარგი მაგალითი იყო. დიდი ხანია, საკუთარ თავზე საშინელება აღარ მომისმენია, მაგრამ მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ვალდებულებაა, მოვითმინო, თუმცა, მეც ადამიანი ვარ და ხანდახან მომივლის ხოლმე, რომ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, პასუხი მოვთხოვო მათ, ვინც ასე დაუმსახურებლად ექცევა ჩემს ღირსებას; თუმცა, ისიც ვიცი, რომ ეს არის იმის ფასი და საზღაური, რასაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანი იხდის.
– სამაგიეროდ, ბევრი სხვა ყოფითი ხიბლი აქვს თქვენს მდგომარეობას.
– ხიბლი ძალიან პირობითი რამ არის ჩვენს სინამდვილეში. ხიბლი იმ ადამიანისთვის შეიძლება ჰქონდეს, ვინც არ შემდგარა თავის პროფესიაში და ოჯახში ლუკმაპური არ შეუტანია მანამდე, სანამ პოლიტიკაში მოხვდებოდა. ჩვენს გუნდში არც ერთი ადამიანი არაა წარუმატებელი თავის ძველ პროფესიაში; ნორმალური ცხოვრების პირობები, შვილებისთვის განათლების მიღებისა და წელიწადში ორჯერ ოჯახის დასვენების საშუალება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს – ეს ხომ ჩვეულებრივი მოთხოვნებია, სწორედ ამისთვის ვიბრძვით ქრისტიან-დემოკრატები. ჩვენ არ ვებრძვით მდიდრებს, მაგრამ, გვინდა, რომ არ იყოს სიღარიბე და ადამიანთა უფრო მეტი ნაწილი მიეკუთვნებოდეს საშუალო ფენას.
– თქვენ როგორ ცხოვრობთ? თქვენც, რა, საშუალო ფენას მიეკუთვნებით?
– მე ყველა სოციალური სტანდარტით საშუალო ფენის წარმომადგენელი ვარ, უამრავი რამ არის, რაზეც მეც არ მიმიწვდება ხელი, მაგრამ აუცილებლად ვიღებ თანხებს კომუნალური გადასახადებისთვის, ბავშვების განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე. ღმერთის წყალობით ოჯახში ყველანი ჯანმრთელები ვართ, მაგრამ დედაჩემი მალე 79 წლის გახდება და, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა მე მაკისრია. დღეს გადასახადის შეტანის იმდენი თანამედროვე საშუალება არსებობს, რომ ბანკის რიგში ნამდვილად არ ვდგავარ. იმის გამო, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს, ამ ტიპის ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა ჩემს მეუღლეს, თათიას აბარია. მე დამფინანსებელი ვარ, ოჯახის პრეზიდენტი, თათია კი პრემიერ-მინისტრია. ვერ ვიტყვი, რომ ძუნწი დამფინანსებელი ვარ, თუმცა, მიყვარს ზომიერება ყველაფერში. როცა ოჯახი გაქვს, თავს ზედმეტი ხარჯის უფლებას ვერ მისცემ, ოჯახის ბიუჯეტი სწორად უნდა დაგეგმო. ვალები არავის უყვარს, მათ შორის – მეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად მიწევს ხოლმე აღება. ახლახან დავფარე ბანკში ბინის კრედიტი, ხანდახან ცოლთანაც კი ვარ ხოლმე ვალში – თავისი ხელფასით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები უყიდა და ეს ხარჯი მე უნდა დავფარო. იმედია, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს რესტრუქტურიზაციაზე უარს არ ეტყვის (იცინის).
– პრეზიდენტობა ოჯახში მაინც ყოფილა კარგი...
– საქართველოს პირობებში, ალბათ, ყველაზე კარგი პრეზიდენტობაა – ეს ტრადიციული საკითხია ქართულ ოჯახებში და ჩვენთანაც ასე მოხდა – არც არჩევნები დაგვჭირვებია და არც დანიშვნა, ავტომატურად მერგო ეს როლი (იცინის). საერთოდ, რაც ხარ ოჯახში, ის ხარ საზოგადოებაშიც. მე სახლში ოთხი ქალის გარემოცვაში ვცხოვრობ, ჯერჯერობით ვახერხებ იმას, რომ ქალებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყოს, მაგრამ, უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, მოკავშირეთა შორის სახლში მამაკაციც თუ მეყოლება და დიდი იმედი მაქვს, ასეთ მოკავშირეს მომავალ წელს მაინც მოვძებნი, მართალია მარტო ძებნა არ ჰყოფნის ამ საქმეს, მაგრამ, მჯერა, რომ მომავალში ჩემ გარდა ოჯახში სხვა კაციც იარსებებს.
– მოკავშირეს ისე ეძებთ, ჩანს, ოთხი ქალის გარემოცვაში თქვენს პრეზიდენტობას იმპიჩმენტი ემუქრება?!
– ჯერჯერობით არა მგონია. მართალია, ოჯახისთვის ვერ ვიცლი, მაგრამ პრეზიდენტის ფუნქციებს თავს არ ვარიდებ. მაგალითად, მე მევალება ახალი წლისთვის ოჯახის ღვინით მომარაგება: ნაწილს მეგობრები მიგზავნიან კახეთიდან, რომელიც, პარტიული ქრთამი არ გეგონოთ, სადღესასწაულო ძღვენია მხოლოდ (იცინის), თათიას საახალწლო პროდუქტის შეძენაშიც ვეხმარები, მას თავისი „წერტილები“ აქვს სხვადასხვა ბაზარში, იცის, სად იყიდოს ყველი, ხორცი, ჩურჩხელა – უკვე წლებია, რაც მათთან „თანამშრომლობს“ (იცინის). ამ ბოლო პერიოდში აღარ მიყვარს თათიასთან ერთად საყიდლებზე სიარული, რადგან, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, გამყიდველთან ვაჭრობა უხერხულია, ამიტომ, თათიას მიაჩნია, რომ ჩემთან ერთად საყიდლებზე წასვლა საოჯახო ბიუჯეტის მინიმუმ 20 პროცენტით მეტ დანახარჯს ნიშნავს, ამიტომ, თუ მივყვები სადმე, ან მანქანაში ველოდები და მერე ტვირთის გამოტანაში ვეხმარები, ან წინასწარ მაფრთხილებს, რომ უკან გავყვე და ვაჭრობის პროცესში არ ჩავერიო.
– ახალ წელს სად ხვდებით ხოლმე?
– ძირითადად სახლში, თუმცა, სახლში არც ჰქვია ამას, ბავშვებთან ერთად თორმეტ საათამდე გავდივარ გარეთ და მერე მათთან ერთად ვბრუნდები – გოგონები ჯერ კიდევ პატარები არიან და მეგზური ხომ სჭირდებათ?! ცუდი ფეხი მეც არ მაქვს – სადაც შევდივარ მეკვლედ ოჯახში, იქ იმ წელს აუცილებლად მატება აქვთ. ჩემთვის ახალი წელი მაინც ოჯახური დღესასწაულია, რომელიც იმითაც არის სახალისო, რომ მოდის ბევრი სტუმარი, ჩვენც მივდივართ ახლობლებთან. ისე მიყვარს სტუმრები, სულ ვფიქრობ, რა დამატებითი მოტივაცია გავაჩინო, რომ უფრო ჩემთან მოუხაროდეთ მოსვლა. ბოლო წლებში ასეთ დამაინტერესებელ გარემოებად, მთავარ ინტრიგად, იქცა ჩვენი ნაძვის ხე. ყველა ადამიანს სხვადასხვა ნივთის შეგროვების ჩვეულება აქვს: ზოგი რას აგროვებს, ზოგი რას, ჩემს ცოლს კი აქვს ერთი თავისებურება, რომელიც განსაკუთრებით გაუმძაფრდა ბოლო წლებში: თათიამ დიდი ხანია, დაიწყო ნაძვის ხის მოსართავების შეგროვება და, სადაც კი ერთად მოვხვდებით, ზაფხულიც რომ იყოს, აკვიატებული შემართებით დაეძებს ხოლმე სათამაშოებს. ამ გატაცებამ თავისი შედეგი გამოიღო: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ნაძვის ხე ხელოვნების ნიმუშად იქცა და ამ ხმებმა ჩემს უცხოელ მეგობრებამდეც კი მიაღწია.
– თქვენ რა გევალებათ ახალი წლის დღეებში?
– ოჯახში საახალწლო სუფრასთან ყოველთვის მე ვარ თამადა. მიყვარს ქართული ღვინო, კარგად ვსვამ. როგორც წესი, ჩვენი სამეგობროს თამადა გიორგი ახვლედიანია ხოლმე. მას თამადობის თავისებური მეთოდი აქვს, მე – ჩემი. გიორგის დათრობა ჩემს მიზანს არასდროს წარმოადგენს, ჯერ ისე არ გავთავხედებულვარ – ვიცი, რომ გამორიცხულია, გიორგისთან შეჯიბრებას აზრი მიეცეს, ის უკონკურენტოა და არა მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატებში“. მე საერთოდ არ მიყვარს სუფრასთან სასმლის დაძალება, ყოველთვის ვიცი საკუთარი კონდიცია – როგორც კი ჩემი თრობის ხარისხი მაქსიმუმს აღწევს, რომლის იქითაც საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, მაშინვე ვჩერდები. არ მიყვარს, როცა კაცი „თავკანტროლ კარგავს“ (იცინის). სულ რამდენჯერმე მქონდა ცხოვრებაში სიტუაცია, როცა ასე დავთვერი, თუმცა, სიმთვრალეში არაფერს არ ვაშავებ, უბრალოდ, იმაზე მეტს ვმღერი, ვიდრე ეს დასაშვებია. როცა სიმღერას ვიწყებ, ვხვდები, რომ კონდიცია დაიწყო, თუმცა ახლო მეგობრების წრეში ესეც შეიძლება. ერთხელ ახალ წელს მეგობრებთან ერთად სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი ბრაზილიელი მოცეკვავეების კონცერტზე, სადაც ძალიან ვიხალისე, ოღონდ, არა ბრაზილიელების ცეცხლოვანი ცეკვით, არამედ ჩემი მეგობრის ჩართულობით ამ პროცესში და საოცარი აღმოჩენებიც გავაკეთე. თავად არ ვიყავი იმ კონდიციაში, რომ ცეკვა გამებედა, მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია კარგად მოლხენა. მე, თავის მხრივ, სტატუსმაც დამტვირთა და გარკვეულ ჩარჩოებში მომაქცია – მაინც ვუწევ ანგარიშს საზოგადოებაში მოქცევის წესებს. დისკოთეკას მშობლიურ გარემოში, ქართულ სუფრასთან ყოფნა მირჩევნია. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოცეკვავე ვარ, მაინცდამაინც არც მიხდება ტემპში ცეკვა და დისკოთეკაზე სხვების საყურებლად ხომ არ ვივლი?! (იცინის).