კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ ეხმარება ქმარი ნატო გელაშვილს და რას აკეთებს ის დიდი სიამოვნებით

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი საოჯახო საქმეებს თვითონ უძღვება. როგორც ამბობს, ბევრი დრო არ აქვს, მაგრამ მზარეულობა ძალიან უყვარს და როცა საშუალება ეძლევა, თვითონ ამზადებს კერძებს. საოჯახო საქმეებზე, სამზარეულოსა და დიასახლისობაზე საჭორაოდ ნატო გელაშვილს შინ, საბურთალოზე ვესტუმრეთ.

– ქალბატონო ნატო, ბევრ ახალბედა დიასახლისს ძალიან უჭირს საოჯახო საქმეების გაძღოლა. ამბობენ, რომ გავთხოვდი, კვერცხის შეწვა თუ ვიცოდიო. თქვენ როგორ გქონდათ ამ მხრივ საქმე?

– იმ მომენტისთვის, როცა გავთხოვდი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი – ოჯახი 25 წლის ასაკში შევქმენი. მანამდე, მთელი შვიდი- რვა წლის განმავლობაში მარტოხელა სტუდენტი ვიყავი, თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს და შვილისთვისაც, ოჯახისთვისაც, საოჯახო საქმეებისთვისაც აბსოლუტურად მზად ვიყავი.

– მაშინაც კარგად ამზადებდით?

– დიახ, კერძების მომზადება მაშინაც მეხერხებოდა. ხომ იცი, როგორ ხდება სტუდენტობისას – ხან ერთ მეგობართან იკრიბებით, ხან მეორესთან... ძალიან უყვარდათ გოგოებს ჩემთან ჭამა. ამიტომ, ყოველთვის მიწევდა რაღაცის მზადება. რა თქმა უნდა, დღეს უფრო ბევრი რამ ვიცი, უფრო მეტად დავიხვეწე, მაგრამ, მაშინაც, თუ რაღაცა მომეწონებოდა, აუცილებლად ვკითხულობდი, ვსწავლობდი, რეცეპტს ვიწერდი. მთავარია, ინტერესი და მონდომება გქონდეს. ვთქვათ, თუ სადმე გემრიელ ნამცხვარს ან კერძს გავსინჯავდი, ძალებს არ ვიშურებდი, რომ რეცეპტი გამეგო. (იცინის).

– დაახლოებით რა ასაკიდან დაიწყეთ სამზარეულოს „გაცნობა“?

– დაახლოებით მეცხრე-მეათე კლასში. ჩემი მეგობარი იყო ფანტასტიკური კულინარი, სკოლის ასაკის გოგონასთვის ეს წარმოუდგენელია, ხომ? აცხობდა არაჩვეულებრივ ტორტებს, ხაჭაპურს, ამზადებდა შესანიშნავ კერძებს. განსაკუთრებით კარგი აჩმა გამოსდიოდა. მასთან გავსინჯე და სურვილი გამიჩნდა, თავადაც მეცადა ბედი. მოვედი სახლში და მოვითხოვე ყველი, ფქვილი, მასალები – აჩმა უნდა გამოვაცხო-მეთქი. ცხადია, ყველა დედას უხარია, რომ შვილი ამ საქმეში ინიციატივას იჩენს.

– როგორი აჩმა გამოგივიდათ?

– თავს არ ვიქებ, მაგრამ, მშვენიერი. შენ არ იცი, როგორ თვალისდახამხამებაში შეიჭამა ჩემი გაკეთებული აჩმა.

– კიდევ რას აკეთებდით?

– ვაცხობდი ნამცხვრებს, ეგრეთ წოდებულ „ტარტალეტკებს“, სასუსნავებს, რაც უყვარდათ ოჯახში, თორემ, რომ გითხრა, სადილებს ვამზადებდი-მეთქი, ასე არ არის. სადილებს დედა ამზადებდა და, სხვათა შორის, არაჩვეულებრივად. მე ძირითადად შაბათ-კვირას ვსაქმიანობდი სამზარეულოში, როცა გაკვეთილებიდან თავისუფალი ვიყავი. მერე, სტუდენტი რომ გავხდი, უფრო სხვა სახის საჭმელებზე მომიხდა გადართვა, უფრო მხალეულსა და სალათებს ვამზადებდი. ეს ჩემი ჰობი და გართობა უფრო იყო, თორემ, არავინ მაიძულებდა.

კარგი დიასახლისი არაფრისგანაც რაღაცას გააკეთებს. შეიძლება, ერთი სტაფილო და ერთი კომბოსტო გქონდეს და რაღაც გააკეთო. მთავარია, კიდევ ვამბობ, მონდომება. საშინელ დროში მომიწია სტუდენტობა: უშუქობა, უწყლობა, გაჭირვება და ამან კიდევ უფრო მომიმატა გამოცდილება და პასუხისმგებლობის გრძნობა. „არ შემიძლიას“ და „არ მეხერხებას“ ამბობს ის, ვისაც ეზარება და არ აინტერესებს, თუმცა, ცოტათი ხელზეც არის დამოკიდებული.

– როგორ ფიქრობთ კარგი ხელი გაქვთ?

– რა ვიცი, ასე ამბობენ. სხვათა შორის, ეს გენეტიკურიცაა. ჩემი ორივე ბებია ფანტასტიკურად ამზადებდა, ასევე, დედაც. თუმცა, ვცდილობ, კიდევ დავხვეწო. თუ სადმე კერძს ვნახავ, რომელსაც მეც ვამზადებ, მაგრამ სხვისი ნახელავი უფრო გემრიელად მომეჩვენება, აუცილებლად ვიკითხავ, რა ინგრედიენტი აქვს დამატებული. ზოგი ჩემხელა ქალი ქინძსა და ოხრახუშს ვერ არჩევს ერთმანეთისგან...

ჩემს მეუღლეს და შვილებს ძალიან მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები. ამას წინათ მეგობრებმა შემომჩივლეს, რა არის, სად დაიკარგე, შენი გაკეთებული კატლეტი მოგვენატრაო (იცინის). ბევრი დრო არ მაქვს სამზარეულოში ტრიალისთვის, მაგრამ, როცა მაქვს, სიამოვნებით ვსაქმიანობ. მიყვარს სუფთად მზადება, თხუპნია არ ვარ, არ მიყვარს მიყრილ-მოყრილი ნაფცქვენები და დასვრილი ქურა. ჩემი შვილებისთვის ჩემი სახლში ყოფნა ზეიმია – იციან, რომ სადილი მე უნდა მოვამზადო და უხარიათ. სხვათა შორის, ჩემსავით აზიზი და პრეტენზიული მჭამელები არიან. ყველგან არ შემიძლია, ყველაფერი მივირთვა, ოღონდ იმ წუთას დავიკმაყოფილო შიმშილი. გარეთ, საცხობშიც ძალიან იშვიათად ვყიდულობ რამეს, ერთხელ თუ არ მომეწონა, არაფრის დიდებით იქ აღარ ვიყიდი.

– დედათქვენისგან ან დედამთილისგან რა ისწავლეთ ყველაზე გამორჩეული?

– დედისგან ნიგვზიანი ხარჩო ღომთან ერთად, რომელიც ძალიან მიყვარს. ძირითადად ყველაფერი დედისგან ვისწავლე – გოზინაყი, საცივი, აჯაფსანდალი, რა ვიცი, კიდევ... დედამთილს რაც შეეხება, მას სამზარეულო და საოჯახო საქმეები ნაკლებად აინტერესებს.

– ხორციან კერძებს კარგად ამზადებთ?

– მე, საერთოდ, ხორცის მოყვარული ადამიანი არ ვარ, მაგრამ, ოჯახში მამაკაცები მყავს და მათ უყვართ. მშვენიერი ხარჩო გამომდის, ჩაქაფული, ჩახოხბილი... მე თვითონ იმერელი ვარ და იმერულ სამზარეულოზე ვგიჟდები – წიწილა მიყვარს იმერულად და, იქით რომ მივდივარ, არ არსებობს, არ მივირთვა. არ მიყვარს ზღვის პროდუქტები და ასე პოპულარულ იაპონურ რესტორნებსაც არ ვეტანები.

– უცხო სანელებლებს ყიდულობთ ხოლმე? მაგალითად, ინდურ სანელებლებს...

– არა, არ მიყვარს. ერთადერთი, იტალიიდან ჩამომაქვს ხოლმე პიცის საგანგებო სუნელები, რადგან ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ პიცა.

– ბაზარში თუ დადიხართ? ევაჭრებით ხოლმე გამყიდველებს?

– დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ. როცა იყო საკოლმეურნეო ბაზრის ტრადიცია, დეზერტირების ბაზარში დავდიოდი. კი, ვევაჭრებოდი ხოლმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ყიდის, სუფთაა თუ არა. როგორ აცვია, ხელები... ახლა ძირითადად სუპერმარკეტში ვყიდულობ პროდუქტს, ბაზარი და ბევრი პროდუქტი დიდ ოჯახს სჭირდება.

ადრე გვყავდა სამეზობლოში ერთი ქალი, რომელსაც ყველი, რძე, თაფლი ჩამოჰქონდა ჩვენთვის. ახლა ქარხნულს ვყიდულობ. სოფლის რძე არ მიყვარს, მეტისმეტად ცხიმიანია.

– ოჯახში დამხმარე გყავთ?

– დიახ, მყავს ერთი ქალბატონი, რომელიც თავდაპირველად ძიძა იყო, მაგრამ ახლა ბავშვებს ძიძა აღარ სჭირდებათ და ცირა საოჯახო საქმეებში მეხმარება, თორემ, დიდი სახლია და მარტო ვერ ავუვალ ამის ლაგებას. საახალწლო „უბორკამდე“ საქმე არ მიმყავს, არ ვაგროვებ ხოლმე – ყოველთვის წესრიგშია სახლი, ფანჯარა, კარადა, იატაკი, ასე რომ, საახალწლოდ განსაკუთრებული ჯაფა არ მადგას.

– სარეცხს ხელით რეცხავთ? ბოლოს როდის გარეცხეთ ხელით?

– დიახ, არის ზოგიერთი რამ, რაც მანქანით არ ირეცხება და ხელით ვრეცხავ. არ მიყვარს, მაგრამ, ზოგჯერ მაინც მიგროვდება სარეცხი. ვხმარობ სარეცხის ფხვნილ „სანოს“, ისრაელის წარმოებისაა და ძალიან მომწონს.

– სახამებელს, მათეთრებელსა და ლილას თუ იყენებთ? რით ამოგყავთ ლაქები?

– სახამებელსა და ლილას აღარ ვიყენებ, ახლა უფრო ფერად თეთრეულზე გადავედი. მათეთრებელს იშვიათად, უფრო ლაქების ამოსაყვანად ვხმარობ „ვენიშს“, ან უცხოეთიდან ჩამომაქვს ლაქების ამომყვანი, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე არც ერთს არ ამოჰყავს ჩამჯდარი ლაქა.

– ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ?

– არა, რად მინდა? ეს ჩვენთან ჯერ კიდევ ფუფუნების საგანია. ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ძირითადად, გამოიყენება სტუმრიანობისას, როცა ბევრი ჭურჭელი გროვდება. იმ რეკლამაში რომაა – მე ქალი ვარ და არა ჭურჭლის მრეცხავიო – როდის აქეთ აღარაა ეს ქალის საქმე?

– მასტიკას ხმარობთ? იატაკს ან ფანჯრებს რითი წმენდთ?

– არა, მასტიკას აღარ ვხმარობ. იატაკის საპრიალებელი მაქვს, „პრონტოს“ მსგავსი და იმით, გაწმენდილი რამდენიმე დღეს ძლებს. ფანჯრებს რაც შეეხება, არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვხმარობ, გერმანიიდან ჩამოვიტანე სპეციალური საწმენდი ჩვარი, რომელსაც, უბრალოდ, წყალში ვასველებ და კარგად წმენდს.

– მეუღლე თუ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში?

– ვახო? უჰ, არა, არ ეხერხება ეგეთი რამეები. ერთადერთი დახმარება ისაა, კიბე დაიჭიროს, როცა ფარდებს ვკიდებ – კიბეზე ასვლის მეშინია.


скачать dle 11.3