რატომ არ ჩანდა შვიდი წელი გადაცემა “მეალომანიის„ წამყვანი თიკო ბერძენიშვილი და სად მოიწყო მან პატარა საქართველო წლების განმავლობაში
რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი გადაცემა – „მეალომანია,” რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მაყურებელთა სიმპათიით სარგებლობდა. დრო გავიდა, მაგრამ მეა და „მეალომანია“ ყველას ახსოვს. ხშირად უკითხავთ: სად არის მეა? მეა, იგივე, თიკო ბერძენიშვილი შვიდი წელი არ იმყოფებოდა საქართველოში, ის ოჯახთან ერთად ბაქოში ცხოვრობდა. ამჟამად ორი ვაჟის დედაა.
– თიკო, საკმაოდ აქტიურად იყავი შოუ-ბიზნესში ჩართული, მაგრამ მერე გათხოვდი და მას შემდეგ რამდენიმე წლით გაუჩინარდი.
– ზუსტად ასე მოხდა – გავთხოვდი და ერთ დღეში გავქრი... ძირითადად ბაქოში ვცხოვრობდით, თუმცა პირველი პერიოდი მეუღლესთან ერთად ინგლისში გავატარე, რადგან ჩემი მეუღლე სამსახურებრივად ლონდონში იყო მივლინებული, ლოიდის ბირჟაზე. მეც დრო არ დავკარგე და ინგლისური ენის გასაუმჯობესებელი კურსი გავიარე. მას შემდეგ ბაქოში ვართ, ზუკა იქ დღემდე მუშაობს. სხვათა შორის, იქაც საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა. მერე ბავშვები შეგვეძინა. უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში ახალ წელს არ შევხვედრივარ.
– ინგლისში რამდენი ხნით იყავით წასული?
– 6 თვე, ანუ სანამ ზუკა მუშაობდა. ბაქოში შვიდი წელი ვცხოვრობდით. ყოველთვის და ყველგან ბაქოს „ლობისტი” ვიქნები, რადგან მართლა ძალიან კარგი ქალაქია.
– ბაქოში ვისთან ერთად ცხოვრობდით?
– თავიდან მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილ ერთად ვცხოვრობდი, მერე კი დუდაც შემოგვემატა. საკმაოდ დიდი, ერთ მუშტად შეკრული ქართული დიასპორაა. ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქართველი თავს კომფორტულად გრძნობს. აზერბაიჯანს საქართველო და ქართველები ნამდვილად უყვარს. იქ უამრავი ქართული ღონისძიება იმართება და უამრავი ქართველი ჩამოდის.
– მოკლედ, ბაქოში პატარა საქართველო მოიწყვე.
– დიახ, ნამდვილად ასე იყო. ხშირად გვქონდა ქართული შეკრებები. ახლაც ისე მენატრება იქაურობა, რომ სიამოვნებით წავიდოდი.
– შენი მეუღლე რას საქმიანობდა იქ?
– ჩემი მეუღლე ბაქოში ამერიკული, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სადაზღვევო-საბროკერო კომპანია „აონის” დირექტორი და მისი წარმომადგენელია. საქართველოს რაც შეეხება, ორი წლის წინ აზერბაიჯანულმა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც იქ კერძო სექტორში ერთ-ერთი პირველია, საქართველოშიც დააფუძნა „სტანდარტდაზღვევა საქართველო,” ასე რომ, ზუკა ახლა მათი წარმომადგენელი და გენერალური დირექტორია.
– ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?
– ო, ეს საინტერესო ისტორიაა... იმ პერიოდში „არტ-იმედში“ ვმუშაობდი, ვიღებდით დათო გომართელისა და „ფორტეს“ კლიპს და მივლინებით ბაქოში გავემგზავრეთ. საქართველოს საელჩომ გვიმასპინძლა და სწორედ იქ გავიცანი ზუკა, რომელიც აქტიურად გვეხმარებოდა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხში. სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი. მე და ზუკა ხუმრობა-ხუმრობაში დავახლოვდით და ერთი წლის ნაცნობობის შემდეგ დავოჯახდით. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცებ ხდება.
– რა ასაკის არიან თქვენი შვილები?
– ზურაბი 5 წლის, ხოლო ალექსანდრე – 8 თვის.
– უფროს ვაჟს მამის სახელი დაარქვით?
– ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბაბუისა და მამის ერთად.
– ანუ, მესამე ზურაბი გყავთ ოჯახში?
– დიახ: უფროსი ზურა გუმბერიძე, ჩემი მეუღლე ზუკა გუმბერიძე და პატარა ზურაბი, რომელსაც „დუდას“ ვეძახით.
– ხომ არ უბრუნდები შოუ-ბიზნესს?
– ალბათ, უფრო ბიზნესს. არც ის არის გამორიცხული, შოუ-ბიზნესში დავბრუნდე. იმდენი წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, რომ ის უკვე ძალიან ჩემია და ძალიან მიყვარს. ამ ხნის განმავლობაში რაღაც შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მაშინ ბაქოში ვიყავი და ვერ ჩამოვიდოდი. კოკა ყანდიაშვილმა ერთხელ გენიალური ფრაზა მითხრა: ყველაზე ბედნიერი ბავშვი ხარ, რადგან ისეთი სათამაშო გყავს, რომლითაც მთელი საქართველო ერთობაო. მართლა ასე იყო: თან ვერთობოდით, თან საქმეც კეთდებოდა.
– რას ეტყვი „მეალომანიას” მაყურებელს, რომელსაც დღემდე ახსოვხარ?
– დიდი მადლობა ყველას, ვისაც „მეალომანია” ჯერ კიდევ ახსოვს. დღემდე სიყვარულით ვიხსენებ იმ დროს. მაშინ ჩვენი ფან-კლუბი გვქონდა, იქიდან რამდენიმე გოგო, დღემდე მირეკავს. დუდას სულ უკვირს, მეას რატომ გეძახიანო. მე კი ვუყვები, რომ ოდესღაც არსებობდა ვირტუალური ქვეყანა „ლომანია” და ვირტუალური გოგონა „მეა”, რომელსაც დედიკო ჩვენს ენაზე ლაპარაკს ასწავლიდა... თუ მე ტელევიზიაში დავბრუნდები და ეს ერთ მაყურებელს მაინც გაუხარდება, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება ჩემთვის.