რა კოშმარები დაუტოვა ლელა მებურიშვილს გასულმა წელმა და ვინ მოუკლა მას ქმარი
ის ყველაზე ლამაზი, საქმიანი, რბილი, გაწონასწორებული და მიმზიდველი დეტექტივია. თუმცა, ლელა მებურიშვილს მიაჩნია, რომ „დეტექტივებმა“ მისი ცხოვრების ერთი წელი ისე წაიღო, რომ გადაღების გარდა არაფერი გაუკეთებია. მაგრამ საახალწლოდ მას პატარა შესვენებისა და ამოსუნთქვის დრო ჰქონდა ახალ სეზონამდე და ჩვენც ამ პერიოდით ვისარგებლეთ. საუბარი სწორედ წლის შეფასებით დაიწყო.
ლელა მებურიშვილი: უცნაურია, რომ ამ წამს პირველად დავფიქრდი, თუ რა იყო ამ წელს საინტერესო და როგორ ჩაიარა მან ჩემთვის. იმდენად გიჟურ რიტმში ვიყავი, რომ წამი არ მქონდა ამაზე დასაფიქრებლად. სადღაც, თებერვალში დავიწყეთ „დეტექტივებზე“ მუშაობა. ამის შემდეგ იყო გიჟური რიტმი, რომლის მსგავსიც მართლა არ ყოფილა. გადაღებები იყო მთელი დღე, მერე მთელი ღამე და მერე ისევ მთელი დღე. არადა, ხომ კარგად გახსოვთ როდის გავიდა ეთერში. მანამდე კი მართლა საშინელი რეჟიმი იყო, ასეთი მუშაობა არ მახსოვს. ვერც იმ მდგომარეობას შევადარებ, პრემიერამდე ერთი კვირა რომ არის დარჩენილი – ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით. ახლა მივხვდი, რომ არ ვცხოვრობდი – ეს არ იყო ცხოვრება, იყო მხოლოდ მუშაობა. გამთენიისას, სადღაც ოთხზე მოვრჩით გადაღებას და რვა საათზე ისევ გადაღებაზე ვარ. გრიმიორი გრიმს მიკეთებს და ვხვდები, რომ უკვე მეტირება. თან, იმ პერიოდში ნიკო გომელაური გარდაიცვალა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ვფიქრობ: ამდენი საშინელება ხდება, შეიძლება, ხვალაც მოხდეს რამე, რა ცოტა დრო გვაქვს ცხოვრებაში, მე კი დილიდან დაღამებამდე მხოლოდ ვმუშაობ, არ ვცხოვრობ. ხვალ, უცებ, რაღაც რომ დამემართოს, რა დამრჩება?! მხოლოდ მუშაობა. მაგრამ დღეს ბევრად უფრო ვაფასებ ცხოვრებას, დროს. დედაჩემი მეუბნება, შეცვლილი ხარო. ორი წუთიც რომ მაქვს თავისუფალი, იმასაც ურთიერთობებისთვის, ცხოვრებისთვის ვიყენებ – იმისთვის, რასაც მუშაობა არ ჰქვია.
– ამ აზრებამდე უბრალოდ მუშაობას კი არა, გადაღლას უფრო მიჰყავხარ.
– რა თქმა უნდა. მუშაობით ადრეც ვმუშაობდი და, მადლობა ღმერთსa, საქმე მაქვს, მაგრამ, ეს გადაღებები ისეთი იყო, რომ პირველივე სერიაში გადავიღალეთ. მახსოვს, ერთი კვირის განმავლობაში, დილის შვიდიდან ვიღებდით და სულ ჩემი სცენები იყო, მერე მთელი ღამე – ისევ სულ ჩემი სცენები. თავს ვერსად დებ, რადგან ვარცხნილობა და მაკიაჟი გაგიფუჭდება და არც ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გაქვს.
– ქმარი რატომ მოგიკლეს?
– პირველი სერიებიდანვე მემუქრებოდნენ ამით –კარგი იქნება, ამ გოგოს ქმარი რომ მოუკვდესო, მე კიდევ, ვეხვეწებოდი, არ მინდა ეს ქმრის სიკვდილი და ტრაგედიები, იყოს ეს ქალი ცოტა ბედნიერი-მეთქი. პირველი სეზონი ძალიან ბევრი ვიბრძოლე, რომ გათხოვილი ქალის სტატუსი მქონოდა, მაგრამ, ბოლოსკენ დამირეკეს და მითხრეს, სხვა გზა აღარ არის, შენ ქმარს ვკლავთო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ პერსონაჟს მოუხდებოდა ასეთი ტრაგედია.
– რთული იყო იმის თამაში, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება?
– ბევრი სცენა არ მქონია სათამაშო, სულ ორი სცენა იყო: როდესაც ამ ამბავს ვიგებ და შემდეგ – სასაფლაოზე. მსახიობი ხარ და ეს პროფესია მოითხოვს, ყველაფერი გაითავისო. სხვათა შორის, ლაშას ვეუბნებოდი, მეორე სეზონზე რაღაც პერიოდი ხომ იქნება გასული და შავებში, ცრემლიანი თვალებით ნუ მატარებ-მეთქი. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.
– მუშაობამ შემცვალაო, ამბობ, მაგრამ, გმირმა თუ შეგცვალა? უკვე რამდენიმე თვეა, მისი ცხოვრებით ცხოვრობ.
– ალბათ, ესეც მოქმედებს. წარმოიდგინე, ჩემი გმირი არის უსერიოზულესი, დაკვირვებული, ადამიანების ერთი მიმიკაც კი არ ეპარება, ატარებს იარაღს და სხვა, მაგრამ, კვალი დატოვა-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი. შეიძლება ითქვას, რომ ბოლოსკენ უკვე საკუთარ თავს ვეღარ ვიტანდი. გამოვდიოდი გადაღებიდან და ყვავილებიან სარაფანს ვიცვამდი. ყველა მეუბნება, შენი სტილი უფრო გიხდებაო, ეს საქმიანი კოსტიუმები და თეთრი პერანგები შენი სტილი არ არისო. ისე სულ ფუშფუშა კაბებითა და „ტაპკებით“ დავდიოდი. ამ რეჟიმმა ნერვები აშკარად გამიფუჭა. ორი ტელეფონი მაქვს, ამათგან ერთ-ერთი კორპორატიულია, რომელზეც გადაღებებიდან მირეკავენ ხოლმე. ღამით მესიზმრება კოშმარი, რომ კორპორატიული ზარი შემოდის. დილისკენ, უკვე თან რომ იღვიძებ, მაგრამ, თან ჯერ ისევ გძინავს, მესიზმრებოდა, რომ თან ვპასუხობდი, თან – ვერა. დილით გავიღვიძე, მოვწესრიგდი და ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე ტელეფონი, მართლა ხომ არ რეკავდა-მეთქი. თურმე, დაურეკავთ. ძილშიც კი არ ვაღიარებდი ამ ზარს, არ მესმოდა. ახლა ამას რომ წაიკითხავენ, შეიძლება, ეწყინოთ, მაგრამ, თვითონაც იციან ამ რეჟიმის გემო. უკვე შიშში ხარ, რომ, შეიძლება, დაგირეკონ და ისევ ისე მაგრად დაიღალო, როგორც მაშინ. ბოლო ორ სერიაზე ღამეები არ გვითენებია, დაგვინდეს და დიდი მადლობა ამისთვის პროდიუსერებს.
– აღიდგინე მეგობრებთან ურთიერთობა?
– ახლა ყველასთვის ვიცლი და ამ მომენტებს ძალიან ვუფრთხილდები. მეგობრებთან ისე აღვადგინე ურთიერთობა, რომ აღარ ვშორდები და, მგონი, ახლა ამით შევაწუხე. ვინც ძალიან კარგად მიცნობს, მათთან პრობლემა არ მქონდა, მაგრამ ის ახალი მეგობრები სულ ნაწყენები იყვნენ. ერთხელ, ორჯერ, ასჯერ რომ დაგირეკავენ – აქ ვართ და გამოდი – არ მცალია, დაბადების დღეა – არ მცალია, ქორწილი მაქვს – არ მცალია... მერე უკვე გეტყვიან, თუ არ გინდა, კარგად იყავიო და ვერც გაამტყუნებ. ახლა ვიწყებ ახალ ურთიერთობებს ძველ მეგობრებთან. თან, ახლა მარჯანიშვილში რეპეტიციები მქონდა, მერე – პრემიერა, დაკავებული ვიყავი, მაგრამ, სულ ვამბობდი, თავისუფალი ვარ-მეთქი. ოცი საათი მუშაობა იმითაა კარგი, რომ ოცდაათ საათს არ ვმუშაობ.
– ახალ წელთან დაკავშირებით რაღაც სიმბოლოების თუ გჯერა?
– ნაკლებად მჯერა, რომ ამბობენ, როგორც შეხვდები, ისეთი წელი იქნება, ან, მაგიდის ქვეშ სურვილი ჩაიფიქრე და აგისრულდებაო... მაგრამ ახლა, რატომღაც, ბევრად ადრე დაიწყო იმის შეგრძნება, რომ დღესასწაული მოდიოდა. ჩემთვის ახალი წელი არ არის მაინცდამაინც 31 დეკემბერი ან 1 იანვარი, ახალი წელია იმის განცდა, რომ ყველაფერს ძველს ტოვებ წარსულში და ყველაფერი თავიდან იწყება. მჯერა თოვლის ბაბუის, რომელიც ყოველთვის მახარებს – როცა კარგად ვიქცევი, კარგი საჩუქარიც მოაქვს. წელს ისეთი დამჯერი ვიყავი, რომ, არ არსებობდა, ცუდი საჩუქარი მოეტანა. თან, საერთოდ არ ვწუწუნებდი, არ ვამბობდი, დავიღალე, მშია, მეძინება-მეთქი. არავის ვაწუხებდი.
– ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი როდის გქონდა?
– მიყვარს, როდესაც ახალ წელს თბილისში არ ვხვდები. ქალაქგარეთ გასვლა ისედაც ძალიან მიყვარს და, ახალ წელს – მით უმეტეს. არ მინდა ხოლმე, ისევ იგივე სიტუაცია იყოს, რაც, ვთქვათ, კვირის განმავლობაში სადმე მისვლისას გხვდება. ქალაქგარეთ თბილი და მყუდრო გარემო ძალიან მიყვარს. გარეთ თოვლი, სახლში, ბუხარი, წითელი ღვინო და შვიდი-რვა ყველაზე ახლობელი ადამიანი – სულ ეს არის, რაც ახალი წლისგან მინდა ხოლმე. მაგრამ წელს თოვლში ძალიან გაგვიჭირდა (იცინის).
– პირად ცხოვრებაშიც ხომ არ არის მოსალოდნელი რაღაც ცვლილებები ახალი წლიდან?
– ყოველ ახალ წელს არის რაღაც ცვლილებების იმედი. საერთოდ, კატეგორიული აღარ ვარ, არ მიყვარს რაღაცის გადაჭრით თქმა.
– თაყვანისმცემლებიც უფრო მეტად ხომ არ დააფასე მას შემდეგ, რაც შეიცვალე?
– მათ ყოველთვის ძალიან ვაფასებდი. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ასე ვუყვარვარ, მაფასებს და მიტანს. საკმაოდ რთული ვიყავი მათთან ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას უხეშიც. როცა რაღაც ასეთს ვიზამ, მერე ღმერთს სულ პატიებას ვთხოვ. ყოველთვის ძალიან ღრმად ვუფიქრდები, რას განიცდის ის ადამიანი. თბილი, მოსიყვარულე და გამგები რომ ვიყო, ეს ძალიან დიდ იმედს მისცემს იმ ადამიანს და ეს უფრო დიდი სისასტიკე მგონია ჩემი მხრიდან. ჩემი ქცევით ვცდილობ, იმედი არ მივცე და, იქნებ, ვეღარ ამიტანონ. ჩემთვის უფრო მარტივია, თბილად მოვექცე ადამიანს, რადგან უხეშობას ძალიან განვიცდი. მერე მგონია, რომ მეც იგივე დამემართება და ვიღაც გამომლანძღავს. ძალიან იშვიათად, რთულად და თითქმის არასდროს მიყვარდება. პრინციპში, ერთხელ იყო ეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა.
– გახსნილი თუ ხარ სიყვარულისთვის, შენ თვითონ ხომ არ კეტავ ამ გზებს?
– იცი რა?! რაღაცნაირად, ჩემს გრძნობებს, შეგრძნებებს, თუნდაც ინტუაცია დავარქვათ, ყოველთვის ვენდობი, გამძაფრებული მაქვს ეს ყველაფერი. ბავშვობიდან ასე იყო: რაღაცა თუ არ მინდოდა და ვიღაცის გამო, ხათრით ვაკეთებდი, თუნდაც სულ უმნიშვნელოს, ყოველთვის მინანია. ახლა უკვე ვისწავლე ამ შინაგანი ხმების მოსმენა და მინდობა. თუ რაღაც მინდა, ამას არ შევეწინააღმდეგები და კედელს არ ავაშენებ. თუ რაღაც არ მინდა, არც ამაზე დავატან საკუთარ თავს ძალას, რადგან წინასწარ ვიცი, მაინც არ გამოვა. არ არის საჭირო ვიღაცასთან თვეობით სიარული იმისთვის, რომ გავიგო, მინდა თუ არა მასთან ყოფნა. ხანდახან რაღაც შინაგანი შიშებიც მაქვს, კარგად თუ ჩავუღრმავდები, ვგრძნობ, რა უსუსურები ვართ სიცოცხლის წინაშე და რა მარტივად გვექცევა – ისე, როგორც უნდა.
– სიკვდილის გეშინია?
– სიკვდილის მართლა არ მეშინია. გულის ტკენის, ახლობლის ავად გახდომის შიში კი სულ მაქვს. მეშინია, რომ, შეიძლება უცებ რაღაც მოხდეს და იქ არ ვიყო, ვერ დავეხმარო. მოკლედ, ამ ახალ წელს შიშები უნდა მოვიხსნათ.
– ყველაზე მშიშარა ცხოველის წელი კი მოვიდა.
– იმედია, მთელი წელი არ ვიკანკალებთ და ლაღები ვიქნებით (იცინის).